reportiori.ge - ლალი მოროშკინა: „უდესიანი უკვე გაწირეს „ნაციონალებმა“! მან მითხრა, ჩემი მოშორებაც უკვე გადაწყვეტილი აქვთო!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 19:44
ინტერვიუ
ლალი მოროშკინა: „უდესიანი უკვე გაწირეს „ნაციონალებმა“! მან მითხრა, ჩემი მოშორებაც უკვე გადაწყვეტილი აქვთო!“
ავტორი:
14 აპრილი, 2015. 17:54


გია უდესიანი - რომლის სახელიც ხან ბიზნესის დატერორებას უკავშირდება, ხან კი საიდუმლო სამხედრო დაჯგუფებების შექმნას. რამდენი დაჯგუფება შექმნა და რაში იყენებდა ამ ადამიანებს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება? რატომ გაწირა `ნაცმოძრაობამ~ საკუთარი უსახელო მხედართმთავარი და რაზე ელაპარაკა ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ მრჩეველს, ლალი მოროშკინას კონფიდენციალურად? ამაზე „ქრონიკას" თავად ლალი მოროშკინა ესაუბრება:


- ბესო ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ჩემთან რამდენიმე გზა იკვეთება, ერთი არის ის, რომ ვიყავით ძალიან ახლო მეგობრები ოჯახებით, მეორე - მე და დიმიტრი ლორთქიფანიძე ვიყავით პირველები, ვინც 2012 წელს მონიტორინგის ჯგუფის ფარგლებში შევედით ციხეებში და ერთ-ერთი პირველი, ვინც ვინახულეთ, ეს იყო ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბესო ხარძიანი. ჩვენს წინ იდგა დაბერებული და საოცრად ნაწამები ადამიანი. მე აღარ მოვყვები დანარჩენზე, ანუ როგორ წაართვეს ქონება და რაც გაუკეთეს, ამის შესახებ საზოგადოებამ უკვე იცის. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ამ ყველაფერს აკეთებდნენ გია უდესიანის სახელით.


- თუ უდესიანი, როგორც თვითონ ამტკიცებს, მართალი იყო, ვიღაცები როგორ და რატომ ბედავდნენ მისი სახელის გამოყენებას? ის მაშინ ზენიტში იყო და არა მგონია, ნებართვის გარეშე მისი სახელი ვინმეს გამოეყენებინა.

 

- მაშინ უდესიანს დიდი თანამდებობა არ ეკავა, იყო ტყვიით სროლის ფედერაციის პრეზიდენტი. მე ვამბობ იმას, რა ეჭვებიც აქვს თვითონ უდესიანს, ვიღაცებმა იცოდნენ, რომ ის იყო ხარძიანთან ბიზნესით დაკავშირებული, კუს ტბა იყო ქვაკუთხედი, რის გამოც ხდებოდა ეს ყველაფერი. ციხეებში ბევრს ურტყამდნენ, თითქმის ყველას ცუდად ექცეოდნენ, მაგრამ არ არქმევდნენ არავის სახელს. ხარძიანმა მოგვიანებით თვითონ თქვა, როდესაც რამდენიმეჯერ დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს, ერთხელ შევნიშნე, გია უდესიანიც იყო მოსულიო. მე ბესოს ვეუბნებოდი, როდესაც შენ ციხიდან გამოხვალ, უნდა ნახო უდესიანი და სიტუაცია გაარკვიო, შეიძლება მის სახელს ვიღაცა მესამე პირი იყენებსმეთქი. ბესო გამოვიდა ციხიდან და მითხრა, მე სასამართლოს გზით წავალ, დავიბრუნებ ქონებას და მერე ვინც როგორ მაწყენინა, იმათ ცალკე მივხედავო. ამის შემდეგ ინფორმაცია მქონდა არა როგორც მონიტორინგის ჯგუფის წევრს, არამედ, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელს, გამოჩნდნენ ხარძიანის თანამესაკნეები, რომლებმაც თვითონ დაწერეს ჩვენებები, ერთ-ერთი იმასაც აღიარებდა, ბესოს უდესიანის დავალებით წავაგებინე ქონებაო. შემდეგ ეს ადამიანი მოხვდა ავტოკატასტროფაში და დაიღუპა. ეს არ არის ჭორი, ადამიანები მოდიოდნენ და წერდნენ. მე სულ ვამბობდი, რომ დაეკითხათ ისინი, ორი წელი გავიდა, არც უდესიანისთვის დაურეკავთ პროკურატურიდან და არც ამ ადამიანებისთვის. მიუხედავად ამისა, მე ყოველთვის ვიცავდი უდანაშაულობის პრეზუმფციას და ვამბობდი, იქნებ უდესიანის სახელით ვიღაც სარგებლობსმეთქი? ხომ არის ამაში რაღაც ლოგიკა?


