მას შემდეგ, რაც 4 აპრილს მეტრო „ვარკეთილთან" პოლიციელ ბექა მარგიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილად ბორჯომელი ბიზნესმენი შალვა აბულაძე გამოაცხადეს, ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა! ის კი არა, სააკაშვილის „ჯიბის ჟურნალისტმა" ნანუკა ჟორჟოლიანმა, იმის გამო, რომ აბულაძე „ასავალ-დასავალის" რესპონდენტი იყო, ჩვენ „პოლიციელის მკვლელის თანამებრძოლებადაც" გამოგვაცხადა, რითვისაც შესაბამისი პასუხი მიიღო კიდეც გაზეთის წინა ნომერში! არადა, ღმერთი, რჯული, ჩვენც მხოლოდ ახლა ვიგებთ ბევრ რამეს ყოფილ რესპონდენტზე...
მაგალითად, ჩვენთვის სიახლე იყო ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროს პატიმარ შალვა აბულაძის ადვოკატის მამუკა ნოზაძის განცხადებები, რომლებიც მან ახალი ამბების სააგენტო „Post Alioni"-თან ინტერვიუში გააკეთა:
„პოლიციას და ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და ისე აცხადებენ შალვა აბულაძეს დამნაშავედ და მკვლელად. ეს არის ნონსენსი... ამ ადამიანის მიმართ ვრცელდება საშინელი ინფორმაციები და მას მონსტრად ხატავენ, რაც სინამდვილე არ არის. იგი მკვლელობის მცდელობისთვის იყო გასამართლებული. ეს გახლდათ შერეული ბრალი და თავად დაზარალებულიც, ანალოგიური ბრალდებით იჯდა ციხეში. საქმის მასალების მიხედვით, მათ ერთმანეთს ესროლეს, თუმცა, არც ამის მტკიცებულებები არსებობს..."
მამუკა ნოზაძე კიდევ ერთ საინტერესო დეტალს იხსენებს შალვა აბულაძის წარსულიდან:
„აბულაძე იყო ბიზნესმენი. მას ჰქონდა სასტუმროები, აქირავებდა ფართებს და ფინანსურად შეძლებული იყო, ამიტომ ციხეში ყოფნის დროს შექმნა პატიმართა დახმარების ფონდი, საიდანაც მათ ფინანსურად ეხმარეოდა, ანგარიშზე ურიცხავდა ფულს მედიკამენტებისა და სურსათის შესაძენად. გარდა ამისა, თანხებს აძლევდა საკუთარ პედაგოგებს და ბორჯომში ატარებდა ლიტერატურულ კონკურსებს. გამარჯვებულ წარჩინებულ 10 მოსწავლეს ერთი წლის სტიპენდიას აძლევდა და ა.შ. ამას აკეთებდა აბულაძე ციხიდან საკუთარი ოჯახის დახმარებით.
თავადწერდა წიგნებს და გამოსცემდა კიდეც, ამიტომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სარგებლობდა კარგი რეპუტაციით. ასე რომ, სიცრუეა, როცა ამ ადამიანს მონსტრად წარმოსახავენ. ირაკლი სესიაშვილმა მას ბრეივიკი უწოდა და ასეთი რამ როგორ შეიძლება? არანაკლებ საგულისხმოა, ამ დღეებში, სააკაშვილის რეჟიმის პატიმარ, ვიცე-პოლკოვნიკ ქეთევან ზარნაძის მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული შალვა აბულაძის წერილი, რომელიც ამ უკანასკნელმა პატიმრობისას, 2012 წლის 14 იანვარს, ანუ ჯერ კიდევ სააკაშვილის ზეობისას დაწერა:
„...რატომ წავიდეთ შორს, ცოცხალი მაგალითი სახეზე ვარ, მესროლეს, თავი დავიცავი და მეც ვესროლე. ორ კვირაში აღარც ერთს ჰქონდა ჭრილობა და აღარც მეორეს, მაგრამ გვქონდა დღევანდელი სტატისტიკებითა და მოსახლეობის 70%-იანი მხარდაჭერით ზომაზე მეტად გალაღებული სასამართლოს ორი განაჩენი. ერთზე ეწერა თექვსმეტი წლით, მეორეზე - ოცით!
