ბევრ თქვენგანს არც უნახავს დავით ყიფიანი, არა მარტო როგორც ფეხბურთელი, საერთოდაც; ყოველ შემთხვევაში უმრავლესობას. ამიტომაც მინდა გიამბოთ, მე ბედმა გამიღიმა, ვიცნობდი როგორც ფეხბურთელს და პიროვნებას. 1981 მისთვის საუკეთესო წელი იყო- თასების მფლობელთა თასი (ეს ტურნირი მერე გაუფასურდა, რაც ყიფიანისთანა ფეხბურთელები აღარ თამაშობდნენ), 82- ში საბჭოთა კავშირის ნაკრებში არ წაიყვანეს მსოფლიო ჩემპიონატზე. მე არც ისე პატარა ვარ და კარგად ვხვდები სამწვრთნელო ჩანაფიქრებს, მაგრამ დღემდე ვერ გამიგია რა კრიტერიუმებით ვერ მოხვდა ყიფიანი ნაკრებში. მოხარული ვიქნები თუ ვინმე ამიხსნის რით იყო ყიფიანზე უკეთესი თუნდაც იგივე ზიკო, ან იმავე ასაკის მარადონა. სოკრატესს აშკარად სჯობდა, ხოლო პლატინი ალბათ გაოგნებული მიადევნებდა თვალს მის ვირტუოზობას...
შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, ამას უკვე ვეღარ დავამტკიცებ , მაგრამ ბურიაკი და გავრილოვი, რომლებიც მას ამჯობინეს, ყიფიანთან შედარებით, უბრალოდ მეგარმონეები იყვნენ.
ზოგჯერ ამბობენ ერთი ამოსუნთქვით თამაშონებო, მგონი ცარიელი სიტყვებია. სუნთქვაში ინდივიდუალურობა არ არის, არ არის სექსი. შეიძლება ხიხინით ისუნთქო, მაგრამ პორნოგრაფია სხვა რამეა... მე ასე ვიტყოდი: ისე თამაშობს თითქოს უბრალოდ დადისო, აი სიარულის მანერაში არის ინდივიდუალურობა, სტილი და... სექსიც. აი ასე თამაშობდა ყიფიანი. შეეძლომოედანზე კოსტუმში გამოწყობილი გამოსულიყო და ამას ვერავინ შეამჩნევდა. ბურთით რამდენიმე ნაბიჯს გადადგამდა და ყველაფერი მოდური ხდებოდა, ადრეულად გაცვენილი თმაც კი, მგონი ამ სიმელოტის გამო შეარქვეს პროფესორი; თუმცა რის პროფესორი, ეს ხომ კარიერაა და თანამდებობა - ამას ვერ ისწავლი და საერთოდაც - პროფესორები თავზე საყრელია. სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რა უნდა დაერქმიათ, მგონი არანაირი მეტსახელი საჭირო არ იყო - ყიფიანი და მორჩა. ასეთი მეორე არ არსებობდა.
შონ კონერის იერი მახსენდება ჯეიმს ბონდიდან. მაღალი, ჩამოქნილი, გამელოტებული, ულვაშები - და ... დაუმარცხებელი. ეს იყო ყიფიანი და ცოტათი ბონდიც. მერე ის კარგა ხანს არ მინახავს. 13 წლის შემდეგ რაც ნაკრებში მე-13 -ე ნომრით მოთამაშე ვიტალი დარასელია, 13 მაისის შეხვედრაში გადამწყევტი გოლის ავტორი, 13 დეკემბერს ხრამში გადაიჩეხა და დაიღუპა, მითხრეს რომ ყიფიანს ვეღარ ვნახავდი. ინტერპოლი ეძებს და კვიპროსზე იმალება, როგორც კანონიერი ქურდიო. საოცარი დრო იყო, მიამიტები ასეთ რამეზე სერიოზულად მსჯელობდნენ... ამის შემდეგ იაროსლავის „შინიკის" მწვრთნელად მოგვევლინა (ინტერპოლს უკეთეს ადგილზე სად დაემალებოდა). არ შევმცდარვართ: ლეგენდა ლეგენდად ცხოვრობდა, ის კი ისევ ისეთი, თავისთავადი იყო.
ძველებურად ლაპლაპებდა მისი შუბლი ტელეეკრანებიდან, სერიოზულ, ამომწურავ პასუხებსაც სცემდა სულელურ შეკითხვებზე. ჩვენ „საფეხბურთო კლუბის" ეთერში შევხვდით 98 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმოხილვისას. იჯდა HTB-ს ტელევიზიისსტუდიაში სასტუმრო „როსიაში", მახსოვს მაშინ დელიკატურად ყური ამიწია სარეკლამო პაუზის დროს. 26 წლის ვიყავი, ეს ჩემი პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი იყო, საოცარი ხალხი გამოთქვამდა თავის აზრს: კრუიფი, ლინეკერი... და მეც იმ ცნობილი კუსავით გამოვყავი ფეხი და მგონი სისულელე ვთქვი. სარეკლამო პაუზის დროს ყიფიანი თავისი გამოაოგნებელი აქცენტით, რომელიც ვახტანგ კიკაბიძესაც კი შეშურდება მეუბნება... რეებს ამბობთ ვასია, დაფიქრდით! ზუსტად ასე, თან მკაცრად, თან თქვენობით და ზუსტად ამიხსნა რა ვთქვი არასწორად, დამინდო და მთელი ქვეყნის გასაგონად ეთერში არაფერი მითხრა. სიმართლე გითხრათ ასეც რომ არ ექნა არ შემრცხვებოდა, არც მაშინ და არც ახლა. განა სამარცხვინოა იდიოტად გამოჩნდე ყიფიანის გვერდით? ასეთ დღეში ჩემზე უკეთესები ვარდენოდნენ. ასე მაინც გავერეოდი მათ მარაქაში.
