არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ" რამდენიმე დღის წინ კვლევის შედეგები გააცნო საზოგადოებას. კვლევაში ასახული იყო, თუ რა თანხები იხარჯებოდა პრემიების სახით, სახელწიფო ბიუჯეტიდან „ვარდების რევოლუციიდან" დღემდე.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის ობიექტში სააკაშვილის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, ძირითადად ყველაზე მაღალშემოსავლიანი მინისტრები და 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ჩამოყალიბებული მინისტრთა კაბინეტის წევრები მოხვდნენ.
„ნათლად იკვეთება ტენდენცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მინისტრები ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალ პრემიებსა თუ სახელფასო დანამატებს იღებდნენ, ვიდრე დღევანდელი მინისტრთა კაბინეტის წევრები. ამის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ხშირ შემთხვევაში ისეთ სურათს ხატავენ, რომ მაღალ თანამდებობებზე ყოფნისას მათ არათუ დიდი ოდენობით, არამედ საერთოდ არ მიუღიათ პრემია თუ სახელფასო დანამატი. მაგალითისთვის - მინისტრებს შორის 2011 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო:
1. გიორგი ბარამიძე - მისი შემოსავალი 122 400 ლარით განისაზღვრა.
2. ნიკოლოზ რურუა - 121 400 ლარი;
3. რამაზ ნიკოლაიშვილი - 109 740 ლარი;
4. ალექსანდრე ხეთაგური - 105 532 ლარი;
5. კობა სუბელიანი - 93 290 ლარი;
6. ხათუნა კალმახელიძე - 97 355 ლარი;
7. გრიგოლ ვაშაძე - 84 960 ლარი;
8. გიგი უგულავა - 95 400 ლარი", - ამბობენ ორგანიზაციაში.
„რეპორტიორს" ა/ო „პოზიციის" ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი ესაუბრა:
- ჩვენთვის ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ფინანსთა მაშინდელი მინისტრის ნიკა გილაურის პრემიამ, რომელმაც 71 320 ლარს მიაღწია, ხოლო წლიურმა შემოსავალმა 113 800 ლარი შეადგინა. ეს თანხა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ფინანსთა მინისტრების შემოსავლებს შორის რეკორდულია. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს თვეში, როდესაც საქართველო რუსეთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა - 9 040 ლარი, ხოლო იმავე წლის დეკემბერში - 17 700 ლარი მხოლოდ პრემიის სახით გამოიწერა.
2011 წლისთვის, პრეზიდენტის 2005 წლის 25 იანვრის N43 ბრძანებულების თანახმად, მინისტრებისა და თბილისის მერის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განისაზღვრებოდა 3 540 ლარით (წლიური 42 480 ლარი).
ანუ გამოდის, რომ სააკაშვილის მინისტრების ერთი ნაწილი ყოველთვიურად, საშუალოდ, ხელფასის ოდენობის თითქმის სამმაგს იღებდა პრემიისა თუ დანამატის სახით.
- რას ამბობს თქვენი კვლევა, რა ხდება ამ მხრივ ხელისუფლების ცვლილების მერე?
- 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის 2013 წლის 15 მარტის N53 ბრძანების საფუძველზე, თითოეულ მინისტრს საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესდა ყოველთვიური სახელფასო დანამატი 4 335 ლარის ოდენობით. აღნიშნული ბრძანებით, მინისტრების პრემიებით დასაჩუქრების ყოველთვიური პრაქტიკა გაუქმდა და მათი შემოსავალი განისაზღვრა თანამდებობრივი სარგოთი და ხსენებული დანამატით (სულ თვეში 7875 ლარი).
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის მარტის შემდგომ, მთელი 2013 წლის განმავლობაში მინისტრების მიერ პრემიის მიღების ფაქტს ადგილი აღარ ჰქონია. ყველაზე დიდი შემოსავალი 2013 წელს სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს თავდაცვის მაშინდელ მინისტრს ირაკლი ალასანიას - 83 076 ლარი.
