reportiori.ge - სკანდალური ინტერვიუ ინტერპოლით ძებნილ ლევან მამალაძესთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 19:57
ინტერვიუ
სკანდალური ინტერვიუ ინტერპოლით ძებნილ ლევან მამალაძესთან
ავტორი:
20 აპრილი, 2015. 17:33


საერთაშორისო მაწანწალა მიხეილ სააკაშვილი უკვე მერამდენედ აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნებას გეგმავს, ოღონდ არა როგორც პრეზიდენტი. ამჯერად, ეს განცხადება, ექსპრეზიდენტმა ინტერნეტგამოცემა „სნობ"-თან ინტერვიუში გააკეთა.


ერთი რამ ფაქტია, სააკაშვილი მანამ არ მოისვენებს, სანამ საქართველოში სისხლიან კალოს არ დაატრიალებს და ამის ხელშემწყობი, სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება იქნება, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ხვდება ქვეყანას მართავს თუ „კანტორას". თავისთავად ის ფაქტი, რომ სააკაშვილის 9-წლიანი ავტორიტარულკრიმინალური რეჟიმის მთავარი არქიტექტორი, ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლმა ძებნილთა სიიდან ამოიღო, ნიშნავს, რომ ძალა მათ მხარესაა და ხელისუფლება მათ განიარაღებას ვერ ახერხებს. ინტერპოლის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის სილის გარტყმაა, ამის შემდეგ, ნამდვილად არ გამიკვირდება, თუკი ზურაბ ადეიშვილი, კიევში, სასტუმრო „შერატონში" დანაქადებს აასრულებს და მთელ საქართველოს ციხეებში ამოალპობს!


შევარდნაძის მთავრობის ყოფილი წევრი და ქვემო ქართლის ექსგუბერნატორი, ინტერპოლით ძებნილი ლევან მამალაძე, გადაცემა „რეაქციაში" სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებას აანონსებს. ეს ყველაფერი უკვე დამღლელია, თუმცა „მგელი მოდის" ძახილმა, შესაძლოა, ერთ დღეს მგელი მართლაც მოიყვანოს. „მიხეილ სააკაშვილმა 21 მარტს სერიოზული შეთქმულება ვერ მოახერხა, მაგრამ მაისში გარკვეული აქტივობების განხორციელებას ისევ აპირებს", - აცხადებს ლევან მამალაძე. მაშ ასე, რა ინფორმაცია აქვს მამალაძეს და რა ფაქტებზე დაყრდნობით ამბობს, რომ სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს და მასზე უამრავი ინფორმაცია გააჩნია, რაც არსად თქმულა და დაწერილა.


„კვირის ქრონიკა" დეტალების გასარკვევად, „წითელი ცირკულარით" ძებნილ ლევან მამალაძეს დაუკავშირდა:


- ბატონო ლევან, გადაცემა „რეაქციაში" დააანონსეთ, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობთ, მიხეილ სააკაშვილის ანტისახელმწიფოებრივი გეგმების შესახებ. 21 მარტს „ნაციონალები" ჩაფლავდნენ, რა შეიცვალა მათ გეგმებში?


- სააკაშვილმა ღიად განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნებას რევანშის გზით აპირებს. 21 მარტის აქციისთვის მას 50 ათასი კაცი სჭირდებოდა, რომ შეთქმულების გეგმა განეხორციელებინა და ხელისუფლება დაემხო. დიდი თანხა დახარჯა, მაგრამ 10 ათას კაცზე მეტი ვერ მოაგროვა. ამის გამო შეთქმულების მონაწილენი დაფრთხნენ და შედგენილი გეგმა ამჯერად ვერ განხორციელდა. ამან მიშა ისტერიკაში ჩააგდო და ერთი კვირა ბრიტანეთის წამყვან კლინიკაში მკურნალობდა.

 

- თქვენ განაცხადეთ, რომ რევანშის გეგმა მაისში ამუშავდება, როგორ შეიძლება სააკაშვილმა ხელისუფლების დამხობის სცენარი განახორციელოს?


