reportiori.ge - ბეღურები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:06
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ბეღურები
ავტორი:
15 აპრილი, 2015. 12:18



გაზაფხულზე გადაბელილი ხეები, მუშტებმოღერებული ბოქსიორებივით ჩამწკრივებულიყვნენ ვიწრო ქუჩის ორივე მხარეს და მთელი უბნის ბეღურებიც ერთადერთ, სასწაულით გადარჩენილ, უკვე ფოთოლგაყვითლებულ ჭადარზე შეყუჟულიყვნენ.



სასწაული კი, ნახევრადმელოტია. თეთრი ხალათი აცვია. ხის ქვეშ, პლასტმასის პლინტუსებით შეკრულ ფარდულში დგას, პარიკმახერი ელდარა ჰქვია, წვრილად შეკრეჭილი ულვაში აქვს და წაღმა-უკუღმა უტყაპუნებს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ სამართებელს, ოდესღაც "საწერად" სახელდებულ მაგიდის კიდეზე დარჭობილ ლურსმანზე წამოცმულ ტყავის ქამარს. ზუსტად ისე, როგორც ნახევარი საუკუნის წინ, მთელი თბილისის დალაქები ლესდნენ იარაღებს "შიპრისა" და "ტრაინოი ადეკალონის" სუნით გაჟღენთილ საპარიკმახეროებში.



- ცივი ქარია დღეს, აი. - გადაულაპარაკა ელდარამ კლიენტს.


- ჰოო?


კლიენტი, გოგი რომ ჰქვია, სტომატოლოგიურ სავარძელში ჩამჯდარიც, ელდარას სიმაღლეა. დილიდან ხასიათზე ვერ არის, არანაირ პროვოკაციაზე არ ეგება და ყველაფერზე, მხოლოდ, "ჰო"-ს და "ჰოო"-ს პასუხობს.


- ეს ხე ჩემი გადარჩენილია, ხო იცი? - ქარმა ბეღურის პატარა, მრგვალი, თეთრი სკინტი მოატყიპა ფანჯარას და ელდარმაც თავისი ტუზი გააძრო.


- ეგ ხო, მთელმა ქუჩამ იცის...


- რა იცით აბა?


კლიენტმა, როგორც იქნა, ორი სიტყვა ერთმანეთს გადააბა და დალაქს რაღა გააჩერებდა:


- ისიც იცი, რო მაგათი ბრიგადირი, თავის პამოშნიკიანად უფასოდ გავკრიჭე იმ დღეს?


- ჰოო, ჰოო, ვიცი.


- ისიც იცი რო, მერე რო გეუბნება, მაინც უნდა გადავჭრაო? აზრზე ხარ გოგიჯან?! მერე მე ვეუბნები. შენ იცი, ეს ხე ამა და ამის, დიდი კაცის სახელი ვუთხარი რაღა, ამა და ამ მამის დარგულია მეთქი! აზრობ რა მოვიფიქრე?


- ჩრდილი კარგია არა, ზაფხულობით?


- გინდა მაწტყენინო, არა?! ეგრეა, კი, ხო, მაგრამ მარტო ეგრეც ხომ არ არის? არა, შენ აზრობ მეთქი?


- ვაზრობ, ვაზრობ, ელდარ, მაგრამ ერთი რამე ვერ გამიგია, ქართველი კაცი ხარ და ეს სომხური ბაზარი საიდან?


- იქიდან, ჯიგარ, რო ოცდაათი წელიწადი, სუ სომხების გვერდით ვმუშაობდი. დიდუბეშიც, ვორონცოვზეც, მერე ვერაზე...


- ხუთი წელია აქ მარტო ხარ, მაინც ვერ მორჯულდი, არა? ხო, ხო! რა არიან ეს სომხები?!


- ხუთი კი არა, შვიდი წელი და ნახევარი. ეეე, რო მახსენდება რამდენი მუშტარი დადიოდა მაშინ აქა... საღამომდე ვერა ვჯდებოდი, აი! ამ თმებს კიდე, ხო სუ ვგვიდი და ვგვიდიი... ეხლა?


