reportiori.ge - სად არის დასავლეთი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:09
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
სად არის დასავლეთი?
ავტორი:
18 აპრილი, 2015. 11:18


2015 წლის დასაწყისში მსოფლიო შეძრა საფრანგეთის დედაქალაქში, გაზეთ „შარლი ებდოზე" თავდასხმამ. ადამიანების უმაღლესი უფლების - სიცოცხლის ხელყოფა, თავისუფალ მედიაზე თავდასხმა, ტერორიზმი... - ასე აფასებდა მსოფლიო ფაქტს, რომელმაც ყველა „შარლიდ" გადააქცია. მსოფლიო-მეთქი ვამბობ და ხსენებაზე მისი ის განვითარებული ნაწილი წარმომიდგება, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და „კარგი ცხოვრების" მაგალითი გვგონია; ის ნაწილი, სადაც შესვლის ნებართვის უსასრულო რიგებში სამეფო კართან ატუზული გლახაკებივით ვდგავართ და ვცდილობთ დავარწმუნოთ, რომ მათ გაპრიალებულ ქვეყნებს არაფერს დავუშავებთ; ის ნაწილი, რომლის მედიაც სიმართლის გაშუქების სადარაჯოზე დგას, თუმცა საკუთარ მოქალაქეებს კიევის ცენტრში მიმდინარე სასაკლაოს ნაცვლად ფეისბუქის 10 წლისთავსა და მის  მნიშვნელობაზე მოუთხრობს; ნაწილი, რომლიც არ უღელვებია კენიის უნივერსიტეტში ჩახოცილი 148 სტუდენტის ამბავს...



სასაკლაო - ალბათ, ეს არის ზუსტი განმარტება იმ ფაქტისა, რაც დღეს სირიაში, კენიაში, ლიბანსა თუ ერაყში ხდება. ყოველდღე ვრცელდება ადამიანების წამების, ცოცხლად დაწვის, თავის მოკვეთის ფაქტები... ISIS-ის მეომრებმა ორიოდე თვის წინ, 12-13 წლის ბიჭებს თავები მოკვეთეს. მიზეზი ფეხბურთის თამაში იყო. ერთ-ერთი პირველი, რამაც მსოფლიოს უეცარ ტალღად გადაუარა, გასული წლის შემოდგომაზე, ერაყის ტერიტორიაზე ერთ-ერთი არაბული ტომის 150-მდე წარმომადგენლისათვის თავის მოკვეთა გახლდათ, მერე ერაყიდან ქურთების მასობრივი დევნა, შიგადაშიგ, მძევლების საჯაროდ დაწვა, თავის მოკვეთა... ბოლოს კი სირიაში მცხოვრები ქრისტიანები...



იმ ვიდეოს მსგავსი ვიდეო, რომელმაც ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალური ქსელების შეშფოთების საგნად ქცეულა, რამდენიმე თვის წინაც დაიდო. ბავშვები იქაც დახმარებასა და გადარჩენას ითხოვენ. ითხოვენ იმ ქვეყნებისგან, რომელთა შესახებაც, ალბათ, სკოლის რუკებიდან გაუგიათ; ითხოვენ იმ ორგანიზაციებიდან, რომლებზეც უყვებოდნენ, როგორც მშვიდობის გარანტებზე; ითხოვენ იმ ადამიანებისაგანაც, რომლებისთვისაც სირიაში იარაღმიბჯენილ ბავშვზე მნიშვნელოვანი საკუთარი შინაური ცხოველის კვების რაციონია..




იმ ძველ, კეთილ დროს, როდესაც განვითარებული მსოფლიო მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე, ჰუმანიზმსა და კარგ პრინციპებზე შეთანხმდა, ალბათ არავის უფიქრია, რომ ადამიანების ფუნდამენტალური, სიცოცხლის უფლება შერჩევითი, მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპი კი - შედარებითი იქნებოდა. მჯერა, რომ იმ აფექტურ, ხუთწლიანი საომარი ეპოპეის კეთილად დასრულების პერიოდში არავინ დაუშვებდა, რომ წლების შემდეგ, აბსოლუტური ჰუმანიზმის იდეებზე შექმნილი ორგანიზაცია წერილს წერილზე, პეტიციას პეტიციაზე დაწერდა და პრესკონფერენციას პრესკონფერენციაზე გამართავდა საფრანგეთის ერთ-ერთი გაზეთის თავს დატრიალებული ტრაგედიის გამო და მრავლისმეტყველად დადუმდებოდა კენიაზე, სადაც უნივერსიტეტში 148 ადამიანი რელიგიური ნიშნით ჩახოცეს, ხმას არ ამოიღებდა ბავშვების მკვლელობაზე სირიაში, არც ერაყში, არც ლიბანში, არსად...