- სააკაშვილი ისეთ ფსიქოტიპს განეკუთვნება, რომელსაც სამშობლო არ სჭირდება, ეს მისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია. მთავარია, პოზიციები აღიდგინოს, სკამი დაიბრუნოს. ამისთვის მოამზადა მიშამ შეთქმულების გეგმა. მას ქუჩაში დიდი მასის გამოყვანა სურს, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ბლოკირება გააკეთოს, ამას სააკაშვილის ტელევიზიები და გაზეთები ხალხის ამბოხის სახელით გააპიარებს. სოციალური და ეკონომიკური ლოზუნგებით „ხალხს" წარმართავენ ხელისუფლების დასამხობად. მათთან დაახლოებული ოპოზიციური პარტიები ამ მოძრაობის ავანგარდში მოექცევიან. მიშისტები ყველა სახელმწიფო და ადგილობრივ სტრუქტურაში დღესაც ჭარბად არიან და გემახსოვრებათ, როგორც ადრე იყო, ესა თუ ის სამინისტრო, რაიონი, პოლიციის განყოფილება და სხვა შეუერთდება აქციას. დეპუტატებისა და ჩინოვნიკების განდგომა ხელისუფლებისგან მასობრივი გახდება. არმია გამოაცხადებს, რომ ხალხთან დგას და ასე შემდეგ. სისტემური კოლაფსი ხელისუფლების შლას გამოიწვევს, ასე გააკეთა მიშამ 2003 წელს. მერე გამოვა „ხალხის რჩეული" პრეზიდენტი და დაამტკიცებს დროებით ტექნიკურ მთავრობას. მიშა-მიშას ძახილი კიევამდე ჩააღწევს, ასე „ტრიუმფით" უნდა სააკაშვილს დაბრუნება. მერე კი თავისი მოწინააღმდეგეების სისხლში ჩაახშობს მთელ ქვეყანას. რაც მარტში ვერ გააკეთა, მაისისთვის გეგმავს.


- ბატონო ლევან, დავაკონკრეტოთ, თქვენ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სააკაშვილს გეგმის განხორციელებაში დაეხმარება?


- თვალნათლივ ჩანს, მარგველაშვილმა რა არჩევანიც გააკეთა. ხალხმა ხმა ბიძინა ივანიშვილს მისცა და გიორგი მარგველაშვილი ასე გახდა პრეზიდენტი. სააკაშვილის პარტიის ლიდერები, მარგველაშვილის ბავშვობის მეგობრები არიან. მარგველაშვილი კიევში სააკაშვილსაც შეხვდა ფარულად. მიშას 50 ათასი კაცი რომ შეეკრიბა, ყველა დაინახავდა, მარგველაშვილი სადაც დადგებოდა. ვინც პრეზიდენტად დასვა, იმას განუდგა და მისგან სხვას რას უნდა ველოდოთ.

 

- თქვენი ინფორმაციით, რა ხდება პოროშენკოს მრჩევლის, მიხეილ სააკაშვილის თავს, რატომ აბრალებენ მას რადას ყოფილი დეპუტატის მიხაილ ჩეჩეტოვის თვითმკვლელობამდე მიყვანას, ადამიანების გაქრობას, დასაჭერთა „შავ სიას" და ყველა უბედურებას?


- უკრაინაში სააკაშვილს მერკანტილური ინტერესები ამოძრავებს და პრეზიდენტ პოროშენკოს თანაშემწის ფუნქციას ასრულებს. მიშას ევროპისა და განსაკუთრებით აშშ-ს უწყებებთან ნაცნობობა აქვს და პოროშენკოს დავალებით გაუთავებლად იქ რეკავს. დასაჭერთა სიაში მიშამ უკრაინელი ოლიგარქების, ახმეტოვისა და კოლომოისკის ხალხი შეიყვანა ფულის გამოძალვის მიზნით. უკრაინის ქონების მართვის ყოფილი მინისტრის თვითმკვლელობას ამ საკითხს უკავშირებენ. ოლიგარქებმა პრობლემები პირდაპირ პოროშენკოსთან მოაგვარეს და მიშას არაფერი მისცეს. ამის შემდეგ დასჯერდა უფრო წვრილ ჩინოვნიკებს, რეგიონებში პროკურორებისა და პოლიციელების დაკავების შოუ მოაწყვეს. იქ ისეთი ამბები ხდება, რომ „ნაციონალები" უკრაინელებს მართლა ვერ გამოასწრებენ.


- უკრაინულ მედიაში გაჩნდა შოკისმომგვრელი ინფორმაცია, „ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა უკრაინაში სააკაშვილის საოჯახო ბიზნესი გახდა". ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო პორტალი „სლოვო.ნეტ"-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა დაარწმუნა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი მუჟენკო ტრანსპლანტატოლოგიის წარმოდგენილი სქემის ეფექტურობაში, რაზედაც პოროშენკოს თანხმობაც მიიღო. გამოცემა სქემაზეც წერს: „დაჭრილი და ახლად მოკლული ჯარისკაცები ანტიტერორისტული ოპერაციის ზონიდან გამოჰყავთ საქართველოდან ჩასულ სამხედროებსა და ექიმებს, რომლებიც სააკაშვილმა ასეულობით ჩაიყვანა სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად და დაჭრილ ჯარისკაცებს ათავსებენ სპეციალიზებულ ტრანსპორტში, რომლებშიც ევროპელი ექიმების მიერ მომზადებული ექიმები გზაშივე სხეულიდან უღებენ ორგანოებს, უფრო რთულ ოპერაციებს ხარკოვსა და დნეპროპეტროვსკში განლაგებულ სტაციონარულ პუნქტებში აწარმოებენ". ეს ინფორმაცია რეალურია?


