„დღეს დასავლეთში ბევრია წვრილფეხა ჩემბერლენი და არც ერთი - ჩერჩილი!!!" ელენე ბონერი, 2008 წ.
პრეზიდენტ ობამასა და მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა რომ ერთი დიდი ფიასკოა, ვფიქრობ, ამაში აღარავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი. სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ფაქტორი (ობამას საშინაო პოლიტიკაზე მომავალში ვისაუბროთ) ჰილარი კლინტონის 2016 წლის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიისთვის, რომელში მონაწილეობაზეც მან ახლახან ოფიციალურად განაცხადა! დიახ, ქალბატონ კლინტონს მწვავედ გაუხსენებენ სახელმწიფო მდივნის პოსტზე მისი მოღვაწეობისას მომხდარ ჩავარდნებს - „არაბულ გაზაფხულს", რომელიც დიდი ხანია უკვე არაბულ ქაოსშია გადაზრდილი; ბენგაზიში ამერიკელი დიპლომატისა და საელჩოს თამნამშრომლების მკვლელობას, რომლებიც სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან უყურადღებობის მსხვერპლნი გახდნენ; რუსეთთან „პერეზაგრუზკის" გამოცხადებას და მის სამარცხვინოდ ჩაფლავებას; შეერთებული შტატების ავტორიტეტისა და გავლენის შესუსტებას მსოფლიოში; სხვა „ცოდვებსაც" და საერთოდ, ობამას მიერ საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე დაშვებულ შეცდომებსაც მას წამოაძახებენ, მიუხედავად იმისა, რომ ჰილარი კლინტონმა თითქოს დროულად უშველა თავს და 2013 წლის დასაწყისში გადადგა სახელმწიფო მდივნის პოსტიდან! საერთოდ, პრეზიდენტ ობამას მმართველობის პერიოდს გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ადარებენ ჯიმი კარტერის უნიათო პრეზიდენტობას, რომელიც მე-20 საუკუნის ყველაზე სუსტ პრეზიდენტადაა მიჩნეული, თუმცა ბევრნი, განსაკუთრებით კონსერვატორი პოლიტიკოსები, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის თავკაცობით, ობამას უ ც უ დ ე ს პრეზიდენტად ასახელებენ! და მართლაც, ევროპელ ლიდერთა მსგავსად, ობამას უპრინციპო, შემგუებლურმა, უკიდურესად ფრთხილმა (მე კი ვიტყოდი, მფრთხალმა) საგარეო პოლიტიკამ და ხშირ შემთხვევაში დაგვიანებულმა რეაგირებამ მსოფლიოში არსებულ მძაფრ და საშიშ მოვლენებზე, საერთაშორისო საზოგადოებრიობა მიიყვანა იქამდე, რომ შექმნილ ვითარებას, უწინარესად, რუსეთ-უკრაინის ომს და ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს, უკვე კარგა ხანია ადარებენ მეორე მსოფლიო ომის წინ მომხდარ ამბებსაც (1938 წლის მიუნხენის გარიგებას და 1939 წლის რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტს) და ომისშემდგომ განვითარებულ მოვლენებსაც...
1945 წლის 19 ოქტომბერს ინგლისის ლეიბორისტულ გაზეთ „ტრიბიუნ"-ში, ჟურნალისტმა და მწერალმა ერიკ არტურ ბლეირმა, რომელმაც სახელი გაითქვა ჯორჯ ორუელის ფსევდონიმით, გამოაქვეყნა ესსე სახელწოდებით „თქვენ და ატომური ბომბი" (ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის გამოძახილი). ამასთან, ამ ესსეში რომან ანტიუტოპიის „1984"-ის და არანაკლებ გახმაურებული ნაწარმოების „ცხოველთა ფერმის" ავტორმა პირველმა გაახმოვანა ტერმინი, რომელიც მესამე მსოფლიო ომის სახელწოდებითაც მოიხსენიება ; „... შესაძლოა ჩვენ მივდივართ არა საერთო კრახისკენ, არამედ ეპოქისკენ, რომელიც გამორჩეული იქნება ისეთივე საშინელი სტაბილურობით, როგორც ანტიკური ხანის მონათმფლობელური იმპერიები..., რომ გამოჩნდება სახელმწიფო, რომლის დაპყრობაც უბრალოდ შეუძლებელი გახდება და რომელიც პერმანენტულ ც ი ვ ო მ შ ი იქნება ჩაბმული თავის მეზობლებთან...". ორუელს ამ აბსტრაქტულ პროგნოზში პირდაპირ არ უწინასწარმეტყველებია დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის მომავალი დაპირისპირება, რაც 1945 წლის შემოდგომაზე სულაც არ გამოიყურებოდა ფატალურად და ამ თემაზე თითქმის არავინ საუბრობდა ხმამაღლა (წინ იყო ჩერჩილის გამოსვლა ფულტონში), მან მხოლოდ მიანიშნა, რა შეიძლება მომხდარიყო! წელიწადნახევრის შემდეგ კი, 1947 წლის 16 აპრილს, ამერიკელმა ფინანსისტმა და პოლიტიკოსმა ბერნარდ ბარუჰმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ყოველგვარი აქცენტირების გარეშე სხვათა შორის ბრძანა, „არ უნდა დავუშვათ, რომ გვატყუებდნენ... ჩვენ ვიმყოფებით გაქანებულ ცივ ომში". მხოლოდ ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველის უოლტერ ლიპმანის მიერ იმავე წლის სექტემბერში გაზეთ „ნიუ-იორკ ჰერალდ ტრიბიუნის" ფურცლებზე დაბეჭდილ სტატიათა სერიის და ამ სტატიების ცალკე კრებულად გამოქვეყნების შემდეგ, სათაურით „ცივი ომი, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის კვლევა",- დამკვიდრდა ეს ტერმინი საერთაშორისო პოლიტიკურ ლექსიკონში! ასე რომ, თუ ათვლის წერტილად ორუელის ესსეს ავიღებთ, შეგვიძლია ვთქვათ რომ ოქტომბერში „ცივი ომის", როგორც ცნების, 70-წლიან „იუბილესაც" აღნიშნავს „პროგრესული კაცობრიობა", თუ, რა თქმა უნდა, მანამდე არ გადაიზარდა მასშტაბურ ცხელ ომში. ამის აშკარა საშიშროება კი, უკვე გამოკვეთილია რუსეთ-უკრაინის, ზოგადად, რუსეთ-დასავლეთის და ახლო და შუა აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური და რელიგიურ-იდეოლოგიური დაპირისპირებებით!
შეერთებულ შტატებში ახალი „ცივი ომის" დაწყების შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ 2007 წლის თებერვალში მიუნხენში პუტინის მიერ გაკეთებული ცნობილი მოხსენების შემდეგ და საგულისხმოა, რომ ყველაზე ბევრს ხმაურობდნენ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, გასაგები მიზეზის გამო - წინ იყო 2008 წლის საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნები. პუტინის მიუნხენური ანტიდასავლური და ანტიამერიკული დემარშიდან ორი თვის შემდეგ სენატორმა რობერტ ენდრიუსმა კონგრესში შეიტანა კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც წესდებოდა სპეციალური ჯილდო სახელწოდებით „Cold War Service Medal", -- განკუთვნილი იმ სამხედრო და სამოქალაქო პირთათვის, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობდნენ 1945 წლის 2 სექტემბრიდან 1991 წლის 26 დეკემბრამდე, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე. კანონპროექტს რესპუბლიკელებიც