დღეს ადამიანების ნაწილი თანხმდება, რომ ადამიანის სიცოცხლე განვითარებულ ქვეყნებში გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე - განვითარებადში. არგუმენტი მტკიცეა - განვითარებად ქვეყნებში ადამიანები ბომბებს, ხოცვა-ჟლეტას და სიკვდილს არიან მიჩვეული. აი, განვითარებულ ქვეყნებში კი ერთადერთი, რასაც ადამიანები ეჩვევიან, სამსახურების შემდეგ მწვანე პარკებში მდელოზე კოტრიალია. მათ ეს უფლება არავინ უნდა დაურღვიოს. ფაქტია, რომ  ესაა ის, რასაც მშვიდობისმყოფელი ორგანიზაციები იცავენ. არადა, იმ ფუნდამენტური პრინციპების თანახმად, რომელსაც მსოფლიო 60 წელზე მეტხანს ფუჭად, მაგრამ მაინც დაათრევს, ადამიანი ყველგან ადამიანია. მიუხედავად იმისა, დილით, კლასიკური მუსიკის ფონზე  ფრანგულ კრუასანსა და ლატეს მიირთმევს თუ დაუბანელი ხელებითა და ყოველგვარი ჰიგიენის დაცვის გარეშე მოწველილ, აუდუღარ რძეს. 



ადამიანებს განვითარებულ ქვეყნებშიც ისევე სტკივათ, როგორც განვითარებადში, ისევე გრძნობენ, განიცდიან, სუნთქავენ, მოძრაობენ...  თუმცა არა. კრიტიკულ მომენტებში არსებულმა პრაქტიკამ უკვე არაერთხელ გვიჩვენა, რომ ფუნდამენტური პრინციპები ცივილიზებულმა მსოფლიომ საკუთარი თავისთვის შექმნა, რომელიც რკინის გალავნის ნაცვლად, ტრენინგებით, მორალის კითხვით, დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, მედიის თავისუფლებისა თუ საკუთარი უზარმაზარი მნიშვნელობის მითითა და მისი სასწაულებრივი პროპაგანდით შემოღობა. პროპაგანდით, რომლის მიღმაც უსუსური მსოფლიო იმალება. მსოფლიო, რომელსაც შეუძლია ცალკე კონცეფციის დაწერა ბავშვთა უფლებებზე და ტრიბუნებზე ამ დოკუმენტის წაღმა-უკუღმა ფრიალი. სინამდვილეში კი არათუ რიგითი ცრემლიანი, იარაღმიბჯენილი ბავშვის გადარჩენა შეუძლია, მიმართვასა და სიტყვიერ თანაგრძნობასაც არ ავრცელებს მისადმი. მსოფლიო, რომელიც ყურსაც არ იბერტყავს იმ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, რომლებიც დღისით, მზისით, მისი იდეებისა და მშობლიური ქვეყნის პოლიტიკური კურსის დასაცავად გამოსულები, საკუთარი სახელმწიფოს მხრიდან ნასროლ ტყვიებს შეეწირნენ. მსოფლიო, რომელიც შერჩევითი სამართლის უსამართლობას ქადაგებს და თვითონ ამავეს ღიად, ცხადად, საჯაროდ აკეთებს, მსოფლიო, რომელსაც საკუთარი ილუზიებიდან გამოსვლა არ სურს..



 „მე ვარ ასურელი, რომელსაც თავებს აჭრიან და ცოცხლად წვავენ", - ამბობენ ბავშვები ვიდეოში და განვითარებული მსოფლიოსაგან დახმარებას ითხოვენ. სად არის დასავლეთი?


მხოლოდ მრავლისმეტყველად დუმს.  



 

(blogs.liberali.ge, თამარ კარელიძე)


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016