საქართველოს ისტორიის გადაწერას არა მხოლოდ უცხოტომელები, არამედ, ჩვენებურებიც ცდილობენ! ამ მხრივ განსაკუთრებით ერჩიან სტალინს, რომელსაც დღემდე უყენებენ უამრავ ბრალდებას. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ დავუკავშირდით საქართველოს უახლესი ისტორიის მკვლევარს, ექსპერტ სიმონ კილაძეს.
- ბატონო სიმონ, ალბათ, თქვენც არაერთხელ გსმენიათ, სტალინმა სოჭიც კი დაგვაკარგვინაო...
- სოჭთან სტალინი რა კავშირშია?! სოჭის კონფლიქტი დაიწყო 1918 წლის მარტში, როდესაც ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე სოხუმში ადგილობრივმა ბოლშევიკებმა აჯანყება მოაწყვეს, გამოაცხადეს საბჭოთა ხელისუფლება და საბჭოთა რუსეთთან მიერთება მოისურვეს! მაშინ, ჯერ კიდევ ამიერკავკასიის ფედერაციის ხელისუფლებამ გენერალ გიორგი მაზნიაშვილს დაავალა აჯანყების ჩახშობა! სწორედ ამ ოპერაციის დროს მაზნიაშვილმა არა მხოლოდ აფხაზეთი დაიკავა, არამედ ფსოუს იქითაც გადავიდა და სოჭიც შემოიერთა!
- რამდენი ხანი იყო სოჭი ქართული იურისდიქციის ქვეშ?
- სოჭი საქართველოს ეკუთვნოდა 1919 წლის თებერვლამდე. ის კი არა, ქართულ შენაერთებს ყუბანის უმდიდრესი რეგიონის დაკავებაც სურდათ, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ისინი უნდა დაპირისპირებოდნენ გენერალ დენიკინის თეთრგვარდიელთა არმიას, რომელსაც, მოგეხსენებათ, საბჭოთა რუსეთთან ბრძოლაში, ანტანტა და, განსაკუთრებით, ინგლისი მფარველობდა! ამდენად, უკვე, ჟორდანიას ხელისუფლებამ (ამიერკავკასიის ფედერაცია დაშლილი იყო და საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა) თავი აარიდა რა ინგლისთან და ანტანტასთან დაპირისპირებას, დატოვა სოჭი და სხვა ტერიტორიები!
საბოლოოდ კი, სოჭზე უარი ითქვა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით, რომელიც საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ უკვე ძალამოკრებილ, ლენინის საბჭოთა რუსეთთან გააფორმა და რომლითაც დადგინდა საქართველო-რუსეთის საზღვარი მდინარე ფსოუზე...
- კიდევ ერთი მითი, რომ სტალინმა დაგვაკარგვინა ლორე-ტაშირი და საინგილო...
- ასე პირდაპირ, მე არსად მინახავს, რომ სტალინმა ერთპიროვნულად გადასცა სომხეთს ლორე-ტაშირი, ხოლო აზერბაიჯანს - საინგილო! თუმცა, მე არც ის მინახავს სადმე, რომ სტალინს ამ დროს ხმა აემაღლებინა ქართული მიწების გასხვისების წინააღმდეგ!
ჩვენ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არის 1921-1922 წლები, როდესაც ჯერ საბჭოთა რუსეთს, შემდეგ კი - საბჭოთა კავშირს არ ჰყავს ერთპიროვნული ლიდერი! ყველაფერს უმაღლესი პარტიული სტრუქტურები წყვეტენ! სტალინი კი იყო ეროვნებათშორისი კომისარი, ანუ მინისტრი, მაგრამ, ჯერ ერთი, ის თავად იყო ჩაბმული ტროცკისთან და მის მომხრეებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში გავლენის მოსაპოვებლად, მეორეც, მოდით, სიმართლე ვთქვათ, რომ სტალინი საქართველოს საბჭოთა სივრცის ნაწილად განიხილავდა.
