reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: „მართლა ცუდად გავხდი! - რა სკანდალური ფაქტების შემსწრე გახდა უფლებადამცველი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 19:50
ინტერვიუ
ნიკოლოზ მჟავანაძე: „მართლა ცუდად გავხდი! - რა სკანდალური ფაქტების შემსწრე გახდა უფლებადამცველი?
ავტორი:
20 აპრილი, 2015. 17:46


ინგა გრიგოლიას შოუებს მოულოდნელი ეფექტები არ აკლია, მაგრამ იმან, რასაც 17 აპრილს საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ვუყურეთ, ყველაფერს გადააჭარბა: ბედმა „ზონდერი" და მსხვერპლი ერთ სტუდიაში შეჰყარა!


მოკლედ, რა ხდებოდა „კულისებს მიღმა" გადაცემის სარეკლამო ჭრის დროს, ამას გვიამბობს თვითმხილველი, „უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელსაც „ზონდერი" ლაშა ცანავა (ის 2009 წლის მაისის დარბევაში აქტიურად მონაწილეობდა, მერე კი რატომღაც „ქართულ ოცნებაში" მოხვდა, თანამდებობაც დაიკავა, ორიოდე დღის წინ კი „უსამართლობას" წააწყდა და პარტიიდან წავიდა) გვერდით ეჯდა.


- ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რაც ინგა გრიგოლიას გადაცემის დროს მოხდა, შოკირებული აღმოვჩნდი, რომ ჩემ გვერდით იჯდა ლაშა ცანავა, რომელიც, ირაკლი კორძაიას განცხადებით, უშუალოდ მონაწილეობდა 2009 წლის 15 მაისის დარბევაში, სადაც გიორგი ჩითარიშვილი სასტიკად იცემა. ეს გიორგი ფიზიკურად კი არის სუსტი, მაგრამ ძალიან აქტიური იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს და არ ეშინოდა, ისე გამოდიოდა რეჟიმის წინააღმდეგ. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ ვუყურებდი ამ ცანავას, რომელსაც ასეთი ქმედება აქვს ჩადენილი და ის კიდევ გამოდის და აცხადებს, ჩემზე რეპრესიებს ახორცილებს პროკურატურაო. შეიძლება ცანავამ თქვას, დავალებას ვასრულებდიო, მაგრამ უკანონო დავალების შესრულება არ არის დანაშაული? თან ეს ადამიანი, როგორც გავრცელებული ფოტოდან გამოჩნდა, იყო არა პოლიციელის ფორმით, არამედ ჯინსით და მაისურით და ესეც, ალბათ, სპეციალურად გაკეთდა, რომ თვითონ იმ აქციის მონაწილეთა დაბნევა მომხდარიყო.


- ვინ მოიყვანა ეს ადამიანები, როგორ მოვიდნენ სტუდიაში?

 

- ეს ადამიანები ორი „მარშრუტკით" მოიყვანა „ნაციონალმა" მეგი გოცირიძემ, რომელმაც მერე სასწაული განცხადებები აკეთა ღია ეთერში. ჩემი დაკვირვებით, ესენი იყვნენ იმისთვის მოსულები სტუდიაში და ზუსტი გეგმა ის ჰქონდათ, რომ გალახულიყვნენ!


- გალახულიყვნენ დარბაზში?

 

