reportiori.ge - უცნობი დეტალები „ღირსების სასამართლოს“ შესახებ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 19:51
ინტერვიუ
უცნობი დეტალები „ღირსების სასამართლოს“ შესახებ!
14 აპრილი, 2015. 03:05


„სახალხო პარტიის" ლიდერი მამუკა გიორგაძე მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალას -  „ღირსების სასამართლოს" საკითხს ეხმაურება. რას ასახავს რეალურად აღნიშნული კადრები და რა იყო მისი წინაპირობა? როგორ მოხვდა ეს ვიდეოჩანაწერი ზაქარია ლაშქარაშვილის ხელში და რას ემსხურებოდა მისი გავრცელება?

 

„რეპორტიორს" მამუკა გიორგაძე ესაუბრა:



- თავის დროზე, როცა ეს შეკრება იგეგმებოდა, შეხვედრის მონაწილეები შევთანხმდით, რომ ამ ყველაფერს ვიდეოკამერა გადაიღებდა, რადგან ასე სტენოგრამა რთული განსახორციელებელი იქნებოდა და თუ შიდა საქმეების გასარკვევად დაგვჭირდებოდა, გვექნებოდა დოკუმენტი. შეხვედრის გადაღება ყველასთვის მისაღებ პიროვნებას - გოგა ხაინდრავას ვთხოვეთ. შეხვედრა რომ დაიწყო, ჩვენთან აღმოჩნდა მეორე ოპერატორიც, რომელიც მოიყვანა ჩვენმა მოწინააღმდეგე მხარემ  - ორივე მხარეს ჩვენ-ჩვენი ჩანაწერი გვქონდესო. ამან თავიდანვე დაძაბა სიტუაცია, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ოპერატორი ჩვენთვის უცნობი იყო და ინფორმაციის გატანის საფრთხე იზრდებოდა. შეხვედრა გადაიღო ორივე ოპერატორმა. ამის მერე იმ კასეტაზე, რომელიც ხაინდრავამ გადაიღო, პასუხისგებლობა მე დამეკისრა,  ხოლო იმ მეორე კასეტაზე  პასუხისგებლობა დაეკისრა  მეორე მხარეს.


- რა ბედი ეწია მეორე კასეტას?

 

- ის კასეტა მეორე დღესვე უშიშროებაში აღმოჩნდა, რამაც კიდევ უფრი დაძაბა სიტუაცია ჩვენს შორის. ერთი კასეტა იყო ჩემთან, ის არ უნახავს არავის და იყო, როგორც იტყვიან, „დაძინებული". რამდენიმე დღის წინ ეს  კასეტა გახდა საჯარო.


- როგორ გახდა ეს ჩანაწერი საჯარო?

 

- სწორედ ეს უნდა გაარკვიოს საქართველოს პროკურატურამ. ორი ვერსია მაქვს, ან ჩემი კომპიუტერიდანაა მოპარული, ან ფიზიკურად სადაც ვინახავდი - აღებული, წაღებული და გადაწერილი. ამ ფირის ადგილმდებარეობის შესახებ მარტო მე ვიცოდი. დავურეკე ზაქარია ლაშქარაშვილს, რომელმაც მითხრა, ვინ მიაწოდა მას. მერე  იმას დავუკავშირდი, ვინც ლაშქარაშვილს მიაწოდა, ის ცოტა დაიბნა, მითხრა, გნახავ და გეტყვიო... ჩვენ ჩვენი არხებით გავაგრძელებთ ძებნას, მაგრამ ეს უპირველესად არის ხელისუფლების პრობლემა,  საზოგადოებას ნდობას უკარგავს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში არ არის დაცული პიროვნება, მისი კერძო ინფორმაცია.


- ხელისუფლება რა შუაშია, ამ ხელისუფლების პირობებში მოხდა ფირის წაღება?

 

- ეს არ ვიცი და ამის დადგენა მინდა, მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ როცა არ უნდა წაეღოთ, ამ ხელისუფლების დროს მოხდა მისი გაშვება საინფორმაციო ველში.


ისე კი, უნდა აღვნიშნო, რომ ის შეხვედრა ზაქარია ლაშქარაშვილის გამო შედგა მაშინ და ახლაც, ეს ფირი, ამ ადამაინის აქტუალიზაციისთვის იქნა გამოყენებული.


- რა მიზანი ამოძრავებდა ზაქარია ლაშქარაშვილს, ამ ფირს რომ აქვეყნებდა, როგორ ფიქრობთ?