- რას იზამ, ახლა ზოგი ინგლისშია, ზოგი ამერიკაში, ზოგი...


- ზოგიც ჰალსტუხით დადის, აქ როგორ იკადრებს. ეგ უნდა გეთქვა გოგიჯან?


- რა ვიცი აბა, რა უნდა მეთქვა.


ელდარამ კლიენტს დახედა ცალი თვალით:


- შენც სკლეროზ, ჯიგარ?! აჰა, აი, გიკაკუნებენ! - მიტრიალდა და საქაფე კრემი და ფუნჯი გამოიღო, - პრიბორ, კამპრეს! გახსომს, როგორ ვეძახდით ხოლმე, აბსლუგის ქალებს?


გოგიმ ფანჯარას გახედა.


გამხდარი თითი და ფერმკრთალი სახე მინას მოშორდა. სამაგიეროდ ფარდულის კარმა გაიჭრიალა და ქარმა გამხმარ ფოთოლს, სუფთად გაპარსული, მხრებში მოხრილი, ჭაღარაშერეული კაცი შემოაყოლა.


- ვაა, ვაა... ყველანი აქა ხართ? გაასწორა აი!


ახალმოსულს ჩიჟიკას ეძახდა ყველა. თუმცა „ყველასაც" გააჩნია. მოკლე "დუბლიონკა" ეცვა, ნიკაპი თეთრი სვიტრის საყელოში ჩაემალა და როგორც ყოველთვის, სიგარეტი ჰქონდა გადმოკიდებული ტუჩებიდან.


- ვინ ყველანი? ბევრნი ვართ, ჩიჟიკ?.. ელდარ, ხო არ ჯობია, ჯერ თმა შემისწორო?.. კი, ეგრე ქენი! - გოგი წამოდგა, პალტო გაიხადა და ლურსმანზე ჩამოჰკიდა.


- ნაღდი ბუკლეა, აი. - დალაქმა ხელი დაუსვა პალტოს.


- უკან, ელდარ, მარტო უკან... ჰო, რაო აბა, ჩიჟიკ, ბევრნი ვართ მეთქი?


ჩიჟიკა რაღაცას ეძებდა, ბოლოს ტაბურეტი იპოვა, გავარვარებულ რეფლექტორს მიუჯდა და მერეღა ახედა მეგობარს.


- რავა ხარ, გოგია?.. ცივა აი!


- ცივა კი არა, რას გევხარ. იჯექი რა სახლში, არ დაგიჭირონ.


- რაზე უნდა დამიჭირონ? ფაქტი მე არა მაქვს...


- ეგ ვიცი ტო! სულ გაიჩხერდი რაც გექნებოდა, მაგრამ ეხლა რომ მაგაზეც იჭერენ, იცი?


- ეეე! რა გამიტრაკა ამან საქმე. რო ვკაიფობ იმიტომ უნდა დამიჭირონ? შენ რო წვერს იპარსავ კაია? ელდარ, მიდი რა, ერთი თავი გადაპარსე მაგას!


- შენზე რო ნაწყენი ვარ იცი? - ელდარამ მაკრატელი ააწკაპუნა.


- შენ რაღა დაგიშავე, ა? მოიხედე აქეთ!


- გუშინ სად გაიკრიჭე? იქ არა? დაგინახე აი, რო შედიოდი.


ფარდულის ფანჯრიდან, ქუჩის მეორე მხარეს, ორ და სამსართულიან სახლებს შორის ჩაკვეხებული კორპუსის ქვეშ, შავად შემინული „სუპერ-სალონი" ჩანდა.


- კარგი რა, ელდარ, წვერს ხომ შენთან ვიპარსავ.


- კანეშნა, ეგეთ სალონებში არა პარსავენ და... შიდსიაო.


- ისე, გოგია, - ჩიჟიკამ ცხვირი მოისრისა, - შენ ნამყოფი ხარ მანდ? რა ნაშები მუშაობენ...


