reportiori.ge - დიმა ჯაიანი: ყველა საქმეს გამოიძიებენ! ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:18
ინტერვიუ
დიმა ჯაიანი: ყველა საქმეს გამოიძიებენ! ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს!
26 აპრილი, 2015. 17:09




ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებზე, „რეპორტიორს"  აფხაზეთის მთავრობის კულტურის და განათლების მინისტრი დიმა ჯაიანი ესაუბრა:

 

 

 


- ბატონო  დიმა, „როგორც „ნაციონალური მოძრაობა" მობრუნდება, ისე მობრუნდეს თქვენი დამაწყევარი!"- ეს განცხადება დაახლოებით ერთი წლის წინ გააკეთეთ. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, ერთი შეხედვით, „ნაციონალებმა" გაიმყარეს პოზიციები. დღეს რას ფიქრობთ „ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნებაზე?

 

 

- „ნაციონალებმა" პოზიციები კი არ გაიმყარეს, თავი დაიმარხეს.  ტუტუცი ადამიანები რას ილაპარაკებენ - რა მნიშვნელობა აქვს?! ენას ძვალი არ აქვს! „ნაციონალები", მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვამბობ, ხელისუფლებაში ვერასდროს ვერ დაბრუნდებიან, ვერასდროს! გარდაცვლილი ადამიანები არ ბრუნდებიან, ქრისტე უნდა იყო მაშინ. ესენი ღმერთები არ არიან, გამოვრიცხავ მათ დაბრუნებას.  ქართველმა ერმა მაინც აპატია მათ რაღაცები,  მაგრამ არ ისვენებენ, ალბათ უნდათ, რომ არ აპატიონ და ამას გააკეთებს საქართველოს მოსახლეობა და ამის მეშინია, იმიტომ, რომ არ ვიცი, ამას როგორ გააკეთებენ.



მაგალითად, მე სისხლისმოყვარული კაცი არ ვარ, მსახიობი ვარ და ადამიანების სიყვარულზე მაქვს აგებული მთელი ჩემი ცხოვრება, ვცდილობ, ასე იყოს ყველა, თორემ  პირადად მე გამიკეთეს ისეთი რამეები, საპასუხოდ შემიძლია ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ როგორ შეიძლება ახლა ამაზე ფიქრი, თუმცა ამდენს ვერ ხვდებიან!



- 17 აპრილს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე გიგი უგულავამ და ვანო მერაბიშვილმა ბოლომდე „იბლატავეს". უგულავამ თქვა, რომ სასამართლო ივანიშვილის „ჩმორი" გახდა. „საერთო სასამართლოები კონსტიტუციაზე დავლურს ცეკვავს, მანტია არის ჩვეულებრივი ჭინჭი, ჭილოფი იქნება თუ ტილო, ეს თქვენზეა დამოკიდებული. ამ ტაკიმასხარაობას ჰქვია სამართლიანობის აღდგენა. თევზი ყროლდება და ივანიშვილის თაოსნობით მას თავი უკვე აუყროლდა, სანამ ტანიც აუყროლდება, უნდა ჩამოვაშოროთ ქვეყანას. თქვენც ნუ ჩაყვებით ამ ჭილოფით", - „ბლატაობდა" და გასდიოდა გიგი უგულავას, რის შემდეგაც უგულავამ და მერაბიშვილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს და იმავეზე მიუთითეს  დარბაზში დამსწრეებს. ამდენს რომ ბედავს ეს ადამიანი, ვისი დამსახურებაა?

 


- ცდილობენ, გამოგიწვიონ, თოკზე არ ლაპარაკობენ იმ სახლში, სადაც თოკით ჩამომხრჩვალი ჰყავთ, მაგრამ ესენი მაინცდამაინც თოკს ახსენებენ. მთელი საქართველო ჩამოახრჩვეს თოკით და კიდევ თოკზე საუბრობენ. გამოდიან ტელევიზიებით და ხალხის სახელით საუბრობენ, ამ დროს ხალხი რომ აფურთხებთ, ეს არ იციან, ამას ვერ ხედავენ. ამათ უნდა ილაპარაკონ საკუთარი ოჯახების, ბიძაშვილების და მამიდაშვილების სახელით, ასეთები კი ჰყავთ ირგვლივ სულ 20-30 ადამიანი.



