reportiori.ge - რითი კვებავდა პუტინის ბაბუა სტალინს და დიქტატორების საყვარელი კერძები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:09
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რითი კვებავდა პუტინის ბაბუა სტალინს და დიქტატორების საყვარელი კერძები
ავტორი:
14 აპრილი, 2015. 16:48

 


2014 წლის ნოემბერში ლონდონში უცნაური წიგნი გამოვიდა ირონიული სათაურით: „დიქტატორების ვახშამი: ტირანების უგემოვნებობის ცნობარი". ავტორებმა ისტორიული კვლევების საფუძველზე ყველაზე ოდიოზური მეთაურების ნადიმების საიდუმლოები ამოხსნეს. გთავაზობთ მოკლე გასტრონომიულ ექსკურსს Mashable-სთან ერთად.



1. ბენიტო მუსოლინი


კერძი: ზეთით და ლიმონით შეზავებული წვრილად დაჭრილი ნივრის სალათა. „დუჩეს" მეუღლე რაკელეს, ოჯახის მზარეულისთვის უთქვამს, რომ ზოგჯერ ვახშმად იმდენ ნიორს ჭამდა, მის გვერდით გაჩერება შეუძლებელი ხდებოდა და ღამ-ღამობით საძინებლიდან იპარებოდა და რომელიმე შვილთან იძინებდა.


 



2. ადოლფ ჰიტლერი


კერძი: მტრედის ხორცი, ფარშირებული ენით, ღვიძლით და თხილით.


ჯარისკაცი, რომელმაც ფიურერთან უკანასკნელი რამდენიმე კვირა გაატარა ბუნკერში, იხსენებს, რომ საჭმელს მექანიკურად იდებდა პირშიო, მაგიდასთან თითებს იკვნეტდა და საჩვენებელი თითით ცხვირს იწმენდდაო.-ინგლისელებთან დიდი ბოდიშის მოხდით შეგახსენებთ, რომ ჰიტლერი ვეგეტარიანელი გახლდათ, აი, სიცოცხლის ბოლოს თუ მტრედის ხორცი შეუყვარდა, ნამდვილად არ ვიცოდი, რაც შეეხება თითით ცხვირის მოხოცვას, მაგით ქართველებს ვერ გაგვაკვირვებენ.



 

 

 

3. ანტონიო დი სალაზარი


კერძი: შემწვარი სარდინი ლობიოსთან ერთად.


პორტუგალიელი დიქტატორისთვის სამშობლოს ერთგულება უმაღლესი მცნება გახლდათ, ამის სადემონსტრაციოდ ოჯახის შექმნაზეც უარი განაცხადა.-ცოტა უცნაური და მგონი არაადეკვატური პატრიოტიზმია, შესაძლოა იმიტომ, არიქა ხელი არ წამიცდეს და სხვა ქალისკენ არ გავიხედოო, ვიცი მე (ეჭვი არ არის თქვენც) ერთი პრეზიდენტი, ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარის არ იყოს, ოჯახის დიდი ერთგულებით რომ არ გამოირჩეოდა. ისევ პორტუგალიელს მივუბრუნდები, ამ თევზსა და ლობიოს იმიტომ კი არ ჭამდა - ძალიან გემრიელიაო, უბრალოდ, თავისი ღატაკი ახალგაზრდობის წლებს უსვამდა ხაზს, როცა მაგის მეტი სარჩო არ ჰქონდათ, აი, ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეს პირის გემო კი საკვების რაოდენობით იზომებოდა - რაც მეტია, მით უფრო გემრიელია.


 

 


4. კიმ ჩენ ირი


კერძი: ზვიგენის ფარფლების სუპი და პოსინთხანი (ძაღლის ხორცის სუპი, რომელზეც ამბობდნენ, რომ მამაკაცის პოტენციას ამაღლებს).


აეროპორტისკენ მიმავალ გზატკეცილზე მდებარე ერთი ოფისის ბინადრების საყურადღებოდ: სასწრაფოდ  გაიგეთ პოსინთხანის დამზადების რეცეპტი და კიევში გადაუგზავნეთ თქვენს ბელადს, იქნებ უკვე არაფერში წაადგეს, მაგრამ თქვენ ყურადღებაში ჩაგეთვლებათ.

 

ჰო, კიმ ჩენ ირზე ვსაუბრობდით,- საოცარი გურმანი ყოფილა, საწყალ მზარეულს ხან ირანული სვიის ხიზილალას სთხოვდა, ხან დანიური ღორის შაშხს, ხანაც იაპონურ ბრინჯის კვერს, მაგრამ ჭამით თურმე ძალიან ცოტას ჭამდა.



 

 


5. მუამარ კადაფი

 

კერძი: აქლემის ხორცი და კუსკუსი.


