შესაძლოა სექტემბრიდან გალში ქართული ენის სწავლება აიკრძალოს, ამასთან აიკრძალება ქართული სკოლის მასწავლებლებისა და დირექტორების გადაადგილება საოკუპაციო ზოლზე. ინფორმაცია მარიონეტული რეჟიმის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით დღეს გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციით ახალი რეგულაციები რაულ ხაჯიმბას გუნდის წევრებმა შეიმუშავეს.
გალის რაიონის მოსახლეობაში უკვე ვრცელდება საინფორმაციო ფურცლები სადაც წერია, რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში რუსულ და აფხაზურ ენებზე იქნება სწავლება. ასევე გალის რაიონში დაიწყო მოსკოვში დაბეჭდილი ისტორიის წიგნების დარიგება. წიგნში ქართველთა და აფხაზთა თანაცხოვრობის დროინდელი მოვლენები გაყალბებულია.
ქართული სკოლების თანამშრომლებმა უკვე მიიღეს მითითება, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებული ისტორიის სასწავლო წიგნით სწავლება სკოლებში შეწყდეს.
ახალ რეგულაციებს გალის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები აპროტესტებენ.
წყარო: „რუსთავი 2"