მერე როგორღაც ერთ მაგიდასთან მოვხვდით ვლადიკავკაზში და ვაკვირდებოდი როგორ მეფობდა სუფრასთან . როგორც კი ხმას ამოიღებდა ხალხი ისუსებოდა. სახე არ ეცვლებოდა - ნახევრად ღიმილიანი, მელოტი შუბლით, ეს იყო თვალები ანათებდნენ განსაკუთრებულად. ანეკდოტს მოყვა: „რა მოგაქვთ? (შერემეტიოვოში ეკითხებიან) ვპასუხობ:-ოქრო! მთელი ბარგი გადამიქოთეს და სამი წიგნი იპოვეს. რატომ გვატყუებთ ახალგაზრდა ეს რა ხუმრობააო მეუბნებიან, მე კი ვპასუხობ: იქნებ თქვენთვის მაკულატურაა, მაგრამ ჩემთვის ოქროა". ხუმრობა ბევრი არაფერი და სახეზე სკეპტიკური ღიმილი რომ შემამჩნია დაამატა: ბიჭებს „მოჰერი" მოჰქონდათ, ყურადრება უნდა გადამეტანინებიაო.
თამაშობდა ისე როგორც დადიოდა. თამაშობდა ისე როგორც საუბრობდა. თამაშობდა ისე როგორც სვამდა. ვიჯექი მაგიდასთან, სადაც დავით ყიფიანი იჯდა.
სუფრის ბოლოსკენ ერთი საოცარი ისტორია მოყვა, რომელიც ცხოვრების ყველა სიტუაციას მიესადაგება. ზედმიწევნით მახსოვს ამიტომ პირველ პირში მოვყვები.
„როგორღაც ახალკაცი მოხსნეს. ამას პერიოდულად აკეთებდნენ. ხედავენ გუნდი თამაშობს და ამას ხომ ყველა შეძლებსო. მოდის ახალი მწვრთნელი, ვიცნობთ რა თქმა უნდა - ფედერაციიდან, ამბობს: „დისციპლინა, უნდა ამოვწიოთ, თავად შევამოწმებ ყველაფერს; ხუთშაბათიდან ყველა ბაზაზეა, კარანტინი ცხადდება, ვინც არ დაემორჩილება -გავრიცხავ!! ამ დროს ყველამ იცის ხუთშაბათს ჩვენი მეგობრის ქორწილია და უეჭველად იქ ვიქნებით. ვერაფერს შეცვლი. ის შეკრებას აცხადებს, ჩვენ ქორწილში მივდივართ. არა, ჩვენც ვიცით, რომ მნიშვნელოვანი თამაშია: ცოტა ღვინო მოვწრუპეთ და ორ საათზე დიღომში ვართ. იქ ღობეში ფიცრებიიყო ამომძვრალი და მივდივართ მე, ჩივაძე, ვიტალიკა, ოთარ გაბელია, ვოვა გუცაევი - ერთი მიძვრება მეორე მიყვება. შევდივართყველა და წინ ახალი მწვრთნელი გვიდგას.
_მერე რა მოხდა? - ვიკითხე.
ყიფიანს გაეცინა.
_საქმეიმაშია, ვასია, რომ ყველას ვერ გაგვაგდებდა, ისეთი არც არაფერი დაგვიშავებია. ერთ თვეში მოხსნეს, ამ ამბებმა გადაიყოლა...
_აზრი რაში მდგომარეობს დავით დავიდოვიჩ? ფეხბურთელები არიან მთავარი?
_ვასია, ასეთი შემთხვევებისთვის არის მეორე მწვრთნელი.
მთელი სუფრა ჩემზე იცინოდა. ყიფიანმა ცოტა შეიცადა და მითხრა, წამოდი გავიდეთ, მოვწიოთო. მან არ იცოდა, რომ სულაც არ მწყენია, მაგრამ თავი ვალდებულად ჩათვალა ეს ხუმრობა გაექარწყლებინა და თავი დამცირებულად არ მეგრძნო.
ამას იმიტომ გიყვებით, რომ დარასელია 30 წლის წინ გარდაიცვალა, დავით ყიფიანიც ავარიაში დაიღუპა, ოღონდ მანამდე ერთი წუთით ადრე გული გაუჩერდა. გუშინ ჩემმა მეგობრებმა საფეხბურთო კლუბიდან დიმა სავინმა, ვანია ხმელნიცკიმ და მიხეილ მელნიკოვმა სერიალში დიადი კლუბები თბილისის „დინამოზე" მოამზადეს გადაცემა.
ეს გადაცემა მე უნდა წამეყვანა, მაგრამ ვერ მოვიცალე და მეორე დრეს გამეორებაში ვნახე. დანამდვილებით გეუბნებით, კიდევ კარგი არ წავიყვანე, რადგან ამ მასალის შემდეგ ვერაფერს ვიტყოდი. კიდევ ერთხელ ვნახე როგორ თამაშობდნენ, როგორი იყო ყიფიანი...
ზიკო ისვენებდა. ახალგაზრდა მარადონა ბევრს ისწავლიდა მისგან. პიერ ლიტბარსკი იოცნებებდა, რომ ეს გადაცემები დარასელიას კი არა მისი მისამართით ყოფილიყო გაგზავნილი. სოკრატესი ხელს ჩამოართმევდა...
სამწუხაროდ ყიფიანი იქ არ იყო. ახლა ეს იოლი წარმოსადგენია - ის ხომ ახლაც არ არის. არ არის...
ვასილი უტკინი
სპეციალურად საიტისთვის თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