სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულმა ახალმა პროექტებმა და ყურძენზე გაზრდილმა ფასმა ბიძგი მისცა ახალი ვენახების გაშენებას რაჭა-ლეჩხუმშიც.
ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშში 10 ჰექტარზე უსახელაურის ჯიშის 20 ათასი ვაზის ნერგი ჩაიყარა, ამჟამად კი მიმდინარეობს 5 ათასი ვაზის ძირის გაშენება.
ახალგაშენებული ვენახი დღეს რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად დაათვალიერა.
როგორც კერძო ინვესტორებმა განაცხადეს, ამ ეტაპისთვის განხორციელებულია ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია, დასაქმებულია 60-მდე ადამიანი. პროექტი 4 წელზეა გათვლილი და ითვალისწინებს ღვინის ქარხნის მშენებლობასაც, რის შემდეგაც ყურძნის გადამუშავება და ღვინის წარმოება ადგილზე მოხდება.
ახალი სავენახე ფართობების ათვისება ლეჩხუმის გარდა, რაჭაშიც აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ 2014-15 წლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ათვისებულ იქნა 45 ჰა სავენახე ფართობი, სადაც უნიკალური ვაზის ჯიშის (ალექსანდრეულ-მუჯურეთული) 120 ათასი ძირი გაშენდა.