 

- როგორც ზემოთ ვთქვი, მას სურდა საკუთარი თავის და იდეების აქტუალიზაცია და 26 წლის მერეც კი, მომხდარიყო დისკრედიტაცია ეროვნული მოძრაობის ლიდერთა და ზოგადად იდეისა, იმიტომ, რომ ამ კასეტას თუ არ წაუმძღვარებ, რა არის ეს,  რეალობისგან განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.


-რა იყო ამ ყველაფრის წინაპირობა?

 

- ეს იყო შიდა მოხმარებისთვის გადაღებული ფირი. ეს შეხვედრა უკავშირდება  1988 წლის აქციას, რომლის თაობაზეც მწირი ინფორმაცია აქვს ახალგაზრდობას. ამ დროს საზოგადოება დგას არჩევანის წინაშე - ერთი მხრივ არის ეროვნული მოძრაობა, დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერით და მეორე მხრივ დგას საბჭოთა ხელისუფლება,  რომელიც აკონტროლებს სიტუაციას. ამ დროს საქართველოს სახელმწიფო  უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ინაურია, კაცი, რომლის სახელიც თავზარს სცემდა მთელ საბჭოთა კავშირში დისიდენტებს. არის ეს ორი ძალა, ფაქტობრივად, ინიციატივას არავინ იღებს, ხელისუფლებას არ აქვს გადაწყვეტილი, რეპრესიებში გადაზარდოს  საქმიანობა, ჩვენც ვერ ვიღებთ ბევრ  რამეს ჩვენს თავზე და ამ დროს მოხდა გარღვევა - თბილისში დაიწყო ძალიან „თავხედური" აქცია. 62 ადამიანი დაჯდა საშიმშილოდ და  ხელისუფლებას  გამოუცხადა, ჩამოყალიბდით - ან წადით რეპრესიების გზით და თუ დემოკრატიის გზით აპირებთ წასვლას, მაშინ კეთილი ინებეთ და საქართველოს კონსტუტუციაში რომ შეგაქვთ ცვლილება, რომლის მიხედითაც საქართველოს არ ექნება საბჭოთა კავშირიდან თავისუფლად გამოსვლის საშუალება, აი ამაზე თქვით უარი. ეს იყო აქციის შინაარსი. ჩაიარა უმძიმესმა სამმა დღემ. მეორე მხარესაც ძალიან ნიჭიერი ხალხი იყო, კრეატიული აზროვნებით - როგორია, ერთი მხრივ ეჭიდავე თბილისის პოლიციაში რომან გვენცაძეს და მეორე მხრივ ცეკას იდეოლოგიურ მდივანს  ნუგზარ ფოფხაძეს. არ იყო მარტივი, მით უმეტეს, როცა მათ უკან იდგა ალექსი ინაური მთელი თავისი აპარატით. დაძაბულობა გაგრძელდა სამი დღის განმავლობაში და ამ სამი დღის მერე, ხელსუფლების მხრიდან, უცებ მოიხსნა დაპირისპირება. ჩვენ ვერ გავიგეთ, რა მოხდა, როგორ, მაგრამ მივხვდით, რომ ეს იყო ჩვენი გამარჯვება და აქცია დასრულდა 29 ნოემბერს, როგორც გამოცხადებული გვქონდა  - წარმატებით. შედეგს მივაღწიეთ და  ის საკითხი, რაზეც ვედავებოდით ხელისუფლებას, ამოღებულ იქნა კონსტიტუციიდან.


29 ნოემბერს ყველა პოლიტიკური ძალა ვიყავით ერთად, ხელისუფლება არ იყო აგრესიული და ჩვენ შევთანხმდით, რომ 29 ნოემბერი გამოგვეცხადებინა ეროვნული თანხმობის დღედ, იმიტომ, რომ ამ დღეს ყველა ვიყავით ერთად. კომუნისტურმა რეჟიმმა დაინახა, რომ  ინიციატივა ჩვენს ხელთაა, რაც მათ არ აწყობდათ. ალექსი ინაური გადადგა. ამით, ფაქტობრივად დასრულდა საქართველოს ისტორიის ერთი ეტაპი.


მინდა ვისაუბრო ასევე უწმინდესის ფაქტორზე 1988 წლის 29 ნოემბრის აქციაზე. როცა მან თავის რეზიდენციასთან დაინახა მძიმე ტექნიკა, მოვიდა და 2 საათის განმავლობაში იდგა ჩემსა და გია ჭანტურიას შორის, ჩვენ მისი სულიერი შვილები ვართ. მას არ მიუმართავს აქციის მონაწილეებისთვის, თუმცა მისი აქციაზე გამოჩენა იყო გარდამტეხი. მისი მოსვლის შემდეგ ვერავინ ვერაფერი ვერ გაბედა და  სწორედ პატრიარქი იყო ჩვენი ერთიანობის გარანტი. ამ დღეს პატრიარქმა თავისი ავტორიტეტი გამოიტანა და დააყენა ეჭვქვეშ, ოღონდაც გამოსავალი მოძებნილიყო.


