reportiori.ge - ჟანი სიხარულიძე მედიკო მებურიშვილის შესახებ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:16
ინტერვიუ
ჟანი სიხარულიძე მედიკო მებურიშვილის შესახებ!
ავტორი:
14 აპრილი, 2015. 12:17



ჟურნალ „ნიანგის" საპატიო რედაქტორი და ცნობილი ჟურნალისტი ჟანი სიხარულიძე იხსენებს თბილისის კოლორიტსა და ლეგენდად ქცეულ ლამაზმანს მედიკო მებურიშვილს:


- აპრილის თვეში ყოველთვის მახსენდება ხოლმე 60-იანი წლების თბილისში ყველაზე ლამაზი გოგოს მედიკო მებურიშვილის გასვენება. თარიღი ზუსტად მახსოვს - ეს იყო 1968 წლის 10 აპრილი. რუსთაველის გამზირი სავსე იყო ხალხით (ასეთი ხალხმრავალი იყო გალაკტიონის გასვენება თბილისში და ვლადიმერ ვისოცკის გასვენება მოსკოვში). თეთრ სასახლეში იწვა თეთრ კაბაში გამოწყობილი ულამაზესი 20 წლის გოგო, 14 აპრილს 21-ის უნდა გამხდარიყო.


ასეთი ხალხმრავლობა იმას ნიშნავდა, რომ მედიკო მებურიშვილი უკვე თბილისის ისტორიის ნაწილი ხდებოდა. სასტუმრო „ივერიის" წინ მოედანზე ნემსი არ ჩავარდებოდა, თან იმ დროს სასტუმრო „ივერია" ახალი აშენებული იყო, უცხოელები აივნებიდან იყურებოდნენ, ფოტოებს იღებდნენ. პროცესიას ბინოკლებით აკვირდებოდნენ... ხალხის მდინარეს ბოლო არ უჩანდა. ტრანსპორტის მოძრაობა მთლიანად პარალიზებული იყო.


იმავე საღამოს „ამერიკის ხმის" რადიოეთერში გადაიცა, თბილისში ერთი ლამაზი გოგოს გასვენებამ ქალაქში მოძრაობა შეაჩერაო. იმ დღეს მწერალთა სახლში კონსტანტინე გამსახურდია უნდა გამოსულიყო. ხალხი შეიკრიბა, მაგრამ კონსტანტინემ დააგვიანა. როცა მივიდა, მოიბოდიშა, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, რუსთაველის გამზირი ხალხით იყო სავსე, როგორც მითხრეს, ერთ განგსტერ ქალს კრძალავდნენო.


- მიამბეთ, ვინ იყო მედიკო მებურიშვილი.

 

- მედიკო ცხოვრობდა რუსთაველის გამზირის ერთ-ერთ ასახვევში, ყოფილი პაპანინის ქუჩაზე (ახლანდელი სარაჯიშვილის ქუჩა). დამთავრებული ჰქონდა 53-ე საშუალო სკოლა, როცა გარდაიცვალა, ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი იყო. სილამაზესთან ერთად, არ აკლდა ნიჭიერება, იცოდა რუსული და ინგლისური ენები, უცხოური ლიტერატურა, არაჩვეულებრივად უკრავდა როიალზე, გიტარაზე, კარგად მღეროდა, დაბალი ხმის ტემბრი ჰქონდა. კარგად ვიცნობდი მამამისს შალვა მებურიშვილს, რომელიც გამომცემლობაში მუშაობდა, დედა ექიმი ჰყავდა. ვიცნობდი მედიკოს ბიძას, ჩემი მეგობარი იყო კომპოზიტორი ვალოდია მებურიშვილი, რომელიც იმავე პაპანინის ქუჩაზე, ძმის სიახლოვეს ცხოვრობდა. სტუმრიანი ოჯახი ჰქონდათ, მათი ფანჯრებიდან ხშირად ისმოდა მუსიკის ხმა.