იწონებდნენ, მაგრამ ყველაზე აქტიურად ლობირებდნენ დემოკრატი სენატორები და კონგრესმენები ჰილარი კლინტონის თავკაცობით (მაშინ ის სენატორი გახლდათ ნიუ-იორკის შტატიდან), რომელიც თუთიყუშივით იმეორებდა ყველგან - „ცივ ომში ჩვენი გამარჯვება უზარმაზარი მიღწევაა და მილიონობით ამერიკელი იმსახურებს ჯილდოს..." მას სენატორი ილინოისის შტატიდან ბარაკ ობამაც აძლევდა ბანს, თუმცა ჰილარისთან შედარებით უფრო მოკრძალებული გახლდათ. მაშინ ბევრმა არ იცოდა (მათ შორის ამ სტრიქონების ავტორმაც), რომ ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში შეერთებულ შტატებში შეიქმნა „ცივი ომის" ვეტერანთა ასოციაცია, რომელიც მთავრობისგან ითხოვდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მათი დამსახურების აღიარებასა და დაფასებას, მაგრამ იმ ეტაპზე ვერაფერს გახდნენ. მხოლოდ პენტაგონიდან მიიღეს სპეციალური სერტიფიკატები და ისიც მარტო სამხედროებმა. მართალია, ვეტერანთა ასოციაციამ მაინც მიაღწია, რომ მოგვიანებით გამოეშვათ სიმბოლური მედალი, მაგრამ მაშინდელ ადმინისტრაციას, კონგრესს და პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ეყოთ ღირსება და ჯენტლმენობა, ემოქმედათ პრინციპით „წაქცეულს არ სცემენ" (წაქცეულში, ბუნებრივია, რუსეთი იგულისხმებოდა) და არ მოახდინა ამ ფაქტის აფიშირება, მით უფრო, არ მიეცა ტრაბახსა და მკერდზე მჯიღის ცემას! მაგრამ, ისტორიის ირონიაც ის არის, რომ მისი გაკვეთილები წინ გვხვდება და ამერიკის დღევანდელმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა, რომელიც, როგორც ზემოთაც ვთქვი, ყველაზე ბევრს ყვიროდა ცივ ომში გამარჯვებაზე, დაინახა, რომ კვლავ აღმოჩნდნენ ახალი „ცივი ომის" წინაშე (არ მინდა ვთქვა, უკვე „ცივ ომში"-თქო) და აღმოჩნდნენ უწინარესად, სწორედ, საკუთარი უნიათობის, უმაქნისობის და პლუს, ევროპელ ლიდერთა კაპიტულანტური პოლიტიკის შედეგად!
საუბედუროდ, უკვე აშკარაა, რომ ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსთა მნიშვნელოვან ნაწილს ისტორიული მეხსიერება , ისევე როგორც სინდისი და თავმოყვარეობა, არ გააჩნია. მომავალში მოვყვები ამერიკაში მოქმედ რუსულ ლობზე და კრემლის მიერ მოქრთამულ პოლიტიკოს-პოლიტოლოგებსა და მედიასაშუალებებზე, ასევე ე.წ. გავლენის აგენტების „მოღვაწეობაზე", რომელთაც, უკვე აქაც, იძულებულნი არიან, უწოდონ „მეხუთე კოლონა". ევროპელ ლიდერთა „საქმენი საგმირონზე" კი, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ - დაწყებული გერმანიის ყოფილ კანცლერ შრედერითა და ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის ზოგიერთი გაყიდული დეპუტატ-პოლიტიკანით , დამთავრებული საბერძნეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის დღევანდელი სამარცხვინო პრეზიდენტებით...
კვლავ ორუელს რომ მივუბრუნდეთ, ის ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე თავის სტატიებსა და ნარკვევებში დაუნდობლად აკრიტიკებდა და ამხელდა ტოტალიტარულ სისტემებს და, ფაქტობრივად, პირველი გახლავთ, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიაქცია ნაცისტურ გერმანიასა და ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირს შორის მსგავსებაზე და სწორედ ორუელს მიეკუთვნება გამოთქმაც „დიდი ტერორი". ამასთან, ის გამუდმებით აფრთხილებდა საზოგადოებას მოახლოებული ომის საფრთხეზე, გმობდა პრემიერ-მინისტრ ნევილ ჩემბერლენის კაპიტულანტურ პოლიტიკას, მიუნხენის სამარცხვინო „მშვიდობას" და მოგვიანებით უკვე რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტს!