- ამის შესახებ უკრაინაში აქტიურად საუბრობენ. ექსპერტები ადამიანის ორგანოებით ვაჭრობას ყველაზე სარფიან ბიზნესად მიიჩნევენ, რომელიც მოგებით ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობასაც კი უსწრებს. სააკაშვილს ამისთვის უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი კვიტაშვილი ჰყავს, ასევე, საქართველოდან ჩაყვანილი სამხედროები და ამ ბინძური ბიზნესის ორგანიზება არ გაუჭირდებოდა. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, შარშან დონბასში იალავაისკის ალყაში და წელს თებერვალში უკრაინის არმიის მიერ დებალცევოს დატოვებისას ათეულობით ადამიანის გაფატრული სხეული იპოვეს, ორგანოების გარეშე!!! 232 მეომარი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა!


- უკრაინაში იარაღის კონტრაბანდასთან დააკავშირეთ მიხეილ სააკაშვილი, რა ფაქტები გაქვთ ამის შესახებ?


- სააკაშვილი უკრაინაში ამერიკული იარაღის შეტანის მთავარი ლობისტია. შეწუხებული ჰყავს ამერიკელი ჩინოვნიკები. ასეული მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო ტექნიკის მიწოდება, კერძო კომპანიების მეშვეობით იგეგმება, სადაც მიშა არააფილირებული დამფუძნებელია. ამიტომ ეწევა საომარი მოქმედებების განახლების პროპაგანდას. უკრაინის ბედი მაგას არ აინტერესებს, შეგახსენებთ, აღმოსავლეთ უკრაინაში ომმა უკვე 6 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მშვიდობა სააკაშვილისთვის დამღუპველია, მისი საჭიროება დაიკარგება და გამოაბუნძულებენ უკრაინიდან. სამთავრობო კულუარებში ე.წ. „ქართული დესანტის" მოშორებაზე უკვე აქტიურად მსჯელობენ.

 

- ბესიკ ხარძიანის მკვლელობის შემდეგ, თქვენ განაცხადეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი თქვენს ლიკვიდაციას გეგმავს, თუკი ეს მართლაც რეალობაა, თქვენამდე ეს ინფორმაცია როგორ მოვიდა?


- მე 11 წელი უკრაინაში ვიცხოვრე და იქაური ვითარება დაზუსტებით ვიცი. უამრავი ნაცნობი მყავს სახელისუფლებო იერარქიაში. ახლა როცა სამშობლოში ჩემი დაბრუნების რეალური სამართლებრივი გზა გამოიკვეთა, სააკაშვილმა ცოფები ყარა. მომაშორეთ მამალაძეო, გაჰკიოდა. სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ჩემი ახლობლების მოკვლა, პოლიტიკური რეპრესიები, ძალადობა და ჩემი ოჯახის დევნა არ შერჩება. ვთქვი და ვადასტურებ, დიახ, სააკაშვილმა კიევიდან ჩემი მოკვლაც დაგეგმა! 2004 წლის იანვარში შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა გია ბარამიძემ პირდაპირ მითხრა, - არ ჩამოხვიდე, მიშას შენი მოკვლა უნდაო. სააკაშვილის რეპრესიებს ჩემი ოჯახის 5 წევრი შეეწირა. უკრაინაში სააკაშვილთან დაახლოებული პირები იმასაც მეუბნებიან, რომ მიშა „ქილერის" შერჩევის პროცესშია, პრობლემა ჩემი ადგილსამყოფლის დადგენა ყოფილა...


- საქართველოში პოლიტიკური მკვლელობები გახშირდა, ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს ერთი კონკრეტული დაჯგუფება გეგმავს და ახორციელებს? თქვენი აზრით, ვისთან მიდის კვალი და რა არის ამ მკვლელობების მიზანი?

 

- მიშას ხალხი სამართალდამცავ უწყებებში მრავლადაა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაული დამალონ. ამის გამო სამართლიანობის აღდგენას ადამიანები თვითონ ცდილობენ. დააკვირდით, იური ვაზაგაშვილმა თვითონ გამოიძია და დაადგინა შვილის მკვლელები, ასევე, ბესიკ ხარძიანმა ჩამორთმეული ქონების დაბრუნება რეალობად აქცია და მოძალადენი გამოააშკარავა. ორივე მოკლეს. გამოდის, რომ მას, ვინც სამართლიანობისთვის იბრძვის და დამნაშავეებს ასახელებს, კლავენ. ყველა კვალი მიშასთან მიდის, რადგანაც აღნიშნულ საქმეებში სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის შემსრულებლები დაფიქსირდნენ. ჩემი საქმის გამოძიებაც ჩვენ განვახორციელეთ და იგივე შედეგამდე მივედით. პოლიტიკური მკვლელობების მიზანი საზოგადოების დაშინებაა, რომ სამართლიანობა არ აღდგეს და სააკაშვილის ჯალათებმა პასუხი არ აგონ. ხელისუფლებას მეტი აქტიურობა მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება პასუხისმგებლობას მათ მოსთხოვს.


- ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნისას სამთავრობო ტრიბუნიდან სააკაშვილი ამხილეთ კორუფციაში და იგივე ბრალი წაგიყენათ მისმა რეჟიმმა, მორალურად და ფიზიკურად გაანადგურა თქვენი ოჯახი, ადასტურებთ ინფორმაციას, რომ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი ნაცემი გყავთ და ეს გახდა საბაბი, რომ თქვენი დაუძინებელი მტერი გამხდარიყო?


- სააკაშვილი სულ საცემია, მაგის შემთხვევებიც იყო, მაგრამ მიშა  სამკურნალოა, პირველ რიგში... მე საზოგადოებას ეს ყველაფერი მრავალჯერ ვუთხარი, ფსიქიკურად შევამოწმოთ-მეთქი, მაგრამ არავინ დაიჯერა მაშინ. ხომ გახსოვთ, სამჯერ გამექცა მიშა პირდაპირი ეთერიდან... მიშას რეპრესიებს, მამაჩემისა და ჩემი ბიძების სიცოცხლე შეეწირა.


- არჩილ კბილაშვილი თქვენი ადვოკატი იყო და რატომ ვერ მოხერხდა მისი პროკურორობის დროს, ქვეყანაში თქვენი დაბრუნება?


- სამწუხაროდ, კბილაშვილი პროკურატურაში მომუშავე მიშას „ზონდერების" ზეგავლენის ქვეშ მოექცა და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა შეაფერხა. მაგას ჩემი საქმე რომ გადაესინჯა, ვისაც დაეყრდნო, ისინი უნდა დაეჭირა. მერე ნახავდით, რა ამბავს ატეხდა სააკაშვილი. ასე შემოდეს ჩემი საქმე თაროზე.


- თქვენ განაცხადეთ, რომ პოლიტდევნილთა სიიდან თინა ხიდაშელმა მოგიღოთ, რატომ არის თინა ხიდაშელი თქვენი დაბრუნების წინააღმდეგი?


- ქალბატონ ხიდაშელს მტრად ნამდვილად არ ვთვლი. თვითონ დააყენა თავი კანონზე მაღლა და პოლიტდევნილებისა და პოლიტპატიმართა სიიდან ამომიღო 2012 წლის ნოემბერში. ხიდაშელი სააკაშვილს ხელისუფლების ხელში ჩაგდებას „უპრავებდა". მიშამ მაგას დაავალა რომ, 2003 წლის პარლამენტის არჩევნებში არ გამემარჯვა. მე ბოლნისის რაიონში დიდ მხარდაჭერა მქონდა, ხიდაშელი ყველგან ჩიოდა, მაგრამ დიდი უპირატესობით გავხდი პარლამენტის წევრი. სააკაშვილმა 23 ნოემბერს ხელისუფლება ხელში რომ ჩაიგდო, ხიდაშელი ცესკოსა და უზენაეს სასამართლოს კურირებდა, იქიდან ხალხი გაყარეს და დეპუტატობა უკანონოდ ჩამომართვეს. გემახსოვრებათ, თავს როგორ იწონებდნენ მიშას თამადობით, პარლამენტში რომ არ მოვხვდი. შინაარსით ხიდაშელ-უსუფაშვილი დღესაც სააკაშვილის მხარდამჭერები არიან.


- თქვენ განაცხადეთ, თუკი საქართველოში ჩამოვალ, ეს ნიშნავს რომ სააკაშვილს სასამართლო არ ასცდებაო. რა ფაქტი გაქვთ ასეთი, რაც სააკაშვილს სასამართლოს გზას გაუყენებს?


- მე უკვე ვთქვი, რომ ჩემი საქმე ჩვენვე გამოვიძიეთ და ამ დღეებში განმეორებით შევა პროკურატურაში. ახლა გამოჩნდება, რამდენად მზად არის პროკურატურა, საქმე აღძრას იმ პროკურორების წინააღმდეგ, ვინც დანაშაული ჩაიდინეს. შემდეგ სასამართლო გაიმართება. ფაქტობრივად, ეს იქნება სააკაშვილის გასამართლება. ახლა შეგნებულად არ ვასახელებ გვარებს.

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016