reportiori.ge - „ნაციონალური ჯოჯოხეთი“- როგორ იხსენებენ „ციხის ბუნტის“ ამბავს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:17
ინტერვიუ
„ნაციონალური ჯოჯოხეთი“- როგორ იხსენებენ „ციხის ბუნტის“ ამბავს...
22 აპრილი, 2015. 19:01


ციხის ბუნტის საქმეზე, 2013 წლის 28 ოქტომბერს, ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელი 3 წლით და 9 თვით განისაზღვრა. მაშინ ამ სასჯელით საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც ამ ამბავზე ჰქონდა წარმოდგენა, უკმაყოფილო იყო და არაადეკვატურად მიიჩნია სასჯელი. მათი პროტესტი დღემდე არ შენელებულა. ენით აღუწერელია ის სისასტიკე, რასაც თვითმხილველები „ციხის ბუნტის" საქმეზე ჰყვებიან. ქვემოთმოთხრობილი ამბავი დააინტერესებს იმათ, ვინც არ იცის, რა ხდებოდა 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების 5 დაწესებუელბაში.

 

„რეპორტიორს" ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე ესაუბრა:

 


- იმ დილით გელა ნიკოლაიშვილმა და  ნანა კაკაბაძემ დამირეკეს. მათი ზარების მერე რომ გავვარდი ორთაჭალაში, ადგილზე ისეთი სურათი დამხვდა, რაიხსტაგის აღება წარმომიდგა თვალწინ. ორთაჭალის №5 საპყრობილე რაიხსტაგს ჰგავდა. „ნაციონალები" რომ კაცთმოძულეები იყვნენ, ეს მანამდეც კი ვიცოდი, მაგრამ ამ ამბის მერე უფრო დავრწმუნდი.


ადგილზე მისულს დამხვდა ასეთი სურათი - სამმაგი ალყა ჰქონდა შემორტყმული ციხეს. პირველ წრეზე გარს ერტყა სასჯელაღსრულების სპეცრაზმი, მეორე წრეზე იყო პოლიციის სპეცრაზმი და მესამე წრეზე - თავდაცვის სამინისტროს ესკადრონი. ასეთი რამ საშინელებათა ფილმებშიც არ მინახავს.


სპეცრაზმები ნაკადებად შედიოდნენ ციხეში, საიდანაც ისმოდა ყვირილ-წივილი,  გარედან შიგნით ისროდნენ. ახლა რომ ამბობენ, იქ მაშინ იარაღი არ იყოო, მეცინება. საკუთარი თვალით მაქვს ეს ყველაფერი ნანახი.


- რომელი წრიდან ისროდნენ?

 

- სროლა ძირითადად ხდებოდა სასჯელაღსრულების სპეცრაზმის მხრიდან. პირდაპირი სროლა მიმდინარეობდა, ისეთი ხმა გამოდიოდა ციხიდან, რომ ალბათ ჯოჯოხეთში ხდება ასეთი რამ. შიგნით ადგილ-ადგილ ჩანდა ცეცხლმოკიდებული კერები, ისმოდა ღრიალი, გაბმული სროლა. დილის დაახლოებით 9 საათი იყო. გარეთ შეკრებილი იყო 2-3 ათასი მოქალაქე,  რომელთაც მიაწვა სპეცრაზმი, რათა ხალხს არაფერი გაეგო. იქ იყვნენ ამბის გამომტანებიც, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ იყვნენ დაჭრილები და გარდაცვლილები.  დღის მეორე ნახევრიდან გაირკვა, რას მოჰყვა ეს ყველაფერი.


- თქვენ როდის ჩაერთეთ ამ ყველაფერში?

 

- იმ დღეს გამორიცხული იყო, ვინმე შიგნით შესულიყო. მეორე დღეს, საერთოდ მოკვდა მეხუთე საპყრობილე,  იმიტომ, რომ იმ დღეს გადაუარეს და გაასწორეს მიწასთან ყველაფერი, პატიმრებს ძვალ-რბილი გაუერთიანეს, საღამოს ბადრაგის მანქანებით წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით და გააქრეს. არავინ იცოდა, რომელი პატიმარი სად, როგორ ან რატომ იყო გადაყვანილი. ამის მერე, მთელი ორი კვირის განმავლობაში ეძებდნენ მათი პატრონები. რამდენიმე დღის განმავლობაში არ იცოდნენ, მათი შვილები და ქმრები  ცოცხლები იყვნენ თუ არა.  


