reportiori.ge - ნატალია გომიაშვილი: მეამაყება, რომ მიშა გომიაშვილი მამაჩემია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 19:43
ინტერვიუ
ნატალია გომიაშვილი: მეამაყება, რომ მიშა გომიაშვილი მამაჩემია!
27 აპრილი, 2015. 15:26


მსახობ მიშა გომიაშვილს ორი შვილი - 26 წლის ნატალია და 15 წლის არჩილი ჰყავს. მსახიობის უფროსი შვილი - ნატალია პროფესიით ეკონომისტი და კინორეჟისორია. მსახიობობა არასდროს სურდა, თუმცა, მცირედი შეხება კინოსთან მაინც ჰქონდა. ოთარ იოსელიანის ფილმში - „ყაჩაღები თავი VII" -  ნატალია დედასთან ერთად თამაშობს. დედა მსახიობი - ნინო კვიტატიანია, მიშა გომიაშვილის პირველი მეუღლე. ამჯერად ნატალია თეატრ „გლობუსში" სამხატვრო ხელმძღვანელის თანაშემწეა.


„რეპორტიორი" გთავაზობთ ცნობილი მასახიობის მიშა გომიაშვილის ქალიშვილის ნატალია გომიაშვილის ინტერვიუს:


- „თეატრ „გლობუსში"რომელიც შარშან, 2014 წელს, აღდგა, სამხატვრო ხელმძღვანელის -  ბატონ სანდრო მრევლიშვილის თანაშემწე ვარ. ჯერჯერობით, მცირე დაფინანსების გამო პატარა, სტუდიური სახის თეატრია, სადაც ოჯახური და თბილი გარემოა.

აქტიურ მუშაობას ვიწყებთ, სამი პრემიერა უკვე გვქონდა. ასევე ორ ახალ სპექტაკლზე ვმუშაობთ.


- რატომ აირჩიე ორი რადიკალურად განსხვავებული პროფესია?

 

- თავდაპირველად, რა მინდოდა, თავადაც არ ვიცოდი, ახლა ვიცი. თეატრში კარგად ვარ და ალბათ, ბოლომდე აქ დავრჩები. სიმართლე გითხრა, რაღაც პროტესტი ყოველთვის მქონდა და თავიდან ამიტომ წავედი ეკონომიკური განხრით. მიშამ რომ გაიგო, ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩავაბარე, ძალიან გაუკვირდა, რადგან სულ ეგონათ, რომ სამსახიობოზე ჩავაბარებდი.  


- შინაგანი პროტესტი გქონდა?

 

- არც მსახიობობა და არაფერი მინდოდა, რაც თეატრთან იყო დაკავშირებული იყო. ვფიქრობ, საჭირო არაა, მთელი ოჯახი სცენაზე იდგეს.

 

- პროფესიის არჩევაში რაიმე რჩევა თუ მოუცია მამას?


- რაღაც საუბრები გვქონდა, მაგრამ განსაკუთრებულად არაფერს მაძალებდა.


- როგორ გგონია, რომ გეცადა,  მსაციობობას თავს გაართმევდი?

 

- არ ვიცი, შესაძლოა.


- თუ შეიძლება, რომ მოგვიყვე  დედისა და მამის ურთიერთობაზე. პატარა იყავი, როცა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ...

 

- დედა და მამა თეატრალურში ერთ ჯგუფში სწავლობდნენ. შემდეგ თეატრშიც ერთად  მოხვდნენ და იქ დაახლოვდნენ. რომ გითხრა, ჩემთან ოდესმე რომელიმეს მათი ურთიერთობის შესახებ უსაუბრია, ასე არაა. 11 წელი ცოლ-ქმარი იყვნენ. მერე მიშა წავიდა, სწორად ეგეც კი არ ვიცი. ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ძალიან რბილად მოხდა, რადგან ცხრა წლის ვიყავი, როდესაც ბაბუასთან - არჩილ გომიაშვილთან მოსკოვში გამიშვეს. ამ სიტუაციას მომარიდეს. მამაჩემის გადაბარგებას არ შევსწრებივარ. დაახლოებით 2 თვის შემდეგ, როდესაც უკან ჩამომიყვანეს, მომხდარზე არაფერი ვიცოდი. დედამ დამსვა და ამიხსნა - მამაშენი სახლიდან წავიდაო, კიდევ რამეა-მეთქი და მეტი არაფერიო. გავიფიქრე,-„წავიდა და წავიდა". ამის შემდეგ  ეზოში ჩავედი, ჩემს მონატრებულ მეგობრებთან, უბნის ბავშვებთან თამაში დავიწყე. შესაძლოა, ესეც ერთგვარი პროტესტი იყო და ქვეცნობიერში განვიცადე კიდეც. არ მახსოვს. არც მიტირია და არც გამიცინია. შესაძლოა, საკუთარი პროტესტი „არ მადარდებს" პოზიციით გამოხატო.