ფაქტია, 1938 წელს ნევილ ჩემბერლენი ტრაბახობდა, რომ ჩამოიტანა „საპატიო მშვიდობა", რაც შემდგომ ანეკდოტად დარჩა ისტორიაში და გაფრთხილებადაც მომავალი თაობებისთვის,- რომ საშიშია ე.წ. სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვა იმათთან, რომლებიც სულაც არ ესწრაფვიან მშვიდობას და სამშვიდობო დოკუმენტებიც აგრესიული გეგმების შესანიღბად სჭირდებათ. ამის დღევანდელი ნათელი დადასტურებაა რუსეთ-უკრაინასა და აშშ-ირანს შორის გაფორმებული დოკუმენტებიც, რომელთაც ნიუ-იორკის გაზეთმა „ობსერვერმა" სამართლიანად უწოდა თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის „ჩემბერლენიზაცია". „მინსკის სამარცხვინო გარიგება და ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მიღწეული შეთანხმება არ ბადებს ოპტიმიზმს, რადგან აშკარაა რომ არც პუტინი და არც სპარსელი აიათოლები უარს არ იტყვიან თავიანთ გეგმებზე და ეს ე.წ. დოკუმენტებიც დროის მოსაგებად სჭირდებათ", წერს გაზეთი და ჩემი მხრივ დავძენ, რომ ყველაფერი ძალიან მარტივადაა, კერძოდ, ყველა მონაცემი არსებობს უკვე, რომ პუტინი სოჭის ოლიმპიადის მსგავსად, ტრიუმფით გადააგორებს 9 მაისის დღესასწაულს და შემდეგ საფუძვლიანად „ჩაუჯდება" უკრაინის საბოლოოდ დაშლის გეგმის რეალიზაციას. ირანის ხელისუფალნი კი, აღნიშნულ დოკუმენტს ამოფარებულნი, ბირთვულ პროგრამას ბოლომდე მიიყვანენ და ატომურ ბომბებს შექმნიან! მიუხედავად ამ და სხვა აშკარა საფრთხეებისა, არც ევროპელ ლიდერებს და არც პრეზიდენტ ობამას ჯიუტად არ სურთ არც უკრაინის სერიოზული შეიარაღება და რუსეთის მიმართ უმკაცრესი სანქციების დაწესება და არც ირანის ბირთვული რეაქტორების განადგურება, რასაც გამუდმებით მოუწოდებს ისრაელი და რომელსაც, როგორც სახელმწიფოს, აიათოლები სრული მოსპობით ემუქრებიან! დღემდე არსებული სანქციებით კი, ფაქტია, რომ ვერც რუსეთის აგრესიას აკავებენ მეზობელი ქვეყნებისადმი და ვერც ირანის ბირთვულ ამბიციებს.
შორს რომ აღარ წავიდეთ, ევროპის „ჩემბერლენიზაცია" საქართველომაც გამოსცადა საკუთარ ტყავზე 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე, როცა „მაპ"-ს მიღმა მოისროლეს უკრაინასთან ერთად და ხელ-ფეხი გაუხსნეს რუსეთს აგრესიისკენ, აქედან გამომდინარე აგვისტოს ომის უმძიმესი შედეგებით, რამაც სასიკვდილო მეტასტაზები დღეს უკვე უკრაინაშიც გაიდგა! ანუ მოხდა და ხდება ჩემბერლენის „აჩრდილის" მატერიალიზაცია. ტელეარხ „Fox news"-ით გამოსვლისას, გაერო-ში ამერიკის ყოფილმა ელჩმა ჯონ ბოლტონმა გააკრიტიკა ობამას ადმინისტრაცია ირანთან მოლაპარაკებებისთვის და მერკელი და ოლანდი - მინსკის „დოკუმენტისთვის", შემდეგ კი ბრძანა: „როცა ვიწყებთ მოლაპარაკებებს ირანის ტიპის სახელმწიფოებთან და უკრაინის სეპარატისტ-ტერორისტებთან, ჩვენ ვცნობთ მათ უფლებას, უგულებელყონ საერთაშორისო სამართალი, რაც გამოიხატება ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებაში და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის მთლიანობის ხელყოფაში. ყველაფერი ეს კი, ადამიანის უფლებების ამაზრზენი დარღვევების ფონზე ხორციელდება,მაგრამ მაინც ვაძლევთ დამატებით დროს ბირთვული იარაღის შექმნისთვის და ძალების გადაჯგუფება-მობილიზებისთვის. ეს