მშობიარობის შემდგომი დეპრესია ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. მეცნიერებმა დეპრესიის გამომწვევი მიზეზების სრულად დადგენა დღემდე ვერ შეძლეს. შესაძლოა, ეს ინდივიდუალურია და ტვინის ბიოქიმიაზეა დამოკიდებული. მშობიარობის შემდგომი უხასიათობისგან განსხვავებით, დეპრესია სერიოზული კონდიციაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. დეპრესიას მკურნალობენ როგორც მედიკამენტური, ისე ფსიქოლოგიური მეთოდებით.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მშობიარობის შემდგომი დეპრესია უფრო ხშირად პირველი მშობიარობის შემდეგ გვხდება. ამგვარ შემთხვევათა რიცხვი გაცილებით მეტია, მაგრამ რადგან ყველა ქალი დახმარებისთვის ექიმს არ მიმართავს, ამიტომ აღრიცხულთა რიცხვი ნაკლებია. დეპრესია შესაძლოა მშობიარობის მეორე დღიდანვე დაიწყოს და რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს.
მშობიარობის შემდგომ დეპრესიას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ძვ.წ. IV საუკუნეში ბერძენმა ექიმმა ჰიპოკრატემ შენიშნა, რომ მშობიარობის შემდგომ ქალი დიდ ფსიქოლოგიურ ცვლილებებს განიცდის.
მშობიარობის შემდგომ ქალის ხასიათის მკვეთრი ცვლილება მის გვერდით მყოფ მამაკაცზეც რთულად მოქმედებს. ასეთ დროს წყვილებს ურთიერთობის საკმაოდ რთული პერიოდი ეწყებათ, რის გამოც შესაძლოა, დაშორდნენ კიდეც. როგორ უნდა მოიქცეს წყვილი ურთიერთობის შესანარჩუნებლად? როგორ უნდა დასძლიოს ქალმა და ზოგადად წყვილმა ეს პერიოდი, რათა იმ ბედნიერებით დატკბნენ, რასაც ბავშვის დაბადება ჰქვია? - ამ თემებთან დაკავშირებით „რეპორტიორს" ფსიქოლოგი თამარ მიქიაშვილი ესაუბრა.
-როგორც ფსიქოლოგმა, აგვიხსენით, რას ნიშნავს მშობიარობის შემდგომი დეპრესია, რა სიმპტომებით ვლინდება და, ზოგადად, რა განაპირობებას მას?
-ზოგადად, მშობიარობის შემდგომი დეპრესია თითქმის ყველა ქალს უვითარდება, ზოგს იოლ და ზოგსაც მწვავე ფორმებში. მიუხედავად იმისა, რომ ორსულობა რთული სულაც არ იყოს, შესაძლოა, მშობიარობის შემდგომი დეპრესია მაინც განვითარდეს. ამის მიზეზი შესაძლოა შიდაპიროვნული ფსიქიკური კონფლიქტიც იყოს. როდესაც საქმე ნამდვილ დეპრესიასთან გვაქვს, სიმპტომების სრული კომპლექტით,სპეციალისტები ამ ყველაფერს პოსტსამშობიარო დეპრესიას უწოდებენ და ამბობენ, რომ ამაში დამნაშავე ჰორმონებია. ისინი ქალის ორგანიზმში სიცარიელის და გამოფიტულობის შეგრძნებას იწვევენ. თუმცა, დეპრესიის გამომწვევი არა მხოლოდ ჰორმონებია, თავის წილს ის გარემოებებიც ამატებს, რომელიც პატარის დაბადებას თან ახლავს. პირველი შვილის დაბადებით დედის ცხოვრებაში დიდი გარდატეხა ხდება, ეს კი სხვადასხვა სიმპტომებს ავლენს - გუნება-განწყობილების გაფუჭება, მოწყენილობა, უძილობა, ქრონიკული დაღლილობა, გამოფიტულობა, დაძაბულობა, მუდმივი შიშის შეგრძნება ბავშვთან მიმართებასა თუ სხვა გაუცნობიერებელი რაღაცების მიმართ. ქალს ყველაფერი მოსაბეზრებელი ეჩვენება.ზოგჯერ საკუთარი შენელებული მოძრაობები, ფიქრები და მოქმედებები აღიზიანებს. ასევე ფიქსირდება ემოციური აღგზნებადობის, სენტიმენტალური გრძნობების და ისტერიის შემოტევა. ქალს თითქმის ყოველდღე ტირილის სურვილი უჩნდება და ასეც იქცევა. შესაძლოა აცნობიერებდეს, რომ არ უნდა იტიროს, მაგრამ მაინც ტირის და წარმოდგენაც არ აქვს - რატომ. ქალი ყველას და ყველაფრის მიმართ ზედმეტად ეჭვიანი ხდება.
-დეპრესიის რომელი გამოვლინება შეიძლება მივიჩნიოთ ყველაზე რთულად?
-ვფიქრობ, როდესაც ჩამოთვლილი სიმპტომები თავს იჩენს, თითოეული დეტალი საყურადღებოა. მაგრამ თუ მაინც უნდა გამოვყოთ, განსაკუთრებული ყურადრებაა საჭირო, როდესაც დედა ახალშობილის მიმართ ძლიერ პასუხისმგებლობას განიცდის და მას შიში უჩნდება, რომ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის. ამ დროს ქალი შესაძლოა საკუთარ თავში ჩაიკეტოს და შინაგანი მწვავე დეპრესია კიდევ უფრო გაუმძაფრდეს, რაც ფსიქიკისთვის საშიშია.
- პოსტსამშობიარო დეპრესიას ფატალური შედეგი თუ შეიძლება მოჰყვეს, თუნდაც სუიციდის მცდელობა, ბავშვის მიმართ აგრესია, გსმენიათ მსგავს შემთხვევებზე?
-სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები არაერთი ყოფილა, როდესაც დედამ შვილი სასტიკად სცემა, უნიტაზში ჩაახრჩო, ნაგავსაყრელზე დააგდო. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მშობიარობის შემდეგ ქმარმა ცოლი მიატოვა, ქალმა კი ჯერ ბავშვი გაგუდა, შემდეგ თავი მოიკლა. ყველაფერი დეპრესიის უკიდურესად მწვავე გამოვლინებაა.
-ასეთ დროს ქალი სრულიად გაუცნობიერებლად მოქმედებს?
-რა თქმა უნდა, ეს უკვე საკმაოდ მწვავე და დამანგრეველი დეპრესიული გამოვლინებაა. მისი ასეთი ქმედება სრულიად გაუცნობიერებელი შეიძლება იყოს. მან არ იცის, საკუთარი პრობლემა როგორ მოაგვაროს, აქ ისევ უცოდინრობასთან გვაქვს საქმე. შემდეგ პრობლემისგან გაქცევაც ხდება, რაც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.
-როგორი აუტოტრენინგი უნდა ჩაუტაროს ასეთი დეპრესიის დროს ქალმა საკუთარ თავს?
-საკუთარი თავისთვის დროის გამონახვა ქალისთვის არც ისე მარტივია. დედისგან ჩვილი მუდმივ ყურადღებას ითხოვს. ეს სტრესი ამითაც აიხსნება. მაგრამ ქალი ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ გარკვეული დრო მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმოს და სხვას არავის. უპირველესად, პოზიტივზე უნდა იფიქროს, იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე, წიგნი წაიკითხოს, მუსიკას მოუსმინოს, ისეირნოს, ფილმს უყუროს, კინოსა და თეატრში იაროს, მეგობრებთან ერთად განიტვირთოს. მერწმუნეთ, თუ მოინდომებთ, დროის გამონახვა შესაძლებელი იქნება, მთავარია სურვილი და მოტივაცია. ისაუბროს იმაზე, თუ რა აწუხებს შინაგანად, რისი სურვილი აქვს, ესეც დაეხმარება. ასევე აუცილებელია სწორი კვება.
-ხშირად მსმენია ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ახალშექმნილი ოჯახი, ქალის მშობიარობის შემდგომ მალევე დანგრეულა. როგორ ფიქრობთ, ქალის დეპრესიის შედეგია, როდესაც ქმარი ცოლს ვერ უგებს და ტოვებს?
