საქართველოდან მებრძოლი მოხალისეების გაყვანაში 3 ჯგუფია ჩართული
პანკისის ხეობა ხელისუფლების თავის ტკივილი გახდა. ახლო აღმოსავლეთში სისხლისღვრის შეჩერება შეუძლებელი ხდება, ტერორისტები ანადგურებენ ყველასა და ყველაფერს. მათი სამიზნე ქრისტიანები არიან. ისლამური ხალიფატის საფრთხის წინაშე დგას კავკასია და საქართველო, როგორც სატრანზიტო დერეფანი. უფრო კონკრეტულად, რა საფრთხე გვიახლოვდება და რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ?
„ალიას“ კითხვებს პასუხობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია:
– ბატონო ვახტანგ, დღეს რატომ გახდა ასეთი აქტუალური პანკისის ხეობის პრობლემა მაშინ, როცა ექსპერტები ბოლო ერთი წელია გაიძახით, პანკისი ხელისუფლების თავის ტკივილი გახდება, იქ ისლამური ხალიფატი გააქტიურდა და სანამ ცეცხლი არ დაენთება, მიხედეთო... სპეცსამსახურებმა მხოლოდ ახლა, პანკისიდან არასრულწლოვნების გაყვანის შემდეგ გამოიღვიძეს, რატომ?
– ჩვენს ხელისუფლებას ამ პრობლემისთვის თუნდაც გასული წლის ნოემბერში რომ მიექცია ყურადღება, როდესაც ამ საკითხზე „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში“ სპეციალური მოხსენებაც კი გავაკეთე, სადაც პროგნოზიც გაკეთდა, რომ ეს საფრთხე სულ რამდენიმე თვეში წინ დაგვხვდებოდა, ამის გარდა, სამოქმედო გეგმაც კი შევთავაზე ხელისუფლებას, რა უნდა გაეკეთებინა... ჩემ გარდა, ამ თემაზე აქტიურად საუბრობდა ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე და სხვები, მაგრამ სანამ ურემი არ გადაბრუნდა, მანამ გზა არ გამოჩნდა. 2015 წლის დადგომისთანავე სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ისლამურმა ხალიფატმა მიიღო ორგანიზებული სახელმწიფო გაერთიანების იერსახე. სამი კვირის წინ ისლამური ხალიფატის ყველაზე მაღალი დონის წარმომადგენელმა შეიხ ალ ადნანიმ ოფიციალურ მიმართვაში დააფიქსირა, რომ კავკასია არის ისლამური ხალიფატის მთავარი დარტყმის ობიექტი და სასიცოცხლო ინტერესის სფერო. გასული წლის დეკემბერში, ჩვენთვის ცნობილმა ახმეტ ჩატაევმა, ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამისტურ დაჯგუფებას მოუწოდა, გადასულიყვნენ ისლამური ხალიფატის დაქვემდებარების ქვეშ. ისლამურ ხალიფატში მესამე დონის წარმომადგენლის თამაზ ჭაღლიძის მუქარას შეგახსენებთ, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა, ყველა ერთი და იგივე ტექსტით ლაპარაკობს, რომ კავკასია და საქართველო, როგორც მთავარი ქვაკუთხედი ქვეყანა, არის დარტყმის სამიზნე. ჩვენ ვხედავთ, როგორ ხორციელდება პანკისიდან ახალგაზრდების ექსპორტი, პანკისი ჩანს, თორემ აჭარიდან და სხვა რეგიონებიდანაც ხდება ახალგაზრდების გადინება, ისინი მიჰყვათ საღვთო ომში, იგივე ჯიჰადისთვის ახლო აღმოსავლეთში, დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა 11-მდე. იანვარში დაფიქსირდა ახალგაზრდების ნაკადის გადინება სირიასა და ერაყში, ბოლოს კი ჩვენ ვნახეთ, რომ არასრულწლოვნები გადაიყვანეს. ეს არ იყო შემთხვევითი გადასვლა, ეს იყო დემონსტრაციულად გაკეთებული, ეს იყო მესიჯი ჩვენი ქვეყნისთვის... და ამ დროს რა აკეთებს ხელისუფლება? რატომ არ ტეხს განგაშს, ეს არის მთავარი კითხვა.
– შს მინისტრის ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და უსასტიკესად დაისჯება ყველა ძალოვანი, ვინც მოზარდების გადაყვანას ხელს შეუწყობსო. ე.ი მინისტრს ამ განცხადების გაკეთების მიზეზი აქვს. თქვენი ინფორმაციით, რამდენად არიან ამ საქმეში ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ფარულად ჩართულები?
– ბუნებრივია, მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ძალოვანი უწყებიდან ვიღაც არის ჩართული მოზარდების გადაყვანის საქმეში, ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდათ რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებთან წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ძალოვანი სტრუქტურებიდან, მათ შორის მაღალჩინოსნებს. დღეს რამე შეიცვალა? სისტემა დარჩა იგივე, კადრებიც დარჩა იგივე და გასაკვირი აქ რა არის? რატომ არ მოხდა ლაფანყურის საქმის გამოძიება? ეს ხომ გამოავლენდა ყველა იმ კავშირს, თუნდაც კორუფციულ გარიგებებს ძველი ხელისუფლების ძალოვან სტრუქტურებში, ვინც ამ საქმეშია ჩართული? ე.ი. საზღვრის გადასაკვეთად ვიღაც მაღალ ეშელონში ამზადებს ყალბ დოკუმენტებს და ეს სპეცსამსახურების გამოსაძიებელია.
– მოზარდების გადაყვანის სქემა დაახლოებით როგორია?
– მოზარდები ისლამურ ხალიფატში ფულისთვის არ მიდიან, ისინი არიან იდეოლოგიურად დამუშავებული მოხალისეები, ისინი დაქირავებული მებრძოლები არ არიან და მათ სჭირდებათ მინიმალური თანხები. მათი მარშრუტი ასეთია: პანკისიდან თბილისში ჩამოსვლა, თბილისში კონსპირაციული ბინის დაქირავება, სადაც ჩერდებიან რამდენიმე დღით, კვების თანხა, დოკუმენტაციის დამზადება, ბილეთის შეძენა თურქეთამდე და სირია-თურქეთის საზღვრიდან ხდება მათი გადაყვანა. თბილისიდან თურქეთამდე მოხალისეების გადაყვანას ერთი ჯგუფი კურირებს, ხოლო თურქეთიდან სირიაში – მეორე. არსებობს მესამე ჯგუფი, რომელიც უკვე ისლამური ხალიფატის ტერიტორიაზე მათ გადაყვანას კურირებს, სადაც ხდება მათი ორგანიზებული მართვა. მოხალისეების ჯგუფიც იყოფა. ერთნი მიდიან სამოქალაქო მიმართულებით, მეორენი – სამხედრო მიმართულებით. სამხედრო ბანაკებში ხდება მათი სპეციალიზებული მომზადება. ეს შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ ორ თვემდე. ამის შემდეგ, ისინი ნაწილდებიან საბრძოლო შენაერთებში. ეს შენაერთიც იყოფა, ყველაზე რადიკალური შენაერთი გახლავთ ის დაჯგუფება, სადაც არიან შაჰიდები, რომლებიც ასურელთა უსასტიკეს გენოციდს ახორციელებენ. ყველაზე უძლიერესი სამხედრო ფორმირება არის კავკასიელებით დაკომპლექტებული ხალიფატის ლეგიონი, სადაც დაახლოებით ხუთი ათასი კავკასიელია გაერთიანებული. კავკასიელები და ბალკანელები უძლიერეს დამრტყმელ ბირთვს წარმოადგენენ, რომელიც ხალიფატის დასაყრდენი ძალაა. რაც ყველაზე საინტერესოა, მათ გავლილი აქვთ ამერიკული ტიპის სამხედრო მომზადება.
– ის, რაც სირიაში ხდება, აუპატიურებენ ბავშვებს, ცოცხლად წვავენ და თავებს აჭრიან ქრისტიანებს, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია დედამიწაზე და ეს ყველაფერი ხდება ჩვენს თვალწინ, საქართველოდან ძალიან ახლოს. რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ?
– საქართველო ისლამურ ხალიფატს სჭირდება, როგორც სატრანზიტო კორიდორი, ისინი აპირებენ, რომ ჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნან წინააღმდეგობის საკმაოდ მძლავრი ფრონტი. ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლულია კავკასიის ისლამური იმარატის ხელმძღვანელი. თუკი ეს რეალური ინფორმაციაა, მაშინ დიდი საფრთხეა, მთელი კავკასიური იმარატის დაჯგუფებები ისლამური ხალიფატის შემადგენლობაში გადავიდეს და ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური ხალიფატის ახალი ფრონტი შეიქმნას, რომელიც რამდენიმე თვეში აქტიურ ქმედებებს დაიწყებს და ისლამური ხალიფატი ახალ ცხელ წერტილს გახსნის კავკასიაში. ამისთვის კი, მათ სჭირდებათ საქართველო, როგორც კორიდორი, რომ მიაწოდონ იარაღი, ადამიანური რესურსი და სხვა ტიპის საბრძოლო თუ კომუნიკაციური საშუალებები... ასე რომ, კარგი არაფერი მოხდება. ვფიქრობ, ახლა ხელისუფლებამ რეპრესიული ზომები არ უნდა გაატაროს იმ პირებზე, ვინც მოხალისეებად მიდიან სირიაში, უნდა განახორციელოს პანკისში სოციალური და ეკონომიკური პროგრამები. ბოლოს და ბოლოს, რა გახდა პანკისში გაზის გაყვანა. პანკისელ ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ საშუალება, ჯიჰადის იდეებიდან გადაერთონ და დასაქმდნენ. ბიზნესის ხელშეწყობის ფონდი რას აკეთებს? დაუფინანსონ პანკისელებს პროექტები. ასევე, უნდა დაიბლოკოს საეჭვო, უცხოური ორგანიზაციები და მათზე დაწესდეს კონტროლი, დაუშვებელია, რომ ასე უპრობლემოდ მოქმედებდნენ ისლამისტური დაჯგუფებები. ხელისუფლებას კანონი რომ 6 თვის წინ გაემკაცრებინა, რასაც ახლა აკეთებენ, ეფექტი ექნებოდა. ახლა ამ კანონმა შეიძლება სიტუაცია გაართულოს. სირიიდან დაბრუნებული მოხალისეები რომ მტრებად გამოაცხადო, ისინი მაინც ჩამოვლენ სხვადასხვა გზებით საქართველოში და ტერორისტული აქტებს მოაწყობენ, ბევრ პრობლემას შექმნიან.
დღეს კი აი, რა მივიღეთ და რა საფრთხის წინაშე ვდგავართ; ზაკაევი გვეუბნება, რომ საქართველო არის საფრთხის წინაშე, ამას გვეუბნება ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც... დღე-დღეზე ისლამისტები ჩრდილოეთ კავკასიაში ფრონტს გახსნიან და საქართველო, სულ მცირე, კორიდორი გახდება. სხვა საგანგაშო პროგნოზებს აღარ გავაკეთებ და მოსახლეობას პანიკაში არ ჩავაგდებ! ჩვენ გვახსოვს, როცა პანკისი ისლამური ხალიფატის გავლენის ქვეშ მოექცა და ამის გამო იქ ანტიტერორისტული ოპერაციები დაიწყო... იგივე საფრთხე წამოვა ისლამური ხალიფატისგან.
ნინო სამხარაძე
გაზეთი „ალია“