ამის მერე ამუშავდა კუდ-ის სისტემა, დათა ახალაიას მეთაურობით.  დახოცილ პატიმრებს ახლობლებს რიგ-რიგობით აძლევდნენ.  ზოგს ორი კვირის მერე მისცეს, ზოგს - სამი კვირის მერე, ზოგს 2 და 3 თვის შემდეგ... ვითომ, ისე იხოცებოდნენ. თან პატიმრების მშობლებს აფრთხილებდნენ - თუ იტყვით, რომ თქვენი შვილი ბუნტის დროს დაიღუპა და ჩვენ მოვკალით, მთელ ოჯახს აგაორთქლებთო. ასე გაატანეს ნელ-ნელა მაცივრებში შენახული პატიმრები მშობლებს. დღესაც მიკვირს და ვკითხულობ ხმამაღლა - ამ პატიმრების პატრონები სად ხართ, ხმას რატომ არ იღებთ?! ამხილეთ ეს ხალხი, თორემ შერჩა ყველას ყველაფერი.


მეორე დღეს ადვოკატების რამდენიმე ჯგუფი შევიკრიბეთ - გელა ნიკოლაიშვილის და ნანა კაკაბაძის ხელმძღვანელობით. ვმსჯელობდით, რა უნდა გავეკეთებინა. ჩვენთან იყო ზაზა ხატიაშვილიც, რომელიც მაშინ „ნაციონალებს" არ იცავდა. ვცდილობდით, გაგვერკვია, რამდენი პატიმარი მოკლეს, რამდენი გადარჩა.


- რა ინფორმაცია მოიპოვეთ ან რა გაარკვიეთ -  რას მოჰყვა ყველაფერი ეს?

 

- აღმოჩნდა, რომ წინა ღამით, გაგლეჯილ მთვრალ მდგომარებაში, ბაჩო ახალაია შევიდა ციხის სამკურნალო დაწესებულებაში - გაგა მკურნალიძესთან და სასჯელაღსრულების დაწესებულების რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად. ამ დროს სამკურნალო დაწესებულების დირექტორი იყო ალექსანდრე მუხაძე, იგივე  „ქილერა", რომელიც მერე დააწინაურეს და გახდა მე-8 დაწესებულების ხელმძღვანელი, ყველაზე დიდი მწამებელი ადამიანი.


- რა მიზნით შევიდა?

 

- ბაჩო ახალაიას პატიმრების ცემა ჰქონდა ჩვევად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა ე.წ. კანონიერი ქურდებისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად.


- რაში მდგომარეობდა ქურდებისთვის შეურაცხყოფის მიყენება?

 

- როგორც პატიმრებმა აგვიხსნეს, ახალაიამ გასცა განკარგულება, რომ ღამის სამ საათზე გამოეყვანათ პატიმრები და სამკურნალო დაწესებულების წინ მოედანზე მოეწყოთ. ჩვევა ჰქონდა ასეთი, მოაწყობდა პატიმრებს და სცემდა. იმ დღესაც მოაწყვეს ეს პატიმრები და უშუალოდ ახალაიამ დაიწყო მათი ცემა.  სამკურნალო დაწესებულებაში იყვნენ „კანონიერი ქურდები", რომელთა ნაწილიც ძალიან ცუდად იყვნენ. იქ იყვნენ - ავალიანი, ზედელაშვილი, ცინდელიანი, რომელიც არ იყო ქურდი და არც ჰქონდა ქურდობის სურვილი, მე ვიცავდი და ვიცი.


არავისთვის არ არის უცხო, რომ „კანონიერი ქურდები" ციხეებში სარგებლობდნენ ავტორიტეტით, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით რამეს აშავებდნენ. ახალაიას ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ სხვა პატიმრების საჩვენებლად ეცემა  „კანონიერი ქურდები", რათა  მათთვის ავტორიტეტი შეელახა.


ქურდების ცემამ გამოიწვია პროტესტი. ერთ-ერთმა პატიმარმა, ავალიანმა, რომელმაც უსამართლოდ ცემა ვერ აიტანა, ხელი გაარტყა ბაჩო ახალაიას. ვაჟკაცი კაცია ეს ავალიანი (ვიცნობ პირადად), რომელიც მერე ისე სცემეს, რომ ხერხემალი დაუზიანეს და ეტლსაა მიჯაჭვული.


მოედანზე ნაცემი პატიმრებიდან გამოარჩიეს ისეთები, რომლებიც უშუალოდ  ახალაიას „სჭირდებოდა" და  ეს ე.წ. კანონიერი ქურდები შეყარეს  მუხაძის კაბინეტში - სცემდნენ ყველა საშუალებით, რაც კი მოეპოვებოდათ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ცინდელიანს როგორც ბურთს, ისე აბურთავებენ.


სამედიცინო დაწესებულება და მეხუთე დაწესებულება გვერდიგვერდ იმყოფებოდა და ამ პატიმრების ღრიალმა გააღწია კედლებს მიღმა. როცა გაიგეს, რომ „ქურდებს" სცემდნენ,  მეხუთე საპყრობილის პატიმრებმა გამოხატეს პროტესტი.


- რა ფორმით გამოხატეს პროტესტი?