- მამა არ დაგლაპარაკებია ამ თემაზე?

 

 

- არა მამა დამლაპარაკებია, რადგან ამას არც ვითხოვდი. თანაც დედაჩემს და მამაჩემს ცუდი ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ. როცა მამა მოდიოდა და მნახულობდა, მათი შეკამათება ან დაძაბულობა არასდროს მინახავს. დღემდე ძალიან ნორმალური ურთიერთობა აქვთ. ალბათ, ასე ჩემს გამოც მოხდა. მათ არამარტო ცოლ-ქმრობა, არამედ ერთი პროფესია, საერთო სამეგობრო წრე აკავშირებთ. ძალიან ცივილიზებულად და რბილად მოხდა ჩვენი ასეთი ურთიერთობის შენარჩუნებაც და მათი დაშორებაც. მეგობრები ნამდვილად არ არიან. დღეს რაღაც საოცრებები რომ ხდება, ყოფილი ცოლ-ქმარის განსაკუთრებულ მეგობრულ ისტორიებს რომ ჰყვებიან, ასეთი რამეების არ მჯერა, მაგრამ ჩემს მშობლებს საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა აქვთ.

 

დედა თავის შინაგან წუხილს არავის ანახებს. თავისი განცდებით არასდროს გაწუხებს. თვითონ არის ისეთი პიროვნება, რომ მსგავს რაღაცეებზე არ საუბრობს. ზედმეტი კითხვებით ამ თემაზე არასდროს შემიწუხებია. რადგან ბავშვი ვიყავი, კარგად არც მახსოვს, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან მშვიდად გადაიტანა.



- ვიცი, რომ მამის ყოფილ ცოლებთან და ახლანდელთანაც ნორმალური ურთიერთობა გაქვს. ამას როგორ ახერხებ?


- ნამდვილად ასეა, მათთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. ზოგადად, რთულია, მამის ცოლთან იმეგობრო, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება. მაგალითად, თამრიკო ბართაიას ჩემზე ძალიან დიდი ამაგი აქვს, მისგან ბევრი კარგი მახსოვს. ასევე ჩემი ძმის დედასთან, რომელიც უბრალოდ ჩემი ძმის დედაა და ძალიან მიყვარს. ადამიანსაც გააჩნია, რაღაც ურთიერთობები შეიძლება დამთავრდეს, მაგრამ ადამიანთან კარგი დამოკიდებულება დაგრჩეს. ახლანდელ ცოლთან, ქეთი კალანდაძესთანაც ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს.


 

- მიშა გომიაშვილის ყოფილი ცოლები ძალიან ხშირად ყოფილა განხილვის თემა. მას ამ ყველაფერთან როგორი დამოკიდებულება აქვს ?

 

 

მე უფრო ვნერვიულობ ხოლმე. როდესაც ტყუილებით და სიბინძურით სავსე ერთი-ორი ინტერვიუ ვნახე, ძალიან გავბრაზდი. როცა ავღელდები, მეტყვის „კაი, მა, დაიკიდე". ეს ჩვეულებრივი ამბავია, ვიღაცეები ყოველთვის გამოჩნდებიან, რომლებიც სულ ცუდს იტყვიან და თავს ამით გაიპიარებენ. ყველაფერი მესმის, მაგრამ რაღაც მომენტში ძალიან ვბრაზდები ხოლმე, როცა ტყუილს ლაპარაკობენ.

 

 

- მამა-შვილს როგორი ურთიერთობა გაქვთ?

