„ამ პრობლემებში მე ვხედავ იმ ადამიანების დაუდევრობას, რომელთაც მინდობილი აქვთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მართვა, პრობლემა კადრებშია!"
გასული კვირის ეპიცენტრში თავდაცვის მინისტრი და მისი უწყება აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მინდია ჯანელიძის მიმართ მომავალშიც ბევრი კითხვა გაჩნდება, ამ სიტუაციამ სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თავდაცვის მინისტრის პოსტზე დავით თევზაძე მოანატრა.
„კვირის ქრონიკამ" ინტერვიუ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან დავით თევზაძესთან ჩაწერა. რა თქმა უნდა, ჩვენ მას ვკითხეთ, შემოთავაზების შემთხვევაში, დასთანხმდება თუ არა თავდაცვის მინისტრობას, რაზეც მან განაცხადა, რომ შეთავაზება არ მოხდება. ეს არის ექსპერტის მიერ გამოთქმული სურვილი. დავით თევზაძესთან გია უდესიანის განცხადებაზეც გვქონდა საუბარი, რომელმაც საფრანგეთიდან „რუსთავი2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თავდაცვის უწყებაში ის ხელმძღვანელობდა თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ დაჯგუფებას. დავით თევზაძის თქმით, არასწორი და დაუშვებელია ასეთი ჯგუფების არსებობა თავდაცვის სისტემაში... დანარჩენ ამბებს საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო მშვიდობისთვის" ლიდერისგან, დავით თევზაძისგან შეიტყობთ, რომელმაც პოლიტიკაში შემოსვლა დააანონსა.
- ბატონო დავით, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რას ფიქრობთ თქვენი კოლეგების დაპირისპირებაზე, რომელიც უკავშირდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვის ჩაშლის მიზეზებს?
- აბსოლუტურად გაურკვეველია, რა პროცესები მიმდინარეობს. მთავრობები მუშაობენ ხოლმე გარკვეულ საკითხებზე, ჩვეულებრივ ასე ხდება, რომ თავდაცვის მინისტრს არ აქვს უფლებამოსილება, თავისი გადაწყვეტილებით რაღაც გააკეთოს საერთაშორისო დონეზე. მეტიც, როცა თავდაცვის მინისტრი საერთაშორისო ხელშეკრულებაზე აწერს ხელს, ამ საკითხში უნდა მონაწილეობდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ხელმოსაწერად გამზადებული დოკუმენტი მთავრობასთან უნდა იყოს შეთანხმებული. საგარეო საქმეთა სამინისტრო მემორანდუმის მომზადების პროცესში უნდა იყოს ჩართული, პირადად მე, დაახლოებით 28 ხელშეკრულებასთან მქონია საქმე და არ მახსოვს პრეცედენტი, სადაც არ მონაწილეობდა საგარეო უწყება. ეს უბრალოდ, დაუშვებელია. ასე რომ, ალასანიამ როდესაც პარიზში ყოფნის დროს ზარი მიიღო და ამას არა აქვს მნიშვნელობა ვისგან, ვინ დაელაპარაკა მას პრემიერის სახელით, ეს იმას ნიშნავს, რომ ირაკლი ალასანიას თავი უნდა შეეკავებინა და ვითარებაში გარკვეულიყო. თუ საკითხი შეთანხმებული იყო, მაშინ რა შეიცვალა? თითქოს საკითხი ზედაპირზე დევს, მაგრამ კულუარული ინფორმაციებია საჭირო, რაც არ მაქვს, ამიტომაც ზუსტი დიაგნოზის დასმა ძნელია. რაც შეეხება თვითონ სისტემებს, არ ვიცი, რა სისტემების შეძენაზეა ლაპარაკი და ამ სისტემების ექსპლუატაცია რას მოითხოვს. არის ისეთი სისტემები, რომელთა შემოტანასაც აზრი არ აქვს, რადგან ცალკე აღებული სისტემა არაფერს წარმოადგენს, მას ადამიანი მართავს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ტექნოლოგიები საკმაოდ რთულია, მის მართვას მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები სჭირდება. ამ დანადგარების განსათავსებლად ტერიტორიებია საჭირო. იმის თქმა, რომ საიდუმლოდ ამ ტიპის იარაღი გექნება, არის ბავშვური მიდგომა. გლობალურ ძალებს, არა აქვს მნიშვნელობა რომელს, ზედმიწევნით შეუძლიათ კოსმოსიდან სურათის მიღება. ამიტომაც ამის დამალვა უაზრობაა. როდესაც რთული სამხედრო ტექნოლოგიების შეძენაზე მიმდინარეობს მუშაობა, ჯერ ცდილობენ, პროფესიონალი კადრები მოამზადონ ამ ტექნოლოგიების მისაღებად, ამას დრო სჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამ ტექნოლოგიების გადმოცემა. ასეთი ტიპის ტექნოლოგია კარგ ხელში უნდა მოხვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის, უბრალოდ, არ იმუშავებს.
- ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ის ფრანგ კოლეგასთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი შეიარაღების შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებდა, თუმცა როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ფრანგები ამ ტიპის იარაღის მწარმოებლები არ არიან, თვითონაც ისრაელისგან ყიდულობენ და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი პირდაპირ ისრაელთან მოლაპარაკებაზე რატომ არ გავიდა?
- ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები არის ძალიან ძვირი, ებრაელებს რამდენიმე კარგი სისტემა აქვთ, რომელიც ძალიან ძვირია. მე არ ვიცი, ფრანგები რას ყიდიან, უკვე ნახმარ ტექნოლოგიას, თუ საფრანგეთის სატრანზიტო სახელმწიფო გამოდის... ნებისმიერი ტექნიკის შეძენა უნდა იყოს ერთიან გეგმაში საჰაერო თავდაცვის განვითარებისა. მე არ შემხვედრია, რომ ასეთი გეგმა, სტრატეგია და კონცეფცია გვქონდეს საერთოდ. საჰაერო თავდაცვა სამხედრო მოღვაწეობის საკმაოდ რთული სფეროა, დღესდღეობით არ მეგულება მოქმედ შეიარაღებულ ძალებში არავინ, ვისაც ასეთი სტრატეგიული ხედვა აქვს. კი, საქართველოში არის ერთი-ორი სპეციალისტი, მაგრამ ისინი სამხედრო ძალებში არ მსახურობენ. ახლა რაც შეეხება თქვენი კითხვის ერთ ნაწილს, იყო თუ არა აქ პოლიტიკური სპეკულაცია. ეს თემა არ უნდა გამხდარიყო სასკანდალო, თუ მინისტრ ალასანიას რაღაც არ მოეწონა დანარჩენი მთავრობის მუშაობაში, ეს არანაირად არ უნდა ყოფილიყო სატელევიზიო გარჩევის საკითხი. თუკი ის დემარშს აპირებდა, ალასანია თავისი ნებით უნდა გადამდგარიყო მინისტრობიდან და არ დალოდებოდა, როდის მოხსნიდნენ. გულწრფელად გეტყვით, მთელი ეს სიტუაცია არ არის სასიამოვნო, არ მინდა ცუდი სიტყვა ვიხმარო, მაგრამ გულისამრევია.
- უსაფრთხოების კონცეფციაზე მინდია ჯანელიძის მოსაზრება მისაღებია?
- ჩვენთან მოქმედებს ორპოლუსიანი უსაფრთხოების სისტემის არქიტექტურა, პრემიერი თავის წილ რაღაცაზეა პასუხისმგებელი, პრეზიდენტი თავის უსაფრთხოების საბჭოიანად - სხვა საკითხებზეა პასუხისმგებელი... რეალურად კი ვერ გავიგეთ, ვის რა ფუნქცია აქვს გადანაწილებული, აი, ეს სისტემაა თვითონ მანკიერი, ნაპოლეონ ბონაპარტე რომ დასვა ჯარის სათავეში, მასაც ის გამოუვა, რაც ჯერჯერობით გამოგვდის და არა ის, რაც რეალურად შეიძლება გაკეთდეს.
- თქვენ არ გქონიათ შემოთავაზება, ყოფილიყავით პრემიერ-მინისტრის ან თავდაცვის მინისტრის მრჩეველი?
- არა, თავდაცვის მინისტრობის კარიერის დასაწყისში ირაკლი ალასანიასთან მქონდა ერთი შეხვედრა, თუმცა ამ შეხვედრას გაგრძელება აღარ მოჰყოლია. გავიგე, რომ ალასანიას სხვა გენერლებთანაც ჰქონდა ასეთი საუბრები, მაგრამ, როგორც ეტყობა, თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, ვინ სჭირდებოდა, რა სახის მომსახურება სჭირდებოდა, როგორც მრჩევლის, და მან დაამთავრა იმით, რითიც დაამთავრა.