-დიახ, ასეთი შემთხვევებიც საკმაოდ ხშირია, ამ პრობლემას, როგორც ფსიქოლოგი, არაერთხელ შევხვედრივარ. ასეთი რამ განსაკუთრებით ახალგაზრდა წყვილებთან ხდება ხოლმე. მშობიარობის შემდგომ ცოლის ხასიათის მკვეთრი ცვლილება ქმარზე რთულად მოქმედებს. მამაკაცი ვერ ხვდება, თუ რატომ შეიცვალა ასე რადიკალურად ის ადამიანი, რომელიც მისთვის იდეალური იყო. ასეთი ურთიერთგაუგებრობა საკმაოდ ხშირია, რასაც არაერთი კონფლიქტი სდევს თან. ამას ემატება ისიც, რომ ქალი არამარტო შინაგანად, ფიზიკურადაც იცვლება. ასეთი ცვლილებებიც მოქმედებს წყვილზე. ერთმანეთის მიმართ სრულიად სხვადასხვა პიროვნებები დგანან და ერთმანეთს ვეღარ იტანენ, შედეგად კი წყვილის დაშორება ხდება. ქმარი ვერ ეგუება ცოლის ასეთ ცვალებადობას, და გვერდში დგომის ნაცვლად, პირიქით გაურბის როგორც მეუღლის, ასევე მამის მოვალეობას. მამაკაცებმა უმეტესად არ იციან, როგორ მოიქცნენ, დაბნეულები არიან, რაც განშორების მიზეზი ნამდვილად ხდება. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პირიქით, ქალი წასულა ქმრისგან.
-ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს წყვილი, რომ ოჯახი არ დაინგრეს?
-ერთმანეთის მოსმენა უნდა ისწავლონ. მაქსიმალური მოთმენა მართებთ, ყველაფერი ხომ დროებითია. წინასწარ მოემზადონ, როგორც ბავშვის გაჩენამდე, ასევე ბავშვის გაჩენის შემდგომ კონსულტაციისთვის ფსიქოლოგს მიმართონ. ზოგადად აუცილებელია, ასეთ დროს წყვილები ყველანაირად ინფორმირებულები იყვნენ ასეთ თემებზე, როდესაც ცოდნა გაქვს, პრობლემასთან გამკლავება უფრო იოლია. ყველანაირი ინფორმაცია უნდა მოიძიონ, არამარტო ორსულობის, არამედ მშობიარობისა და მისი შემდგომი პერიოდის შესახებ. ქალებო, არ გაბრაზდეთ, თუ ქმარს თქვენი ქმედებები არ ესმის, ის დაბნეულია, არ იცის, როგორ მოიქცეს. როგორც თქვენ, ასევე მათაც სჭირდებათ გვერდში დგომა და სითბო.
ქმრებს ვურჩევდი, ცოლებს რომანტიკული ვახშამი მოუწყონ. ეს მათ პოზიტივით აავსებთ. ასეთ დროს ინტიმური ურთიერთობაც დადებითად მოქმედებს. სასიამოვნო სიურპრიზები მოუწყონ მეუღლეებს. ერთმანეთის მოფერება აუცილებელია, თუნდაც ჩახუტება, რომელიც გარკვეულწილად ბედნიერების ჰორმონებს გამოჰყოფს. თქვენი მოვალეობაა, რომ ბავშვის დაბადებით გამოწვეული ბედნიერების შემდგომი რთული პერიოდი ერთად დასძლიოთ. ეს თქვენი ცხოვრების ერთად გასავლელი გზის მონაკვეთია. მამაკაცის სიმამაცე და ერთგულება აქაც გამოიხატება.
რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, როდესაც ქალის დეპრესია ფინალამდე აღწევს, ის ცხოვრების ობიექტურ და ლოგიკურ აღქმას უბრუნდება. ასეთ დროს ქალი უფრო მობილიზებული, საკმაოდ თავდაჯერებული და მიზანდასახული ხდება. მარტო დარჩენილ ქალს, ირიბი მნიშვნელობით, კედლის განგრევაც კი ძალუძს, ყველანაირი მიზნის მიღწევა შეუძლია. აქედან გამომდინარე, მამაკაცებო, სანამ პრობლემებისგან გაქცევას შეეცდებით, იმაზე დაფიქრდით, რომ ეს მდგომარეობა დროებითია, რთული პერიოდი ჩაივლის, თქვენს წინაშე ისეთი ქალი შეიძლება წარსდგეს, რომელზეც ნებისმიერი მამაკაცი იოცნებებს, სინანული კი ვაითუ უკვე გვიანი იყოს.
წყვილებო, თქვენი მოვალეობაა, უბრალოდ, ბედნიერები იყოთ, თქვენ ხომ სამყაროს ახალი სიცოცხლე აჩუქეთ.