 

 

- არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ. თავის აქტიური სტატუსებიდან გამომდინარე ხშირად რაღაცეებს აბრალებენ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ტრადიციულია, ამავდროულად უკომპლექსო, შემდგარი პიროვნებაა. ვიტყოდი, რომ ადამიანების უფლებები ფანტასტიკურად იცის, შესაძლოა, კანონმდებლობა წაკითხული არ ჰქონდეს, მაგრამ შინაგანი კულტურა აქვს ასეთი. ჩემს პირადში ცუდად არასდროს ერევა.ზედმეტად არ მაკონტროლებს, მენდობა და  სრულ თავისუფლებას მაძლევს. რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ამის გამო უფრო მეტად ვხდები მასზე დამოკიდებული. დედასაც და მამასაც ყველაფერი მინდა მოვუყვე. სულ საქმის კურსში  ვაყენებ. მიშა ძალიან ნორმალური ადამიანია, რომელიც მოგისმენს, გაგიგებს, დაგელაპარაკება. მიგრძვნია და მსმენია, რომ რაღაცეებზე ძალიან ნერვიულობს ხოლმე, მაგრამ მე არ მეუბნება. იაზრებს, რომ უკვე 26 წლის ზრდასრული ადამიანი ვარ.


- მკაცრად არასდროს გაუკონტროლებიხარ?

 

- არასდროს. საბაბი არასდროს მიმიცია და მენდობა. მოთხოვნები ძალიან მარტივი აქვს. თავს არ ავნო, უზრდელი და უსაქმური არ უნდა იყო. ალბათ, თავისი შვილები უსაქმურები რომ დაინახოს, ძალიან ეწყინება. ჩემს ძმასთანაც მსგავსი დამოკიდებულება აქვს. აჩიკოს ელექტრონული მუსიკა იტაცებს და უნდა, ბენდში დაუკრას, მამა ამ ყველაფერში მასაც გვერდში უდგას და ხელს უწყობს. მიშასთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. ვინმესთვის რომ მითქვას, მიშას ამ თემაზე ველაპარაკე-მეთქი, გაოგნებული შემოუხედავთ. ვფიქრობ ხოლმე, არსებობს კი ადამიანი, მამისთვის რამის თქმა რომ არ შეეძლოს. ეს არის ჯანსაღი ურთიერთობა. მამა ნებისმიერ ქმედებას გაგებით ეკიდება. შეყვარებული პირველ რიგში მამისთვის გამიცვნია.


- და როგორ შეხვედრია შეყვარებულს?

 

არაჩვეულებრივად. შეიძლება, არ მოეწონოს, მაგრამ არაფერი შეიმჩნიოს, მერე უბრალოდ კითხვასავით გითხრას, ამ ადამიანში მე ეს არ მომეწონა და შენ მოგწონსო. ეს შეიძლება ისე ჩაგებეჭდოს, ვერც კი მიხვდე.

 

- ერთმანეთისთვის რჩევები მიგიციათ?

 

- არა. ბევრი საუბრები გვქონდა ჩემს პრფესიაზე, იყო პატარ-პატარა რჩევები. უბრალოდ, როცა  რაღაცას ვუყვები, მისმენს და მეუბნება, რომ სწორად მოიქეციო. არასდროს უთქვამს, ეს რამ გაგაკეთებინა ან რამ გათქმევინაო. მაგრამ გეუბნება მერე, რომ ასე ხომ არ ჯობდა, გაგეკეთებინა ან გეთქვაო. ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. ზოგადად, სიტუაციებში იმდენად კარგად იქცევა ხოლმე, თუნდაც ქალთან მიმართებაში, ყოველთვის ვაკვირდები და ძალიან მომწონს. შემდეგ ყველა მამაკაცში იმის ძიებას ვიწყებ, აქვს თუ არა მამაჩემის მსგავსი თვისებები. იმიტომ კი არა, რომ შეიძლება ყველაზე კარგია, უბრალოდ, ძალიან ყურადღებიანი და თბილია. ვფქირობ, ყველას არ შეუძლია, ასეთი იყოს. ვუყურებდი, როგორ ექცეოდა დედას, ცოლს, დას, ქალიშვილს, თუ როგორია ქალებისადმი მისი დამოკიდებულება, ზუსტად იმავეს ვითხოვ სხვა მამაკაცისგანაც. მარტივ რაღაცას მოვყვები მიშაზე, ცუდი ამინდია და მაღაზიაში გვინდა შესვლა, მანქანიდან გადადის და მეუბნება, შენ იჯექიო, ნახულობს, მაღაზია ღიაა თუ არა, მოდის და მეუბნება, გადმოდიო. ეს ხომ დეტალია, მაგრამ ამ დეტალებით ადამიანისადმი დამოკიდებულება იქმნება. მიშა ძალიან ერთგულია და თუ ამბობენ, რომ მას ბევრი ქალი ჰყავდაო, მთავარია, მოღალატე და მატყუარა კაცი არასდროს ყოფილა. სიმპათიურ მამაკაცს რომ ბევრი ქალი ჰყავს, ამაში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს.


- მისი თითქმის ყველა სპექტაკლი თუ ფილმი ნანახი გაქვს, მამის რომელმა როლმა გამოიწვია შენში დიდი ემოცია?  როგორც მაყურებელი, ისე უყურებ მის მიერ შესრულებულ როლებს, თუ როგორც შვილი?

 

 

- რასაც მოვესწარი, ყველა ნანახი მაქვს. არაჩვეულებრივი სპექტაკლი „ART-ხელოვნება", რომელიც უკვე მეთექვსმეტე წელია გადის, თემურ ჩხეიძემ 1999 წელს დადგა, ვხუმრობ ხოლმე, რომ „ყველაჯერ" მაქვს ნანახი. როცა შანსი მაქვს, ყოველთვის მივდივარ. მე არ ვარ სტანდარტული მაყურებელი. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობთა ოჯახში გავიზარდე, ვზივარ შვილი და ვუყურებ მამას.  კინოთეატრიდან გამოვედი, როდესაც მამაჩემს ერთ-ერთ სცენაში ურტყმადნენ, რაღაც ატკინეს, რადგან ვერ გავუძელი, ძალიან განვიცდი ხოლმე.  კინოსარეჟისორო მაქვს დამთავრებული და არაჩვეულებრივად ვიცი, რა სფეროა, მაგრამ მაინც ბოლომდე განვიცდი ხოლმე. სპექტაკლიდან ვერ გამოვდივარ. თემურ ჩხეიძის „მარადი ქმარი" ჩემთვის ზენიტია (სამწუხაროდ, ეს სპექტაკლი აღარ გადის). პირველი მოქმედების ბოლოდან, ტირილს ვიწყებდი და ვეღარ ვჩერდებოდი. სცენაზე ორი სერიოზული მსახიობი იდგა - მიშა  და ნოდარ მგალობლიშვილი. მართლა სერიოზული ტანდემი იყო. ძალიან მძიმე საყურებელი იყო მიშას როლი ამ სპექტაკლში, რადგან შვილი უკვდება. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი სცენა და დაუვიწყარი სპექტაკლია.


- ვიცი, რომ სადიპლომო ფილმის გადაღებაში დაგეხმარა, თვითონ შემოგთავაზა თუ თავად სთხოვე დახმარება? როგორ შედგა მამა-შვილის პროფესიული თანამშრომლობა?

 

- მივედი და სცენარი წავაკითხე, სხვათაშორის, ძალიან მოეწონა. გარკვეული რჩევებიც მომცა, რაღაცეებზე დავეთანხმე,რაღაცეებზე - არა. შემდგომ გადაღებაზე წამოყოლა შემომთავაზა, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. თავიდან გადაღება რომ დავიწყეთ, თითქოს გავჩერდი, ასე ვთქვათ, ასპარეზი მამას დავუთმე. ვუყურებდი ხოლმე და მერე თვითონ მითხრა, მე რას მიყურებ, მე რა ვიციო. მერე რა, რომ მსახიობია და მე რეჟისორი, ჩემზე ბევრად მეტი იცის, უდიდესი გამოცდილება აქვს. ბიძგი მომცა, ჩემი საქმე თავად მეკეთებინა.  თვითონ მეკითხებოდა, რა როგორ სჯობდა. საშუალებას მაძლევდა, რაღაცეები თავად გადამეწყვიტა, უხეშად არასდროს ჩარეულა. ბოლომდე ჩემს გვერდით იყო. ძალიან დამეხმარა. ჩემს გვერდით ასეთ დროს მისი ყოფნა, ესეც სერიოზული დახმარება იყო.

 

- ხომ არ ნერვიულობდი მამასთან ერთად მუშაობის დროს?

 

- პირიქით, ბედნიერი ვიყავი. მიშა არაა ის პიროვნება, რომელიც დაგძაბავს და დაგაკომპლექსებს. ძალიან ამაყია და ვიღაცეებს ანახებს ხოლმე, ნახეთ, რა კარგი გამოუვიდაო, და ძალიან მრხვენია. იმედია, ოდესმე მამასაც გადავიღებ, იდეაში მაქვს.



