მხატვარი ნიკუშა შენგელაია აფასებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და მიაჩნია, რომ ქვეყანაში ნაციონალური „მოდელირების" ეპოქა დამთავრდა და რეალური წინსვლის პროცესი იწყება.
- ბატონო ნიკუშა, ხალხი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბედის ანაბარა დატოვა...
- მე ერთი რამ ვიცი, როცა მაგიდასთან ვსხდებით, ვხედავ, რამდენს ფიქრობს თავის ქვეყანაზე, როგორ შესტკივა გული, როგორ მუშაობს მაშინ, როცა შეუძლია, გაჩერდეს და იყოს ბედნიერი. უმადურობა საშინელი თვისებაა, ენას ძვალი არა აქვს და უსინდისობას - საზღვარი. მადლობის მეტი იძინა ივანიშვილისთვის არაფერი გვეთქმის, 8 წელი ვისაც ვებრძოდით, იმის მოშორებაში დაგვეხმარა.
- თქვენი ინფორმაციით, ივანიშვილი იმედგაცრუებულია?
- რეალისტია და ოპტმისტი - ჩემზე უფრო მეტად ოპტიმისტი. ყველაფერს ხედავს, ძალიან მშრომელი და პრაგმატული ადამიანია. სახელმწიფოს განვითარების ძირითად საფუძვლად ეკონომიკასა და განათლებას მიიჩნევს. ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება, არ იღლება, ჩართულია საზოგადოებრივი პოლიტიკის განვითარებაში. დღე და ღამე მუშაობს, რომ მედიამ და ექსპერტებმა ხალხს სიმართლე მიაწოდონ. ისევ „მოდელირებული ქრონიკასა" და ვირტუალურ სამყარში არ იცხოვრონ. როგორც ჩვენი ოჯახის ბიუჯეტს ვგეგმავთ რეალურად, ისევე უნდა დავგეგმოთ ჩვენი ქვეყნის მომავალიც. ძალიან რთული ვითარებაა, ხომ ნახეთ, რუსეთის მიმართ დასავლეთის სანქციებმა რა გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში, საუბარია დოლარის გაძვირებაზე. ეს იმიტომ მოხდა, რომ რუსეთიდან დოლარის შემოდინება შემცირდა, მოგეხსენებათ, მილიონამდე ჩვენი თანამემამულე ამ ქვეყანაში მუშაობს. რაც შეეხება მავანთაგან იმის თქმას, ბიძინა ივანიშვილი კულისებიდან მართავსო, მათ გასაგონად ვიტყვი, პიროვნებებს ყოველთვის გავლენა აქვთ ხალხზე და რა გასაკვირია, რომ ივანიშვილსაც გავლენა ჰქონდეს.
- მიუხედავად ამისა, ნაციონალურმა მოძრაობამ უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში გამოიყვანა.
- ქართველმა ხალხმა და მათთან ერთად მეც, ნაციონალური მოძრაობა 2012 წელს დავამთავრეთ. გასაგებია, რომ ისევ ზედაპირზე ტივტივი უნდათ, მაგრამ თუ ფიქრობენ, რომ ხალხს ამნეზია დაემართა, დაავიწყდა დარბევები, წამება-მკვლელობები და ქონების წართმევა, ძალიან ცდებიან. ჩემთვის გაუგებარია, როგორ იტოვებენ პოლიტიკაში მობრუნების იმედს. როგორც ჩანს, ქართველ ხალხს ესენი ან არ იცნობენ, ან სათანადოდ ვერ აფასებენ. ნაციონალებმა მხოლოდ დასავლელი პარტნიორების დარწმუნება შეძლეს, რომ პროგრესულ ძალას წარმოადგენდნენ და ქვეყანა დიადი მომავლისკენ მიჰყავდათ. სხვა მხრივ, ადამიანების ბედ-იღბალს ისე გადაუვლიდნენ, თვალს არ დაახამხამებდნენ, ერთ სასტუმროს გაანათებდნენ და მერე ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო ქვეყნის მშენებლობა. მათი ისტორია დამთავრდა, ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი არა აქვთ. ისევ ჩვეულ დემაგოგიას აგრძელებენ, ტყუილებს და ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხის მოტყუებას ისევ შეძლებენ.
- მომხრეები ჰყავთ?
- ალბათ, მოსახლეობის 20 პროცენტი. საქართველოს მოქალაქეების 80 პროცენტს ესენი არ უნდა. რაოდენობის დასადგენად მათემატიკაც არ არის საჭირო, უბრალო არითმეტიკაა. სასაცილოა მათ მიერ იმპიჩმენტზე საუბარიც, უბრალოდ, უნდათ, მუსირებდეს აზრი, რომ ნაციონალური მოძრაობა იმპიჩმენტს იწყეს.
