reportiori.ge - „შიდსი მეგობრობით არ გადადის!“ - რა უნდა გავაკეთოთ, რომ აივ-ინფიცირებულთა მიმართ დისკრმინაციული დამოკიდებულება შეიცვალოს? - ინტერვიუ ფსიქოლოგთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:14
ინტერვიუ
„შიდსი მეგობრობით არ გადადის!“ - რა უნდა გავაკეთოთ, რომ აივ-ინფიცირებულთა მიმართ დისკრმინაციული დამოკიდებულება შეიცვალოს? - ინტერვიუ ფსიქოლოგთან
18 აპრილი, 2015. 11:07


მართალია,  მსოფლიო სტატისტიკით,  საქართველო აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს მიეკუთვნება და ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ  მეორე მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ-ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 6000-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც  საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია.


საქართველოში აივ-ინფექციის რეგისტრირებულ შემთხვევათა რიცხვი:

საქართველოში 2015 წლის 15 აპრილის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და  კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია:

 

აივ-ინფიცირების 4886 შემთხვევა

3595-მამაკაცი

1291-ქალი

პაციენტთა უმრავლესობა  29-დან 40 წლამდეა.

შიდსი განუვითარდა 2935 პაციენტს, 1006 გარდაიცვალა.

2015 წელს 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აივ-მკურნალობაზეა 2647 (მათ შორის აფხაზეთში - 316) პაციენტი.


ინფიცირებულთა მიმართ საზოგადოების მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულების გამო აივ-ინფიცირებულებს  თავიანთი სტატუსის გამჟღავნების ეშინიათ. სტიგმის გამო, ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ურჩევნიათ, აივ-ტესტირებას თავი აარიდონ. ეს კი ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს. როგორ დავძლიოთ ეს პრობლემა? როგორ  შევამციროთ სტიგმა? რა შეუძლიათ ჟურნალისტებს ? როგორ უნდა მიაწოდონ აივ/შიდსთან დაკავშირებული სწორი ინფორმაცია საზოგადოებას? ამ საკითხებზე „რეპორტიორს"  საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის  „თანადგომის"  ფსიქოლოგი და კონსულტანტი მაია ჯიბუტი ესაუბრა.


 - ქალბატონო მაია, მოკლედ განგვიმარტეთ, რა არის აივ-ინფექცია, შიდსი და მათთან დაკავშირებული სტიგმის მნიშვნელობა...

აივ - ეს არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი. ვირუსი აზიანებს იმუნური სისტემის გარკვეულ უჯრედებს, რომლებიც ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციებისგან იცავენ. ვირუსი რეტროვირუსების ქვეჯგუფს მიეკუთვნება. უჯრედში შეჭრის შემდეგ ვირუსი მის ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებს  და  ახალი ვირუსების წარმომქმნელ „ფაბრიკად" აქცევს. ამ უმნიშვნელოვანესი უჯრედების განადგურება იმუნურ სისტემას თანდათან  ასუსტებს  და ორგანიზმი ვეღარ  ეწინააღმდეგება  სხვადასხვა, ჯანმრთელი ადამიანისათვის უვნებელ ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებს, კიბოს უჯრედების გამრავლებას.

 

შიდსი - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი. ეს არის კლინიკური მდგომარეობა, როდესაც აივ-ინფექციით დაზარალებული იმუნური სისტემის ფუნქცია უკიდურესად დაქვეითებულია და ვლინდება სხვადასხვა ორგანოების მძიმე ინფექციური დაზიანებებით, სხეულის წონის მნიშვნელოვანი დაქვეითებით, პნევმონიით, ტუბერკულოზით, ონკოლოგიური დაავადებებით.


აივ  - არის ვირუსი, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას, ხოლო შიდსი კლინიკური დაავადებათა კომპლექსია, რომელიც აივ-ით დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანს უვითარდება.