 მერე იყო ქუთაისის აქცია, მერე ბათუმის აქცია, რომლებიც წარმატებით სრულდებოდა. ამ დროს ხელისუფლება ემზადებოდა კონტრღონისძიებისათვის, ფიქრობდნენ, როგორ მოეხერხებინათ ინიციატივააღებული ეროვნული მოძრაობის შეჩერება. ძალისმიერ მომენტებს ვერ გამოიყენებდა. ასეთ ვითარებაში მოიძებნა მექანიზმი, რომ როგორმე მოეხდინათ ეროვნული მოძრაობის იდეის დისკრედიტაცია და ამ ჩანაწერის ფრაგმენტები იქნა გაშვებული.  აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ცეკაშიც იყვნენ ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც ეუბნებოდნენ - ნუ გაუშვებთ ამ ჩანაწერებს, მარტო ერთჯერად შედეგს მოგიტანთო. მაგრამ მაინც აჩვენეს ჩანაწერები ტელევიზიით.  

 

- მაშინ რა შედეგი მოიტანა ამ ჩანაწერების გავრცელებამ?

 

- ამ ჩანაწერების გავრცელების მერე, საბოლოოდ გაიყო ეროვნული მოძრაობა, უკვე დადასტურებულიც იყო, რომ ამ მოძრაობის ერთი ნაწილი თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან. ბუნებრივია, ეს არ ეხებოდა თამრიკო ჩხეიძეს. მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად ჰქონდა განსხვავებული პოზიცია, ვერასდროს ვერ ვიფიქრებ, რომ მან თუნდაც გაუცნობიერებლად ითანამშრომლა ხელისუფლებასთან.


-რატომ ჰქვია ამ ჩანაწერს „ღირსების  სასამართლო"?

 

- იმ პერიოდში რამდენიმე ასეთი სასამართლო გაიმართა. რადგან ჩვენ ვერ მივმართავდით სასამართლოს, სხვა სამართალდამცავ უწყებებს, აღვადგინეთ ის, რაც თავის დროზე იყო შიდა საზოგადოებისთვის. ნეიტრალურ პირებთან ერთად ვარჩევდით გარკვეულ საკითხებს.  დღეს რომ პოლიტიკურ კულტურაზე საუბრობენ - ჩვენს დროს თავისუფლად შეგვეძლო, შევხვედროდით ერთმანეთს ცალკე, დავხვედროდით ქუჩაში... გაწერელიას სახლში თუ ვიჩხუბე, ქუჩაში უფრო არ ვიჩხუბებდი?! შეგვეძლო, ვიღაცისთვის თავში ჩაგვერტყა აგური, გამოგვეყენებინა იარაღი. 


ეს ყველაფერი არის ჩვენი ისტორია, რომლიც საჭიროებს ახსნას, ანალიზს, ამიტომ იცოდეს „იმედის" ხელმძღვანელობამ, რომ მათ მოპარული, კრიმინალური მასალა გააშუქეს! დიახ,  უნდა იცოდეს „იმედის" ხელმძღვანელობამ, რომ არ შეიძლება უკანონოდ მოპოვებული მასალის გაშვება!


- ეს მასალა ხომ ისედაც ტრიალებდა ინტერნეტსივრცეში?

 

-ერთია, როცა ინტერნეტსივრცეში ხდება მასალის გაშვება და მეორე, როცა ამას ტელევიზია აჩვენებს ოფიციალურად, თან კომენტარების გარეშე. ზაქარია ლაშქარაშვილი დაინტერესებული პირია, მაგრამ რა ინტერესი აქვს ჟურნალისტს, რომელსაც არც კი უცდია, რომ ვინმეს დაკავშირებოდა?! ტელევიზიით ამ მასალის წარდგენაც კი მიმართული იყო ეროვნული იდეის დისკრედიტაციისკენ.


- რას აპირებთ?

 

- მივმართავ სამართალდამცავ უწყებებს, ჩვენს სპეცსამსახურებს, გამოიძიონ ეს საქმე. თუ მათი წაღებული არაა, მაშინ გაარკვიონ, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურების ნამოქმედარია. 


http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=60937&lang=1

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016