- უდესიანი თვითონ აღიარებს, საიდუმლო ჯგუფებს ვქმნიდიო და ამ დაჯგუფებებს რაში იყენებდნენ, ხომ ვიცით?

 

- ამ დაჯგუფების წევრები ჩემთან იყვნენ რამდენიმე დღის წინ. ეს თემა ასე ყალიბდება: არის ერთი ჯგუფი თბილისელებისა, ესენი არიან თავქარიანები და შემჩნეულები არიან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. ესენი ძალიან არიან „გაბლატავებულები", დადიან და იძახიან, უდესიანის დაჯგუფება ვართო. ჩემთან იყვნენ მოსულები სამაჩაბლოს დაჯგუფებიდან, რომლებსაც თავის დროზე მართლაც წვრთნიდა უდესიანი და რომელთა ხელმძღვანელები სამჯერ შეხვდნენ ირაკლი ღარიბაშვილს. ეს იყო გვარდიასთან არსებული დაჯგუფება, ანუ 500-კაციანი ქვედანაყოფი. ნაწილმა გაიარა სერიოზული წვრთნები, ნაწილი ერაყშიც იყო წასული. ამათ მიმართეს ახალ მთავრობას, მეთაურები, როგორც უკვე ვთქვი, შეხვდნენ ირაკლი ღარიბაშვილს და სთხოვეს, ავტომატურად გადასულიყვნენ ახალი მთავრობის ხელში. პრემიერ-მინისტრმა ამ ბიჭებს უთხრა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქვედანაყოფია და მოგხედავთო. ახლა ისინი ვერ ხვდებიან, ვინ გადააგდო, წესით, პრემიერს ამის თაობაზე დავალება უნდა მიეცა ირაკლი ალასანიასთვის და ეს საკითხი უნდა მოეგვარებინა.


- ეს ბიჭები შენთან რატომ მოვიდნენ?


- მათ უკვე პატრონი არ ჰყავთ და მთხოვეს, ვუშუამდგომლო, რათა  კონტრაქტით გააგრძელონ მუშაობა, აქამდე ხელფასებს იღებდნენ თავდაცვის სამინისტროდან. როგორც კი ახალი მთავრობა მოვიდა, მათ იარაღი ჩააბარეს.


- რამდენად სანდონი არიან, რომ ისევ იარაღი დააჭერინონ ხელში?


- მე ვიცი ერთი რამ და თქვენი გაზეთის საშუალებით ვაცხადებ: ეს ყველაფერი მთავარ პროკურატურაში მივიტანე, ისინი სხედან და ელოდებიან ყურადღებას.


- სად სხედან?


- წეროვანში, სადაც მე ამ დღეებში ვაპირებ ჩასვლას.


- ეს გასაგებია, მაგრამ მაინც რჩება მთავარი კითხვა: ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მიტინგებს არბევდნენ?


- ეს ბიჭები ემიჯნებიან იმ ჯგუფს, რომელიც არბევდა მიტინგებს და ამბობენ, თუ ვინმე ამოგვიცნობს და ხელს დაგვადებს, მაშინ მზად ვართ, პასუხი ვაგოთო, ჩვენ არასოდეს მიგვიღია მონაწილეობა მიტინგების დარბევაშიო. თუმცა ამათი ხელმძღვანელიც იყო გია უდესიანი. არსებობს სხვა დაჯგუფებებიც, უკვე გითხარი თბილისელ ბიჭებზე და ასევე ცნობილია სამეგრელოში ჩამოყალიბებულ დაჯგუფებებზე... უნდა მოხდეს ამ ჯგუფების ერთმანეთისგან გამიჯვნა. ინფორმაცია ასევე მივაწოდე შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს ადამიანები ითხოვენ სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას. არ არის ლაპარაკი იმ დაჯგუფებებზე, რომლებიც დაკომპლექტებული იყო სპორტსმენებით, დამნაშავეებით და „ზონდერებით". რაც შეეხება გია უდესიანთან საუბარს, სამწუხაროდ, ეს ადამიანი შეცდომაში შეიყვანა ნოდარ მელაძემ, რომელიც ჩავიდა საფრანგეთში და ინტერვიუ მოამზადა. მე ჟურნალისტებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, გარდა ერთი ფაქტისა, რაც ყველამ იცის. ჩემთვის იყო ძალიან შეურაცხმყოფელი, როცა უდესიანმა მომმართა, როგორც კრიმინალს, და ეს გააკეთა ნოდარ მელაძის ხელშეწყობით. როცა უდესიანმა კრიმინალი მიწოდა, დედაჩემი საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი და ამის შემდეგ ჩამრთეს პირდაპირ ეთერში. ბოლოს ნოდარ მელაძემ ყველაფერი დააბრალა პროდიუსერს. როდესაც უდესიანს ველაპარაკე, მან ისიც კი არ იცოდა, რომ მე პატრიარქს მივმართე, საქმე სვანურ სასამართლომდე ნუ მივა, თქვენ ერთხელ სვანები შეარიგეთ და ახლაც იგივე გააკეთეთ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი საერთოდ ვაკუუმშია.


