reportiori.ge - ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის, ბიზნესმენ შალვა აბულაძის გააბრაგების ისტორია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:16
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის, ბიზნესმენ შალვა აბულაძის გააბრაგების ისტორია
ავტორი:
13 აპრილი, 2015. 02:07



ადამიანის გააბრაგების, ყაჩაღადგავარდნისა თუ მკვლელად ქცევის ისტორიები ტრივიალურია და ერთმანეთს ძალიან ჰგავს... დათა თუთაშხია მეჯოგე იყო, მშვიდად ცხოვრობდა, შერვაშიძეებისგან ჰქონდა მიწა იჯარით აღებული, მაგრამ მოხდა ერთი სისხლიანი თავდასხმა, თუთაშხიამ სტუმრის მხარე დაიჭირა და მაშინვე კანონგარეშედ გამოცხადდა. დურუ ხურცილავას შიოდა, ყველი მოიპარა და... არაჩვეულებრივი ძალ-ღონის მქონე კაცი, რომელიც ნებისმიერი ლოგიკის მიხედით, ალბათ, მსოფლიოში სახელგანთქმული ფალავანი უნდა გამოსულიყო, უსახელოდ და უთვისტომოდ გადაეგო ამ ქვეყნიდან.


ორი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძის ცხოვრებაც შეიძლებოდა სულ სხვა გზით წარმართულიყო და, თავისი ნიჭისა და ზემტკიცე ხასიათის წყალობით, სიკეთე მოეტანა ქვეყნისთვის, რომ არა 2014 წლის 19 ოქტომბრის ის დაწყევლილი და წვიმიან-ჯანღიანი დღე ბორჯომში, როცა ახალგაზრდა ბიზნესმენმა „თიბისი ბანკის" პრეზიდენტს მამუკა ხაზარაძეს აქცია-პერფორმანსი მოუწყო და „ბორჯომის" ქარხნის წინ თეატრალიზებული კუბო დაუდგა..


იმ საერთო მხიარულებასა და ეიფორიაში, რაც ცარიელი კუბოს აქეთ-იქით ტარებას მოჰყვა, ვერავინ გაითავისა და წარმოიდგინა ის საშინელი საფრთხე, რაც კრიმინალური წარსულის მქონე, მაგრამ უკვე პატიოსანი ცხოვრების გზაზე შემდგარი შალვა აბულაძის თავზე წამოიფოფრა. აქციის ჩატარებიდან დიდხანს არ გაევლო, რომ ჩემი ბორჯომელი მკითხველისგან ჩემამდე ავისმაუწყებელმა ხმებმა მოაღწია - „მამუკა ხაზარაძე იმ აქციამ ისე გაამწარა, „შალალოს" კარგს არაფერს დამართებს და უსათუოდ რაღაცას „გაუჩალიჩებსო!"


იმის გათვალისწინებით, რომ ბორჯომის პოლიციის ყოფილი შეფი, მამათმავლობაში მხილებული მამუკა ხვედელიანი დღემდე მამუკა ხაზარაძის უახლოესი გარემოცვის წევრად და თანამეინახედ მოიაზრება, გულმა მაშინვე რეჩხი მიყო და გავიფიქრე, - კრიმინალური ჯოჯოხეთიდან ძლივს თავდაღწეულ ახალგაზრდა კაცს ამ აფთრებმა რამე პროვოკაცია მართლა არ მოუწყონ და აბულძეს ისევ ადუღებულ კუპრში არ ამოაყოფინონ თავი-მეთქი!


პატივცემულო მკითხველო, ისე აგიხდეთ ყოველივე კარგი, როგორც ჩემი ავი წინათგრძნობა ახდა!


