ქართული პოლიტიკა ყოველდღიურად გვაოცებს, გვაოცებენ პოლიტიკოსები, რომლებმაც სული სატანას მიჰყიდეს. ისინი მიდიან ყველაფერზე და აკეთებენ - არაფერს. ირაკლი ალასანიას განცხადებები ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, ის არ გამორიცხავს „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას. ალასანია „ნაცმოძრაობის" სახელმწიფო მოხელეებს მაღალი სტანდარტით აფასებს, რადგან თავად ალასანიას არასოდეს მოხვედრია უკანალში „ნაციონალების" დუბინკა და არასოდეს ყოფილა პოლიტიკურად რეპრესირებული. მაქსიმუმ, რაც „ნაციონალებმა" ალასანიას გაუკეთეს, იყო ის, რომ მის მეუღლეს, ქალბატონ ნათია ფანჯიკიძეს გიგი უგულავას გაზეთი გაბანძებას არ აკლებდა, რის გამოც ნათია იჯდა და ბევრს ტიროდა. დღეს კი ეს ქალბატონი ზის და ბევრს ტლიკინებს. მაშ ასე, ტირილიდან ტლიკინამდე მათ გაიარეს გზა არა ჯოჯოხეთური, არამედ ბიძინას მიერ დაგებული დოლარების გზა. დღეს, როცა არ აქვთ შიში, რომ პოლიტიკური ძალა მათ ფიზიკურად გაუსწორდებათ, მისი ოჯახის წევრებს ციხეში ამოალპობენ, გააქრობენ და ცხვირში ძმრად ამოადენენ ყველა იმ სიკეთეს, რაც ბიძინასგან მიუღიათ, სხედან და ტლიკინებენ... ჰოდა, ამასობაში ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ!.. ალასანიაზე უფრო ვრცლად მე-5 გვერდზე წაიკითხავთ, მანამდე კი გავაგრძელოთ.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - კვირის მეორე „შოკოსანი". რიგაში ვიზიტისას მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მან შეწყვიტა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა და ეს მისი საქმე არ არის, სააკაშვილს ისტორიკოსები შეაფასებენ... მაშ, რად გვინდა უსაქმური პრეზიდენტი, რომელიც შავს თეთრისგან ვერ ასხვავებს და საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ავტორიტარული ლიდერი, რომელმაც ქართველ ხალხს სულიერი და ფიზიკური გენოციდი მოუწყო, ვერ ბედავს, რომ გააკრიტიკოს. როგორც ჩანს, ფილოსოფოსი პრეზიდენტი კვლავ საკუთარ ნაშრომში ჩარჩა და ქართველები ჭკუასუსტები ვგონივართ, თუმცა პრეზიდენტს შევახსენებ, რომ მისი ნაშრომის შემდეგ ქართველი ერი გაიზარდა, სადაც ის ქართველებს ჭკუასუსტებად მოიხსენიებს და შეფასების კრიტერიუმებიც დავხვეწეთ... გულუბრყვილობიდან გამოვედით და კარგად ვასხვავებთ, ვინ არის პოლიტიკური მეძავი და ვინ - ნამდვილი პოლიტიკოსი.
სამწუხაროდ, არენაზე ნამდვილი პოლიტიკოსის დეფიციტია, მჯერა, მოვა დრო, როცა ეროვნულ აფერისტებს შეცვლიან ეროვნულები, პროსტიტუტ პოლიტიკოსებს - პატრიოტები, გმირის მანტიას ამოფარებულ ვირეშმაკებს კი - ნამდვილი გმირები...
და მაინც, 2015 წლის ყველაზე დიდ დაუჯერებელ ფაქტად დარჩება ის, რომ მოსიარულე კომპრომატ ზურაბ ადეიშვილს მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის „მთავარ არქიტექტორს" ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნა შეუწყვიტა, რამაც უამრავი კითხვა გააჩინა. რატომ ეძებს საქართველოს ხელისუფლება ინტერპოლის საშუალებით ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილს, როცა მისი ადგილსამყოფელი ღიად და საჯაროდ ყველასთვის ცნობილია, ის თავს აფარებდა უნგრეთს და სავარაუდოდ, სწორედ უნგრეთმა მიანიჭა მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი, შემდეგ კი გამოჩნდა უკრაინის პოლიტიკურ ელიტაში, სადაც ადეიშვილს კიევის კულუარებში მთავარი დოქსოპულოს ფუნქცია აკისრია. ყველა თანხმდება, რომ საქართველოს პროკურატურის კედლებში ადეიშვილის აჩრდილი დადის, მაშ, რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ პროკურატურის თანხმობით ადეიშვილზე შეწყდა ძებნა. „მაესტროს" ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დროს ლაშა გიორგიძე ინტერპოლის საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელობდა. ადვოკატის ფუნქციაა, უარყოს, რომ ლაშა გიორგიძე არ ჩარეულა ადეიშვილის ძებნის საკითხში. ჩვენი ფუნქციაა, რომ მკითხველს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია და დასკვნები თავად გამოიტანოს. ასე რომ, სანამ არ გასამართლდება „ნაციონალური მოძრაობა", როგორც რეჟიმი, ხელისუფლება მუდმივად იქნება თავისმართლების პოზიციაში და მოვა დრო, როცა ბრალდებულები ამ ხელისუფლებას გაასამართლებენ.
