ბავშვობის ასაკიდან ეკა ბაქრაძე მეტეორივით შემოიჭრა ქართულ პოეზიაში და პირველი პოეტური ნათლობა „ახალგაზრდა კომუნისტის" იმჟამინდელი რედაქტორის, ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილისგან მიიღო. მას შემდეგ წლები გავიდა... სულ ახლახან ეკამ ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი „გზაჯვარედინი" დააარსა, რომელშიც ახალგაზრდა თაობის შემოქმედებას თავად აუნთო მწვანე შუქი.
- ეკა, რას უწუნებ და რას უწონებ თანამედროვე ქართულ პოეზიას?
- ეს დილემატური კითხვაა, რომელიც მაწუხებს, როგორც პოეტს და, იმავდროულად, როგორც ერთ-ერთ რიგით მკითხველს, რადგან მიმაჩნია, რომ მაქვს გემოვნება და ავისგან კარგის გარჩევაც შემიძლია.
სამწუხაროდ, ქართულ პოეზიაში ფეხი მოიკიდა ლექსის მიმართ აგდებულმა დამოკიდებულებამ, ასპარეზი მიეცათ უგემოვნო და უნიჭო ადამიანებს, რომელთა უმრავლესობას, პირადად მე, შემოქმედებს ვერ ვუწოდებ. ეს არის, პირველ რიგში, ქართული ენის, ქართული სიტყვის შეურაცხყოფა და დაკნინება. რამდენიმე ენასთან მაქვს შეხება და თამამად ვამბობ, რომ ქართულს - სიტყვების ლამაზხმოვანებით, სიტყვების ურთიერთშეთანხმებით, გადმოცემის ტევადობით - ანალოგი არ მოეძებნება. არავის აქვს უფლება, დაამახინჯოს სიტყვა, რომელსაც ეფერებოდნენ ილია, აკაკი, ვაჟა და მე-20 საუკუნის პოეზიის გრანდები, რომელთა შორის მრავალი დღემდე ქმნის ჭეშმარიტ, ღირებულ პოეზიას. მიმაჩნია, რომ შემთხვევითი არ არის უნიჭობისა და უგემოვნობის ასეთი მოძალება!
- შენი აზრით, ეს მართული პროცესია?
- ეს არის ე.წ. ლიბერალებისგან თავსმოხვეული და მართული, ისეთივე პროცესი, შენობის დანგრევის მიზნით, საძირკვლის გამოცლას რომ ცდილობენ. ჩვენი სულიერების ფუნდამენტი ხომ ის ტრადიციები და ღირებულებებია, რასაც ქართველი ოდითგან ლექსებს უძღვნიდა! ფსევდოლიტერატურას დღეს დიდი რეკლამა უკეთდება იმ ფონზე, როცა ნამდვილ მწერლებს ასპარეზიც არა აქვთ. რა პრინციპით ხდება კონკურსში გამარჯვებულების შერჩევა და დაჯილდოება? ქუჩებში და სკვერებში გააჩერონ ადამიანები, გამოჰკითხონ ისინი და მერე განსაჯონ, რადგან ღვთის მადლით, გემოვნებიანი მკითხველი კვლავ უმრავლესობაში რჩება. სამწუხაროდ, დღეს სწორედ შეფასების კრიტერიუმების შეცვლას ესწრაფვის მტერიც და უგუნური მოყვარეც!
- ჟურნალი „გზაჯვარედინი" დაგიარსებია... რა არის ამ ჟურნალის ფუნქცია?
- ამ ჟურნალის ფუნქცია სწორედაც რომ გემოვნებიანი პოეზიის, პროზისა და პუბლიცისტიკის წარმოჩენა და მკითხველთა ფართო წრეებამდე მიტანა გახლავთ. პრინციპულად ვაცხადებ, რომ აქ უნიჭობა არ გაჭაჭანდება, თუნდაც ჩემთვის უახლოესი ადამიანისგან მოდიოდეს. ჩვენი მიზანია ახალი თაობის, ნიჭიერი ახალგაზრდა ადამიანების წახალისება, მათი შემოქმედების განხილვის საგნად გადაქცევა და ჯანმრთელი ლიტერატურული კრიტიკის ტრადიციათა აღორძინება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჟურნალის გამოცემაში თანადგომისთვის მადლობა ვუთხრა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარეს, პროფესორ ვაჟა შუბითიძეს, რომელსაც ჟურნალის დაფუძნების იდეა ეკუთვნის. რატომღაც, გამგეობის მხრიდან ბიუროკრატიულმა მექანიზმებმა ერთხანს დაგვამუხრუჭეს, ამიტომ მე, ზაურ ნაჭყებიამ და მანანა დანგაძემ დამოუკიდებლად დავაფუძნეთ ლიტერატურული სალონი „გზაჯვარედინ", რომლის ბაზაზეც შემდეგ ჟურნალი „გზაჯვარედინი" შეიქმნა. დიდი მადლობა ამ ჟურნალის შემოქმედებით კოლექტივს: ლევან ბოჭორიშვილს, ანა ქველაძეს, სოფო ქილიფთარს, მურად თვარელიძეს, მაყვალა ხაჩიძეს, მარინე თექთუმანიძეს.