სტიგმა - არის სტერეოტიპულ შეხედულებათა კომპლექსი, სოციალური იარლიყი, რომელიც ამ იარლიყის მქონე ადამიანს უარყოფითად ახასიათებს  და ირგვლივმყოფების თვალში ღირსებაშელახულ ან არასრულფასოვან პიროვნებად აქცევს. აივ-ინფექციასთან დაკავშირებული სტიგმა გულისხმობს აივ-დადებითი ადამიანების  სტერეოტიპულ და /ან უარყოფით შეფასებას მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ინფიცირებული არიან. მათ ასოციალურობას მიაწერენ, აგრესიულობას, სხვათა დაინფიცირების სურვილს. აივ-დადებით ადამიანებში სტიგმა  დეპრესიას, გარიყულობის,  არასრულფასოვნების, დაუცველობის განცდას იწვევს.

 

-რამ გამოიწვია ამ სტიგმის ჩამოყალიბება ?


-საზოგადოებაში  სტიგმის გავრცელებას ხელს უწყობს ინფორმაციის  ნაკლებობა და დაავადების შიში. ზოგადად მასმედიასაც დიდი როლი მიუძღვის  აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ  სტიგმასა და დისკრიმინაციაში, ანუ  სტიგმის გაღრმავებაში. ვინაიდან, წარსულს ოდნავ თუ გადავხედავთ, ისტორიულად ასეა, რომ  პირველად ეს ინფექცია განსხვავებული ორიენტაციის მქონე, ანუ ჰომოსექსუალ მამაკაცებს აღმოუჩინეს, შემდგომ აღმოჩნდა,  რომ ეს დაავადება  ნარკოტიკების მომხმარებლებს ჰქონდათ. მასმედიის მიერ ინფორმაციის გაშუქებაც ამ მიმართულებით ხდებოდა. შესაბამისად, სტერეოტიპი შეიქმნა,რომ აივ/შიდსი  მხოლოდ ამ კატეგორიის ადამიანებს  ახასიათებს, სინამდვილეში  ეს მცდარია. მაგრამ ადამიანის მეხსიერებამ ეს ჩაიბეჭდა. რეალურად კი ეს ინფექცია   აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეეხოს, პროფესიის, ასაკის, სარწმუნოებისა თუ სქესობრივი ორიენტაციის მიუხედავად. 



-რა როლი უჭირავს მედიას, უნდა იყვნენ თუ არა ჟურნალისტები ინფორმირებულები, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ?

 

-2008 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომამ"  და საზოგადოებრივმა  გაერთიანება „ბემონმა" განახორციელეს ერთობლივი პროექტი  „ერთიანი მოძრაობა  აივ-თან ასოცირებული სტიგმის  წინააღმდეგ". ამ პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი აქტივობა ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მიწოდება  და აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ საკითხებზე ცოდნის გაღრმავება იყო. მათ დაავადებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდათ, თუ როგორ უნდა  მოახდინოს ჟურნალისტმა  ინფორმაციის სწორად გაშუქება და რომ ეს თემა სკანდალური არ არის. ძირითადად, საქართველოში აივ-თან დაკაშვირებით  სკანდალური  სიუჟეტების გაშუქება ხდებოდა, რაც იწევდა არა პოზიტიურ  დამოკიდებულებას, არამედ ნეგატიურ ფონს ქმნიდა. საზოგადოებას ამხედრებდნენ  ინფიცირებული ადამიანების მიმართ. ჟურნალისტი არ იყო ორიენტირებული  პრობლემის ნათლად წარმოჩენისა და მისი რეალური გადაჭრის გზების  ძიებაზე.  თემის წარმოჩინება  არ ხდებოდა ისე, რომ ინფიცირებულების მიმართ საზოგადოების უარყოფითი განწყობა შერბილებულიყო.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      

 

- დღეს თუ ხდება მედიის მხრიდან ამ პრობლემის რეალური აღქმა და  წარმოჩინება?

 

 

-სამწუხაროდ, მედია ამ თემით წელიწადში მხოლოდ  ორჯერ - 1 დეკემბერსა და მაისის მესამე კვირას ინტერესდება. რა თქმა უნდა, ესეც კარგია, მაგრამ უფრო ხშირად უნდა ხდებოდეს ამ პრობლემაზე საუბარი.


