reportiori.ge - „უფლებადამცველთა გაერთიანება“ შვეიცარიის ელჩის წინააღმდეგ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 19:50
ინტერვიუ
„უფლებადამცველთა გაერთიანება“ შვეიცარიის ელჩის წინააღმდეგ!
ავტორი:
28 აპრილი, 2015. 15:53



რატომ აკეთებს შვეიცარიის ელჩი დაუსაბუთებელ განცხადებებს? იღებენ თუ არა ქრთამს სასამართლოში? რა პროვოკაციებს გეგმავს ზოგიერთი ქართველი მოსამართლე უახლოეს პერიოდში?


„ალიას" ესაუბრება ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე:


- აქამდე ვიცოდი, რომ საქართველოში იმუნიტეტით პარლამენტის წევრები სარგებლობდნენ, მაგრამ მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახა, რომ ჩვენს ქვეყანაში უცხოელი ბიზნესმენებიც იმუნიტეტით სარგებლოს თურმე.


- რას გულისხმობთ?

 

- რას და საქართველოში შვეიცარიის ელჩი რომ აცხადებს, თურქეთის მოქალაქე ალი რიზა კიზილდაგის მიმართ, რომელიც შვეიცარიის რეზიდენტია და შვეიცარიის ელჩი ბეხლერი აცხადებს, რომ თურქეთის მოქალაქის მიმართ ხორციელდება გარკვეული დევნა ქართული სასამართლოს მიერო. გეტყვით, რა ხდება: 2015 წლის 2 მარტს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ქართველი ბიზნესმენი არჩილ ვეკუა გაამართლა და თურქეთის მოქალაქე ალი რიზა კიზილდაგს არჩილ ვეკუას სასარგებლოდ 313 000 ლარის გადახდა დააკისრა.


სწორედ აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია შვეიცარიის ელჩის გააქტიურება. ჩვენ ჯერ კიდევ 2 წლის წინათ მოვუწოდეთ შვეიცარიის საელჩოს, თავი შეეკავებინა ამ საქმეში ჩარევისგან. ალი რიზა კიზილგადი  არის, შვეიცარიის რეზიდენტი და პირადად იცნობს გიუნტერ ბეხლერს, მასთან კარგი ურთიერთობები აქვს. სასამართლო განხილვები ახალი დაწყებული იყო, როდესაც შვეიცარიის საელჩოს მდივანი ფლორიან გუბლერი სასამართლო პროცესებს ესწრებოდა, მეტიც, თავად ალი რიზა კიზილდაგი გადაადგილდებოდა და სასამართლოში მოდიოდა შვეიცარიის საელჩოს კუთვნილი ავტომობილით და აქედან გამომდინარე ხვდებით, რაც ხდება. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ შვეიცარიის ელჩის ქმედებაზე ჩაგვეყენებინა შვეიცარიის სახელმწიფო საქმის კურსში და ელჩის საქართველოდან გაწვევის საკითხი დაგვეყენებინა, ამის ნაცვლად ელჩი ამ საკითხთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა, მერე ირაკლი ღარიბაშვილსაც და ისინი დაჰპირდნენ საქმეში გარკვევას.


- უამრავი ქართველი ბიზნესმენი ლაპარაკობს სასამართლოში არსებულ პრობლემებზე და იმათ რატომ არ ხვდებიან ასეთი მაღალი თანამდებობის პირები?

 

- ამიტომ ვსვამ მეც კითხვას, რომ რაიმე პრივილეგიაა უცხოელი ბიზნესმენობა? ჩემი აზრით, ეს არის გარკვეული პროცედურის დაწყება სასამართლოს სისტემის დისკრედიტაციისკენ, რადგანაც ეს ელჩი, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ალასანიას სასამართლოზეც ვიხილეთ პირადად, თუმცა მანამდე არ მახსოვს, რომ ის დაინტერესებულიყო სხვა უფრო მწვავე პოლიტიკური პროცესებით, ასევე, უცხოურ პრესაში, კერძოდ, „ფაინეშენელ ტაიმსში" დაიბეჭდა მისი სტატია, სადაც წერია: საქართველოში სასამართლო კორუმპირებულია და თურმე საქართველოში მოსამართლეები ქრთამს იღებენო.