- კი! რა განცხადებებსაც ესენი იქ აკეთებდნენ, მაგის მანიშნებელია! როდესაც ირაკლი კორძაიამ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ეს ცანავა იყო დამრბეველი და მივხვდი, რომ ამ „ზონდერის" გვერდით ვიჯექი, მართლა ცუდად გავხდი! ერთი პირობა გადავწყვიტე, ავმდგარიყავი და გადაცემიდან გავსულიყავი, მაგრამ მე არ შემიძლია, ვინმეს მიკროფონი გამოვგლიჯო ხელიდან და ჩავშალო გადაცემა, მაგრამ მოვამზადე სიტყვა, რაც უნდა მეთქვა, როცა ჩემი ჯერი მოვიდოდა, მაგრამ ისეთ ტემპში მიდიოდა გადაცემა, რომ ეს ვერ მოხერხდა. ამ ცანავას მარცხნივ ვინც იჯდა და ვინც ბევრს ლაპარაკობდა, როგორც მითხრეს, კუპრავა არისო გვარად და ისიც „ზონდერიაო" და ამ ადამიანებმა, სანამ გადაცემა დაიწყებოდა, ყურადღება მიიქციეს, რადგანაც ლაპარაკობდნენ იმ სქემაზე, რა შეძახილები უნდა დაეწყოთ და როგორ უნდა გამოსულიყვნენ და, უნდა გითხრათ, რომ მათ გარდა, გარეთ კიდევ ორი „მარშრუტკა" „ნაციონალები" იყვნენ მობილიზებულები, რომ, რამე თუ მოხდებოდა, სავარაუდოდ, უნდა მიხმარებოდნენ. რომ ვამბობ, ამ ადამიანებს ფულს უხდიან-მეთქი, ტყუილად კი არ ვამბობ? ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ, დარბაზში მყოფებს უნდოდათ პროვოკაციის აწევა! ადამიანს რომ ეტყვი: აბა, მითხარი, შენ, პირადად, გაუპატიურებული ხარ თუ არაო, ჩემ უკან მჯდომ ახალგაზრდა კაცს რომ ეუბნებოდნენ, ამაზე დიდი შეურაცხყოფა შეიძლება, კაცს უთხრა? ეს ხომ დედის გინებაზე მეტია? ამიტომ ვამბობ, რომ მიზანი არის ერთი - გალახულიყვნენ,  რადგანაც პროკურატურაში გიორგი ჩითარიშვილს (რომელიც მას შემდეგ, რაც „რეაქციის" სტუდიაში ლაშა ცანავა იხილეს, სასწრაფო წესით მივიდა სტუდიაში და დაადასტურა, რომ სკანდალურ ფოტოზე სწორედ მას ურტყამს გამეტებით ლაშა ცანავა. - თ.ო.) უკვე შეტანილი აქვს განცხადება და ამ „ზონდერებს" არ ასცდებათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და ინციდენტს კი დააბრალებდნენ იმას, რომ აი, ჩვენზე პოლიტიკური რეპრესიები ხორციელდება და აგერ, გაგვლახეს სტუდიაშიო.


- კი, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ არა მარტო ლაშა ცანავაა დასაკითხი, ასევე, საინტერესოა, ის ადამიანიც დაიკითხოს, ვინც ცანავას რეკომენდაცია მისცა „ოცნებაში" მოსახვედრად!


- ეს ნამდვილად გასარკვევია, ცანავა როგორ მოხვდა „ქართულ ოცნებაში" და ეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, მაგრამ ამ კაცს შემდგომში დატოვებინეს პარტია და ეტყობა, რეაგირება მოხდა, რადგანაც მას სუფთა წარსული არ ჰქონდა, მაგრამ ეს კაცი რომ ასე თავისუფლად დაიარება გარეთ და პასუხისგებაში ჯერ კიდევ არ არის მიცემული, ეს ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს. აგერ, ვიხილეთ ყველამ ფოტო, წაქცეულ ადამიანს როგორ ურტყამენ უმოწყალოდ და ისე დააზიანეს, რომ გიორგი დღესაც მკურნალობს. სხვათა შორის, სტუდიაში შემოვიდნენ დაჩი ცაგურია, რომელიც რატომღაც არ გამოჩენილა ეკრანზე, ჩითარიშვილი და მესხი.


- გასაგებია, მაგრამ სარეკლამო ჭრის დროს რა ხდებოდა სტუდიაში?


- ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო დარბაზში, მეორე ბლოკი რომ მორჩა, სტუდია დაცალეს, ჩემი აზრით, ამით უკიდურესად დაძაბული სიტუაცია განმუხტეს და განარიდეს ერთმანეთს ეს ხალხი, რადგანაც ხდება წარმოუდგენელი რამ: მცემელი და ნაცემი ერთად არიან დარბაზში და აქციას ვინც არბევდა და ჯანმრთელობას ვინც უმახინჯებდა ხალხს, ის აღმოჩნდა პირისპირ მსხვერპლთან! ანუ ორი დაპირისპირებული მხარე იყო დარბაზში და, რადგანაც კაცმა არ იცის, იქ რა მოხდებოდა, ამიტომ მოხდა ამ ჯგუფების დაშლა.


- დაცვა გაძლიერდა?

 

- რა თქმა უნდა! დაცვამ ამ ცანავას და ამ კუპრავას დაატოვებინა დარბაზი და ცდილობდა, დაეცვა ისინი დარბაზისგან წამოსული აგრესიისგან, რადგანაც გარშემო სულ გაისმოდა შეძახილები და ყვირილი! მეც მივმართე ცანავას, რომ, თუ ასეთ რამეს სჩადიოდი, სამართლიანობაზე როგორ ლაპარაკობმეთქი. გარდა ამისა, იმაზეც უნდა ვთქვა, რომ სტუდიაში, ცალკე მაგიდასთან რომ იჯდა ისა... „კარალევა მარგო"...


- მეგი გოცირიძეა მარგო?


- არა, კაცო, გოცირიძე კი არა, წითელპომადიანი ქალი, აი, ყველაფრის მცოდნე...


- ნათია მეგრელიშვილი!