მედიკო იყო პირველი ქართველი მოსწავლე, რომელიც პიონერულ ქალაქ „არტეკში" წაიყვანეს. იქ მოხვედრა იმ დროს თითქმის წარმოუდგენელი იყო. მედიკოს შემდეგ „არტეკში„ „მზიური„ გაემგზავრა. მიუხედავად ამ სიბეჯითისა, მედიკო იყო ძალიან თავისუფალი, ლაღი გოგო, განსხვავებული ჩაცმის სტილი ჰქონდა, რუსთაველზე ხშირად ცხენითაც ჯირითობდა, კარგად ცურავდა, მეგობრობდა ბიჭებთან და მათთან ერთად „ივერიასთან" „ჩორნი კაფეშიც" დადიოდა. მედიკო იყო პირველი თბილისში, ვინც თმა წითლად შეიღება და ჯინსები ჩაიცვა. მასთან მეგობრობდნენ მაშინდელი ცნობილი ოჯახების შვილები, განსაკუთრებით ვაჟები. ვერ იტანდა უზრდელებს. ერთხელ ტაქსის მძღოლიც კი სცემა, რომელმაც მასთან გაარშიყება მოისურვა. ისეთი გოგო იყო, უბატონოდ ხმას ვერ სცემდნენ, თავს არავის აჩაგვრინებდა. თბილისში ცნობილი იყო მისი სიყვარულის ისტორიაც.


- ვინ იყო მისი რჩეული?

 

- იგი გახლდათ თბილისის „ლოკომოტივის" ფეხბურთელი, კახი ასათიანის ძმაკაცი მერაბ გიგინეიშვილი. ამბობდნენ, რომ საქართველოს ასეთი ლამაზი და ტანადი ფეხბურთელი ჯერ არ ჰყოლია. მამა პროფესორი ჰყავდა, სამედიცინო ინსტიტუტის გინეკოლოგიის კათედრის გამგე. გამორჩეული ყოფილა არამარტო გარეგნობით, არამედ ჩაცმის თავისებური სტილითაც. მაგრამ მას მე პირადად არ ვიცნობდი. მერაბისა და მედიკოს სიყვარულზე ქალაქში ლეგენდები დადიოდა, როგორც ამბობდნენ, მერაბი მისი სახლის ფანჯრებთან ღამეებს ათევდა. როდესაც რუსთაველზე ერთად გამოჩნდებოდნენ, მთელი ქუჩა მოჰქონდათ, იყო შემთხვევებიც, კუთხეში შეკრებილ ბიჭებს მათთვის ტაშიც კი დაუკრავთ. სამწუხაროდ, ამ წყვილს ბოლომდე ერთად ყოფნა არ ეწერა.


- რატომ?

 

- გეტყვით იმას, რაც ვიცი. მედიკო მკვდარი იპოვეს ლიფტში კამოს ქუჩის № 4-ში. როგორც თქვეს, გარდაიცვალა ნარკოტიკების ზედმეტი დოზის მიღებით. იმ სახლში ცხოვრობდა მედიკოს მეგობარი, ოლიმპიური ჩემპიონი მზია ჯუღელი. პირველად მან ნახა გარდაცვლილი. ვიცოდი ის სომეხი ქალიც, ვისგანაც მედიკო ნარკოტიკს ყიდულობდა - ოქროსუბანში ცხოვრობდა, ეს იყო თბილისში ნარკოტიკების გამყიდველი პირველი ქალი. მედიკოც ქართველ გოგონათაგან პირველი იყო, ვინც ნარკოტიკს მოიხმარდა.


- ბატონო ჟანი, არსებობს ვერსიები, რომ მედიკოსთან ერთად მისი მეგობარი იზა გოცაძე იყო, რომელიც ასევე ნარკოტიკს მოიხმარდა. არსებობს მეორე ვერსიაც, რომ მედიკოსთვის თავში რაღაც ჩაურტყამთ და მოუკლავთ. ამ საქმეზე ვინმე მანანა მგელაძეც დაუჭერიათ.


- ვიცი, რომ იზა გოცაძეს გამოქვეყნებული ქონდა ლექსები ტრაგიკულ თემატიკაზე, მაგრამ სიკვდილის დროს ის ლიფტში მედიკოსთან ერთად იყო თუ არა, არ ვიცი. როდესაც მედიკო პროზექტურაში გადაუყვანიათ, ექიმები გადარეულან, მსგავსი სილამაზის გოგონა, ასეთი მარმარილოსავით ჩამოქნილი სხეული ჯერ არ გვინახავსო. ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ამ საქმეზე ვიღაც დაიჭირეს და ოთხი წელი მიუსაჯეს, მაგრამ ციხიდან მალევე გამოვიდა. ამბობდნენ, რომ შემდეგ ის გოგო მაღაზია „ციცინათელაში" მუშაობდა. სხვათაშორის, ამ ბოლო დროს მზია ჯუღელთან ვცადე დაკავშირება, მაგრამ მითხრეს, საქართველში არ არისო. დეტალები მზიას უთუოდ ეცოდინება.


- რა ბედი ეწია მერაბ გიგინეიშვილს?


- ამბობდნენ, რომ მედიკოს შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა და 90-იან წლებში გარდაიცვალა.




 

ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016