ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" კანონში - უმუშევრისა და უსახლკაროს ინიციაციას ითხოვს.
„ვიღაც რომ შიმშილით კვდება და თავს იწვავს, მერე უკვე გვიანია!"-აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
რისთვის არის საჭირო აღნიშნული ცნებების შეტანა კანონში, რას მისცემთ აღნიშნული სიახლე როგორც უმუშევრებს, ასევე უსახლკაროებს, რატომ თქვეს „ნაციონალებმა" აღნიშნულ ცვლილებაზე უარი და რას ამბობენ დღეს ამ საკითხზე საკანონმდებლო ხელისუფლებაში?
„რეპორტიორს" „უმუშევართა კავშირის" თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი ესაუბრა:
- „სახით უსახლკაროებისკენ" - ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელებაც დავიწყეთ. ჩვენი მიზანია, თბილისის მასშტაბით აღვწეროთ უსახლკარო მოსახლეობა და შესაბამისი დახმარება გავუწიოთ. ამ პროექტზე თანხმობა 2015 წლის იანვარში მივიღეთ. თებერვალში დავდეთ ხელშეკრულება და მარტიდან უკვე დაიწყო პროექტი. დავიწყეთ უსახლკაროების რეგისტრაცია.
- როგორ მოხდება უსახლკაროთა რეგისტრაცია?
- გავაკეთეთ სპეციალური საიტი, სადაც ელექტრონულად შეუძლიათ დარეგისტრირდნენ უსახლკაროები. http://www.ukd.org.ge - ეს არის ჩვენი საიტის მისამართი.
- კონკრეტულად რას გულისხმობს თქვენი პროექტი?
- ჩვენი პირველი მიზანია, რომ საქმე დავძრათ, რომ სახელმწიფომ ყურადღება მიაპყროს უსახლკარო ოჯახებს. ჩვენი წვლილის შეტანას ვაპირებთ საკანონმდებლო დონეზეც.
- დღეს არსებულ კანონმდებლობაში რა ვითარება გვაქვს?
- იმ კანონში, რომელიც დღეს მოქმედებს, საერთოდ არ არსებობს ცნება „უსახლკარო". ამის პარალელურად, კანონში „სოციალური დახმარების შესახებ", მე-18 მუხლში არის მინიშნება, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს უსახლკარო, სოციალურად დაუცველ ადამიანებს, მაგრამ ვინ არის ან რას ნიშნავს უსახლკარო, ეს არ არის აღწერილი კანონში.
- ამ მხრივ უცხოური პრაქტიკა როგორია? რა ხდება საზღვარგარეთ უსახლკაროებთან დაკავშირებით?
- მსგავსი საკითხები თითქმის ყველა ევროპულ სახელმწიფოშია გადაწყვეტილი. ეს ქვეყნები ხელმძღვანელობენ ორგანიზაცია „ფიანცას" რეკომენდაციებით. ჩვენ დავუკავშირდით ამ ორგანიზაციას, რომელიც დაგვთანხმდა, რომ დაგვეხმარება ამ საკითხში.
საქართველოში ამ მხრივ რთული სიტუაციაა, ბოლო 9 წლის განმავლობაში, კრიმინალური რეჟიმის დროს, უსახლკაროთა მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. უამრავი უკანონო დაჭერები იყო, საპროცესო გარიგებები... ასეთ დღეში იყო ნახევარი საქართველო, რის გამოც ოჯახებმა დაკარგეს ბოლო მატერიალური აქტივი. იპოთეკაში ჩადეს სახლები, რომ ეშველათ ოჯახის წევრისთვის. ძალიან რთული იყო ჯანდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობა, ოჯახის ერთი წევრი რომ ავად გახდებოდა, პრაქტიკულად მთელი ოჯახი განწირული იყო. ხშირ შემთხვევაში სახლებს ყიდდნენ, რომ ოჯახის წევრისთვის ეშველათ, ამ დროს კი მთელი ოჯახი რჩებოდა გარეთ.
- უმუშევართა უფლებებს იცავთ. რა ხდება ამ კუთხით?
- ლიბერალური შრომის კოდექსის მიღების მერე, საზოგადოების დიდი ნაწილი დარჩა უმუშევარი. მიშა თავს იწონებდა ამ ლიბერალური შრომის კოდექსით, ხალხი ტაშს უკრავდა. რა მოხდა სინამდვილეში - დამსაქმებელს მიეცა საშუალება, სამსახურიდან გაეთავისუფლებინა ადამიანი ისე, რომ არც კი აეხსნა მიზეზი, რატომ უშვებდა. ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე. ამის გამო ათიათასობით ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად, უმუშევრობა ქვეყანაში იყო 15 %, რეალურად კი უმუშევრობის დონე იყო 60%-იდან ზემოთ. ეს რიცხვები დღესაც არ არის გასწორებული.