აბულაძის წინააღმდეგ მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბებმა განსაკუთრებით მას შემდეგ მიიპყრო ჩვენი ყურადღება, როცა ჩემმა ერთგულმა მკითხველებმა და უახლოესმა მეგობრებმა ცხვირწინ ამიფრიალეს და მაგიდაზე დამილაგეს ავისმაუწყებელი დოკუმენტაცია იმის შესახებ, თუ როგორ და რა ხვანჯების წყალობით ჩაიგდო ხელში მამუკა ხაზარაძემ ბორჯომის ცენტრში მდებარე უნივერმაღის შენობა, რომელშიც წლების განმავლობაში „თიბისი ბანკის" ბორჯომის ფილიალი ქირით იყო განთავსებული. ეს შენობა ბორჯომელი მოქალაქეების საკუთრებას წარმოადგენდა.


ფაშათ-ფაშა მამუკა ხაზარაძემ, რომლის ზანდუკებიც ქართველი ხალხის სისხლში, ცრემლსა და უბედურებაში ამოგანგლული ბაჯაღლო ოქროებით გაიძეძგა, უნივერმაღის შენობის შესყიდვა მოინდომა და მესაკუთრეებს ამის შესახებ ამცნო კიდეც.  მესაკუთრეებმა შენობის გაყიდვაზე უარი განაცხადეს, რასაც ის შედეგი მოჰყვა, რომ „საქმეში" მამუკა ხაზარაძის მორჩილი ბორჯომის პოლიცია ჩაერია.


სულ მალე პოლიციელებმა სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს უნივერმაღის მესაკუთრეები და აიძულეს, შენობა სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ. როგორც კი კანონიერმა მესაკუთრეებმა უნივერმაღი დათმეს, დაკავებულებს მაშინვე გაუფორმეს საპროცესო შეთანხმებები, ხოლო ეკონომიკის სამინისტრომ მამუკა ხაზარაძეს მტაცებლური ვნება ელვის უსწრაფესად დაუცხრო და უნივერმაღის შენობა „თიბისი ბანკს" მიჰყიდა.


ეს ამბავი, ალბათ, არასოდეს გახმაურდებოდა და მთელი ეს ისტორიაც სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის ჯოჯოხეთში ჩაიკარგებოდა, რომ არა ერთი ძალიან საინტერესო და სკანდალური დოკუმენტი - ბორჯომის ყოფილი უნივერმაღის ნასყიდობის ხელშეკრულებაში განსაზღვრული უმთავრესი პირობის თანახმად, უნივერმაღის შენობის მყიდველ მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკს", შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, 290 ათასი ლარით უნდა გაერემონტებინა ბორჯომის პოლიციის შენობა, ხოლო 60 ათასი ლარი „თიბისის" პოლიციის განყოფილების საოფისე ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფისთვის უნდა გაეღო!


იქიდან გამომდინარე, რომ კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" ამ ტიპის გარიგებებს კრძალავს, ხოლო წმინდა მორალური თვალსაზისით, ბანკის მიერ უნივერმაღის შენობის ზემოხსენებული ბინძური სქემით ხელში ჩაგდება ყაჩაღბანკირობა და უზნეობაა, იბადება კითხვა - არის თუ არა მამუკა ხაზარაძისა და „თიბისი ბანკის" ნებისმიერი კლიენტი დაცული პროვოკაციისგან, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ხაზარაძე  ვინმეს არ დააჭერინებს, ქონებას არ წაართმევს და სანაცვლოდ პოლიციის რომელიმე სხვა შენობას არ გაარემონტებს?


ჩვენი შეფასებით, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ეს არ მოხდეს, ანუ „თიბისი ბანკის" კლიენტები და ბიზნესპარტნიორები საფრთხის ქვეშ იმყოფებიან!


იმ ბინძური სქემის გამო, რომლის „წყალობითაც" მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკმა" ბორჯომის უნივერმაღი ჩაიგდო ხელში და პოლიციის შენოა გაარემონტა, ახალციხის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელიც, ისევე როგორც მამუკა ხაზარაძის სხვა „საგმირო საქმეები", თაროზეა შემოდებული!