- ქალის გაკრეჭილი არ გაიშვა, თარსები არიან!


- საღოლ გოგიჯან, აი საღოლ! - ელდარამ მაკრატლის რიტუალური წკაპუნი მოამთავრა, საფენი დემოსტრატიულად გაშალა, ნახეთ რა თეთრიაო და განსაკუთრებული სიფრთხილით ჩაუკეცა გოგის კისერთან, - ჯიგარი ხარ!


- თან გინდა რო, შენ, ნაშები? - ახლა გოგი მოვიდა ხასიათზე.


ჩიჟიკას თავი ჩამოეკიდა და, თავის ტაბურეტიანად, ცოტა არ იყოს, რეფლექტორისაკენ გადახრილიყო:


- ვითომ, რატომ არა?! მითხარი, ერთი!


- ამას შეხედე რა! არ დაიწვა, ბიჭო. ვაბშე, სახლში წადი, აქ არ დაიბრიდო.


- ეეე! ეს ვინ არი ე! ხან დაგიჭერენო, ხან დაიბრიდოო. თუ გაგიტყდა ჩემი მოსვლა, ავდგები და წავალ მართლა.


ჩიჟიკა წამოდგა, ძალიან ნაწყენი და კიდევ უფრო ნაღვლიანი სახე ჰქონდა.


გოგიმ მაჯაზე მოჰკიდა ხელი, მიხვდა - დააშავა:


- რა იყო, შენ ჩემგან რამე გწყინს?


- აბა, რა არის, ცუდ ხასიათზე ხარ და ჩემზე იყრი?


- ჰო, რაღაც ვერა ვარ...


- რატო, მერე, რატო? - ჩიჟიკამ ტაბურეტი გაასწორა და ისევ დაჯდა.


- მიტო, ბიჭო, მიტო, რომ შენ რომ მაგ ხასიათზე ყოფილიყავი ეხლა, მაგისთვის ჯერ ბუნებამ იმუშავა, მერე ფარმაცევტულმა მრეწველობამ, მეტალურგიამ...


- ჯიგარ, თავს ნუ აქანავებ რა... - ელდარს თავისი საქმე ჰქონდა.


- მეტალურგია რაღა შუაშია, მითხარი აბა... თან შენ მალბორო გექნება. გააძრე! მოვწიოთ.


- ნემსი, ნემსი! ჰო, სულ თავიდან კიდე, მამაშენმა.


- ეგრე რა, ცოტა მხიარულად, ძმაო... სადა გაქვს სიგარეტი?


ჩიჟიკამ დაამთავრა შერიგების პროცესი.


- პალტოს ჯიბეშია, მაგიდაზე დადე, ელდარაც მოწევს.


ნახევრადდახუჭული თვალებით, გემრიელად ეწეოდა სიგარეტს ჩიჯიკა, მერე თვალები კიდევ უფრო მოწკურა და რაღაც გაიხსენა:


- ე! ელდარ! მე რო აქ რაღაც დავტოვე გუშინ, ის სად არის?


- სადაც დადე ჯიგარ, მე ხო ხელს არ ვახლებდი. - ელდარამ პატარა სარკე აიღო და გოგის უკან დადგა, - კაია?


- მაგარი ხარ! ეს რას ეძებს, ეს?


ჩიჟიკა მაგიდის უჯრებს სათითაოდ აღებდა და "ე-ე"-ს ძახილით ხურავდა.


- მანდ რა უნდა კაცო, ზემოთ პოლკაზე არ დადე? აი აქა, რა! - ელდარამ თაროზე შემოდებული ჩემოდნის ქვეშიდან გაზეთისგან გაკეთებული პატარა პაკეტი გამოაძრო, - აჰა! - მერე გოგის დახედა, - სანამ გავპარსამ, მეც მოვწევ, კარგი, გოგიჯან? - კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო, ნაფაზი დაარტყა და ფანჯრიდან სალონს გახედა, - ესენი, მე გული მიგრძნობს, გადამასახლებენ.


