reportiori.ge - რა შემთხვევაში განაახლებს ინტერპოლი ადეიშვილის ძებნას?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:06
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რა შემთხვევაში განაახლებს ინტერპოლი ადეიშვილის ძებნას?
ავტორი:
20 აპრილი, 2015. 13:44


იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ინტერპოლის წითელი ცირკულარიდან ამოღება კვირის სკანდალია. უკვე ვრცელდება რამდენიმე ვერსია: პირველი - საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ვერ დაასაბუთა ადეიშვილის ბრალეულობა; მეორე - ინტერპოლის საერთაშორისო სამდივნოში მიხეილ სააკაშვილმა საქმე ჩააწყო; მესამე - „ნაციონალების" ადვოკატებმა იმდენი მასალები აგზავნეს, ინტერპოლის სამდივნოში დარწმუნდნენ, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან და ძებნა თვითნებურად გააუქმეს (როგორც ჩვენი პროკურატურა აცხადებს, ინტერპოლს დამატებითი მტკიცებულებები არ მოუთხოვია); მეოთხე - წითელი ცირკულარიდან ადეიშვილის ამოღება მოხდა დღევანდელ ხელისუფლებასთან გარიგების შედეგად. რომ არა თანხმობა საქართველოდან, ინტერპოლის საერთაშორისო სამდივნო ამას ვერ გააკეთებდა.


მაშ ასე, მოდით, ადეიშვილთან დაკავშირებული საკითხი თემატურად ასე დავალაგოთ: პროკურატურის მოთხოვნით რამდენიმე თვის წინ ინტერპოლმა წითელ ცირკულარში კი ჩასვა, მაგრამ, როცა დაინახეს, ადეიშვილს თავად ქართველები არ ეძებენ და უკრაინაში ჩასული ჩინოსნები ხმას არ იღებენო, ადგა და გააუქმა; არ გაინტერესებთ, რა ბრალდებას უყენებს ჩვენი პროკურატურა ადეიშვილს და რა სახის დოკუმენტაცია აქვს გაგზავნილი ინტერპოლის სამდივნოში? ზურაბ ადეიშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორგანიზება:


„ადეიშვილმა ორგანიზება გაუწია პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, ეს გამოიხატა პატიმრების დამცირებით, იძულებით, მათი არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებით, რამაც მათ ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენა. ასევე, ადეიშვილმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზება განახორციელა".


სხვათა შორის, დიდი ყურადღება არავინ მიაქცია, რომ ადეიშვილის „განთავისუფლების" შემდეგ იგივე სამდივნომ ყოფილი ხელისუფლების კიდევ ერთ წარმომადგენელს, სერგო ქავთარაძეს მოუხსნა წითელი ცირკულარი. ეს ადამიანი ძველი თბილისის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა და როგორც პროკურატურა ამტკიცებს, დიდი ფული მოტეხა. აშკარაა, რომ ინტერპოლის სამდივნომ საგანგებო სხდომა გამართა და საქართველოდან წარდგენილ მასალებს გადახედა. აქ ბუნებრივად იბადება კითხვა: თუკი პროკურატურიდან გაგზავნილი მასალები არადამაჯერებელი იყო, მაშინ რატომღა ჩასვეს ეს პიროვნებები წითელ ცირკულარში? ანუ თავიდან დამაჯერებელი იყო და შემდეგ გახდა საეჭვო?


პროკურატურის განცხადებით, ადეიშვილი იმიტომ ამოაგდეს „ძებნიდან", რომ მან ერთ-ერთ ქვეყანაში მიიღო ლტოლვილის სტატუსი. არის თუ არა საკითხის ასე დაყენება დამაჯერებელი? თქვენ წარმოიდგინეთ, არის - ამ შემთხვევაში ინტერპოლს ეეძლო ეხელმძღვანელა არა საკუთარი კონსტიტუციით, არამედ გაეროს კონვენციით, რომლის მიხედვითაც ლტოლვილის სტატუსის მინიჭება იმის დადასტურებაა, რომ რეალურად, პირის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა. მაგალითად, ამ თემაზე „ქრონიკასთან" სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დევნილი ბიზნესმენი, ლევან ქიძინიძე, რომელიც წლების განმავლობაში გერმანიას აფარებდა თავს, ასეთ განმარტებას აკეთებს:


„ლტოლვილის სტატუსი თუ ევროპის სახელმწიფომ მიანიჭა რომელიმე პირს (მისი მოპოვება ძალიან ძნელია), ამ სტატუსის გაუქმება დაკავშირებულია დიდ სირთულესთან. მაგალითად, გერმანიის კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც რეგულირდება გერმანიის ფედერალური კანონით დევნილთა შესახებ, განმარტავს: თუ პირი დაამტკიცებს, რომ მას მისი სამშობლო დევნის პოლიტიკური, რელიგიური ან სხვა მრწამსის ან სხვა ისეთ მიზეზით, რითაც ირღვევა ევროპის კონვენციით აღიარებული ადამიანის უფლება და თავისუფლება (პოლიტიკური ან სხვა თავშესაფარი არ მიენიჭება მხოლოდ ნარკოტიკებით მოვაჭრეებს ან ტერორისტებს) და მის სიცოცხლეს და თავისუფლებას ემუქრება საფრთხე, გერმანია ვალდებულია, შეიფაროს ლტოლვილის სტატუსის მთხოვნელი პირი. პირს, რომელსაც მიენიჭება პოლიტიკური თავშესაფარი ან ლტოლვილის სტატუსი (ამ სტატუსს ანიჭებს ლტოლვილთა აღიარების გერმანიის ფედერალური სასამართლო, ინტერპოლს ეგზავნება შესაბამისი მასალები, სასამართლოს დადგენილება), მას შლიან ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიიდან, მას ეძლევა კონვენციის პასპორტი და შედის საინფორმაციო ბაზაში. თუ საქართველო ბრალს წაუყენებს ადეიშვილს და დაუმტკიცებს, რომ ის დაკავშირებული იყო ტერორისტებთან ან ნარკომოვაჭრეებთან და დაუმტკიცდება ბრალი, მაშინ შესაძლებელია, სტატუსი გაუუქმონ და ინტერპოლმა განაახლოს მისი ძებნა. არის ერთი გამონაკლისი: პირს უუქმდება თავშესაფარი, თუ პირი, რომელიც ფლობს ასეთ სტატუსს 180 კალენდარული დღის განმავლობაში არ შევა იმ ქვეყანაში, სადაც ასეთი სტატუსი მიანიჭეს".


გამოდის, ყველა სხვა ვერსია რომ გამოვრიცხოთ და პროკურატურის განცხადებას დავეყრდნოთ, ზურაბ ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა უნგრეთის სასამართლომ, შემდეგ ამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაიგზავნა ინტერპოლის სამდივნოში და ასე გაუქმდა წითელი ცირკულარი. ამ საკითხს, როგორც უკვე გითხარით, არეგულირებს გაეროს ადამიანის უფლებათა კონვენცია.


წითელი ცირკულარის ან ძებნის გავრცელების თაობაზე თხოვნა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის მიმართ უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:


1) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ პირი ფლობს ლტოლვილის სტატუსს ან ის წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელს;


2) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ პირის მიმართ წითელი ცირკულარის ან ძებნის გავრცელების თხოვნა მიღებულია მისი წარმოშობის სახელმწიფოდან;


3) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭება კონკრეტული სახელმწიფოს მიერ არ არის განპირობებული წარმოშობის სახელმწიფოსთან მიმართებაში არსებული პოლიტიკური მოტივებით.


თუ ჩვენ საქმე გვაქვს მხოლოდ ლტოლვილის სტატუსთან და არა რაიმე სახის გარიგებასთან, მაშინ ყველაფერი ჯდება კანონის ფარგლებში. ინტერპოლის ახალი რეგულაციების მიხედვით (რაც ყოვლად გაუგებარია, ასე შეიძლება ნებისმიერი კრიმინალი დაუსხლტეს მართლმსაჯულებას და საერთოდ, ინტერპოლის ავტორიტეტიც დაეცემა), თუ პირს 190 წევრი ქვეყნიდან რომელიმე მიანიჭებს ლტოლვილის სტატუსს და წარადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეგრევე უქმდება ძებნა წითელი ცირკულარით. ახლა სად უნდა იჩივლოს მთავარმა პროკურატურამ? რა თქმა უნდა, ჰააგაში ან სტრასბურგში, მაგრამ ეს რამდენწლიანი ციკლია, გამოცდილებით ვიცით.

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016