 

- ხო, ეს მეგრელიშვილი, რომელიც ხატოვნად და გამოთქმით რაღაც სისულელეებს ამბობდა, მოთხრობები წავიკითხოთ და შევრიგდეთო, ესენი ერთად იყვნენ, მეგრელიშვილი კი ამბობს, არც ერთი პარტიის წევრი არ ვარო, მაგრამ იყო მეგი გოცირიძესთან შერწყმული და ეგეც მაგათთან ერთად მოვიდა და, რაც ჩემი თვალით ვნახე, მათ შორის კარგი და ახლობლური ურთიერთობაა.  სხვათა შორის, ეს მეგი გოცირიძე აძლევდა ინსტრუქციას ამ „ზონდერებს", როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.


- ისე, ეს მეგი გოცირიძე ხშირად უნდა ატარონ ასეთ გადაცემებზე! ეს ქალი იქიდან მახსოვს, რომ მისი პარლამენტარობის დროს ერთხელ ჰკითხეს, რა გაქვთ ამ ბოლო დროს წაკითხულიო და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ უპასუხა, „სამი მუშკეტერიო". ამ ქალმა გრიგოლიასთან გააკეთა ფანტასტიკური განცხადება: ნაციონალებმა მუშაობა იცოდნენ: ცრუ მოწმეებს ატარებდნენ სასამართლოზე და თქვენ ეგეც არ შეგიძლიათო!


- ეგ ფრაზა საერთოდ გადის ფანტასტიკის სფეროდან! ეს იყო შესანიშნავი თვითაღიარება და თან ისეთი, რომ ვერც ინატრებდა ვინმე, რაც მაგათ „პროფესიონალიზმზე" მიუთითებს! ისევ მათი ლაპარაკიდან დამტკიცდა, რაზე იყო აგებული „ნაციონალური მოძრაობა". მეგი იყო პარლამენტის დეპუტატი და არ იყო რიგითი ნაციონალი, გოცირიძე იყო ბევრი საქმის კურსში, რა ხდებოდა. ასევე, ამ ადამიანს უშუალო ურთიერთობა აქვს მიხეილ სააკაშვილთან და ამიტომ მან კარგად იცის, როგორ იკერებოდა საქმეები. ხოდა, პარასკევს მთელმა საქართველომ იხილა აღიარებითი ჩვენება, სინამდვილეში რაც ხდებოდა ყოფილ სახელისუფლებო გუნდსა და მმართველი პარტიაში!

 

_ მე ერთი რამ მეჩოთირა: როცა წამყვანმა ბოდიში მოუხადა „ზონდერს", „უკაცრავად, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენეთო"!

 

- ინგა ნამდვილად არ იყო საქმის კურსში, თუ ეს ამბავი ასე შემოტრიალდებოდა და უნდა გენახათ ის ცანავა რა დღეში აღმოჩნდა! კრუნჩხვა დაემართა პირდაპირ ეთერში და ლამის ტირილი დაიწყო, ხომ ვხედავდი, კაცო, ჩემ გვერდით იჯდა და, ეტყობა, ინგას ადამიანურმა ინსტინქტმა უკარნახა ეს სიტყვები, რადგანაც დაინახა, რომ ცანავა გაფუჭდა საბოლოოდ: ხვალ თუ ზეგ ციხეში უნდა წავიდეს არა მარტო ცანავა, არამედ ისიც, ვინც მაშინ ის ბრძანება გასცა, რის გამოც ასე უმოწყალოდ იცემა ხალხი!


- საბოლოოდ, ეს მხარეები მშვიდად დაშორდნენ ერთმანეთს? ცემატყეპა არ ატეხილა?

 

- მე იქ ჩხუბი არ მინახავს, ბოლო გამოვედი, რადგანაც დარბაზში ჩემი მეგობრები დავინახე და იმათთან შევჩერდი ცოტა ხანს. მერე როგორც მითხრეს, დაცვამ იზრუნა, რომ ორივე ჯგუფი მშვიდობიანად გასულიყო „იმედის" ეზოდან.


ინტერვიუს შემდეგ კომენტარისთვის „ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს ნონა ყანდიაშვილს დავუკავშირდით კითხვით: ვინ გაუწია რეკომენდაცია ლაშა ცანავას „ქართულ ოცნებაში?"


- ლაშა ცანავა ჩვენი პარტიის წევრი არ გახლავთ, მიზეზი რა იყო, ახლა ჯერ არ ვიცი, მაგრამ ასპროცენტიანი გარანტიით ვამბობ, რომ დაწერილი აქვს განცხადებაც და შევსებული აქვს ანკეტაც, მაგრამ „ოცნების" წევრი ეგ არ ყოფილა!


„ოცნებაააააა", დაკვალიანდი! აბა, საიდან გარიცხეს ეს კაცი?

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016