- ყველაზე მეტად მამის რა თვისებებს გამოარჩევდი?

 

 

- ნიჭს. მეამაყება, რომ მამაჩემია. ფილმის ჩვენების ან სპექტაკლი დროს ხალხის აპლოდისმენტების ფონზე ძალიან ამაყი ვარ, ამ დროს განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება.



- საკმაოდ აქტუალური პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური განცხადებებით გამოირჩევა. სოციალურ ქსელში მისი სტატუსები მედიის და საზოგადოების განხილვის თემა ხდება. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ხელოვანი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს, შენ რა მოსაზრებები გაქვს ამასთან დაკავშირებით?

 

 

- პოლიტიკაში არ ერევა, ეს არაა პოლიტიკაში ჩარევა. უბრალოდ, რამდენიმე ღია წერილი ჰქონდა. ვთვლი, რომ როდესაც ადამიანი საზოგადო მოღვაწეა, გარკვეული სიტყვა ეთქმის. საკუთარი აზრის გამოხატვა ნებისმიერ ადამიანს თავისუფლად შეუძლია. არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე  სოციალურ ქსელში რაღაც სტატუსი ჰქონდა, რამაც ზოგიერთის კრიტიკა გამოიწვია. უბრალოდ, თავისი მოსაზრება დაწერა, რომ რაღაცეებმა ძალიან გააღიზიანა და მიუღებელია. მიშას სახლის წინ არის სკოლა, როდესაც სკოლიდან ბავშვები გამოდიან და მათ წინ ორი მამრობითი სქესის წარმომადგენელი ერთმანეთს კოცნის, ამან აღაშფოთა. ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, როცა ბიჭი გყავს, რომელიც ასევე სკოლაში სწავლობს და მისი სკოლის წინ მსგავსი ფაქტი ხდება, მისაღები ნამდვილად არაა. სიმართლე გითხრა, ზედმეტად ემოციების გამოვლენა არ მომწონს, ლამაზი არაა. მიშა რაღაცეებზე რომ აღშფოთდება, ცდილობს, სოციალურ ქსელში გამოხატოს თავისი აზრი. ამას მშვიდად ვხვდები ხოლმე, რადგან ნებისმიერ აზრს თავისი მოწინააღმდეგე ეყოლება. თუნდაც, ასე არ ფიქრობდნენ, ისეთი ადამიანები ყოველთვის გამოჩნდებიან, რომლებიც შეგეწინააღმდეგებიან. ალბათ, ამ სოციალური მდგომარებიდან და ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ხალხი ძალიან დაძაბულია და ყველაფერი აღიზიანებს. დაე, ნუ ეთანხმებიან, ძალიან კარგი. ყველაფერში ერთმანეთს თავს არ უნდა ვუქნევდეთ. კამათში იბადება ჭეშმარიტებაო, ნათქვამია. უბრალოდ, ამ ყველაფერს ჩხუბსა და აგრესიაში ნუ გადავზრდით.


 

 

- რას უსურვებ მამას?

 

 

- მამას ვუსურვებ ბევრ პროექტს. და აი, ასე ეგოისტურ გზავნილს ვუგზავნი, რომ სულ მალე ისეთ საქართველოში ეცხოვროს, სადაც მისი პროფესია ძალიან დაფასებული იქნება. ყველაფერი შედარებითია, ვფიქრობ, მისი დონის არტისტები ამ დღეში არ უნდა იყვნენ, როგორშიც არიან. როდესაც დღევანდელ საქართველოში მსხიობები და არამარტო ისინი ბანკში სესხი როგორ გადაიხადონ, ამაზე ფიქრობენ, ეს ცუდია. როდესაც მოქმედ მსახიობებს ამდენი როლი და პროექტები აქვთ, ამდენს შრომობენ, ელემენტარული სოციალური პრობლემები არ უნდა აწუხებდეთ. გამოდის, საქართველოში ეს პროფესია დაფასებული არაა. ვერავინ დამაჯერებს, რომ სხვა ქვეყანაში ასეთ ცნობილ მსახიობებს ყოფითი პრობლემები აწუხებდეთ. აქ დაფასებაზეა საუბარი, ჰოდა, მეც ამას ვუსურვებ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016