ჩიჟიკამ ორი თითით გამოართვა პაკეტი.


- გოგია, პლანს მოწევ? არ მითხრა ეხლა, არაო...


- რა ვი აბა, მოიცა გავიპარსო და მოვიფიქრებ.


ელდარამ მაგიდის ქვემოდან მეორე ტაბურეტი გამოიღო, თვითონაც რეფლექტორს მიუჯდა, იდაყვი მუხლებს ჩამოაყრდნო, საფეთქლები ხელისგულებს და გაწითლებულ სპირალს დააშტერდა. ეს მოკლე პანტომიმა კი, ასე იშიფრებოდა: "ეეჰ, ამათ სუ ფეხებზე არა ვკიდივარ, მე და ჩემი ბუტკაცო."



- რა იყო, ელდარ, მაგათმა შეგაშინეს? - გოგის პარიკმახერი შეებრალა, - აქ არა ვართ? დედას ვუტირებთ.


- იცი რაზე მტკივა ეს მუდრეგი და ოხერი ესა? - გულზე მუშტი მიიბრახუნა დალაქმა, - აქ, აი, ხანდახან ქალები შემოდიან. მაღაზიაში კიტრი, პამიდორი, კიდე რამე იყიდიან, სუმკა ხო მძიმეა. მეტყვიან, აქ დავტოვებ ელდარ ძია, ჩემი ქმარი ჩამოვა, აიტანს. მე ხო უარს არ ვეტყვი. აბა, მიდი, იქ შეიტანე.


- ეს რა ბოღმაა მართლა, ხედავ გოგია?! - ჩიჟიკა აუჩქარებლად აკეთებდა პლანს სიგარეტში, - მოიხედე აქეთ... გინდა? შენც მოწევ?


- ეეჰ, ნეტაი შენ...


- ეჰ კი არა, აგე, ფანჯარაზე თეთრ სკინტს ხომ ხედავ? დაჟე, დიდ მაყუთს იშოვი.


- ეგ ჩიტებიც არ იქნებოდნენ აი, ეგ ხეც რო გადაეჭრათ.


- ისე, მაგარი ბედი კი ჰქონიათ, მაგ ბეღურებს. თან ჩინელებიც არ არიან ამ ქუჩაზე. - ეცინებოდა ჩიჟიკას.


- ბეღურები კი, მაგრამ ეს რაღა წრეებს ურტყამს ბუტკას? - გოგიმ შუბლი მოიჩრდილა.


- ვინ არი ე?! - ჩიჟიკამ შეკეთებული სიგარეტი მაგიდის კუთხეში, საკანცელარიო ჟურნალის ქვეშ შეაგორა, "ბომბია", თქვა და გოგის ჩამოეყრდნო მხარზე, - ვა, დუდუ?! გაასწორა აი, ალბათ ლარიანს დაარბენინებს ქარი და ეგეც დასდევს... ხედავ?! - იდაყვი დააჭირა ძმაკაცს, - ეგრე აი, ლოთობამ იცის! - თითიც კი ასწია, მაგრამ ბოლომდე გაშლა დაეზარა.


დუდუს, წვერ-ულვაში ერთ ზომაზე ჰქონდა დაყენებული, შავი, გაბერილი ქურთუკი, ჯინსი და თეთრი ადიდასები ეცვა. ლურჯი ნაქსოვი ქუდი წარბებამდე ჩამოეფხატა. თავჩაღუნული, წელშიმოხრილი, მართლა რაღაცას ეძებდა ასფალტზე. მერე უცებ ჩაიცუცქა, ასევე სწრაფად წამოდგა და ფარდულისაკენ ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა.


ის იყო ელდარს ქაფი უნდა წაეცხო გოგის ლოყაზე, რომ კარმა გაიჭრიალა.


