13 აპრილიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, 13 აპრილს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს.
აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება.
ტრადიციულად ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მიცვალებულებს იხსენებენ და საფლავებზე გადიან. მორწმუნეებს თან პასკა და წითელი კვერცხები მიაქვთ. ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს. წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებშიც: დაწყებით ლოცვებში სულიწმიდის მოწვევის ლოცვა „მეუფეო ზეცათაო" სულთმოფენობამდე აღარ ითქმება. მის ნაცვლად სამჯერ ამბობენ: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი". იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას „გამარჯობის" ნაცვლედ ერთმანეთს ახარებენ: „ქრისტე აღსდგა!" - „ჭეშმარიტად აღსდგა!".
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია და მორწმუნეებს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ.