reportiori.ge - ის, რასაც სირიაში მებრძოლ ქართველებზე არ ამბობენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 19:53
ინტერვიუ
ის, რასაც სირიაში მებრძოლ ქართველებზე არ ამბობენ
25 აპრილი, 2015. 20:12


რას არ ამბობენ ქართველი ექსპერტები სირიაში წასულ ქართველებზე, რატომ მიანიჭა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის ფედერაციის 11 ათასზე მეტ მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა, რომლებიც დღეს სირიაში იბრძვიან და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ შექმნილი სიტუაციის  პრევენციისთვის?

 

 

„რეპორტიორს" ექსპერტი კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში შოთა აფხაიძე ესაუბრა:

 

 

 

 

- დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი - რამდენი ქართველი მებრძოლია სირიაში წასული საომრად და რამდენი ირიცხება „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში. სხვადასხვა ექსპერტები ამბობენ, რომ 100-მდეა, ხელისუფლება ფრთხილობს ამ საკითხთან მიმართებში და  უმეტესად დუმს, რის გამოც ზუსტი ინფორმაცია მოსახლეობისთვის არის ხელმიუწვდომელი.



- ხელისუფლების პოზიცია გასაგებია, მაგრამ რატომ არ საუბრობენ ამ საკითხებზე ექსპერტები ღიად?

 

 

- ის ექსპერტები, რომლებიც ამ და მსგავსი საკითხების კვლევით არიან დაკავებული, მიკერძოებულები არიან.



- რატომ?

 

 

- ეს განაპირობა მათმა ჩართულობამ თავის დროზე ამ საკითხში, მაშინ,  როცა დაიწყო საქართველოში სალაფიტური თემების  შექმნა, პირდაპირ ვიტყვი, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, მისი სპეცსამსახურები ხელს უწყობდნენ ჩრდილოკავკასიიდან ახალგაზრდების შემოყვანას. გარკვეული ბაზა იყო მათთვის  შექმნილი, რომ მოემზადებინათ დივერსიული და ტერორისტული აქტების განსახორციელებლად ჩრდილო კავკასიაში, კერძოდ, რუსეთის ტერიტორიაზე. ამან გააძლიერა საქართველოში სალაფიტური თემები. ასე იქცა ვაჰაბიტი მებრძოლების პლაცდარმად საქართველოს ტერიტორია - საუბარია პანკისის ხეობაზე, შემდეგ ამას დაემატა ქვემო ქართლი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.  ჩვენ არაერთი ფაქტი გვაქვს, რომ ჩრდილოკავკასიიდან ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს გადმოჰყავდათ, ეხმარებოდნენ გადმოყვანაში ჩეჩნეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან და ა.შ. მოჯაჰედებს და შემდეგ, მათ საქართველოს ტერიტორიაზე უწევდნენ, როგორც ფულად, ასევე სხვა ტიპის დახმარებებს. ამ საქმეების სამოქმედო სქემების შედგენაში ამ საკითხზე მომუშავე ჩვენი ექსპერტების უმეტესობა მონაწილეობას იღებდა, მათ მიმართავდნენ რჩევებისთვის ქართული სპეცსამსახურები და დღეს, როცა ვხედავთ, რომ ამდენი ქართველი იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში, გაგვიკვირდა. სინამდვილეში, ეს არ უნდა გაგვკვირვებოდა. ამის საფუძველი იქმნებოდა საქართველოში. ამ 9 წლის განმავლობაში მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა, რომ ვაჰაბიტური მოძრაობა აქ გაძლიერებულიყო. ეს ადამიანები საქართველოში არსებობდნენ და ახლა გამოაჩინა „ისლამური სახელმწიფოს" მიერ გაჩაღებულმა  ბრძოლამ. უამრავი ადამიანი წავიდა, ორი ლიდერიც გვყავს - მარგოშვილი და თარხან ბათირაშვილი.



მნივშვნელოვანია, ციფრის დაზუსტებისას მხედველობაში მივიღოთ ერთი ფაქტორი, ის, რასაც ხელისუფლება და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები მალავენ - 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით რუსეთის ფედერაციის 11 ათასზე მეტ მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.



- ეს ინფორმაცია როგორ მოიპოვეთ?

 

 

- იუსტიციის სამინისტროდან გამოვითხოვე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ეს არის დაფიქსირებული. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც იბრძვიან სირიაში და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში. სააკაშვილმა ჩრდილო კავკასიის - დაღესტნის, ჩეჩნეთის და ინგუშეთის მოქალაქეებს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა.



- რაში სჭირდებოდა სააკაშვილს ეს ადამიანები?

 

 

- სააკაშვილს ისინი სჭირდებოდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად, დივერსიული აქტების და ა.შ. ეს ადამიანები საქართველოს პასპორტებით არიან შესულები „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში,  ამ ქართული პასპორტით აქვთ გადაკვეთილი საქართველოს საზღვარი. ამას დაეფუძნა მერე სირიის გენშტაბის წარმომადგენლის ვალიდ აბაზას განცხადება, რომ  საქართველოს ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს" საწვრთნელი ბაზებია.



- მერე ბაზა სადაა?

 

 

- ბაზა პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ,  ბაზა არ გულისხმობს მაინცდამაინც ტერიტორიას, სადაც მეომრების მომზადება მიმდინარეობს, მთლიანი საქართველოს ტერიტორია მოიაზრა მან ბაზად.



- დღევანდელი ხელისუფლების პოზიციას როგორ აფასებთ ამ საკითხთან მიმართებაში?

 

 

- საოცარი პოზიცია უჭირავს არსებულ ხელისუფლებას. საკითხის პრევენციისთვის არ მიმდინარეობს აქტიური მოქმედება. მე არ ვგულისხმობ  ანტიტერორისტული  ოპერაციების ჩატარებას, ეს ძალიან ცუდი იქნება ჩვენთვის. უნდა დავიწყოთ იდეოლოგიური, შემეცნებითი მუშაობა, სწორი რელიგიური განათლების მიცემა, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც მუსლიმანები ცხოვრობენ.



ასევე, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს შემომავალი ფინანსები, ამაში მოვიაზრებ საუდის არაბეთიდან და თურქეთიდან შემომავალ  ფინანსურ ნაკადებს, რომლითაც ფინანსდება სალაფიტური თემები საქართველოში და ისლამური ორგანიზაცები, რაც დაანგრევს საქართველოს სახლემწიფოებრიობას და კონსტიტუციურ წყობას.  



უნდა გაკონტროლდეს თურქული ჰუმანიტარული ორგანიზაციები, რომლებიც გახვეულები არიან ათას სკანდალში, ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე მეჩეთი დააფინანსეს პანკისში და ააშენეს, ეს მოხდა ყატარის პრინცის დაფინანსებით. ეს მომენტებია საგულისხმო და ამას უნდა მიაქციოს სახელმწიფომ ყურადღება. გაამკაცრონ სასაზღვრო კონტროლი. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იბრძვიან ისლამური სახელმწიფოს რიგებში, ამბობენ, რომ ჯიჰადი გადმოტანილი იქნება  კავკასიაშიც და ეს ძირითადად მიმართული იქნება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ეს არის სრული აბსურდი, იმიტომ, რომ ეს ჯიჰადი მიმართული იქნება არამარტო რუსეთის, არამედ საქართველოს წინააღმდეგაც, იმიტომ, რომ „ისლამური სახელმწიფოს" მიზნებში შედის, გააერთიანონ მთელი მსოფლიო  ხალიფატის შემადგენლობაში, რაც სისხლისღვრის გარეშე გარდაუვალია. ეს მთელ  რეგიონს მოიცავს - სომხეთს, აზერბაიჯანს და ა.შ.



რა თქმა უნდა, ზრდასრულ ადამიანებს ვერ ავუკრძალავთ ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას, ეს იქნება ადამიანის უფლებების დარღვევა, მაგრამ გამკაცრებული საკანონმდებლო სანქციებით, ყველა იმ ადამიანზე, რომელიც წავა და იბრძოლებს „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში, უნდა დაწესდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ეს ადამიანები არ უნდა დაბრუნდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.  



- ასეთ რამესაც ამბობდნენ - ეს მეომრები დაბრუნდებიან და საქართველოში მოაწყობენ არაბულ გაზაფხულსო... მსგავსი რამის მოლოდინის საფუძველი არსებობს?

 

 

- სისულელეა, არანაირი პოლიტიკური  ბრძოლა, აქციები და მსგავსი არ  იქნება, ამ მებრძოლებს აქვთ გააზრებული, რომ ისინი აწარმოებენ შეიარაღებულ ბრძოლას, გამოცხადებულია შეიარაღებული ჯიჰადი, საღვთო ომი, მსოფლიო ხალიფატის შექმნისთვის. იქნება უბრალოდ სისხლისმღვრელი ბრძოლა. არანაირი პოლიტიკური მოთხოვნა არ აინტერესებთ მათ.



- ქართველი მეომრების მოტივაციის შესახებაც ბევრი  ვარაუდი გამოითქვა. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, რა არის ამ მეომრების მოტივაცია?

 

 

- ყველას სხვადასხვა მოტივაცია აქვს, ნაწილის მოტივაცია ფინანსურ-ეკონომიკური ფაქტორი, სიდუხჭირე, ბევრი მათგანი ლუკმაპურის საძებრადაა წასული. ასევე არის იდეოლოგიურ-რელიგიური ფაქტორიც. ეს მებრძოლები არიან ახალგაზრდები და  „ისლამურ სახელმწიფოში" ხედავენ გარკვეულ რომანტიზმსაც. პოზიტიურად არიან განწყობილები და თანაუგრძნობენ „ისლამურ სახელმწიფოს", ესაა ძირითადად მათი მოტივაცია - გახდნენ შაჰიდები და რელიგიას შეწირულები.





P.S. რამდენიმე დღის წინ სირიაში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების თემას თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მუშავდება სტრატეგია, რომელმაც წამსვლელთა ნაკადი უნდა შეაჩეროს. მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ამბობს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც მსგავსი პრობლემის წინაშე დგას და ამ საკითხზე ევროპული სახელმწიფოებიც მუშაობენ.



„ისლამური სახელმწიფოს" ინტერესების დასაცავად, ბრძოლებში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობას ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეც.  ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, რომ პანკისის ხეობაში მოსახლეობასთან ამ თემაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.  რაც შეეხება სირიიდან დევნილთა ნაკადის მიღებას, დეპუტატი ამბობს, რომ  მთავრობა შესაბამის პოლიტიკას ამუშავებს და უახლოეს მომავალში ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016