კითხვაზე - თუ როგორ მოიქცეოდა პროკურორი ჩემს ადგილზე - მიპასუხა, რომ ისიც თავს დაიცავდა, მოიქცეოდა ისე, როგორც მე, თუკი მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდათავდამსხმელის მოქმედება, ისევე, როგორც შემექმნა მე...
თუ რამე ახალს მომიფიქრებთ და მომიხერხებთ, ჩემი გვამი და სისხლი კვლავ მზადაა, გემსახუროთ, ოღონდ ჯერ გამომწოვეთ, მერე კი მძიძგნეთ და მკორტნეთ, რამდენიც გენებოთ და მაინც,ვინმემ რომ არ იფიქროს, 20 წელი მისცეს, გაბოროტდა და ფსიქიკური აშლილობის გადაფარვას თავზეხელაღებული ვაჟკაცობით ცდილობსო, ვურჩევ ტოლსტოის „აღდგომა" წაიკითხოს, თუნდაც იმიტომ, რომ ჭეშმარიტი აღდგომის შეუგრძნებლად არ გაეხვიოს მიწის საბანში, მერე კი იმიტომ, რომ გაიგოს, თუ რას ეყრდნობა იმ ადამიანის რწმენა, ვისთვისაც ცხოვრების უმკაცრესი რეალობა მხოლოდ არარაობაა და სხვა მეტი არაფერი...
და ბოლოს, იმ ქვეყანაში, სადაც დაკანონებულია „უსამართლობა" ერთადერთი საკადრისი ადგილი პატიოსანი კაცისთვის არის საპყრობილე - ეს სიტყვებიც ტოლსტოის „აღდგომიდანაა", რომლის წარმოთქმისას, მან ჯერ იმას გაუსვა ხაზი, რომ ფრაზაში გამონასკვული სულისკვეთება ამერიკელ მწერალს ტოროს ეკუთვნის... ხო და, ვარ მეც საპყრობილეში, როგორც ტორო კორიდაზე!
შალვა აბულაძე
14.01.2012"
მე ნამდვილად, არავის ვექილი არვარ!
მე არც ვინმეს აპოლოგეტად გამოვდგები, რომანტიკული შარავანდედის დიდებაში რომ გავხვიო!
მე, პატივცემულო მკითხველო, მხოლოდ, ფაქტების კონსტატაციას ვახდენ და თქვენ გაწვდით ინფორმაციას!
ფაქტია, რომ შალვა აბულაძე ციხიდან გამოსვლის შემდეგ ლეგალური ბიზნესით იყო დაკავებული და, როგორც ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, 2014 წლის 19 ოქტომბერს, როდეაც ბორჯომში, მამუკა ხაზარაძის ოფისთან, საპროტესტო პერფორმანსი მოაწყო და კუბო დადგა, მასზე არნახული ზეწოლა და საპროტესტო პროვოკაციები დაიწყო!
ფაქტია ისიც, რომ „ასავალ-დასავალისათვის" მიცემულ ბოლო ინტერვიუდან (20-15 წლის იანვრის ბოლოს), როდესაც აბულაძე მის წინააღმდეგ მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობდა და ხელს ადებდა მამუკა ხაზარაძეს, ერთ კვირაში, ბორჯომში, შემოვლაზე მყოფ პოლიციელებს ვიღაცამ ესროლა და შალვა აბულაძეზე მიუთითეს...
ფაქტია ისიც, რომ პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილ აბულაძეს სულ ახლახან, კიდევ ერთი პოლიციელის მკვლელობის გამო დაადეს ხელი...
ამდენად, სამართალდამცავებმა შალვა აბულაძის ლიკვიდაცია კი არ უნდა მოახდინონ, არამედ ის სასამართლოზე წარადგინონ!
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თავად შალვა აბულაძემ ახსნას, რა კავშირია მამუკა ხაზარაძესთან მის დაპირისპირებასა და პოლიციელების მკვლელობას შორის!
თუ, რა თქმა უნდა, მავანს ძალიან არ სურს, რომ შალვა აბულაძემ სასამართლოს ჩვენება არ მისცეს და ყველაფერს ნათელი მოჰფინოს!
გიორგი გიგაური
გაზეთი „ასავალ-დასავალი"