- სტოპ! - დაიძახა დუდუმ. მაგიდაზე ბეღურის ბარტყი დასვა და გოგისკენ დაიძრა, - ეს კაცი ერთი თვეა არ მინახავს. ჯერ უნდა გადავკოცნო! - წაბარბაცდა და გოგის ჩაეხუტა.


- დანარჩენებს ჩემი სიცოცხლე შემოგევლოთ, მაგრამ ამდენი ზასაობის თავი არა მაქვს. ელდარ! ეხლა შეგიძლია აგნეტუშიტელი მოუშვა!


თავის ნათქვამზე თვითონ გაიცინა დუდუმ და ტაბურეტზე ჩამოჯდა.


- რაო, რა თქვი? - გოგი სავარძელში გასწორდა, - რამდენი ხანია არ გინახივარ?


- ჰო რა იყო? ერთი კვირა იყოს, თუ ეგრე გინდა.


- მოიცა, აბა წუხელ ვინ აგიყვანა სახლში?


- შეენ ტო?! შეენ? ვა, თან ასაყვანიც ვიყავი? - ვერც ერთს ვერ იჯერებდა დუდუ.


- დაიწყო ეხლა, ამან. შეენ, მეე, ისინი... ეს ვინ არი, ძმაო? - ჩიჟიკა ნეკა თითს უსვამდა თავზე, აძაგძაგებულ ბარტყს.


- მაგას დასდევდი ნახევარი საათი?


- აი, შენ ნუ ლაპარაკობ, თორემ ქაფი ჩაგივა პირში, არა ელდარ? ეს არის, ძმებო, სიცოცხლის აპოგეა!


- გაიგე ჩიჟიკ?! აი, ეგ ყოფილა აპოგეა! - გოგი უკვე დაბალი ამპლიტუდით ამოძრავებდა ტუჩებს, - მე მეგონა კონიაკის ბოთლი იყო.


- რატომ მიტრაკებ ძმაკაც?


- ეგ ეგრე, ქაქის ხასიათზეა, მთელი დილაა. - ჩიჟიკას მტევნის ზურგზე დაესვა ბარტყი და აქეთ-იქიდან ათვალიერებდა.


- აბა, რა არის?! ჯერ არ გათენებულა, რას გევხართ ორივენი?


- ვა, შენ რო წვერს იპარსავ კაია? მე მინდოდა და ნახევარი ბოთლი კონიაკი დავლიე. აი, ასე! გასაგებია?!


- თან, რა ერთ ჭკუაზე ხართ მოწყობილები!.. ეს აპოგეა რაღას მოგყავდა აქ?


- წრიპინებდა, ბიჭო, წრიპინებდა ეგ საწყალი.


- ბარტყია და იწრიპინებს. აბა, შენ რა გინდა...


- მაიცა რა! შენ რა გესმის?! კამეჩი ხარ. - დუდუმ თავის ხელისგულზე გადმოისვა ბარტყი, - აი, ეს ხო აზრზე არ არის, მაგის წრიპინს თავის დედიკო უფრო ადრე გაიგონებს თუ კატა?


- ასპროცენტიანი ხარ... - ჩიჟიკამ თავი კედელს მიაყრდნო და თვალები მილულა. მერე ცალი მალევე გაახილა, - პლანს მოწევ, დუდუ?


- ე! მა-რა! სად არი როო?.. კაია?


- მოწევ და ნახავ. აი, მანდ არის, ელდარას ჟურნალის ქვეშ.


- ვა, ელდარას ჟურნალიც აქვს? მე მეგონა, მარტო დენს იპარავდა... სადა გაქვს, აბა, ელდარჩიკ, ჟურნალი?


ელდარამ არაფერი შეიმჩნია და თავით მაგიდის ბნელი კუთხისაკენ ანიშნა.


- თქვენ კიდევ ეგ გინდათ ვითომ? - ძალიან სერიოზოლად ასწია წარბი გოგიმ.


- ელდარ! სასწრაფოდ ქაფი მაგას! ტუჩებზე! - დუდუმ შეკეთებული სიგარეტი თითებშუა აათამაშა, - შენ რა, ვითომ არ მოწევ?