2014 წლის 15 ივლისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიღებული ახალი, N449 დადგენილებით განისაზღვრა საჯარო სექტორში პრემიების გაცემის ახალი წესი, რომლის თანახმადაც, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს და ამავე დროს შეზღუდვა დაწესდა პრემიის გაცემის ინტენსივობაზეც. კერძოდ, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემიის მხოლოდ კვარტალში ერთხელ გაცემაა შესაძლებელი. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არა უმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვულ უქმე დღეებთან დაკავშირებით.
- ეს ინფორმაცია საიდან მოიპოვეთ?
- ეს ინფორმაცია არის საჯარო და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, გამოითხოვოს დოკუმენტაცია
- რას ამბობენ თქვენი იურისტები, ჩინოვნიკები ამ პრემიებს და ა.შ. რომ იღებდნენ, ამით რომელიმე კანონს არღვევენ?
- კანონდარღვევა არ არის, უბრალოდ, ყოველთვის ისე იცვლებოდა კანონი, როგორც ეს ხელისუფლებას აწყობდა.
- რატომ დაინტერესდი ამ თემით?
- საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე პრემიების ოდენობასთან დაკავშირებით, რადგან ეს არის ის თანხა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში ხალხის ჯიბიდან შედის. ამ თემით დაინტერესება გამოიწვია იმან, რომ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე ბევრი კითხვა გაჩნდა. ისეთი სურათი იხატებოდა, თითქოს პრემია მხოლოდ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა აიღეს.
- არსებულ ხელისუფლებას ამართლებთ ამ საკითხში?
- პრემიებს იღებდნენ ყოველთვის, მე არც ერთ მხარეს არ ვამართლებ ამ მიმართულებით, უბრალოდ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე - რა ხდებოდა. ნაციონალებმა ამ თემასთან დაკავშირებით შექმნეს საზოგადოებაში პანიკა, რომ თითქოს მათ პრემია საერთოდ არ აუღიათ. მიმაჩნია, რომ პრემია უნდა იყოს გონივრულ ფარგლებში და 2014 წლის კანონმდებლობით ეს საკმაოდ დალაგებულია.
- ყველაფერი შედარებითია, მაგრამ ზღვარგადასული პრემიების და დანამატების თემა არც ამ ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლებისთვისაა უცხო. რატომ არ არის ვრცლად ამაზე თქვენს მოკვლევაში?
- მიმაჩნია, რომ ზოგადად კანონმდებლობა არის გადასახედი. ვფიქრობ, მინისტრს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება პრემიას, ეს მიმართულება აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს და უნდა გაიცემოდეს დამსახურებიდან და შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე. დიდი სხვაობაა ბოლო ორ ხელისუფლებას შორის. წინა ხელისუფლება შედარებით უფრო დიდ ხელფასებს და პრემიებს იღებდა. რაც შეეხება კვლევას, ის იმიტომ იყო მცირე, რომ საზოგადოებისათვის უფრო მარტივად გასაგები ყოფილიყო.
იმიტომ გავაკეთე ეს განცხადება, რომ ნაციონალებს არანაირი უფლება არა აქვთ, დღეს მორალს უკითხავდნენ საზოგადოებას, რადგან თავად უარესს აკეთებდნენ, სამმაგ და ოთხმაგ პრემიას იღებდნენ.
- ბევრი მინისტრი, მისი ხელფასის და პრემიის შესაბამისს, დღესაც არაფერს აკეთებს, მაგრამ მაშინ რას აკეთებდა საიმისოს ეს ხალხი, რომ ამ დონის ხელფასები და პრემიები აეღოთ?
- ზუსტად ეს კითხვა მაქვს მათთან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მინისტრს ზოგადად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება, ხოლო პრემია უნდა გაიცემოდეს დამსახურების მიხედვით, გაკეთებული საქმის მიხედვით და არა იმის გამო, რომ კანონში ამდენი წერია და ის ბოლომდე უნდა გახარჯოს.
- რამდენად კმაყოფილია თქვენი ორგანიზაცია იმ წესით, რაც არსებობს პრემიების, დანამატების და ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით და ხომ არ აპირებთ რაიმეს ამ მიმართულებით?
- ის, რაც გასულ წლებში იყო, 2005 წლის 25 იანვრის N 43 ბრძანებულებას ვგულისხმობ, ნამდვილად შესაცვლელი იყო და შეიცვალა კიდეც. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით კიდევ საჭიროა მუშაობა, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.