არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ დღეს, 27 ოქტომბრის, საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ცესკოს მონაცემებით, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3,537,249 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით, რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩეველების პრობლემა კვლავ დღის წესრიგში დგას. კერძოდ, საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა დარჩენილი იმ ამომრჩევლების საკითხი, რომლებიც რეგისტრაციის ადგილიდან მოხსნილია, თუმცა რეგისტრაცია არ გაუვლიათ ახალ მისამართზე. ცესკოს მონაცემების მიხედვით, ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა 97 000-ს აღწევს. "სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების სია დაუყოვნებლივ, საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს. მათივე ინფორმაციით, აქტიური საინფორმაციო კამპანია უნდა დაიწყოს მოქალაქეების მიერ საკუთარი თავის აღნიშნულ სიაში გადამოწმებისა და ხელახალი რეგისტრაციის გავლის მიზნით. „სამართლიანი არჩევნები“ მომდევნო ანგარიშს აგვისტოს დასაწყისში გამოაქვეყნებს.