- თავდაცვის მინისტრმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მხარემ რუსეთს იარაღი ჩააბარა, თუმცა ამ მოღალატეობრივი ქმედებისთვის დღემდე არავინ დასჯილა. რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
- სანამ არ აღდგება სამხედრო პროკურატურა, მთელი თავისი სტრუქტურით, მანამდე ყველა ეს საკითხი, უბრალოდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულია. თუ ვინმეს აქვს სურვილი ამ საკითხში სერიოზულად გაერკვიოს, პირველ რიგში სამართლებრივ სივრცეში უნდა დააბრუნოს სამხედრო პროკურორი, პარალელურ რეჟიმში უნდა დაიწყოს მუშაობა სამხედრო სასამართლოს აღდგენისაც. ასევე, სამხედრო სასჯელაღსრულების სისტემის, რომელიც არ გვაქვს.
- თავდაცვის სამინისტრო საკადრო სკანდალში არაერთხელ გაეხვია, ჯერ იყო და ვალერიან ზუმბაძის დანიშვნა ვიხილეთ, რომელსაც გახმაურებული საქმეების გამოძიების ფალსიფიკატორად მოიხსენიებენ, ეს არ იკმარა მინისტრმა და მის უწყებაში ამოტივტივდა ორი გვარი, რომლებიც კავშირში არიან სერგო თეთრაძის საქმის ფალსიფიკაციასთან. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე? ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი რგოლი დაკავებული აქვთ ადეიშვილი-სააკაშვილის ხელისბიჭებს: ზაზა მჭედლიძე, რომელიც არის სერგო თეთრაძის წამების საქმის ერთ-ერთი მონაწილე და უშუალო დამგეგმავი, მუშაობს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსად, ამავე საქმეში მონაწილეობდა ლევან გაბუნია, რომელიც, ასევე, მუშაობს თავდაცვის სამინისტროში შეიარაღებული ძალების გენშტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად...
- რბილად რომ ვთქვათ, ეს არის ძალიან ცუდი, ის შეხედულებაც, რომ ვიღაცა ბრძანებას ასრულებს და არ უნდა დაისაჯოს, მოდის 30-იანი წლების რიტორიკიდან. საერთაშორისო კანონმდებლობაში ეს არის გაწერილი, ბრძანებები, რომლებიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, არ უნდა შესრულდეს! შემსრულებელიც ინაწილებს იმ დანაშაულს ისე, როგორც ბრძანების გამცემი. შემსრულებელმა ძალიან კარგად იცის, რომ ადამიანის წამება არის დანაშაული, ადამიანის მოტაცება არის დანაშაული, თუ, რა თქმა უნდა, საბრძოლო მოქმედებების დროს არ იტაცებ მოწინააღმდეგის ოფიცერს. სხვა შემთხვევაში ეს არის დანაშაული. ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვას, არის დასჯადი ქმედება, სულერთია, ვინ გასცა ბრძანება.
- კორტების სპეცოპერაციის გამო დაკავებულ სპეცრაზმელებზე რა აზრის ხართ? აზრი ორად იყოფა, ნაწილი თვლის, რომ მათ შეასრულეს დავალება და მათდამი სასჯელი უნდა იყოს მსუბუქი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ პრემიერ-მინისტრი ამ საკითხზე არ უნდა აკეთებდეს განცხადებებს, მას მიაჩნია, რომ უკანონო ბრძანების შესრულება დასჯადია...
- არსად წერია, რომ უიარაღო ადამიანს უნდა ესროლო, დაჭრა, მოკლა. ამიტომ ვერ გავიზიარებ იმ შეხედულებას, აბა, რა ქნას სპეცრაზმელმა, ბრძანება უნდა შეასრულოსო. ეს ასე არ არის. სამყარო შეიცვალა, ადამიანის უფლებებს იცავს საერთაშორისო კანონმდებლობა. ამიტომ ვამბობ, როცა ბრძანება დანაშაულებრივია, ასევე, დანაშაულებრივია მისი შესრულებაც.
- ბატონო დავით, აგვისტოს ომის 42 გმირის დნმ-ის დაკრძალვამ და იქ პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის არმისვლამ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ისინი თითქმის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცების სახელთა შებღალვაში დაადანაშაულეს. ზოგადად აგვიხსენით, რა დაკრძალეს და უნდა მისულიყვნენ თუ არა მთავრობის წევრები ამ პროცესიაზე?
