reportiori.ge - რას ასაიდუმლოებს ბელორუსის პრეზიდენტი, რასაც მალე გავიგებთ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:07
ინტერვიუ
რას ასაიდუმლოებს ბელორუსის პრეზიდენტი, რასაც მალე გავიგებთ?
ავტორი:
24 აპრილი, 2015. 12:48


თბილისში ჩამოსულმა ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინის დავალებები ზედმიწევნით კარგად შეასრულა და მნიშვნელოვანი გზავნილებიც დაგვიდო: პირველი - როგორც ლუკაშენკო ამბობს, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მომავალი ურთიერთობების ფუნდამენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, პოლიტიკაში ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს; მეორე - 2014 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ საკმაოდ დაბალი რაოდენობა - 65 მილიონი დოლარი შეადგინა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის ციფრი, რომელიც ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს. ბელორუსის პრეზიდენტის თქმით, დელეგაციაში არის 50 უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენელი და ბიზნესფორუმის საფუძველზე ტვირთბრუნვა გაიზრდება 200 მილიონამდე; მესამე - ბელორუსსა და საქართველოს შორის გაფორმდა 15-პუნქტიანი განცხადება, რომლის მიხედვითაც, მხარეები ადასტურებენ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში სუვერენიტეტის, მთლიანობის, საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის, ძალის გამოყენებისა და ძალით დამუქრების მიუღებლობას; მეოთხე - ლუკაშენკოს თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი იყო რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე, თუმცა დეტალებში გამხელის უფლებამოსილება  ჯერ არ გააჩნია:


„მე და პრეზიდენტი მარგველაშვილი რეალისტები ვართ და ვთქვით, მოდი, გავავლოთ ხაზი და შევხედოთ ხვალინდელ დღეს - რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება იმისთვის, რომ საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება და ბელორუსთან ურთიერთობების გაღრმავება მოხდეს. ვფიქრობ, უახლოეს ხანში, ჩვენ ვიპოვით თუნდაც ერთ პასუხს პატარა კითხვაზე - რა ნაბიჯი გადავდგათ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შევწყვიტოთ ეს რიტორიკა, არამედ დავაახლოოთ სახელმწიფოების პოზიცია და ვიცხოვროთ ერთ ოჯახში, როგორც ეს ერთ დროს იყო... მე ჯერ არ მაქვს უფლებამოსილება პრეზიდენტისგან, ვისაუბრო ჩვენი შეთანხმებების შესახებ, მაგრამ უახლოეს პერიოდში თქვენ ამის შესახებ გაიგებთ".


ალბათ, დამეთანხმებით, ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი მეოთხე საკითხი გახლავთ, ლუკაშენკო ამბობს, მე და მარგველაშვილი კი შევთანხმდით, მაგრამ ახლა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ამის შესახებ უახლოეს ხანში გაიგებთო.


 ეკონომიკური თანამშრომლობა გასაგებია, პოლიტიკური ურთიერთობების  ნორმალიზებაც გასაგებია, მაგრამ რაზე შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი დახურულ კარს მიღმა?


„ალიას" პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება:

 

- ბატონო სოსო, თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, ლუკაშენკოს საუბრიდან გამომდინარე, დადასტურდა, რომ პუტინის გამოგზავნილია?


- რასაკვირველია, დადასტურდა. ის არა მხოლოდ პუტინის დავალებებით ჩამოვიდა, თვითონაც იგრძნო, რომ მისი დრო დადგა. დიპლომატიაში არსებობს ტერმინი „კეთილგანწყობილი ნეიტრალიტეტი", სწორედ ამის მიღწევას ცდილობს რუსეთი და საქართველოსთვის ესეც ბევრს ნიშნავს.

 

- რაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ ლუკაშენკო და მარგველაშვილი დახურულ კარს მიღმა, რის შესახებაც უახლოეს ხანში გავიგებთ?

 

- რაზეც არ უნდა შეთანხმებულიყვნენ, ეს მაინც არის საქმის 50 პროცენტი, რადგან მარგველაშვილი დამოუკიდებლად არ არის არაფრის გადამწყვეტი. ჩვენი პრეზიდენტი იმასაც კი ვერ წყვეტს თვითონ, რომელი ტუალეტით უნდა ისარგებლოს. რა თქმა უნდა, ვერ შეთანხმდებოდნენ აფხაზეთისა და ოსეთის საკითხზე, აქ ჯერჯერობით არ იქნება არავითარი რევიზია, ამას დრო სჭირდება. ისინი ისაუბრებდნენ, რომ მოხდეს რუსეთსაქართველოს პირველი პირების შეხვედრა უმაღლეს დონეზე. ლუკაშენკო ამაზე ილაპარაკებდა პრემიერ-მინისტრთანაც და უახლოეს ხანში ერთმანეთს შეხვდებიან ღარიბაშვილი და პუტინი, ან ღარიბაშვილი და მედვედევი. ვინაიდან ლუკაშენკო მაინც მარგველაშვილის მოწვევით ჩამოვიდა, ამ საქმეში მასაც ჩართავენ.


დღეს არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ თბილისი და მოსკოვი უცებ დაძმობილდნენ, ამ ყველაფრის მიზანია, საქართველო და რუსეთი ერთმანეთს აღარ თვლიდნენ მტრებად. ჯერ გადავწყვიტოთ, რომ აღარ ვართ მტრები და მერე იმაზე ვიფიქროთ, როგორ გავხდეთ მეგობრები.


