ამა წლის 15 აპრილს „რუსთავი-2"-ის ეთერში სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) და კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი „სტრაჟნიკის" ერეკლე კოდუას თანამეცხედრე ნანუკა ჟორჟოლიანმა ირაკლი ალასანია და მისი მეუღლე ნათია ფანჯიკიძე გააპიარა.
დიახ, 15 აპრილის „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტულ მანქანას - „რუსთავი-2"-ს და ამ მანქანის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ნაციონალ ჭანჭიკს ნანუკა ჟორჟოლიანს საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, როგორი კარგია ირაკლი ალასანიადა როგორი ცუდია ბიძინა ივანიშვილი და დღევანდელი ხელისუფლება.
სწორედ ამ გადაცემის ნახვისა და „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" გაკეთებული განცხადებების გამო, გადავწყვიტე, ირაკლი ალასანიას „ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან ღია წერილით მივმართო:
პატივცემულო ბატონო ირაკლი!
ასე „უგზო-უკვლოდ" რატომ გაპიარებთ სააკაშვილის ჯიბის ტელევიზია - „რუსთავი-2"?!
სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი სახის, ორი გვამის მოსატანად წასული ერეკლე კოდუას ცოლი ნანუკა ჟორჟოლიანი ასე რატომ შემოგციცინებთ თვალებში და აგრერიგად რად არის დაინტერესებული თქვენი გაპიარებით?
ბატონო ირაკლი, ხომ ყველაფერი რიგზე გაქვთ?
მე თქვენს ადგილას ღრმად დავფიქრდებოდი და გავაანალიზებდი - ისეთი რა დავაშავე, რა შეცდომა დავუშვი საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე, რომ სააკაშვილის „რუსთავი-2"-ისა და კოდუას ნანუკას ასეთი გულმოწყალება, სითბო და სიყვარული დავიმსახურე?
ბატონო ირაკლი, თქვენ გგონიათ, რომ თუკი „რუსთავი-2" და ნანუკა ჟორჟოლიანი გაგაპიარებთ, ამით საზოგადოების სიმპათიას მოიმკით და ამომრჩეველი მოგემატებათ?
თქვენ რა, არ იცით ქართველი ამომრჩევლის დიდი უმრავლესობის დამოკიდეულება სააკაშვილის, მისი მხარდამჭერებისა და მისი ტელევიზიის მიმართ?
ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველზე თუ ნადირობთ და რუსთავი-2"-ის საშუალებით სააკაშვილის ელექტორატის თქვენსკენ გადმობირება გინდათ, ეს სხვა საკითხია!
როგორც ჩანს, „რუსთავი-2"-იც, ნანუკა ჟორჟოლიანიც და სხვა „ნანუკებიც" მიხვდნენ, რომ ნაცების საქმე წასულია, მათი რეანიმირების შანსი აღარ არსებობს და ახლა თქვენში ხედავენ პოლიტიკური ტრფიალის ახალ ობიექტს!
ყოჩაღ ბატონო ირაკლი, სულ რამდენიმე თვეა, რაც ოპოზიციაში გადახვედით და უკვე რამდენი მოგიხერხებიათ, რა მალე მოგიგიათ „სააკაშისტების" გული!
როგორც „ნანუკას შოუში" ბრძანეთ, ძალიან გაბრაზებულხართ იმაზე, რომ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა თქვენზე იჭორავა და თქვენს პირად ცხოვრებას შეეხო.
მართალი ხართ, უნდა გაბრაზებულიყავით! დიახ, ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად არ გამოუვიდა ეთიკურად თქვენს პირად ცხოვრებაზე საუბარი და იგი პრესკონფერენციაზე ამ საკითხს არ უნდა შეხებოდა, მაგრამ თქვენ რა ქენით, თქვენ, ბატონო ირაკლი?
პირველად სწორედ თქვენ არ იჭორავეთ ბიძინა ივანიშვილზე, როცა თქვენს ერთ-ერთ მეგობარს ტელეფონით ესაუბრებოდით და ივანიშვილს დასცინოდით, მასზე ცინიკურად ლაპარაკობდით და ბოლოს უწმაწური სიტყვითაც მოიხსენიეთ? ამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ხომ მთელმა ქვეყანამ მოისმინა, ბატონო ირაკლი!
როგორც „ნანუკას შოუში" განაცხადეთ, ივანიშვილთან მწარე საუბარი გქონიათ. ჩემს პირად ცხოვრებაზე რომ იჭორავა, ამის შემდეგ მასთან ყოველგვარი პიროვნული ურთიერთობა გავწყვიტე და ვუთხარი, სააკაშვილს არ უკადრებია ის, რაც თქვენ იკადრეთო - განაცხადეთ ნანუკასთან.
კი მაგრამ, ბატონო ირაკლი, თუ ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილზე უარესი რამის კადრებაში დაადანაშაულეთ და მასთან ყოველგვარი პიროვნული ურთიერთობა გაწყვიტეთ, ამის შემდეგ კიდევ წელიწადზე მეტხანს რატომღა დარჩით მის მიერ თქვენთვის ნაბოძებ თავდაცვის მინისტრის პოსტზე? კაცთან ურთიერთობაზე უარი თქვით და მის მიერ ნაწყალობევ სავარძელზე - არა?! ეს რანაირი პრინციპულობაა, ბატონო ირაკლი?! ასე გინდათ თქვენ ამომრჩეველს გულის მოგება და ნანუკა ჟორჟლიანის დახმარებით ხელისუფლებაში მოსვლა?!
ბატონო ირაკლი, იმავე „ნანუკას შოუში" თქვენმა მეუღლემ ბიძინა ივანიშვილის შესახებ, მის მიერ თქვენს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო თქვა: „- რა მექნა, ცხელი ტაფით დავხვედროდი ირაკლის? ეტყობა, ეს უნდოდა (ბიძინა ივანშვილს გულისხმობს. ჯ.ხ.), რომ მე ტაფით, თვითონ ზურგში მახვილით და კიდევ ვიღაც-ვიღაცები, იქ ჰყავდა პროკურატურაში თავის დანიშნული კარგი ხალხი ჩასაფრებული და რაღაც, ეტყობა, ასეთი ალყა უნდოდა და ამ ალყის სათავეში - მე, მაგრამ ამ სურვილს ვერ შევუსრულებდი".
ბატონო ირაკლი, თქვენი მეუღლე, ქალბატონი ნათია ფანჯიკიძე, რომელიც ახლა ბიძინა ივანიშვილზე ასე ლაპარაკობს, სულ რაღაც 2 წლის წინათ ჟურნალ „რეიტინგთან" ინტერვიუში, აი, რას აცხადებდა: „ბატონი ბიძინას გამოჩენის შემდეგ ამოვისუნთქე. ბიძინას, როგორც პოლიტიკური ფიგურის, გამოჩენა ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ვიგრძენი, რომ პირველად დგას ირაკლის გვერდით ნამდვილი პარტნიორი, რომელსაც შეუძლია როგორც დარტყმის, ასევე საქმის საკუთარ თავზე აღება. რაც ბატონი ბიძინა გამოჩნდა, მეშინია, ნეტარებამდე არ მივიდე, ისეთი მშვიდი ვარ".
ე.ი. რა გამოდის, ბატონო ირაკლი, სანამ თქვენ ივანიშვილის გვერდით იდექით და მის ხელისუფლებაში იყავით, თქვენი მეუღლე ბიძინას, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, აღმერთებდა და ზეაღმატებული სიტყვებით ამკოდა, ახლა კი, როცა თქვენ მაღალ სახელისუფლო პოსტთან დამშვიდობება მოგიხდათ, ბიძინა უცებ მონსტრი და ბუა გახდა?
თქვენ გგონიათ, ბატონო ირაკლი, „პლასტინკის" ასეთი გადატრიალება პოლიტიკურ დივიდენდებს მოგიტანთ?!
თუ ასე ფიქრობთ, ძალიან მწარედ ცდებით!
ბიძინა ივანიშვილი ცუდად მოიქცა, როცა პრესკონფერენციაზე თქვენს პირად ცხოვრებაზე იჭორავა, მაგრამ თქვენ ახლა კიდევ უფრო ცუდად იქცევით, როცა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" ჭორაობთ!
ბატონო ირაკლი, თქვენს მიზანში, რომ ხელისუფლებაში მოხვიდეთ, „რუსთავი-2"-მა და ნანუკა ჟორჟოლიანმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ თუ ასე გააგრძელეთ, ძალიან საეჭვოა, ღმერთმა და ქართველმა ხალხმა მოგიმართოთ ხელი!
ჯაბა ხუბუბა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"