გენიალურმა დავით კლდიაშვილმა 1920 წელს უკვდავი მოთხრობა „ბაკულას ღორები" დაწერა. მოთხრობის მოკლე შინაარსი ასეთია: ცოლ-ქმარ გალაკტიონ ხოსოლიანსა და ზენათის, რომლებსაც შვილები - პიტია და კიკილო და ძაღლი - ტრუბა ჰყავთ, ახალგამეზობლებული ბაკულა ხოსოლიანის ღორები მოსვენებას არ აძლევენ და ბოსტანსა და ჭირნახულს უნადგურებენ. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, გალაკტიონმა გადაწყვიტა, გათავხედებული მეზობლის „შესაშინებლად" ცოლის ნათესავი, მაზრის სამმართველოს თარჯიმანი ალექსანდრე შარაქაძე, ანუ „შაშა" და მისი რუსი უფროსი - „სეკრეტარი ვასილ ივანიჩი" ოჯახში საქეიფოდ მოეწვია.
მერე რაც ხდება, იმის გასაგებად მოთხრობის წაკითხვა სიამოვნებად კი არა, ერთ სიცოცხლედ ღირს! ამიტომ, ვისაც არ წაგიკითხავთ, გირჩევთ, აუცილებლად წაიკითხოთ „ბაკულას ღორები" და განსაკუთრებით მიაქციოთ ყურადღება „შემშინებლებს" - „შაშასა" და „ვასილ ივანიჩს".
სწორედ დავით კლდიაშვილისეული „შემშინებლები" - „შაშა" და „ვასილ ივანიჩი" გამახსენდა, როცა პარასკევს, 17 აპრილს, ტელეკომპანია „მაესტროს" პირდაპირ ეთერში, გადაცემა „ბიზნეს კონტაქტში" მამუკა ხაზარაძემ ჩვენს „შესაშინებლად" ჯერ „შაშას" პროტოტიპი, ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი ტედ ჯონასი გამოიყვანა და აბჟუტურა, ხოლო შემდეგ „სეკრეტარი ვასილ ივანიჩი", ანუ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი, რომელიც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმციით, წლებია, რაც საქართველოში ბანანებითა და გაყინული ბარკლებით ვაჭრობს.
სეფესიტყვა ამერიკელმა „შაშამ" - ტედ ჯონასმა თქვა: -ამერიკის სავაჭრო პალატის წევრზე მამუკა ხაზარაძეზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი პუბლიკაციების მეშვეობით უსამართლო თავდასხმები ხორციელდებაო; როგორც მამუკა ხაზარაძის ადვოკატებისგან გავიგე, გამოცემამ მოახდინა ხაზარაძის უკანონო დეფამაცია და სასამართლომ გაზეთს გავრცელებული ცნობების უარყოფა დაავალდებულა, მაგრამ იმავე სასამართლომ გაზეთს კომპენსაცია არ დააკისრა და ის ზარალი არ აანაზღაურებინა, რომელიც ხაზარაძეს მიადგაო!
მერე ფადი ასლიმ აიღო ყანწი ხელში - აქაოდა, კანონი 2004 წელს შეიცვალა და მტკიცების ტვირთი იმ ადამიანს დააწვა, ვინც მსხვერპლია და არა პირიქითო! ანუ, თუ მე საჯაროდ ვინმეს ვუწოდებ მეძავს, იმ ადამიანმა უნდა ამტკიცოს, რომ ის მეძავი არ არისო! მთავარია, ეს კანონი შეიცვალოს და მტკიცების ტვირთი ბრალმდებლის მხარეზე გადავიდესო! პარალელურად საგანმანათლებლო მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რათა საქართველოში როგორც რიგითმა ადამიანებმა, ისე ჟურნალისტებმა გაიგონ, თუ რას ნიშნავს რეპორტიორის ეთიკაო!
ფადი - „ავასილ ივანიჩიც" და ტედი - „შაშაც" ხმაშეწყობილად ერთსა და იმავეს ამტკიცებდნენ - კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, გაზეთი უნდა „შეკავდესო"...
მდაა...
მართლა ძალიან გასჭირვებია მამუკა ხაზარაძეს და ნამეტნავად ვირთხის დღეში ყოფილა საწყალი, თორემ ბარკლების გამყიდველ ფადის და გაურკვეველი წარმომავლობის ტედის ჩვენს „შემშინებლებად" ცოცხალი თავით არ მოიწვევდა.
ტედ ჯონასს, რომელიც საიდან გამოჩხირკეს, ეშმაკმა უწყის, არ ვიცნობ, მაგრამ ფადი ასლის, რომელსაც შევარდნაძე-სააკაშვილის გაერთიანებულ ნადიმზე ბევრი აქვს ნაკუნტრუშები, ორ სიტყვას ვეტყვით: არც თქვენი და არც ბებიათქვენის საქმე არ არის საქართველოს პარლამენტი როგორ კანონებს მიიღებს! ბატონებო, თქვენი ქვეყნების კანონმდებლობას მიხედეთ და საქართველოში მასპინძლის რიხით კი არა, სტუმრის მოწიწებითა და კრძალვით ილაპარაკეთ!