და კიდევ... გისოსებს მიღმა დარჩენილ ადამიანს ურტყა წკეპლები, აკრიტიკო და მიიყვანო დეპრესიამდე, ეს ამორალური საქციელი და დანაშაულია, მაგრამ, როცა შს ყოფილი მინისტრი, გვამების კოლექციონერი ივანე მერაბიშვილი, ქალაქის ყოფილი მერი, ბიუჯეტის კლეპტოკრატი, კორუფციაში ბრალდებული გიგი უგულავა მოსამართლეებს „ჩმორებს" უწოდებს, რომლებიც დაჩმორებულ მდგომარეობაში თავად მიიყვანა, მერაბიშვილი, რომელიც ციხიდან იმუქრება, რომ „გამოვა და ყველას დედას უტირებს, ტლუ და გაუნათლებელი ბიძინა ივანიშვილის თამადობით", ეს მართლაც ტლუ, მდაბიო, პროვინციელი, უტიფარი, გვამების კოლექციონერი, გირგვლიანის, რობაქიძის, გამყრელიძის, ვაზაგაშვილის ლიკვიდაციის ავტორი ამდენს რომ ბედავს, მოდით, გაუბედეთ ის, რასაც ჩვენ გვიბედავდა, მიდით, დააჩმორეთ, როგორც ჩვენ გვაჩმორებდა... აატირეთ, როგორც ჩვენ გვატირებდა, გაატარეთ ის ჯოჯოხეთური გზა, რა გზაც ხალხმა გაიარა. იქნებ, ასე მაინც მიხვდეს, მასში რამხელა ბოროტება ბუდობს... ვანო, შენ ან გაგიჟდი, ან თავს იგიჟიანებ, წერას ჰყავხარ ატანილი... ვისაც ხალხის სისხლში გაქვთ ხელი გასვრილი, გაიგეთ, რომ თქვენი დრო დამთავრდა, თქვენს პოლიტიკურ სამარეს ქართველმა ხალხმა მიწა დიდი ხნის წინათ მიაყარა. ახლა სხვა პოლიტიკური ძალა გვყავს დასამარხი, თუკი ისინი საკადრისად პასუხს არ გაგებინებენ, მათაც გვერდით მოგიწვენთ და ქართველი ხალხი ახალი პოლიტიკური ძალის ძიებას დაიწყებს.
„კვირის ქრონიკა" გთავაზობთ ინტერვიუს „ქართული დასის" ლიდერთან, ჯონდი ბაღათურიასთან...
- თქვენი აზრით, ინტერპოლმა ან რატომ დასვა ძებნაზე ზურაბ ადეიშვილი, ან რატომ შეწყვიტა მასზე ძებნა?.. როგორც წესი, ინტერპოლი ძებნილად პირს მხოლოდ მას შემდეგ აცხადებს, როცა ის ბრალდებულის საქმეს სწავლობს და პოლიტიკური ზეწოლის ნიშნები საქმეში არ შეიმჩნევა.
- ფაქტია, რომ ხელისუფლება შეგნებულად არ მუშაობს ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვების კუთხით. მაგალითისთვის შემიძლია სააკაშვილი გავიხსენო, როცა პროკურატურა ისე დაეცა, რომ სააკაშვილის ბებიას დაუყადაღა 20 წლის „ჰონდა". პრობლემა ის გახლავთ, რომ სწორედ იმ დროს, მთავარ პროკურორს მაგიდაზე ედო ჩემს მიერ გადაგზავნილი მამხილებელი მასალები, არა მხოლოდ კორუფციული დოკუმენტები, რომელიც სააკაშვილსა და მის ოჯახს კორუფციაში, სახელმწიფო ქონების მიტაცებაში ამხელდა, არამედ იქ იყო ჩამონათვალი 300 მილიონამდე ქონება, რომელსაც ეს ოჯახი ფლობს. ჩემ მიერ გადაცემული მასალებიდან სააკაშვილის მიერ უკანონოდ მიტაცებული არც ერთი ქონება არ იყო დაყადაღებული. ამან გამოიწვია ის, რომ სააკაშვილს დასავლეთში რეალურად ალიბი მისცა პროკურატურამ. მაშინ, როცა ქართველი საზოგადოება სააკაშვილს ბრალს სდებდა ქვეყნის გაძარცვაში, პროკურატურამ ვერ იპოვა ვერც ერთი მტკიცებულება, გარდა ბებიაჩემის 20 წლის ნაქონი „ჰონდასი", - აი, ამას ამბობს მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოში, ევროპარლამენტში და აშშ-ს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. სამწუხაროდ, სააკაშვილის სასარგებლოდ გადაწყდა ეს საკითხი, ამიტომაც ის დადის და ამ თემაზე ძალიან ბევრს ხუმრობს და იცინის, საქართველოს პროკურატურა ისე დაეცა, რომ ჩემს ნაქონ პალტოებს გამოეკიდაო... ეს პროკურატურას ან სიდებილით მოუვიდა და ან უნამუსობით. თუ ეს სიდებილითა და უვიცობით მოუვიდათ, ესეც დანაშაულია, თუკი სახელმწიფოს მმართველობაზე გაქვს პრეტენზია, მაშინ ასეთი არ უნდა იყო... ადეიშვილთან