- ამის დამადასტურებელი დოკუმენტები მოყვანილია იმ გაზეთში?


- საქმეც ეგაა, რომ ჰკითხეს, რის საფუძველზე აცხადებთ ამასო, მან უპასუხა, აი, თურქეთის მოქალაქემ პროცესი წააგოო, და თურმე ეს ყოფილა მიზეზი ასეთი ხმამაღალი განცხადებისა. თუ კონკრეტული ფაქტები არ გააჩნია, ამ კაცს ამ სიტყვებისთვის პასუხი არ უნდა მოეთხოვოს? რაღაც არ მახსენდება, რომ სააკაშვილის სასამართლოს დროს შვეიცარიის ელჩის მხრიდან მსგავსი განცხადებები გაკეთებულიყო და მაშინდელ გახმაურებულ რომელიმე პროცესს დასწრებოდა. მე თავის დროზე ვთქვი, რომ სასამართლოს სისტემაში ნინო გვენეტაძე როგორც კი მოვა, დაიწყება მის მიმართ აქტიური შეტევები და სახელგამტეხი პოლიტიკის განხორციელება. ეს თავის დროზე დაიწყო „რუსთავი 2"-მა, როცა ვერაფერი მოუძებნეს უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს და ისღა თქვეს, რომ შევარდნაძისდროინდელი კადრიაო და თითქოს მიშა მაჭავარიანი, ბარამიძე, გაბაშვილები და გოგორიშვილი „მოქალაქეთა კავშირში" არ იყვნენ და იქ არ ნებივრობდნენ, ახლა კი რას ვუყურებთ? იმას, რომ გარკვეული დარტყმები გააგრძელა შვეიცარიის ელჩმა და, ჩემი აზრით, ამ ადამიანს პასუხი უნდა მოეთხოვოს და მის მთავრობას ეცნობოს, რომ ის ახდენს საქართველოს სასამართლოს დისკრედიტაციას და ეს კაცი უკან გაიწვიონ. მერე რა, რომ ელჩია? ჩვენ ამერიკაში გვყავდა ელჩი, რომელიც უშუალოდ ბავშვს კი არ დაეჯახა, არამედ გაჩერებულ მანქანას და იმის იქით იდგა ბავშვი და ამის გამო ეს ადამიანი სასამართლომ ციხეში ჩასვა, ამ ბეხლერს ციხეში ჩვენ, ცხადია, ვერ გავუშვებთ, მაგრამ პასუხი კი უნდა ვაგებინოთ და ასეთი დითირამბებით არ უნდა შემოვიფარგლოთ, „ვნახავ და დავინტერესდები!" მე ვიცნობ ქართველ მოქალაქეს, რომელსაც დავა აქვს ისრაელის ბიზნესმენთან და რატომღაც არ მინახავს, ამ მოქალაქის ბედით ვინმე დაინტერესებულიყოს და მართლა ისეა, რომ შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს? ჩვენი ბიზნესმენების ხარჯზე რატომ უნდა მოხდეს სხვისი გამართლება? გარდა ამისა, ყველაფერ სიკეთესთან ერთად, მაქვს ინფორმაცია და მოვუწოდებ ნინო გვენეტაძეს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან დასკვნები გამოიტანოს: არიან მოსამართლეები, რომელთა მიმართაც დისციპლინარული დევნა მიმდინარეობს.


- ვის გულისხმობთ?

 

- იმ მოსამართლეებს, რომელთა საქმეების განხილვაც მიმდინარეობს იუსტიციის საბჭოში, მათ იციან, რომ მალე გაუშვებენ სასამართლო სისტემიდან და ეს ხალხი აპირებს პროვოკაციის მოწყობას.


