ლაგოდეხის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მძღოლები არალეგალური საწვავის შემოტანისთვის ათასი ლარით დააჯარიმეს. საქმე იმ მძღოლებს ეხება, რომლებმაც საბაჟოზე 50 ლიტრზე მეტი საწვავი გადმოიტანეს. დაჯარიმებული მძღოლების თქმით, უმრავლესობა ავტობუსებით მოძრაობს და ამ რაოდენობის საწვავი არასაკმარისია, ზოგიერთმა მძღოლმა კი ჯარიმის დაწერის შიშით, ტრანსპორტი საბაჟოზე მიატოვა. მძღოლები მანქანების დაწვით იმუქრებიან.
შეგახსეებთ, ფინანსთა მინისტრის ბრძანება - საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილების და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ, ძალაში 18 ოქტომბრიდან შევიდა და კონტრაბანდის წახალისების თავიდან აცილებას უკავშირდება.
"50 ლიტრ საწვავზე მეტი თუ იქნება გვაჯარიმებენ 1000 ლარით. მოგვცენ საშუალება ვიმუშაოთ", - აცხადებს ერთ-ერთი დაჯარიმებული მძღოლი. შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, არალეგალური ბიზნესი ხელს უშლის ლეგალურ ბიზნესს. მისივე თქმით, მძღოლებს კონტრაბანდული საწვავი შემოჰქონდათ და სწორედ ამიტომ მოხდა მათი დაჯარიმება.