ახლა მივმართავთ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და პაატა ღაძაძეს, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინათ ლავრენტი ბერიას პენსნეთი გამოგვეცხადა და ენის ბორძიკით ძლივს ჩაიკითხა „თიბისი ბანკის" საგანგებო განცხადება - აქაოდა, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძესა და ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს შორის კავშირი გამოარკვიეთ და ჩუბინიძე დაჰკითხეთო!


ბატონებო, დაკითხვისთვის კი არა, ყარა-ყორუმში ჩასასვლელად ვარ მზად და ის, რაც ჩემმა რესპონდენტმა - ძებნილმა შალვა აბულაძემ საგაზეთო ინტერვიუებში განმიცხადა, შემიძლია, სიტყვასიტყვით გავიმეორო, მაგრამ მაინტერესებს, როდის გამოიძახებთ პროკურატურაში და როდის დაჰკითხავთ მამუკა ხაზარაძეს იმ საქმეების გამო, რომლებზეც გამოძიება უკვე დასრულებულია?!


თუ მთავარმა პროკურორმა - პატივცემულმა ბადაშვილმა არ იცის, შევახსენებთ, რომ „ცეკავშირის" შენობის უკანონოდ მითვისება-მიტაცების ფაქტზე ყველა საგამოძიებო მოქმედება დამთავრებულია, საქმეში აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძის ბრალეულობა და გეკითხებით, რატომ არ ეძახით პროკურატურაში ხაზარაძეს?


რატომ ამუხრუჭებთ და რატომ გაქვთ თაროზე შემოდებული ანაბრების საქმე, სადაც ასევე ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მამუკა ხაზარაძეა და ბოლოს, რატომ ბლოკავთ ბორჯომის უნივერმაღის ფაქტზე აღძრულ საქმეს?


კატეგორიულად მოვითხოვთ, გამოვიდნენ ხაზარაძე, ჯაფარიძე, ღაძაძე და განმარტონ, რას ნიშნავს ის უმსგავსობა, როცა ბანკი არემონტებს პოლიციის შენობას და კიდევ რა ფარული შეთანხმებები არსებობს მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკსა" და პოლიცია-პროკურატურას შორის!


პატივცემულო მკითხველო, ჩვენ ვნახეთ თუ რა ბინძური სქემა აამოქმედა მამუკა ხაზარაძემ ბორჯომის უნივერმაღის ხელში ჩასაგდებად და ხომ წარმოგიდგენიათ, რას იზამდნენ ხაზარაძე და მისი ამფსონები კრიმინალური წარსულის მქონე შალვა აბულაძის წინააღმდეგ, რომელიც ყაჩაღბანკირს საზოგადოებრივი აქტიურობით დაუპირისპირდა და ბორჯომში მრავალრიცხოვანი აქცია-პერფორმანსი მოაწყო!


გავითვალისწინოთ და ნუ დაგვავიწყდება ის ამბავიც, რომ დღევანდელი პოლიცია ჯერ კიდევ გადაჭედილია სააკაშვილ-ხაზარაძის ზონდერებით, რომლებიც ნებისმიერი პროვოკაციის მოსაწყობად მზად არიან!


კაცმა არ იცის, რა მოხდა სინამდვილეში ლიკანსა და თბილისში..


ხოლო, რაც შეეხება კრიმინოგენური ვითარების დამძიმებას, დანაშაულთან ბრძოლის საუკეთესო პრევენცია გახლავთ იმ უწყებების დამნაშავეთაგან გაწმენდა, რომლებიც კრიმინალს ებრძვიან.


ვთხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, რაც შეიძლება ჩქარა გაასუფთაოს სისტემა სააკაშვილ-ხაზარაძე-ხვედელიანის ზონდერ-კადრებისგან და ვიდრე ახალ-ახალი უბედურებები დატრიალებულა, დააპატიმროს მამუკა ხაზარაძე, რომელიც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ახლა უკვე სააკაშვილის მონაბიზნესმენებს აბუნტებს საქართველოს ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ!

 

დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016