„ნაციონალები" ამბობენ, რომ ქვეყანაში არის დიქტატურა, არ არის დემოკრატია. ამბობენ, რომ საქართველოში არის დიქტატი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, ამ დროს  მოსამართლეს „ებლატავება" გიგი უგულავა. ეს რომ არადემოკრატიული ქვეყანა იყოს, ასეთი რამე მოხდებოდა? ვინ „აბლატავებდა" ციხეში მჯდომ ადამიანს?! ეს დემოკრატიული ქვეყანაა  და რაც უნდა, იმას ისაუბრებენ, ჰოდა, ისაუბროს უგულავამ.



ახლა სასამართლო სისტემაში ისეთი ქალბატონი მოვიდა, იმდენად კეთილშობილი, იმდენად ზუსტად იცის, რა არის სამართალი, რომ ამ ყველაფერს დაალაგებს. სამართალი იზეიმებს.



- მარტო ერთი კუბლაშვილი წავიდა სასამრთლო სისტემიდან და მარტო მისი წასვლით, რამდენად წარმოგიდგენიათ, რომ ქვეყანაში სამართალი იზეიმებს? ყველა სხვა შემსრულებელი მოსამართლე ადგილებზეა დარჩენილი, ბატონო დიმა...

 

- ამ ადამიანების მოქცევა შეუძლია მხოლოდ ერთ ადამიანს - თავმჯდომარეს. თავმჯდომარეს ბევრი რამ შეუძლია, ისეთი ადამიანები, რომლებიც საკუთარ სინდისს ღალატობდნენ, უნდა გაუშვას. მე ხელს არ ვადებ ვინმეს, არც მივუთითებ ქალბატონ ნინოს, მაგრამ მე მგონია, რომ ეს ქალბატონი ისე გაუძღვება სასამართლოს, როგორც ამ ქვეყანას შეეფერება.



- მიუხედავად რაღაც ძვრებისა და მცდელობებისა, სამართლიანობის აღდგენა კვლავ შეუსრულებელ დაპირებათა რიცხვშია. რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

 

 

- ყველა საქმეს გამოიძიებენ, მე ამის მოლოდინი მაქვს, პოზიტიურად ვარ განწყობილი. ვხედავ, რომ აფრასიძეების საქმემ წაიწია წინ და მე ამით გახარებული ვარ. სამართლიანობა უნდა აღდგეს. მე მაინცდამაინც ვინმეს ჩაქოლვასა და  ციხეში ჩასმაზე  არ ვსაუბრობ, მაგრამ ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ რომ დამნაშავეები არიან და ბოდიში უნდა მოიხადონ.  ეს საქართველოა და საქართველოში სამართალმა უნდა იზეიმოს.



- აფრსიძეების საქმე ახსენეთ. რა მოლოდინი გაქვთ თუნდაც ამ საქმეზე? საქმეების გამოძიებები  იწყება, მაგრამ, როგორც წესი, არ სრულდება...

 

 

- აფრასიძეების საქმის გამოძიება აუცილებლად დასრულდება, იმდენი გაუგონარი რამაა ამ საქმეში, რომ სხვანაირად ვერც იქნება. აფრასიძეების ის ბიჭები გაიზარდნენ, ტყვიას რომ ესროდნენ, ოჯახის წევრები რომ ჩაუხოცეს, როცა უბრალოდ დაკავება შეეძლოთ... ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს. ეს საქმე მალე გაიხსნება.



- გახმაურებულ საქმეებზე გამოტანლი განაჩენები გაკმაყოფილებთ?

 

 

- მე მგონია, რომ „26 მაისი" და „7 ნოემბერი" უმაღლეს დონეზე უნდა გამოიძიონ.



- და ეს ამ პროკურატურის პირობებში შესაძლებლად მიგაჩნიათ?

 

 

- სავსებით შესაძლებელია.



- იმ პროკურორების პირობებში, რომლებიც „ნაცრეჟიმის" შემსრულებლები იყვნენ?

 

 

- იმ ძველებსაც გაუშვებენ ნელ-ნელა, ასე, ყველაფერი ერთ დღეში არ ხდება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ უზენაეს სასამართლოში ღირსეული თავმჯდომარე გვყავს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016