- არა, არა. მე თავი გამანებეთ, თქვენ გაიხარეთ.


„შენი საქმე შენ იციო." დუდუმ მოუკიდა, ერთი-ორი ნაფაზი დაარტყა და ისევ ბარტყი გაახსენდა:


- ოო, ეს რო უნდა დავაბინავო?


ანაშის სუნზე ჩიჟიკამ თავი წამოსწია:


- სად უნდა დააბინაო, სახლში უნდა წაიყვანო?


- ხეზე უნდა შევსვა, ბიჭო, რა სახლში.


- რავი, აპოგეააო და... გადმომაწოდე ეხლა ეგ, მარტო შენთვის კი არ შემიკეთებია.


მალე ფარდული ანაშის არომატით აივსო.


- კარგი რამე ჩანს აი. აფსუს, წასასვლელი არ ვიყო... - თავი გააქნია გოგიმ.


- რა, არ იცი სად დავდე? როცა გინდა მოხვალ და აიღებ... ისე სად მიდიხარ? სულ კი გატყობ რო, რაღაც... რაღაც... თმა, წვერი, რამე... დუდუ, შენ არ გაინტერესებს?


- ჰო, კი, მოყევი აბა, მოყევი გოგია!


- რა მოვყვე? მანქანა რომ მივეცი გუშინწინ ერთს, წუხელ ნახევარი ფული მოიტანა. დღეს 10-ზე უნდა მოეტანა, მთლიანად...


- მერე, ჯერ თორმეტია რა! ამ კვირაუთენია უნდა მიადგე?


- რა არის იცი, დუდუ? კაცი რომ იტყვის ათზე, უნდა მოვიდეს ათზე. მე ეგრე ვიცი. არ მოვიდა? ეხლა მე მივალ.


კვამლიდან ჩიჟიკას ხელი გამოძვრა:


- აჰა! მოწიე. მეც არა ვთქვი... ჩვენი წამოყოლა ხომ არ არის საჭირო?


- მაიტა, ჰა, მაიტა!


გოგიმ სამი ისეთი ნაფაზი დაარტყა - ფილტრის მაგიერ შეკვეხებული კარდონის ცილინდრიღა დატოვა.


- ვერ გავიგე წამოგყვეთ?


- არა, კაცო, რა წამოყოლა მინდა. თქვენ აპოგეას მიხედეთ. დაბოლდა ეგ საწყალი, როგორ ნაბავს თვალებს.


- მართალია ეს კაცი. - დუდუ წამოდგა, - ჩიჟიკ, წამო, ეს ჯიგარი თავისიანებს ჩავაბაროთ. ნახე ფართხალებს, სახლში უნდა, ოჯახში!


- მე რა შუაში ვარ? ვერ მოვდივარ რაღაც აზრზე.


- ვა, აბა მიწაზე დავსვა? თავისით ავიდეს?


- აი, ჩემგან რა გინდა მეთქი, ჩემგან?


- შენგან? მე აგწევ, შენ დასვამ. ტოტები რომ იწყება, აი იქ.


- ეე! ტურტლიანი როა, შენი აპოგეა?


- მაშინ, აბა, ვაბანაოთ ჯერ!.. ადე, ადე, ცოდოა, რა. ქარიც ჩადგა.


ქარი მართლაც აღარ უბერავდა და სანამ ჩიჟიკა გულშიბარტყჩახუტებულ დუდუს წაუჯიკავებდა: "ჰა, წამო, ჯანდაბას შენი თავიო", მზემაც გამოანათა.


ფარდულში ისევ ორნი დარჩნენ.


- ელდარ, ფანჯარა გააღე, თორემ შეიძლება ისეთმა ვინმემ შემოიხედოს, რომ ორივე დაგვაჯარიმონ, თან სერიოზულად.


- მეცა ტო?


- ჰო, შენცა ტო, შენცა.