- სანამ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი არ გადაწყდება, რა მეგობრობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?

 

- ეს იქნება ყველა საკითხის შემდეგ, მანამდე არის სხვა პრობლემები, თუნდაც სავიზო რეჟიმის გამარტივება, შემდეგ ბაზრის უფრო მეტად გახსნა... არ გამოვრიცხავ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, საელჩოების გახსნას, ინვესტიციების შემოსვლას. კი, დღეს რუსეთს არ აქვს იმდენი ფული, რომ მილიარდები შემოიტანოს საქართველოში და ჩინელები გააკვირვოს, მაგრამ 200-300 მილიონი დოლარი ჩვენთვის მაინც ჟანგბადივით იქნება.


- ბელორუსთან ჩვენ გვაქვს ძალიან უარყოფითი სალდო, რა შეიძლება იქიდან წამოვიღოთ?


- ჩვენ კომუნისტების დროიდან შემოგვქონდა კარტოფილი, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაცია და შემოგვყავდა პირუტყვი. ბელორუსის ტრაქტორები იაპონურს ვერ სჯობს, მაგრამ სამაგიეროდ იაფია.


- ლუკაშენკო არ არის ის კაცი, აქ მხოლოდ ჩვენს სახეიროდ ჩამოსულიყო, თვითონ რა უნდა წაიღოს აქედან?


- რა თქმა უნდა, თვითონაც უნდა იხეიროს, მაგრამ ამ ეტაპზე ლუკაშენკოს უფრო აინტერესებს პიარი და მომრიგებლის როლი. ხომ ხედავ, თავისი შვილიც კი ჩამოიყვანა, რომელიც მისთვის არის ღმერთი.


- სხვათა შორის, ამბობენ, რომ კოლია დაჰყავს მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებსაც ყველაზე მეტ პატივს სცემს. ამ მხრივ, ჩვენც გაგვიმართლა.

 

- კი, ლუკაშენკოს სხვა შვილებიც ჰყავს, უფროსი ბიჭები პირველი ცოლისგან, მაგრამ ეს მეტად უყვარს. მან თქვა, რუსეთი, საქართველო და ბელორუსი ერთ ოჯახად უნდა ვცხოვრობდეთო. ამის თქმა იყო და უცებ დამირეკეს „რუსთავი 2"-დან, ბატონო სოსო, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში შედისო? ამათ ოჯახი პირდაპირი გაგებით ესმით, „ნაციონალების" საქმე ისეა, ჩიტი სანეხვეზე იჯდა და კუდს მაღლა სწევდაო. ჩვენ აქედან უფრო მატერიალურად ვხეირობთ, ვიდრე პოლიტიკურად. ლუკაშენკოსთვის ეს ყველაფერი უფრო იმიჯია, მის გარდა ვერავინ ვერ მოახერხა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზება, ვერავინ გაარღვია ეს თემა.


- შეიძლება, რომ ეს ვიზიტი ჩავთვალოთ გარღვევად?

 

- აქ ცოტა ფრთხილი ვიქნები... ცოტა აკლია გარღვევას. ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენს ხელისუფლებაზეც, ეყოფა კი მთავრობას ნებისყოფა და გამბედაობა, რომ საბოლოოდ გადალახოს პოლიტიკური ჯებირები? თუ მოხდა ლუკაშენკოს წინადადებების რეალიზაცია, თავადვე წაადგება, რადგან მომავალ წელს ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნებია.


სხვათა შორის, ლუკაშენკოსთან დაახლოების მცდელობა წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ვანო მერაბიშვილი იყო ჩასული და იცი, რა პასუხით გამოისტუმრა? ჩვენ იმაზე მეტად უნდა ვიმეგობროთ, ვიდრე კომუნისტების დროს ვმეგობრობდითო.


- ვანო მიშამ გაგზავნა და ამიტომაც ახსენა ლუკაშენკომ სააკაშვილი დადებით კონტექსტში, მადლობაც გადაუხადა.

 

- კი, ეს იმას ნიშნავს, რომ ლუკაშენკო ჭკვიანი დიპლომატია, მოგვწონს თუ არა, ეს ასეა. შეიძლება მაგას კისინჯერისა და რიშელიეს დიპლომატიური ნაშრომები წაკითხული არ აქვს, მაგრამ დღევანდელ ფონზე ეფექტურია. თუ საქართველორუსეთის ურთიერთობა დაარეგულირა, მაშინ მისი მაზანდა  უკრაინაშიც აიწევს, პუტინისთვის ის შეუცვლელი გახდება. ვიმეორებ, ახლა მთავარია, ჩვენს ხელისუფლებას ეყოს სიმტკიცე და არ შეეშინდეს „ნაციონალებისა" ამ საკითხში მაინც. ასევე, უნდა გაუძლოს ევროპის ბუზღუნს.


- დასავლეთიდან რამე გამოხმაურება არის? მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ.

 

- არა, ჯერ არავინ აკეთებს კომენტარს, ეს იქნება რამდენიმე დღის შემდეგ და შეიძლება არცთუ სასიამოვნო იყოს. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიფიქროთ მოსახლეობაზე, სადაც კი შესაძლებელია რაიმე ეკონომიკური გარღვევა, უნდა გამოვიყენოთ. ჩვენთვის რა ხეირიც იქნება, ყველას იმ კუთხიდან უნდა ველაპარაკოთ, სხვა გზა უბრალოდ აღარ დაგვრჩა.

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016