 

- რკინის ჯამების დარტყმა დაიწყეს ფანჯრების გისოსებზე. ატეხეს ე.წ. „შუმოკი". ეს ყველაფერი სჭირდებოდა ახალაიას, რომ მერე მასობრივად ეცემათ პატიმრები. პატიმრებს რომ ვხვდებოდით, ისინი გვიყვებოდნენ, რომ როცა შევარდა სპეცრაზმი მე-5 დაწესებულებაში, ავტომატით ხელში შევარდნენ ძმები ახალაიები და ბატონი ბოკერია. სპეცრაზმელებს შორის „იბრძოდა" ავტომატიანი და ჩაფხუტიანი ბოკერია, პატიმრებს ესროდა. ერთ-ერთმა პატიმარმა, ხელჩართულ ბრძოლაში, წაგლიჯა ეს ჩაფხუტი და ხელში შერჩა ბოკერია. ხოლო ბაჩო ახალაია ე.წ. „კარმუშკაში" ავტომატს ისროდა.  


ყურადსაღებია ის, რომ ახალაიას პროკურორებმა, ამ საქმის მიმდინარეობისას, შეგნებულად არ დაჰკითხეს  მაშინდელი პატიმრები, შეგნებულად არ მოიპოვეს მტკიცებულებები და შეგნებულად დააფარეს ხელი ახალაიების მძიმე დანაშაულებრივ საქმიანობას.


„ციხის ბუნტის" დროს, ოფიციალური ინფორმაციისგან განსხვავებით, ბევრად მეტი ადამიანი დაიხოცა,  გაცილებით მეტი დასახიჩრდა. ზუსტად ვიცი, რომ  მაშინ ისროდნენ კამერებშიც, დერეფნებშიც და იყო სრული  ჯოჯოხეთი.  პროკურატურამ კი ეს არ გამოიძია.


- ბოკერია ახსენეთ, რაში სჭირდებოდა დაწესებულებაში უშუალოდ შესვლა?

 

- ბოკერია შეგნებულად აკეთებდა ამას, რომ დანარჩენ სპეცრაზმელებს ენახათ, როგორი მკაცრი იყო.


ამ ყველაფრის მერე, რამდენიმე დღეში, მიადგნენ მეხუთე საპყრობილეს, საერთოდ დაანგრიეს. ამით ხელისუფლებამ გაანადგურა ყველანაირი მტკიცებულება, დაანგრიეს შენობა, რომ რაიმე სახის მტკიცებულება არ ამოღებულიყო, თუნდაც ტყვიები. ერთ კვირაში კი, დაიწყეს პატიმრებისთვის ბრალის წაყენება. ისეთი ბრალდებები შეთითხნეს, 17 წელია ადვოკატი ვარ და მსგავსი რამ არ მსმენია. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ადეიშვილი რასაც შემოუთვლიდა, იმას აკეთებდნენ. მაგალითად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ცინდელიანს ბრალად წაიყენეს ბუნტის ორგანიზება - არადა, ეს კაცი საერთოდ არ იყო აზრზე, იმ დროს რა ხდებოდა, ეძინა. ცინდელიანი საერთოდ არ იყო  „ქურდი", ავად იყო, C ჰეპატიტი ჰქონდა. მაშინ რომ სამედიცინო დაწესებულებაში ვინმეს გადაიყვანდენ, ე.ი. ის უკვე ძალიან ცუდად იყო. ასეთი კაცი ჩამოიყვანეს, სასტიკად სცემეს და მერე ბრალი წაუყენეს - ბუნტის ორგანიზებას ახდენდიო.


ამ მოვლენებში ყველაზე ამაზრზენი და მძიმე იყო მაშინდელი სასამართლო პროცესი. მოსამართლე გახლდათ მაია თეთრაული, რომელსაც ნორმალურ, კაცთმოყვარე ადამიანად ვიცნობდი, მაგრამ ამ პროცესებზე იქცა ჯალათად, პროკურორებზე უარეს პროკურორად. ბაჩო  ახალაიას სასჯელი „ციხის ბუნტის" ეპიზოდზე, 2013 წელს გამოტანილი, იყო არაადექვატური.  ეს მოხდა იმიტომ, რომ ის პროკურორები, რომლებიც ამ საქმეებს იძიებდნენ, მიზანმიმართულად არ აგროვებდნენ მტკიცებულებებს. მათ არ სჭირდებოდათ ამათი გამტყუნება, იმიტომ, რომ პროკურორები, რომლებიც  ამ ყველაფერს 2006 წელს „აპრავებდნენ", ეს რომ გამოეძიათ, მაშინ, თავადაც უნდა ჩამჯდარიყვნენ ციხეში.


დიდი საყვედური ხელისუფლებას, რომ ვერ მოძებნა სუფთა წარსულის მქონე 150 იურისტი, რომლებსაც პროკურორებად დანიშნავდნენ. ეს ვერ მოახერხეს და რომელ სამართლიანობაზეა საუბარი?!


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016