ზოგადად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მსგავსი პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით დიდი როლი აკისრიათ. უნდა გაიგონ, რომ ეს სკანდალური თემა კი არა, სოციალური პრობლემაა. ეს სოციალურ ჭრილში ძირითადად არარეიტინგულია და არამარტო ჟურნალისტები, არამედ მათი პროდიუსერებიც, რედაქტორებიც და ა.შ. ასეთ თემებს ხელს ნაკლებად ჰკიდებენ. რეალურად კი, მრავალ ადამიანურ და ტრაგიკულ ისტორიებთან გვაქვს საქმე.


 იმისათვის, რომ გარანტირებულ იქნას აივ/შიდსის თემის სწორი ფორმულირება, საქართველოში ეროვნული სტანდარტი მედიის წარმომადგნელებისთვის  შემუშავებული არ არის. სწორი ფორმით გაშუქება ნიშნავს, რომ ეს თავისთავად გამორიცხავს ინფიცირებულთა განკითხვას, დადანაშაულებასა და  სტიგამტიზებას. მედიასტანდარტები არ ითვალისწინებს  საერთაშორისო რეკომენდაციებით მოწოდებული უმთავრესი პრინციპების დაცვას- პასუხისმგებლობა, ეთიკურობა, მგრძნობიარობა, თანამონაწილეობა,  პიროვნული სიძლიერე, თანაგრძნობა და ნდობა. მედიამ უნდა ისაუბროს  ინფიცირებულთა საჭიროებების შესახებ. არაერთი სპეციალური ტრენინგია აუცილებელი მასმედიის წარმომადგენელებისათვის.


-რა ტერმინოლოგიები შეიძლება აკნინებდეს აივ-დადებით ადამიანს და თრგუნავდეს მას?

 

-გამოთქმები, ტერმინები, რომელთაც ჩვენ ვიყენებთ შიდსის პრობლემაზე საუბრის დროს, რა თქმა უნდა, ჩვენს ცოდნას, შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს  გამოხატავს,  იმავე აივ-პოზიტიური ადამიანების მიმართ.  ხშირ შემთხვევაში  უმჯობესია, მადისკრიმინერებელ  ტერმინოლოგიას თავი ავარიდოთ, შესაბამისად, ვისაუბროთ  ისეთი ტერმინებით, რომელიც სტიგმატიზებული არ იქნება, აივ-ის მქონეს  გულს არ ტკენს, არ დათრგუნავს. კონკრეტულად შიდსის ხსენება თუ  აცილებელი  არაა, არ უნდა ვახსენოთ. აივ-ინფექცია ეწოდება ამ დაავადებას და როგორც მოგეხსენებათ, შიდსი ამ დაავადების ბოლო სტადიაა და ამ სტადიის დროს, სამწუხაროდ, ადამიანი იღუპება. აქედან გამომდინარე, მისი ხსენება სასურველი არ არის. ხშირად არამარტო ჟურნალისტებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, არამედ თვითონ ექიმებსაც ეშლებათ და ინფიცირებულ ადამიანებს მოიხსენიებენ  „შიდსიანებად", რაც კატეგორიულად მიუღებელია.  უნდა ვთქვათ აივ-დადებითი, აივ-პოზიტიური , აივ-ინფიცირებული.  



 -  ხდება თუ არა დისკრიმინაცია, თუნდაც საჯარო სამსახურებში,  აივ-დადებითების მიმართ, რომლებიც თავიანთ ინფიცირებულობას არ მალავენ?

 

 -   დიახ, მსგავსი შემთხვევა არაერთი ყოფილა - აივ-დადებით ადამიანების  უკანონოდ დათხოვნა სამსახურიდან,  უარის   თქმა სამსახურში მიღებაზე, სასწავლებლებში, უარი სამედიცინო მომსახურებაზე.  დისკრიმინაცია წარმოადგენს სტიგმის შედეგს.


 - რა უნდა გააკეთოს მთავრობამ იმისათვის, რომ ინფიცირებულების უფლებები არ შეილახოს?

