23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეა. ეს თარიღი წიგნის დღედ პირველად ესპანელმა წიგნით მოვაჭრეებმა 1923 წელს აღნიშნეს და მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს - 23 აპრილს - დაუკავშირეს.
1995 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო (და არა საერთაშორისო) დღედ გამოცხადდა.
საქართველოში ეს დღე პირველად 2003 წელს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, სახელწოდებით „აჩუქე წიგნი" ეროვნული ბიბლიოთეკის წინ, სკვერში აღინიშნა.
2003 წლიდან, პრეზიდენტის განკარგულებით, 23 აპრილი წიგნის სექტორის მუშაკთა პროფესიულ დღედ - წიგნისა და საავტორო უფლებების დღედ - გამოცხადდა.
წიგნის დღესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს" აღსაზრდელებს ესტუმრებიან და საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურას გადასცემენ.
ხმოვანი ზღაპრების, კლასიკოსი და თანამედროვე მწერლების უახლესი გამოცემების ნუსხა მათი ასაკის, ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შეირჩა. ღონისძიებაში ჩართულია თითქმის ყველა მსხვილი ქართული გამომცემლობა - „პალიტრა L", „დიოგენე" , „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", „ელფი", „ქარჩხაძის გამომცემლობა", „ბაკმი", „ინტელექტი", „არტანუჯი", საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსი".
ბავშვთა ცენტრში შეხვედრას მწერალი ლაშა ბუღაძეც დაესწრება, რომელიც მოზარდებს წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრება და მათ ასაკში აუცილებლად საკითხავ ლიტერატურას შეურჩევს.