ფეხბურთში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დასასრულს უახლოვდება. ორიოდ კვირაში პლეი-ოფებში გაირკვევა მუნდიალის მონაწილეთა საბოლოო ვინაობა. მანამდე კი ევროპის წამყვანი სააგენტოები მიმდინარე შესარჩევის სიმბოლური ნაკრებების შედგენით „ერთობიან". გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს. სპორტულმა ინტერნეტ პორტალმა Goal.com ასეთი ვერსია შემოგვთავაზა: კარში იგორ აკინფეევი (რუსეთი), მცველები მარჯვნიდან მარცხნივ: ფილიპ ლამი (გერმანია), ვენსან კომპანი (ბერგია), იან ვერტონგენი (ბელგია), დიმიტრი კომბაროვი (რუსეთი), ნახევარდაცვა: მატიე ვალბუენა (საფრანგეთი), დანიელე დე როსი (იტალია), მესუთ იოზილი (გერმანია). თავდასხმა: პედრო (ესპანეთი), ედინ ჯეკო (ბოსნია), რობინ ვან პერსი (ჰოლანდია).
როგორც ეტყობა ამ ინტერნეტ პორტალს ბევრი რუსი მომხმარებელი ჰყავს, სხვანაირად, ორი მათგანის სიმბოლურში მოხვედრა ვერაფრით ამიხსნია; მთლიანობაშიც ეს ვერსია ჩემთვის ბევრ კითხვას აჩენს, კერძოდ: რა ნიშნით მოხვდა ამ სიაში ფრანგი ვალბუენა ან თუნდაც პედრო? დავიჯერო ჩავი და ინიესტა ისე დაკნინდნენ, რომ მათთვის ადგილი ვერ მოიძებნა?
ნაკრების თავისი ვერსია შამოგვთავაზა რუსულმა სპორტულმა გაზეთმა „სპორტ ექსპრესმა", რომელიც ჩემი მოსაზრებით უფრო რეალურია.
მეკარე: ტიბო კურტუა (ბელგია).
დაცვა: ფილიპ ლამი, ვენსან კომპანი, ფილ ჟაგიელკა (ინგლისი), ხორდი ალბა (ესპანეთი).
ნახევარდაცვა: დე როსი, ჩავი (ესპანეთი), რომან შიროკოვი (რუსეთი).
თავდასხმა: რობინ ვან პერსი, ედინ ჯეკო, თომას მიულერი (გერმანია).
მზად ვარ ამ ვერსიას დავეთანხმო ერთი შესწორებით, შიროკოვის ნაცვლად ანდრეს ინიესტა ან მესუთ იოზილი. სიმბოლურთან ახლოს დგანან იან ვერტონგენი, სერხიო რამოსი, ჟოაო მოუტინიო (პორტუგალია), რომელიც იოზილთან ერთად პირველ ადლგილზეა საგოლე გადაცემების რაოდენობით (7). ძველებური ბრწყინვალებით ვერა, მაგრამ სტაბილურად ძლიერად ითამაშა უეინ რუნიმაც (ინგლისი). პატრიოტული გრძნობებიდან გამომდინარე გავთავხედდები ამ ფეხბურთელების შორიახლო, ჩვენი ნაკრების კაპიტანს ჯაბა კანკავასაც დავასახელებდი, სადღაც მესამე ან მეოთხე ნაკრების შემადგენლობაში.