როგორც ამბობენ ყველაზე გემრიელი აქლემის კუზია, მოხარშული ან შემწვარი,- გამიგონია, კადაფის აქლემის რძეც „ნაყვარება"; ისე, ეს ლიბიელები ძალიან უმადური ხალხი აღმოჩნდა, რას ერჩოდნენ ამ საცოდავს, თავისი ხალხისთვის სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია.


 

 

 


6. ფიდელ კასტრო

 

კერძი: კუს სუპი.


კუბელ რევოლუციონერს თავადაც ეხერხებოდა საჭმლის მომზადება და ხშირად თავის ხალხს ამა თუ იმ კერძის მომზადების რეცეპტებსაც უმხელდა; მისი ერთ-ერთი საყვარლის, სელია სანჩესის თქმით, თავად ფიდელს კუს ხორცის სუპი ყველაფერს ერჩივნა.



 

 

 


7. იდი ამინი

 

კერძი: ფორთოხალი.


უგანდის სასტიკი პრეზიდენტი ერთხელ გამოტყდა, ადამიანის ხორცი დიდად არ მომეწონა და ფორთოხალი მირჩევნიაო, დღეში დაახლოებით ორმოცამდე ფორთოხალს მიირთმევდა და ბუნებრივ „ვიაგრას" ეძახდა.


ა, ბატონო, კიდევ ერთი საჩუქარი ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეს. არიქა! ვის აბარია საქართველოში ფორთოხლის ბიზნესი! არ დაგვღუპოთ, პირველივე რეისით გააგზავნეთ.


 

 

 


8. იოსებ სტალინი

 

კერძი: კავკასიური, ძირითადად ქართული სამზარეულო.


თურმე, საბჭოთა „ხალხის მამას" საჭმელს უმზადებდა სპირიდონ ივანოვიჩ პუტინი, ვალოდიას ალალი ბაბუა. ეს მეტად ძნელი საქმე ყოფილა, რადგან სტალინისთვის ჭამა რიტუალი იყო და ხშირად ქეიფში გადადიოდა. იოსებ ვისარიონოვიჩს თავადაც ჰყვარებია სამზარეულოში ფუსფუსი და ორიგინალურ საჭმელებსაც იგონებდა თურმე, მაგალითად ცხვრის ხორცი ბოსტნეულით თიხის ქოთანში და მისთვის სახელიც შეურქმევია „არაგვი". - ამ წიგნის ავტორების საყურადღებოდ მინდა განვაცხადო, რომ საუბარია ჩვეულებრივ ჩანახზე, რომელიც სტალინს ნამდვილად არ მოუგონია და საერთოდაც, დიდი ბელადის ღორმუცელობა არავის გაუგია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ იგი უპრეტენზიო იყო და ძალიან ცოტას ჭამდა.



 

 

 

9. ფრანსისკო ფრანკო


კერძი: გალისიური პაელია


ამბობენ, ყოველ ხუთშაბათს მადრიდის რესტორნებში სპეციალურად ამზადებენ პაელიას, იმის პატივსაცემად, რომ ფრანკო ზუსტად ამ დღეს გამოდიოდა ქალაქში აღნიშნული კერძის მისართმევადო.


პაელია მზადდება ბრინჯის, ბოსტნეულისა და ზღვის პროდუქტებისგან, მთავარი კი თეთრ ღვინოში შებრაწული გალისიური ქათამი ყოფილა.



 

 

 

10. სადამ ჰუსეინი


კერძი: მეზგუფი (ღია ცეცხლზე მომზადებული მდინარის თევზი)


ბაღდადის ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონის განცხადებით, ჰუსეინი კვირაში ორჯერ უკვეთავდა ამ ეროვნულ კერძს და უკვე მომზადებულის წასაღებად მისი მცველები მოდიოდნენ. ამბობენ, ერთხელ მეზგუფი ჟაკ შირაკს გაასინჯა, იმას ისე მოეწონა, რომ მერე საჩუქრად ნახევარი ტონა გაუგზავნაო. - ისე, ეს მეზგუფი ჩვეულებრივი მდინარის კობრია, ჩვენშიც ბევრია და არა მგონია, ასეთი გასაგიჟებელი იყოს.


ამ ჩამონათვალში მსხვილ-მსხვილი დიქტატორების პირის გემოზეა საუბარი; ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარის არ იყოს, წვრილ-წვრილი ღორმუცელა ტირანები ამ სიაში ვერ მოხვდნენ, მაგრამ გვარს ისევ არ დავასახელებ და ზოგიერთს კიდევ აქვს შანსი, დიქტატორული თვისებებით თუ არა, მუცელღმერთობით ისე გაითქვას სახელი, ინგლისელმა ისტორიკოსებმა სულაც ცალკე წიგნი მიუძღვნან.



 

 

 

 

 

სპეციალურად საიტისთვის

თარგმანი და კომენტარები: თამაზ ჩიქვანაია

 

 

 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016