ელდარა სასწრაფოდ ეცა ფანჯარას. მერე კლიენტი შეათვალიერა, საკუთარი ნაშრომით კმაყოფილმა სიგარეტი ამოიღო და გააბოლა.


ღია ფანჯრიდან სუფთა ჰაერს, ჩიტების წრიპინთან ერთად, მოკლე ფრაზებიც შემოჰქონდა:


- ჰოო... ოპ! ჰე, მიდი!


- რა ოოპ, ტო! ნუ ქანაობ.


- ხელი აწიე, ბიჭო! ოოპ!


- დამაგდებ შენ მე!


- დასვი?


- ვერა, შემეშვი. ჩამომსვი დროზე, თორემ შემომეჭყლიტება.


- აბა, შენა ხარ... შენ ვერ ამწევ, არა?


- რას აგწევ?! უბერავ? წადი კიბე იშოვე!


- რა კიბე, სოფელში ვარ?


- მაშინ პაჟარნი...


გოგის თან ეცინებოდა, თან ფრანგული ლოსიონით დასველებულ ხელისგულებს იტყაპუნებდა ყელზე. მერე ვეღარ მოითმინა და კარს ხელი ჰკრა:


- იმდენს ყვიროდით, მეთქი უკვე კენწეროზე არიან.


- გიჟია ეს. თვითონ ფეხზე ძლივს დგას... ნახე რა, რა დავისვარე ! - ჩიჟიკა დუბლიონკას იბერტყავდა.


- ბიჭო, ამასაც მოფიქრება უნდოდა? ნახეთ, აი ჭკვიანი კაცი.


ფარდულიდან გამოსულ ელდარას ოქროგადაკრული სიბრძნის კბილები უჩანდა, ხელში ტაბურეტი ეჭირა:


- მეორეს ფეხი ძვრება, სანდო არ არის.


გოგიმ ტაბურეტი ჩამოართვა, ჭადრის ქვეშ დადგა და ხელი დაარტყა.


- ჰე, დადექით ეხლა ამაზე, შენ და შენი აპოგეა...


დუდუმ დიდი სიფრთხილით გამოართვა ჩიჟიკას ბარტყი, ტაბურეტზე შედგა, ხელი ასწია, მაგრამ:


- მაინც ვერა...


- მოიყვა ეგ აქ, მოიყვა!


ახლა გოგიამ აიყვანა ბარტყი. ტაბურეტზე დადგა, ფეხის წვერებზეც აიწია, აიხედა და ისევ ჩამოხტა:


- არაა! არ გამოვა... ჩიჟიკ, გამოართვი, შენ მაგაზე მსუბუქი ხარ.


- ვაა... არ გადამაყოლა, ამ ჩემისამ, ამ ზღმურტლიანს?!


ბარტყი ისევ ჩიჟიკასთან იყო:


- ჰა, აქა მყავს, რა გინდა აბა?


- დადექი ტაბურეტზე.


- აჰა, დავდექი.


გოგი დაიხარა, ბარძაყებზე ხელი შემოხვია ჩიჟიკას, ასწია და თვითონ შედგა ტაბურეტზე:


- დასვი დროზე!


- დავსვი, დავსვიი...


დუდუ მაინც ვერ ისვენებდა:


- ჩიჟიკ, არ გადმოვარდება? ხო კარგად ზის?


- წადი, შენი!..


ჩიჟიკას კიდევ ერთხელ მოუწია ტანსაცმლის გაბერტყვა-გასწორება.


- მამა!.. ხეზე რა გინდოდა, მამა?!


ვერცერთმა შეამჩნია საიდან მიუახლოვდა ახალგაზრდა ქალი. ჯერ თვითონაც ბავშვს, მზისგან მოჭუტული თვალებით ძალიან რომ ჰგავდა მამას, ორივე ხელით ლურჯ კომბინეზონში გამოკვართული, წითელი კაშნეთი ცხვირპირახვეული ყრმა ჰყავდა გულზე მიხუტებული.