- რასთან დაკავშირებით?


- გეტყვით: ისინი აპირებენ განცხადებების გაკეთებას იმის შესახებ, რომ მათზე არის ზეწოლა სასამართლოს ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ კონკრეტულ საქმეებზე გამოიტანონ გამამტყუნებელი განაჩენები, რათა შემდგომში ჩირქი მოეცხოს სასამართლოს ახალ ხელმძღვანელობას, რომ აი, უკვე ზეწოლაზეა საუბარი და ხდება პოლიტიკური ნიშნით გადაწყვეტილებების მიღებაო, რათა შემდეგ საერთაშორისო სარბიელზე საქართველოს სასამართლო სისტემა იქნას მონათლული, როგორც კორუმპირებული და სახელგატეხილი და ამის კამპანია, ჩათვალეთ, რომ ბეხლერმა უკვე დაიწყო.

 

- რაც შეეხება თქვენ მიერ ხსენებულ მოსამართლეებს, შეგიძლიათ, მათი სახელები დაგვისახელოთ?

 

- ამ შემთხვევაში ეს იქნება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, რადგანაც დანაშაული ჯერ არ მომხდარა და კონკრეტული სახელების თქმა არაეთიკურია ჩემი მხრიდან.

 

- კი, მაგრამ პრევენციის თვალსაზრისით ხომ გამართლებული იქნება თქვენი ქმედება?


- ინფორმაცია უტყუარი მაქვს, ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს კულუარებში უკვე საუბრობენ და ჩვენი, იურისტთა, წრეებიდანაც ჟონავს ინფორმაცია, რადგანაც არავის აწყობს გვენეტაძის მიერ სასამართლოში რეფორმების განხორციელება. ამ დროს თავმჯდომარემ უკვე დაიწყო მუშაობა, იუსტიციის საბჭოში ამ დისციპლინარული საქმეების განხილვა უკვე მიმდინარეობს და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, აქამდე ეს საბჭო მკვდარი ორგანო იყო და როცა მოსამართლეებზე შედიოდა პრეტენზიები, არაფერსაც არ განიხილავდნენ. ამ დროს დღეს რომ კონკრეტული მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, სწორედ ამ უწყებიდან უნდა დაიძრას საქმე, ამიტომ ამ ყველაფრის გასაჩერებლად დაიწყო ეს კამპანია. საერთოდ, თუ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, მაშინ არანაირი პრიორიტეტი არ უნდა მიენიჭოს არც ელჩს, არც სხვა ქვეყნის ბიზნესმენს და საქართველოში ყველა უნდა იყოს კანონის წინაშე თანასწორი და ჩვენ ამ თანასწორობის პრინციპის დარღვევას ვხედავთ ამ თურქეთის მოქალაქის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენების მცდელობისას. ამ დროს ხელისუფლებამ სასამართლოს სისტემის გამყარებაზე უნდა იფიქროს და, თუ სხვა ქვეყნის ელჩი ასეთ უცნაურ განცხადებებს აკეთებს ფაქტების გარეშე, ვიმეორებ, უნდა ეცნობოს მის ქვეყანას მსგავსი კამპანიის შესახებ, რადგანაც, თუ ასეთ მდგომარეობაშია სასამართლო, რომელი უცხოელი ბიზნესმენი ჩადებს ინვესტიციას ამ ქვეყანაში? მე აქვე დავასახელებდი ცნობილ არასამთავრობო `ტროიკას~, რომელიც აცხადებს, საგანგაშო განცხადებებს აკეთებს ელჩიო, გვიპასუხონ, დამტკიცდა შვეიცარიელი ელჩის განცხადება? ამათზე რატომ არაფერს ამბობენ? თუმცა სალაპარაკო არ არის და რა ეთქმით.

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016