- სააკაშვილის მიმართვაზე რას იტყვით?
- დამთავრდა სააკაშვილი! წინა გამოსვლაში გვერდით მდგომი გოგონა იმ წუთებშივე მოატყუა, ბავშვზე თქვა, ტირის და გაიყვანეთო. ისიც მოიტყუა, მიტინგზე 50 ათასი კაცი მოვიდაო. 56 წლის კაცმა კიდევ სააკაშვილის ტყუილები ვისმინო? ისედაც ცოტა დამრჩა, სიმართლის დანახვა მინდა. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ უკრაინელებს სააკაშვილიც და მისი გუნდიც, ეტყობა, ვერ გაიგეს, ამათ აქ რა მოიმოქმედეს.
- როგორ გგონიათ, სააკაშვილს დააკავებენ?
- ფაქტია, რომ მფარველები ჰყავს და უკრაინაში სჭირდებოდათ. ეტყობა, ვიღაც დაარწმუნა, მაგრამ ტყუილს მარტო საქართველოს ტერიტორიაზე კი არა აქვს მოკლე ფეხი!
- ინტერესის გამო ნაციონალების მიტინგზე არ მისულხართ?
- რა მინდოდა, მაგათ 100 მეტრში არ ვუახლოვდები, საკმარისია ის 8 წელი, რაც მიტინგებზე ვიარე. მაგრამ ჩვენ სხვა პათოსი გვქონდა, არავინ გვეძახდა, თვითონ მივდიოდით. როცა ფულს გიხდიან და შეკრება ორგანიზებულად ხდება, როგორც შეიკრიბებიან, ისევე დაიშლებიან.
- ბატონო ნიკუშა, მარჯანიშვილის თეატრის ზოგიერთმა მსახიობმა 21 მარტს უკმაყოფილება გამოხატა...
- ვინ რა დახმარებას იღებს ბიძინა ივანიშვილისგან, ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს. მე ერთი რამ მაღელვებს - შემოქმედს რა უნდა მოძალადე და ფლიდი ხელისუფლების მიტინგზე? მისთვის ადამიანია მთავარი და არა სასტუმრო, გზები ან ფასადური ეკონომიკა. გულწრფელად ვამბობ - ვერიკო ანჯაფარიძის შვილიშვილს, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელია, მრცხვენია, რომ ამ თეატრის მსახიობები გამოჩნდნენ ნაციონალების მიტინგზე!
- პრეზიდენტზე რა აზრის ხართ?
- ისეთი ადამიანი ვარ, რაც ჩემი არ არის, არ ვიღებ. პრეზიდენტობა თუ გინდოდა, შენით უნდა მოგეპოვებინა, გებრძოლა და გზა გაგეგრძელებინა არა იმ ადამიანის იმედით, ვინც გვერდში გედგა, არამედ შენით. პრეზიდენტი გავხდებოდი იმ შემთხვევაში, თუ ჩემს ხალხს ენდომებოდა და მერე ვიბრძოლებდი. ახლა, ეს პრეზიდენტი თუნდაც ფორმალურად დადგეს პრემიერთან ერთად, პოლიტიკა მაინც სპექტაკლია...
- ბატონო ნიკუშა, თვლით, თუ არა, რომ ქვეყანაში გაზრდილია კრიმინოგენური სიტუაცია, ამას წინათ ბიზნესმენი ბესო ხარძიანი მოკლეს...
- ბესოს ვიცნობდი, გული ძალიან დამწყდა. ესეც ნაციონალური მოძრაობის გამოძახილია, ვიცი, რომ რაღაც ბიზნესი წაართვეს, აღარ დაუბრუნეს, ძალიან გაწვალდა, იბრძოდა სამართლიანობისათვის. საერთოდ, კრიმინალი ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ტრაგედია იყო ის, რომ სააკაშვილის დროს კრიმინალს სჩადიოდა პოლიცია. საბედნიეროდ, პოლიცია ახლა კრიმინალს აღარ სჩადის.
- ამ ყველაფერს სოფიკო ჭიაურელი როგორ შეფასებას მისცემდა?
- მას ხალხი უყვარდა, სულ ამბობდა - პატარა ერი ვართ, სიყვარულზე მეტი უფლება არა გვაქვსო... უყვარდა უბრალო, მშრომელი ადამიანები. ჩემთვისაც მთავარია საქართველოს თითოეული მოქალაქე, ვისაც უყვარს ეს ქვეყანა და შრომობს მისი მომავლისათვის.
ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"