ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის ძველი იერსახის დაბრუნების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკურმა" ქალაქის მერიასთან ერთად წლების წინ არსებული სანერგე მეურნეობა აღადგინა. როგორც სანერგეში დასაქმებული სპეციალისტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა გადარჩება, დღეს კი 1840 წელს სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბაღი სავალალო მდგომარეობაშია: გამხმარია წითელ წიგნში შესული მცენარეების დიდი ნაწილი და განადგურებულია ინფრასტრუქტურა, რადგან წლების განმავლობაში, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში გაცემული დაპირებების მიუხედავად, მნიშვნელოვანი სამუშაოები არ ჩატარებულა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ამჟამინდელმა წარმომადგენლებმა საზოგადოებას ბაღის აღდგენის დაპირება მისცეს და, როგორც ირწმუნებიან, ახლა სწორედ მისი შესრულების პროცესი მიმდინარეობს. ამ დროისთვის ისტორიული ძეგლის ტერიტორია მთლიანად გაიწმინდა ეკალ-ბარდებისა და დაზიანებული ხე-მცენარეების ნაწილისგან. აღდგა წყლის მიწოდება - შესაბამისად, წყლით გაივსო ბაღის ტბა. არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკურის" მიერ აღდგენილ სანერგე მეურნეობაში კი წითელ წიგნში შეტანილი 12 სახეობის მცენარე და 12 ათასამდე კოლხური ბზა დააკალმეს. აქცენტი გაკეთდა გადაშენების პირას მისულ მცენარეებზე. სამუშაოებს 18-20-წლიანი გამოცდილების მქონე ბაღის ყოფილი თანამშრომლები ახორციელებენ. ერთ-ერთი მათგანია პროფესორი ლარისა თირქია. მისი თქმით, განხორციელება პროექტისა „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ბიომრავალფეროვნების აღდგენა" შესაძლებელი გახდა „გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა" და მერიის დახმარებით:
„გაკეთდა როგორც დახურული, ასევე ღია გრუნტი. დახურულ გრუნტში არიან ისეთი მცენარეები, რომლებიც გადახურვას მოითხოვენ, ღია გრუნტში კი არიან ისეთები, რომლებსაც გადახურვა არ სჭირდება. პროექტის ფარგლებში აღდგა მისასვლელი გზები, ბილიკები, შემოსასვლელთან აღვადგინეთ ყვავილნარი და დავამატეთ ახალი მცენარეები".
ლარისა თირქიას განცხადებით, ბოტანიკური ბაღის სანერგე მეურნეობაში მოყვანილი მცენარეები დაირგვება ბაღშივე, თუმცა მისი რეალიზაციაც გახდება შესაძლებელი. მას შემდეგ კი, რაც სათბურის მცენარეები წამოიზრდება, გადარგავენ. საამისოდ ბაღის ტერიტორიაზე უკვე მუშავდება მიწის ნაკვეთი. რაც შეეხება ბაღის 175 წლის ბზას, რომლიც განადგურების პირასაა, პროფესორი ამბობს, რომ მისი გადარჩენაც შესაძლებელია:
„მისი გადარჩენის მიზნით, ბზის თითოეული ხეივანი გაიწმინდა უხეირო მცენარეებისგან და უტარდება შეწამვლა შხამქიმიკატებით".
ქალაქის მერიაში ირწმუნებიან, რომ ბოტანიკური ბაღის თემა ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ვიცე-მერმა გია გულორდავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ უფრო მასშტაბური სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება:
„მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რისთვისაც გამოყოფილია 80 ათასი ლარი. საპროექტო სამუშაოები დასრულდება 25 მაისს და გამოცხადდება ტენდერი ბოტანიკური ბაღის მთლიან აღორძინებაზე, რომლისთვისაც 3 მილიონი ლარია გამოყოფილი. გათვალისწინებულია როგორც მცენარეთა განახლება, ისე დამატება ისეთი მცენარეების, რომელიც აკლია. გვაქვს მოლაპარაკება ესპანელებთან. შემოგვთავაზეს თავიანთ ბაღებში მოყვანილი ეგზოტიკური მცენარეები".
ბაღის აღდგენის თითქმის დასრულებულ პროექტში ისტორიული ძეგლის იერსახის აღდგენასთან ერთად გათვალისწინებულია ბაღის ადმინისტრაციული შენობისა და ერთი ისტორიული ნაგებობის აღდგენა. ვიცე-მერის მტკიცებით, აშენდება ასევე გალერეა, სადაც ხელოვანები საკუთარი ნამუშევრების გამოფენას შეძლებენ. პროექტის ფარგლებში უნდა განახლდეს ბაღის გალავანი, მოეწყოს ველო და სარბენი ბილიკები.
(წყარო:radiotavisupleba.ge)