დაკავშირებით ვეჭვობ, რომ ძებნა ხელისუფლების თანხმობით მოხდა, სხვანაირად გამორიცხულია, ეს გადაწყვეტილება მიეღოთ... მთავრობა ინტერპოლს დაეთანხმა, ადეიშვილზე ძებნა შეეწყვიტა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ „ნაციონალები" და „ქართული ოცნება" დიდი ხანია გარიგდნენ. ხალხის დასანახად, ამ ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის ადგილი აქვს პოლიტიკურ პროსტიტუციას, წივილკივილსა და პოლიტიკურ სპეკულაციას. ამ ყველაფრის უკან კი სერიოზული მოლაპარაკებები მიდის მათ შორის. იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის ეკონომიკის 90%-ს ფლობდა. ამ 90%-ში „ქართული ოცნება" უნდა ჩაეცილოს, არჩევნები მოიგო, ხელისუფლებაში მოვიდა და ამ უინტელექტო მასის ერთმა ნაწილმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩათვალა, რომ „ნაციონალების" ქონება სახელმწიფოს და ხალხს კი არ უნდა დაუბრუნოს, ვისაც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს ქონება წაართვა, არამედ ფიქრობენ, რომ ეს ქონება „ნაციონალებისგან" თვითონ უნდა მიითვისონ. ეს გადანაწილება მიდიოდა, რომელიც თითქმის დასრულდა და „ნაცებმა" და „ქოცებმა" ქონება გაიყვეს.
- ჩვენ ვნახეთ სასამართლო პროცესიდან ვანო მერაბიშვილის მუქარა, გიგი უგულავას მენტორული განცხადება და მოსამართლის შეურაცხყოფა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ისინი გაგულისდნენ მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ ციხიდან გაათავისუფლებენ?.. კულუარებში მათ განთავისუფლებაზეა საუბრები...
- ვანო მერაბიშვილის გამოსვლის პერსპექტივა არც მიხეილ სააკაშვილს აწყობს და არც ბიძინა ივანიშვილს. ვიდრე ამ ორ ადამიანს ექნება საშუალება, ისპეკულანტოს ვანო მერაბიშვილით, მანამდე ვანოს ციხიდან გამოსვლის შანსი არ ექნება. ამიტომ ვანოს ტყუილად აქვს იმის იმედი, რომ ციხიდან გამოვა და ყველას დასჯის, ვინც მის წინააღმდეგ ე.წ. უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა, ხოლო ყველას წაახალისებს, ვინც გვერდით დაუდგა. ყველაზე მეტად ვანო ციხეში სჭირდება მიშას, რადგან დასავლეთში ვანო, გიგი და ბაჩო ციხეში ძალიან კარგად „იყიდება"... თუ ისინი ციხეში არ იქნებიან, პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკს აზრი აღარ ექნება, ამას არავინ აღარ დაიჯერებს. „ქართულ ოცნებას" კი ეს ტრიო ციხეში იმიტომ აწყობს, რომ ქართველ საზოგადოებას დაუმტკიცოს ხმები იმის შესახებ, თითქოს ეს ორი ძალა ერთმანეთთან გარიგებაშია, არის აბსურდი...
- ირაკლი ალასანიას განცხადება, რომ ის არ გამორიცხავს „ნაციონალებთან" თანამშრომლობას, პრეზიდენტის რიგაში გაკეთებული გზავნილი, რომ მან შეწყვიტა მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა და ეს ისტორიკოსების და არა, სისხლის სამართლის სპეციალისტების საქმეა, ხომ არ ნიშნავს, რომ იკვეთება ახალი პოლიტიკური ცენტრი პრეზიდენტ მარგველაშვილის გარშემო. „ნაციონალები", „თავისუფალი დემოკრატები" და მათი სატელიტი პარტიები...
- ეს იქნება სრულიად უპერსპექტივო პოლიტიკური ცენტრი ჩანასახშივე, არ მგონია, მარგველაშვილი იყოს ისეთი გულუბრყვილო, რომ სრულიად უპერსპექტივო საქმეში ჩაებას. ამ საქმიდან არაფერი გამოვა, პროდასავლურებს რომ ეძახიან თავის თავს, სინამდვილეში, ისინი არიან „პროოჯახისტები". მათი მიზანია, საკუთარ თავს არგონ, ამ ეგიდით ფულები იშოვონ, სამშობლო და ხალხი წყალსაც წაუღია...
ნინო სამხარაძე
გაზეთი „კვირის ქრონიკა"