ერთბაშად შეიცვალა ჩიჟიკა, მინაბული თვალები გაუფართოვდა, გაუბრწყინდა:


- ვაახ, თქვენ კი გენაცვალეთ... სად გამოსულხართ?.. სად მიდიხართ ამ სიცივეში?


- არაფერიც არ ცივა. ცოტა უნდა მიეჩვიოს. თან ნახე, როგორ თბილად ვართ ჩაცმულები.


- ეს ვინ მოსულა, კაცო! - გოგის ჩაცმა მოესწრო, ხელში ელდარას ჯაგრისი ეჭირა, - რამხელა გაზრდილა! ბაბუას ჩამოაკითხე, რომ არ დაგეკარგოს?


ბიჭუნას ცხვირზე თითი შეახო, მერე მოშორებით, გვერდზე გადგა და შარვლის ტოტზე ჯაგრისი დაისვა.


- გოგი ბიძია, თქვენც ხეზე იყავით? - ქალი ბედნიერი იღიმებოდა, - და ის თქვენი ძმაკაცი ახლა აპირებს?


დუდუ წრეს ურტყამდა ჭადარს და ისევ ზემოთ იყურებოდა.


- აი, მაგის ბრალია ყველაფერი... შეეშვი ბიჭო მაგ ჩიტს! - დაუძახა გოგიმ.


დუდუმ მოიხედა.


- ვაა, ვაა, რა სტუმრები გვყოლია!.. უხ, წვერი არ მქონდეს!.. რა ჩასაკოცნია ეს ბაბუაძაღლი, ესა!


ჩიჟიკა ამაყად იდგა. ტუჩის ერთ კუთხეში სიგარეტი გაეჩარა, მეორე კუთხე კი, ყურის ბიბილოზე უღიტინებდა, სიხარულისგან:


- წადით ჰო, გაისეირნეთ. ცოტა კი, დათბა, მართლა.


- შენც წამოდი და წავალთ, ბაბუა მოენატრა, ხედავ?


ბავშვი ჩიჟიკასკენ იშვერდა ხელთათმანში ჩაფუთნულ პატარა მუშტს.


- მოდი, მოდი, ჩემი... ჩემი... - ჩიჟიკამ სიგარეტი ურნისკენ მოისროლა, თვალები ისევ მილულა და პატარა მიიხუტა, - ჩვენ წავედით. დაუქნიე ხელი, ყველას ბაბუ. აი, ასე! კაცია!


წავიდნენ.


გოგიმ ტაქსს აუწია ხელი:


- მეც წავედი!


დუდუმ ელდარას გახედა:


- მე და შენ რა ვქნათ? არ დავლიოთ?


- ჯანი გავარდეს დუდუჯან, დავლიოთ.


- ჩემი წასაყვანი არ გახდე დღესაც! - გაჯახუნდა ტაქსის კარი.


ბერლინის კედლის დანგრევამდე გამოშვებული "ოპელის" კარბურატორმა ისე იბუთქა, რომ ჭადარს ბეღურების უზარმაზარი გუნდი მოსწყდა, ფრიალით.


ერთ წამს, თითქოს, ჰაერში გაშეშდნენ ჩიტები, მერე მთელი გუნდი ისე გაქანდა, იფიქრებდი სადაცაა მოპირდაპირე შენობის კედელს და ფანჯრებს შეახეთქებენ თავებსო, მაგრამ ერთბაშად გაიშალნენ, ჭადარი ალყაში მოაქციეს, სათითაოდ დასხდნენ და თავის ენაზე ალაპარაკდნენ.


- მაგრები არიან არა? - თქვა დუდუმ.


- მაშ როგორ?! - დაუმოწმა ელდარამ: - ჰოო! თან ძალიან მაგრები...


დაამატა და თავით, ფარდულის თეთრად გადასკლინტული სახურავისკენ ანიშნა დუდუს.




ავტორი: თამაზ ექვთიმიშვილი

ცხელი შოკოლადი". 2009 წ. მაისი. 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016