„ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებები ძალიან საინტერესო იყო, მან რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღება. მნიშვნელოვანია, რომ იგეგმება სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, თუმცა უცნობია კონკრეტული გეგმა, რა გზით მოხდება ეს"- განაცხადა უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართული პრესკონფერენციის დროს. მისი თქმით, ლაშა ნაცვლიშვილის გუშინდელი განცხადება, სისხლის სამართლის მატერიალური კოდექსის შეცვლასა და სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით, არ ჰგავს სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის რაიმე გამოვლინებას.
„პრობლემები არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან დაკავშირებით, რომელიც დაცვის მხარეს არ ანიჭებს თანაბარ შესაძლებლობასა და უფლებებს, განახორციელოს დაცვა გამოძიებასა და სასამართლოში. როგორც გავიგე, პროკურატურა არ აპირებს ცვლილებებს ამ კუთხით. ეს საშიში ტენდენციაა და შესაძლოა, საშიშ პოლიტიკად გადაიქცეს"- აცხადებს უფლებადამცველი.
„პროკურატურა ძალიან საშიში ორგანოა და თუკი ის გადაწყვეტს, რომ თავისი თამაში ითამაშოს, ისე, რომ არავის არაფერი ჰკითხოს, როგორი იქნება ამ თამაშის წესები, მაშინ შეიძლება მივიღოთ საშიში ვითარება და ეს ვითარება შესაძლოა, არასასურველი მიმართულებით წავიდეს. "
მუხაშავრიას თქმით, შეხვედრის დროს, მთავარი პროკურორის მოადგილის მხრიდან გამოითქვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, პროკურატურას გამოძიება ჩამოშორდეს და ის დამოუკიდებელი ორგანო გახდეს.
„ნაცვლიშვილის სურვილია, პროკურატურამ გამოიძიოს მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების საქმეები, ხოლო დანარჩენი გამოძიება გადაეცეს ცალკე შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს"-განაცხადა უფლებადამცველმა. მისი აზრით, ეს, ერთი შეხედვით, კარგი მოდელია, თუმცა ამის განხორციელების გზები ბუნდოვანი და გაურკვეველია.
გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მის წინაშე არსებული გამოწვევების, სამომავლო გეგმების, ძირითადი პრიორიტეტებისა და მთავარი ამოცანების შესახებ პრეზენტაცია გამართა. მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანოზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.