გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ელგუჯა გიორგაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაკავებული ოთახები დღეს კანონიერ მფლობელს - გურჯაანის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა"
„გურჯაანში „ნაციონალებს" ეს ორი ოთახი 9 წელი ჰქონდათ დაკავებული და საერთოდ არ იხდიდნენ გადასახადს. ჩვენ მათ გაფრთხილება რამდენჯერმე მივეცით, რომ ეს ოთახები დაეცალათ, რადგან მუნიციპალიტეტი თავად სივიწროვეს განიცდის, თანამშრომლებს ოთახები არ ჰყოფნით, თუმცა ფართს არ ცლიდნენ. დღეს უკვე დავაცლევინეთ და ოთახები მეპატრონეს, ანუ მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა. რა თქმა უნდა, პროვოკაციაზე წამოვიდნენ, მაგრამ იქ სიტუაცია გავანეიტრალეთ და არავითარი საგანგაშო ინციდენტი არ მომხდარა. პოლიციამ და ჩვენმა სამსახურებმა მონაწილეობა მიიღეს, რომ რაიმე ინციდენტი არ მომხდარიყო", - განაცხადა გიორგაძემ.
ამასთან, გამგებლის მოადგილემ აღნიშნა, რომ იგი მომავალში მსგავს ინციდენტებს არ ელის.
გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „ნაციონალები" კახეთში შენობების პიკეტირებას აპირებენ და პროვოკაციებში მოსახლეობის ჩართვაც აქვთ გეგმაში, გიორგაძემ აღნიშნა, რომ „ისინი ამას ვერ შეძლებენ იმიტომ, რომ მათ მოსახლეობა არავითარ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერს".
დღეს გურჯაანში ინციდენტი მოხდა. გურჯაანის მაჟორიტარ-დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილის სამუშაო ოთახში, ასევე კაბინეტის გარეთ მობილიზებული იყო როგორც პოლიცია, ასევე გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები. ისინი ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდნენ „ნაციონალური მოძრაობის" წევრების გარეთ გამოყვანას. გამგეობის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ოპოზიციონერების მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფას, გინებას, იყო კვერცხების სროლაც. რამდენჯერმე იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც. გარეთ მყოფები „ნაციონალებს" ხმაურიანი შეძახილებით მოუწოდებდნენ, რომ დაეტოვებინათ შენობა და აცხადებდნენ, რომ მათ კაბინეტი არაკანონიერად აქვთ დაკავებული.
„დამოკრატიული მოძრაობის" კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვალერი შოშიაშვილი აცხადებს, რომ კახეთში „ნაციონალური მოძრაობა" სერიოზული პროვოკაციების მოწყობას აპირებს, რაც რაიონებში გამგეობების პიკეტირებით გამოიხატება. მისივე თქმით, ასევე, ისინი აპირებენ ამაში რაიონის მოსახლეობა ჩართონ.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)