უკანასკნელი აშკარად ხორციელდება რუსეთ-უკრაინის საზღვრის პერიმეტრზე... ასე რომ, როგორც კი იწყებ მოლაპარაკებას ირანთან ან უკრაინის სეპარატისტებთან და მათ სპონსორთან, უმალ აქცევ ტერორისტებს პარტნიორებად, რომლებთანაც საქმის დაჭერა უკვე შეეძლებათ სხვებსაც!" მსგავს შეფასებებს გამოთქვამენ სხვა ცნობილი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსებიც. საქმე იქამდე მივიდა, რომ თეთრი სახლის ქმედებებით მოთმინებადაკარგული ამერიკული ელიტის „მძიმე არტილერიაც" ჩაერთო დისკუსიაში ყოფილი სახელმწიფო მდივნების - უკვე საკმაოდ მხცოვანი ჯორჯ შულცისა და ჰენრი კისინჯერის თამადობით, რომლებმაც ასევე დაგმეს ობამას საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები და, უწინარესად, ირანთან გაფორმებული შეთანხმება, გააფრთხილეს რა თეთრი სახლი, რომ შედეგად, თეირანი მალე დაეუფლება ბირთვულ იარაღს!.. კრიტიკის ობიექტი კი, აქეთ გადმოვიდა შეტევაზე და კატეგორიულად მოუწოდა კონგრესს, რომ თავიდან ამოიგდონ უკრაინის შეიარაღებაზე ოცნებაც და ირანთან მიღწეულ შეთანხმებასაც პატივისცემით მოეკიდონ! ეს ხდება მაშინ, როცა შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირეები და ირანის ბირთვული პროგრამის კატეგორიული მოწინააღმდეგეები ისრაელი და საუდის არაბეთი ლამისაა მტრად მოიკიდონ ამ ყბადაღებული და პერსპექტივაში არაფრისმომცემი დოკუმენტის გამო...
და კიდევ, გამოჩენილი ამერიკელი პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა 90-იან წლებში გამოცემულ თავის განთქმულ ნაშრომში „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი", სადაც ის „ბოროტების იმპერიის" დაშლასა და „ცივი ომის" დამთავრებას მიიჩნევდა ისტორიის განვითარების დასასრულად, დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ შ ე ც დ ა თითქმის ყველა იქ გამოთქმულ პროგნოზში! რეალურად კი, ის გახლდათ ისტორიის ერთი პერიოდის დასასრული და ახლის დასაწყისი, ანუ წარსულს ჩაბარდა ორ სუპერსახელმწიფოსა და მათ ირგვლივ გაერთიანებულ ორ იდეოლოგიურ ბანაკს შორის დაპირისპირება და დაიწყო კონფლიქტი ორ ცივილიზაციას - იუდაიზმ-ქრისტიანულსა და ისლამურს შორის, რასაც იმავე 90-იან წლებში პროგნოზირებდა მეორე გამოჩენილი პოლიტოლოგი სამუელ ჰანთინგთონი. და აი, ბოლო წლებში ასპარეზზე გამოჩნდა ახალი „ცივილიზაციაც" ე. წ. რუსული სამყაროს სახით - აგრესიული, ვერაგი და დაუნდობელი, - რომელიც „ბირთვულ ფერფლად გადაქცევით" ემუქრება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპის საჰაერო სივრცეში საკუთარი ბომბდამშენების თარეშით აშანტაჟებს სახელმწიფოებს, აგრძელებს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციას და მუქარას ე.წ. ევრაზიულ კავშირში შეთრევის მიზნით, დემონსტრაციულად აპირებს ირანისთვის მძლავრი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გადაცემას, რათა აიათოლებმა უკეთესად დაიცვან თავიანთი ბირთვული რეაქტორები და ყველაფერ ამას სჩადის ღიად და წრეგადასული თავხედობით, რის წინაშეც, საუბედუროდ, ჯერჯერობით, უძლურია „ჩემბერლენიზებული" დასავლეთი...
სპეციალურად საიტისთვის,
„რეპორტიორის" მიმომხილველი ზურაბ მჭედლიშვილი, ნიუ-იორკი