ხვალ მირზაანში ტრადიციულად, ფიროსმანობას აღნიშნავენ. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, დილიდან მთელი დღის განმავლობაში ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ეზოში მოეწყობა სპეციალურად დამზადებული და შერჩეული ხალხური რეწვის საუკეთესო ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, მხატვრულად იქნება გაფორმებული და წარმოდგენილი ტრადიციული ქიზიყური ბაზრობა, გაიმართება ქიზიყურ-კახური სამზარეულოსა და ღვინის დეგუსტაცია.
ერთიანი კოლექციის სახით, ფიროსმანის მუზეუმში დაცული მხატვრის 14 ორიგინალი სრულად იქნება წარმოდგენილი. აქედან „მალაკნების ქეიფი" და „მუშა" სიღნაღის მუზეუმიდან, ხოლო „თამარ მეფე", „წამოწოლილი ქართველი ქალი" და „კალოობა" რესტავრაციის შემდეგ დაუბრუნდა მუზეუმს.
მთავარი დარბაზის მუდმივი ექსპოზიციის გარდა, დამთვალიერებლი იხილავს ნიკო ფიროსმანის სხვადსხვა პერიოდში და სხვადსხვა ქვეყანაში განხორციელებული გამოფენების ამსახველ ისტორიულ აფიშებს და დოკუმენტურ მასალებს მხატვრის პირადი საქმიდან.
სპეცილურად ფიროსმანობისთვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, მუზეუმში თანამედროვე მხატვრების გამოფენა გაიხსენება, სახელწოდებით „იპოვე შენი ფიროსმანი".