 

-სახელმწიფო კანონმდებლობა და ეროვნული პოლიტიკა უნდა უზრუნველყოფდეს აივ-ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირების თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვას;

ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს სპეციალური სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კონსულტირებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა;

აუცილებელია აივ-ინფექციის პროფილაქტიკის შესახებ საქართველოს კანონის გაძლიერება კანონქვემდებარე აქტებით, რომლებმაც უნდა დააკონკრეტონ აივ-ინფიცირებულთათვის არამიზანშეწონილი საქმიანობების ნუსხა; ზოგადად ეს თემა ამოუწურავია, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით. ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია, რაზეც ახლა ვსაუბრობთ.


-ვინ ზრუნავს აივ-ინფიცირებულებზე, თუნდაც მკურნალობის მხრივ? და  როგორია მთავრობის დაინტერესება   ამ პრობლემებით?


- პაციენტების მკურნალობას აფინანსებენ საერთაშორისო დონორი  ორგანიზაციები. არის ასეთი ორგანიზაცია - „გლობალური ფონდი", რომელიც საკმაოდ დიდ თანხებს იღებს, რომ ინფიცირებულები, ვისაც მკურნალობა ესაჭიროება, უზრუნველყოფილნი იყვნენ უფასო მედიკამენტებით. მაგრამ უახლოეს მომავალში  ეს ორგანიზაცია საქართველოს დატოვებს  და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია, თავისთავზე აიღოს  ის ხარჯები,  რაც უკავშირდება ზოგადად აივ-ინფექციას და ინფიცირებული ადამიანების მკურნალობის  საკითხებს. წესით, ამ პრობლემებზე აქამდეც უნდა ეფიქრათ.

 

 

- რას ეტყოდით მათ, ვინც თვლის, რომ აივ-დადებითის მქონე ადამიანი საზოგადოებისთვის საშიშია?

 

-მოსახლეობის გამოკითხვამ აჩვენა, რომ სტიგმა აივ-ინფიცირებულთა მიმართ საქართველოში საკმაოდ დიდ მასშტაბებს იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო კამპანიები მიმდინარეობს, მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე არაადეკვატურია. ინფორმირებულობის დონე კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ინფიცირებულთა მიმართ დამოკიდებულებას. კარგად ინფორმირებული რესპონდენტები უფრო ხშირად თანაგრძნობას გამოხატავენ აივ-პოზიტიური ადამიანების მიმართ და ნაკლებად განიცდიან სიბრაზეს ან ზიზღს. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდაზე, რაც სავარაუდოდ აივ-თან ასოცირებული სტიგმის ხარისხს შეამცირებს. ძალიან ბევრი ჯერ კიდევ შიშს განიცდის აივ-დადებითების მიმართ. მოსახლეობის ინფორმირებულობა არ უნდა ატარებდეს ერთჯერადი აქციების ხასიათს, უპირველესად ამით მედია უნდა ინტერესდებოდეს. მასმედიას აქვს მოსახლეობის ფართო მასების მოცვის შესაძლებლობები. მას შეუძლია, გადამწყვეტი როლი შეასრულოს  აივ-თან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.  მედიამ უნდა გადაამოწმოს ფაქტები.  როდესაც მათთან მუშაობ,  წინასწარ უნდა განსაზღვრო,  როგორი შედეგები შეიძლება მოჰყვეს შენს შეტყობინებას - შენ შენს გზაზე წახვალ, ხოლო ისინი შედეგის პირისპირ მარტო დარჩებიან. რაც შეიძლება მეტი სწორი ინფორმაცია შეამცირებს საზოგადოების შიშსაც და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მათ მიმართ, ვისაც ეპიდემია შეეხო. ვეტყოდი ადამიანებს, რომ საშიშია არა დაავადება, არამედ ადამიანების დამოკიდებულება დაავადებულების მიმართ. მათ ჩვენი თანადგომა სჭირდებათ -  არა შეცოდება, არა ზიზღი, არამედ უბრალოდ თანადგომა. შიდსი მეგობრობით არ გადადის!


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016