მეორე - თქვენ ისე ქოთქოთებთ და ხბოს აღტაცებით ისე იმეორებთ მამუკა ხაზარაძისა და მისი ვექილების მონაჩმახს, აქაოდა, ხაზარაძე „ასავალ-დასავალის" მსხვერპლიაო, თითქოს ქართველი ხალხის ანაბრები მამუკას კი არა, ბებიაჩემის ბაბუას შეეთქვლიფოს, „ცეკავშირის" შენობა ჩემ პატარა ბიჭს გადაეყლაპოს, ბორჯომის პოლიციის შენობა დანაშაულებრივი გარიგების სანაცვლოდ მე გამერემონტებინოს, „ბორჯომის" სამი ჭაბურღილი 50 მილიონი დოლარის ნაცვლად 9 მილიონ ლარად ჩემს ძმაკაცებს ჩაედოთ ჯიბეში და „ვაზისუბნის მამულები" ხაზარაძეს კი არა, ჩემს ბიძაშვილებს დაეთრით ისე, როგორც ჩვენი სულმნათი ვაჟა-ფშაველას თაგვმა „ფიცხელამ" დაითრია ნიგვზის ერთი ლებანი და ამის გამო სათაგურში ამოყო თავი!
მესამე - გლდანის ნაგავსაყრელის ყვავებივით რომ დაგვყრანტალებთ თავზე, აქაოდა, მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესი მოგიგოთო, არამკითხე ვაჟბატონებო, შეგახსენებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში ჯერ შესული არ არის, ის გასაჩივრდება და ჩვენ ამ პროცესს აუცილებლად მოვიგებთ!
მეოთხე - სწორედ თქვენისთანები და ვინც „შემშინებლებად" დაგიქირავათ, მისთანები აბრკოლებენ საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესს, რადგან პირდაპირ ზემოქმედებთ ხელისუფლებაზე.
საქართველოს რომ ეროვნული და თავმოყვარე ხელისუფლება ჰყავდეს, საქართველო რომ მუხლებზე არ იყოს დაცემული და ხერხემალში გადამტვრეული, იმ ტლიკინისთვის და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევისთვის, რაც თქვენ „მაესტროს" ეთერში „მოახერხეთ", საქართველოდან პანღურით ხართ გასაგდები!
მეხუთე - რატომ ერთხელ არ დაგცდათ სიტყვა იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის საქმეები, რომლებშიც მამუკა ხაზარაძე ფიგურირებს და წლებია, თაროზეა შემოდებული, დროზე გამოიძიონ და ხაზარაძეს ბრალი წაუყენონ? მაგრამ თქვენ ეს საქმეები ისე გაინტერესებთ, როგორც მე მადარდებს ცნობა იმის შესახებ, კიმ კარდაშიანს დღე-ღამის განმავლობაში თხუთმეტჯერ ექნება სექსი თუ ოცდახუთჯერ!
სააკაშვილმა ქართული ბიზნესი გაატყავა, დაატერორა, დაიმონა და არავის ახსოვს, ფადი ასლი - მამუკა ხაზარაძის „ვასილ ივანიჩი" ოდესმე ტელევიზიით გამობრძანებულიყო და პროტესტი გამოეთქვა, - ეს რა ხდება, ბიზნესს საფრთხე ექმნებაო!
თქვენ ხბოს აღტაცებით ტაშს უკრავდით სააკაშვილს, ახლა იმავე ხბოს აღტაცებით „შემშინებლებად" მუშაობთ ხაზარაძესთან და ამიტომაც დავარქვი წინამდებარე პუბლიკაციას „მამუკას ხბორები"!
„ბაკულას ღორების" უიღბლო გმირს - აზნაურ გალაქტიონ ხოსოლიანს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ორი შვილი ჰყავდა - პიტია და კიკილო...
პიტიას პროტოტიპი ჯერ არ გამოჩენილა, მაგრამ „ყოლიფერჩიკი" და ყველაფრის ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც „შემშინებლად" ნამდვილად ვერ გამოდგება და ამჯერად „უპატრონოდ" გახლავთ დარჩენილი, კიკილოს აშკრად მაგონებს!
მამუკას ხბორების მსგავსად, ეს მართლაც კიკილო-ხუხაშვილიც გამოხტა და ამოიკნავლა - „თიბისი ბანკი" საქართველოში ერთ-ერთი მაღალი რეპუტაციის საფინანსო ინსტიტუტია და მასზე რეპუტაციის შემლახველი თავდასხმები სხვა ინვესტორებისთვისაც ცუდი მესიჯიაო!
კიკილო, რომელ თამაშს თამაშობ ახლა და რამდენი მილიონი გინდა?
ბიძინა ივანიშვილთან წყალი აგემღვრა, ღარიბაშვილმა არ გაგიკარა, მარგველაშვილი თვითონ არის ვიღაც-ვიღაცებს ატორღიალებული და შენ არ აგიტორღიალებს... დაგრჩა ხაზარაძე, მაგრამ ვაგლახ, რომ აქაც დაგაგვიანდა, რადგან მამუკას თავისი ხბორები - „შაშა" და „ვასილ ივანიჩი" უკვე დაქირავებული ჰყავს და შენ არ სჭირდები!
დიტო ჩუბინიძე
გაზეთი „ასავალ-დასავალი"