- საფრანგეთში ზის თუ კასრში, დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში რანაირად არის ვაკუუმში?


- ყოველ შემთხვევაში, ბევრი რამე არ იცის და ფაქტია, რომ მისთვის ეს დღეები ნამდვილად არ არის მარტივი, მოკლეს ბესო ხარძიანი და მისკენ მიდის ეჭვები. მას ახლა ოჯახშიც კი ეჭვით უყურებენ და ფიქრობენ, ხომ არ არის მართლა მკვლელი? მას ახლა აქვს რამდენიმე პრობლემა: პირველი, მკვლელობა ბრალდება, მეორე - თვითონ თქვა, საიდუმლო ფორმირებებს ვაყალიბებდიო და უცებ გიგა ბოკერიამ ყველაფერი უარყო. გამოდის, უდესიანი უკვე გაწირეს „ნაციონალებმა". არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, მან მითხრა, ჩემი მოშორებაც უკვე გადაწყვეტილი აქვთო. დღეს ყველაზე მეტად მისი მოკვლა აწყობთ „ნაციონალებს".


- ამაზე თვითონ გითხრა?

 

- კი, თქვა, ჩემი მოშორებაც უნდათო. რეალურად უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, სამიზნედაა ქცეული. ერთი მხრივ, ოჯახსაც კი აქვს ეჭვები და მან ეს უნდა გააბათილოს, მეორე  მხრივ კი, „ნაცმოძრაობა" გაემიჯნა და მათგანაც თავი უნდა დაიცვას.

 

- თუ ეს ადამიანი მართალია, ჩამოვიდეს და აქ დაამტკიცოს ყველაფერი.


- როგორც ჩანს, ის ძალიან შეშინებულია.

 

- „ნაციონალებისა" ეშინია?

 

- რა თქმა უნდა, მას მოიშორებენ „ნაციონალები", მოიშორებს ის ორგანიზებული ჯგუფი, რომელზეც მთავარი პროკურორის მოადგილე, შოთაძე ლაპარაკობს და რომელიც ჯერ კიდევ დათარეშობს თბილისში და ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა მათი აყვანა. არ არის ადამიანი - არ არის პრობლემა, „ნაციონალები" მოკლავენ და ყველა უბედურებას მას დააბრალებენ.

 

- თვითონ რას ამბობს, სრულიად უდანაშაულო და ანგელოზი ვარო? თუ მასეა, ასე ლაღად და უდარდელად რატომ ცხოვრობს საფრანგეთში? საიდან ამდენი ქონება?


- არა, თვითონ იმას ამბობს, რომ ბესო ხარძიანის მკვლელობაში მისი ხელი არ ურევია. მასთან რომ ჩასულიყო უფრო ჭკვიანი ჟურნალისტი, სულ სხვანაირ ადეკვატურ ინტერვიუს ჩამოიტანდა, ახლა მივიღეთ არაადეკვატური ინტერვიუ, მელაძემ გაასვრევინა ყველა.

 

- სვანურ სასამართლოზე რას აპირებს?


- მე ამიტომაც მივმართე პატრიარქს. რა არის სვანური სასამართლო? ეს არის, როცა უხუცესები სხდებიან, ისმენენ ბრალდებებს ორივე მხრიდან, თუ ადამიანი დამნაშავეა, ის სასამართლომდეც აღარ მიჰყავთ. ამის შემდეგ იწყება სისხლისღვრა, ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ. მე მას ვთავაზობ მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩაჯდომას, მას ამის გაკეთება ევროპაშიც შეუძლია, რეალურად მას ძალიან ბევრი აქვს სალაპარაკო, რაც სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი იქნება.


- თავად უდესიანს ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით რამე ვერსია აქვს?


- ამაზე არ ულაპარაკია... ვინაიდან ხარძიანი ასე მოიშორეს და „ნაციონალებმა" უდესიანიც გაწირეს, ახლა მას ძალიან ბევრი აქვს სათქმელი „ნაცმოძრაობაზე". მას რაღაც ფირებიც აქვს წაღებული, აქედან ხელცარიელი არ წასულა და ამიტომაც „ნაცებს" დღეს მისი სახით ბომბი ჰყავთ საფრანგეთში. მას აქვს ფირები მოქმედ პოლიტიკოსებზე.


- ჰო, გენაცვალე, სწორედ ეს ფირებია დიდი დანაშაულის საწყისი, საიდან აქვს, რისთვის აქვს, რატომ აქვს? ამის შემდეგ შეიძლება, ადამიანმა ილაპარაკოს, მართალი ვარო?


- კი, ძალიან ბევრი შეკითხვაა და ამიტომაც არ აწყობთ „ნაციონალებს", რომ უდესიანი ალაპარაკდეს.

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016