- მე ვერ გავიგე, რა დაკრძალეს? კონკრეტულად რა ნაწილები? რამდენადაც ვიცი, ეს ყველაფერი ერთ ყუთში იყო ჩაყრილი, ეს დაკრძალვა არ არის, ეს არის რაღაცის ჩამარხვა. ჩამარხვას არ სჭირდება არც დაფდაფები, არც დროშები, არც პრემიერი, მით უმეტეს, არც პრეზიდენტი და ა.შ. ვინ იფიქრა ამის გაპიარება, მე იმის ტვინში მინდა ჩავიხედო. ადამიანები, ვისგანაც ეს მასალა იყო აღებული, უკვე დაკრძალულები არიან. მოხდა მათი იდენტიფიცირება, ზოგადად, ეს მასალა უნდა ინახებოდეს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, ის განადგურებას არ ექვემდებარება, რადგან შესაძლოა, კიდევ დამატებითი კვლევა გახდეს საჭირო. მე არ ვიცი, რა ტიპის ნაწილები იყო შერჩეული, ჩვეულებრივ ამ ტიპის ანალიზისას გამოიყენებენ ფრჩხილს, თმას და ა.შ. თუ მოხდა იდენტიფიცირება და ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს მასალა უნდა მოეცილებინა, სადაც, წესით, ბიოლოგიური მასალა უნდა ინახებოდეს, მათ ხომ მოახდინეს იდენტიფიკაცია, იქვე შეეძლოთ კაფსულით თითოეული მათგანის საფლავში ჩაემატებინათ. მეტად გაუგებარი იყო გენერალური შტაბის მოადგილეების თავგამოდება, რომლებმაც ერთ ყუთში მოთავსებული მასალა დაფლეს. მაპატიეთ, მაგრამ სულ სხვა განცდა მიჩნდება, როდესაც ერთ ყუთში არის ჩაყრილი რაღაც და ამას მარხავ, ამის ზემოდან მაინტერესებს, საფლავს გააკეთებენ, თუ რას და რა უნდა დააწერონ, რომ აქ მარხია 42 ქართველი გმირის დნმ-ის ნიმუშები?!. აბსოლუტურად გაუგებარია, შემდეგ რა გაგრძელება ექნება ამას. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ წარმოდგენა არა აქვს არავის, როცა არმიაზე მსჯელობენ, მათ შორის იმათ, ვინც დღეს არმიას წარმოადგენს. თავდაცვის მინისტრი სწორად მოიქცა, რომ იქ არ მივიდა, რადგან იქ არაფერი ესაქმებოდა. ამის გამო მას საბოდიშო არაფერი აქვს და ვინც თავდაცვის მინისტრს მიაწოდა იდეა დნმ-ს ნიმუშების დამარხვაზე, ის სამსახურიდან გასაგდებია!
- ბატონო დავით, რაც შეეხება თქვენს პოლიტიკურ განაცხადს, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობით დაიწყეთ, როგორ ფიქრობთ, შეძლებთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თქვენი სიტყვა თქვათ და საზოგადოების ყურადღება მიიპყროთ?
- ჯერ არ გამიკეთებია პოლიტიკური განცხადება, მაგრამ გავაკეთებ, როგორც ჩანს. რეალურად პოლიტიკური სივრცე არაფერს არ ჰგავს, ეს არ არის ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური სივრცე არც ოპოზიციაში, არც პოზიციაში. პოზიციამ, უბრალოდ, არ იცის, რა აკეთოს, ოპოზიცია რევანშის გარდა არაფერზე ფიქრობს. მესამე, მეოთხე, მეხუთე ძალა, ეს არის ზღაპარი, რაც არ არსებობს საქართველოში. ვფიქრობ, რომ ახალი პოლიტიკური რეალობა უნდა გაჩნდეს, ადამიანებმა ამ ახალ პოლიტიკურ ძალაში თავისი მომავალი უნდა დაინახონ, რომელიც არ იქნება მიბმული არც არავის კაპიტალზე, არც ზეადამიანებზე, არამედ იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ ადამიანებმა შეძლონ პირველ რიგში ამოსუნთქვა და მეორე რიგში, შეძლონ იმ თავისუფალი სივრცის მოძებნა, სადაც მომავალ თაობას აღზრდიან. ეს მომავალი თაობა მოიტანს საქართველოსთვის რეალურ მომავალს. პარტიის ჩამოყალიბებას პროცედურულად არაფერი სჭირდება, ყველაზე რთული სამუშაო იწყება ახლა, როდესაც მოგვიწევს ადამიანებთან შეხვედრა.
- ის, რაც ხდება ქვეყანაში _ მკვლელობები, ყაჩაღობა, ლარის ინფლაცია, აპოკალიფსური სურათის შექმნა, ნაწილობრივ ხედავთ თუ არა „ნაციონალური მოძრაობის" ხელს ამ საქმეში?
- მე არ ვარ შეთქმულების თეორიის მომხრე, ამ პრობლემებში მე ვხედავ იმ ადამიანების დაუდევრობას, რომელთაც მინდობილი აქვთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მართვა, პრობლემა კადრებშია!
ნინო სამხარაძე
გაზეთი „კვირის ქრონიკა"