სხვათაშორის, ავადსახსენებელ საბჭოთა დროში, ლიტერატურასა და პოეზიას შეუდარებლად დიდი ხელშეწყობა ჰქონდა დღევანდელთან შედარებით. ნიჭიერი ადამიანი არ იკარგებოდა, შემოქმედებითი თვალსაზრისით იზრდებოდა და იხვეწებოდა. „გზაჯვარედინი" ამ ტრადიციის აღორძინებასაც შეეცდება.
სააკაშვილის 9-წლიანმა რეჟიმმა ლიტერატურაზეც ნეგატიური გავლენა მოახდინა. მართლაც, შეუძლებელია, ლიტერატურა და პოეზია მაღალ დონეზე რჩებოდეს ქვეყანაში, სადაც ინგრევა განათლების სისტემა, სადაც კულტურა შოუდ გადაიქცა. დამკვიდრდა ახალი მეთოდი - აქცენტის გადატარება სხეულის სიშიშვლეზე, რასაც სულიერისიშიშვლე მოჰყვა... შემოქმედს თავისი ნაწარმოების წარმოსაჩენად სხვა მუხტი უნდა სჭირდებოდეს და არა სხეულის სიშიშვლე, სკაბრეზი ან სხვა უხამსობა. აი, ჩემი ღირებულებები! მე პოზიციები არასოდეს დამითმია იმის მიუხედავად, რომ რეჟიმის პირობებში „მოდულში„ დაკითხვებზეც არაერთხელ მომიწია მისვლა და არც შანტაჟი თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედება დამკლებია. მომავალში კვლავ ამ გზით ვივლი და „გზაჯვარედინიც" ასეთი კალაპოტის განსაზღვრას შეეცდება ნიჭიერი შემოქმედებისა და გემოვნებიანი მკითხველისთვის!
- რა უნდა იყოს თანამედროვე მწერლის შემოქმედებითი მუხტი? რაზე უნდა წეროს თანამედრვე მწერალმა?
- რა თქმა უნდა, არსებობს მარადიული თემები, სამშობლო, სიყვარული, ადამიანური ემოციები, ამაღლებული გრძნობები, რაც მუზის საფუძვლად რჩება, თუმცა, მიმაჩნა, რომ ყველა ეპოქას თავისი გამოძახილი აქვს და ეს შემოქმედებაში უნდა აისახოს. მთავარია, თემამ მხატვრული ღირებულება არ დაკარგოს და სურვილების იაფფასიან დემონსტრაციად არ გადაიქცეს, მას ხომ მომავალი თაობები წაიკითხავენ!
პოეზია არ არის ნაგავსაყრელზე მისაწერად გასამეტებელი, თუ არ შევმატებთ, ნუ გავაუფასურებთ მაინც იმას, რაც სიტყვის უბადლო ქართველმა ოსტატებმა მემკვიდრეობად დაგვიტოვეს! აქ აუცილებლად უნდა ვახსენო ჩემი უფროსი მეგობარი, შესანიშნავი თანამედროვე პოეტი ლაშა ნადარეიშვილი, რომელიც გემოვნებიან პოეზიას ეპოქის მაჯისცემაზე დაყრდნობით ქმნის და საზოგადოებას მართალ სიტყვას არა მხოლოდ ბოროტებასთან მედგრად მებრძოლი გაზეთ „ასავალ-დასავალის" ტრიბუნიდან, არამედ საკუთარი ლექსებიდანაც სთავაზობს!
- ეკა, მოდი, შენი რომელიმე ლექსით დავასრულოთ ეს სასიამოვნო და საინტერესო საუბარი...
- ჩემს სავალ ბილიკს
ბურუსი მოსავს,
არ ვარ არცერთი
კარის პოეტი!
დამიგვიანდა,
ეტყობა მოსვლა,
ანდა, ძალიან
ადრე მოვედი!
წარსული ისევ
წარსულში ჩარჩა,
შეაცვდა ფარჩას
სიზმრის მანტიებს,
ამ ჰორიზონტზე
საშველი არ ჩანს...
და ის ბავშვობაც
არ მაპატიებს!..
ესაუბრა ზაზა დავითაია
გაზეთი „ასავალ-დასავალი"
ეშაფოტზე წარმოთქმული ლექსები
ლაშა ნადარეიშვილი
ღმერთმა
ჭირი
გვაშოროს და
შოთას
ფრესკა
არვინ
შალოს...
ეი, ბიჭო,
სამშობლოსთან
არაფერი
შეგეშალოს!