მაშინ გათავისუფლებული ადამიანების უფლებების დასაცავად შევიმუშავეთ კანონპროეტი „უმუშევართა სოციალური დაცვის შესახებ". ამ კანონპროექტზე მუშაობა დავასრულეთ 2012 წელს, მარტში. ამ დროს უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე იყო პარლამენტის დეპუტატი, რომელმაც ამ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა.
- რას გულისხობდა თქვენს მიერ შემუშავებული სიახლეები?
- კანონპროექტში განსაზღვრული იყო, ვისთვის უნდა მიგვენიჭებინა უმუშევრის სტატუსი. ყველა ქვეყანაშია უმუშევართა შემწეობა, ჩვენთან შემწეობაზე ლაპარაკიც კი არ არის. რას ნიშნავს უმუშევარი ადამიანი, ესეც კი არ წერია. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს კანონპროეტი დაბლოკა და თაროზე შემოდეს.
- მიზეზად რა დაასახელეს?
- გვითხრეს - არ გაქვთ მითითებული ამ ყველაფრის ეკონომიკური მხარეო. ანუ ბიუჯეტს რა დაუჯდებაო თქვენი კანონპროეტის განხორციელება. ჩვენ დათვლილი გვქონდა იმ სტატისტიკით, რაც მაშინ არსებობდა.
- თუ წამოსწიეთ ეს თემა არსებული ხელისუფლების პირობებში?, ხომ არ მიგიწერიათ საქართველოს პარლამენტისთვის?
- მივწერეთ მთავრობას, სადაც აღვწერეთ ეს სიტუაცია და მივიღეთ პასუხად, რომ მზადდება და მუშავდება კანონპროექტი დასაქმების შესახებ, სადაც ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული. წერილში ეწერა, რომ გადიან კონსულტაცებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მაგრამ ამ დრომდე არაფერი ჩანს. არც „ქართულმა ოცნებამ" გადადგა ამ მხრივ რაიმე ნაბიჯი. იმედია, რამე გაკეთდება.
2006 წელს გაუქმდა სახელმწიფო დასაქმების სამსახური, რომლის ნაცვლადაც შეიქმნა სოციალურ სააგენტოსთან არსებული დასაქმების დეპარტამენტი. ინტერნეტ-საიტია - work.net, რომლით დასაქმებულიც კაცი არ მინახავს. ამ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თეა სტურუა, რომელიც არის „ნაციონალი", დედამისი გიული ალასანიას უახლოესი მეგობარია. თეა სტურუამ თავის დეპარტამენტში დაასაქმა „ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები და მთელი ამ 2-ნახევარი წლის განმავლობაში ქალბატონი თეა დაკავებულია იმით, რომ დადის რეგიონებში და „ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ საქმიანობს. დეპარტამენტში რომ მივედი და სიტუაციას შევხედე, მეგონა, „ნაციონალური მოძრაობის" რაიონულ ოფისში მოვხვდი. ამაში კი ფულს ვიხდით.
საქართველოს რატიფიცირებული აქვს შრომის 88-ე კონვენცია, რომლიც არის სახელმწიფო დასაქმების შექმნის თაობაზე. სანამ ჩვენ არ შევქმნით სახელმწიფო დასაქმების სამსახურს, სანამ რეგისტრაციაზე არ ავიყვანთ უმუშევრებს, სანამ არ იქნება მიღებული კანონი, მანამდე ამ ამბავსაც არაფერი ეშველება, ისე როგორც არ ეშველებათ უსახლკაროებს - თუ არ დავთვლით, რამდენი არიან საქართველოში, არ გავაკეთებთ ცნებების „უმუშევრის" და „უსახლკაროს" ინიციაციას კანონმდებლობაში, თუ არ შევქმნით კანონს, როგორ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო ათასობით უსახლკაროს, მანამდე ამ საკითხს არაფერი ეშველება. ვიღაც რომ შიმშილით კვდება და თავს იწვავს, მერე უკვე გვიანია. უნდა ვაიძულოთ სახელმწიფო, რომ გადადგას ეს ნაბიჯები.