- „სამხრეთ ოსეთის ავტონომიაც" სტალინმა შეგვიქმნა?
- ეს ავტონომიაც 20-იანი წლების დასაწყისში; 1922 წლის აპრილში შეიქმნა! მითუმეტეს, რომ ოსური ავტონომიის შექმნა საქართველოს გასაბჭოებისთანავე იყო გარდაუვალი, რადგან, მოგეხსენებათ, 1920 წელს ცხინვალში მოწყობილი აჯანყება, რომელიც ვალიკო ჯუღელის გვარდიამ ჩაახშო, სწორედ ოსი ბოლშევიკების „შემოქმედება" გახლდათ. ამდენად, ოსები, როგორც საბჭოთა წყობილებისთვის დაზარალებულები, დაღვრილი სისხლის საკომპენსაციოდ, ავტონომიას მოითხოვდნენ!
მეტსაც გეტყვით: სტალინს „სამხრეთ" და „ჩრდილოეთ" ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში გაერთიანება სურდა!
1925 წელს ჯერ „ჩრდილოეთ" შემდეგ კი „სამხრეთ ოსეთში" დაიწყო „ორი ოსეთის" გაერთიანების მოძრაობა. ცხინვალელ ოსთა პარტიული ლიდერი ტაკოევი სტალინსაც კი ეწვია კრემლში და „ორი ოსეთის" საქართველოს შემადგენლობაში გაერთიანების იდეა გაუზიარა! სტალინი თავიდან თითქოს დათანხმდა, მაგრამ შემდეგ ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ ანასტას მიქოიანი და სხვა პარტიული ლიდერები! გაერთიანების მოწინააღმდეგეთა არგუმენტი ასეთი იყო: საქართველო „ოსეთის" მიერთებით, სოლივით შეიჭრებოდა ჩრდილოეთ კავკასიის ეთნოგრაფიულ-პოლიტიკურად რთულ რეგიონში... გარდა ამისა, „ორი ოსეთის" გაერთიანება აბსურდულად მოინათლა იმის გამოც, რომ მათ შორის კომუნიკაცია არ არსებობდა - როკის გვირაბი მაშინ არ იყო გაჭრილი! მოკლედ, ბოლოს სტალინმა მაინც დაუჯერა ოსეთის გაერთიანების მოწინააღმდეგეებს.
- ხშირად იმასაც ამბობენ, სტალინს არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვისო...
- ესეც ძალიან უსამართლო, არაობიექტური და თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა! რას ჰქვია, სტალინს არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის?!
პირადად სტალინის დამსახურებაა, რომ დე გოლმა უნიკალური ეროვნული საგანძური დაუბრუნა ჩვენს ქვეყანას! ექვთიმე თაყაიშვილს ის სიმდიდრე საკუთარი გადაწყვეტილებით კი არ ჩამოუტანია საქართველოში!
პირადად სტალინის დამსახურებაა ისიც, რომ მოხდა ილიას რეაბილიტაცია და მოეწყო სასამართლო პროცესი წიწამურის ტრაგედიის მონაწილეებზე!
პირადად სტალინის მოთხოვნით აღიარა რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ქართული ეკლესის ავტოკეფალია!
აღარაფერს ვიტყვი მეცნიერებათა აკადემიის შექმნაზე, „ვეფხისტყაოსნის" რუსულად თარგმნაზე და მსოფლიო მნიშვნელობის 800 წლისთავის იუბილეს გადახდაზე!
- არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პირადად სტალინის დავალებით დაიწერა ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძისა და ნიკო ბერძენიშვილის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, რომელიც, სხვათაშორის, სრულად დაბეჭდა „ასავალ-დასავალმა" და რომლითაც დასტრუდება ქართული ცივილიზაციის უძველესი გენეზისი...
- კი, სტალინი თავადაც კარგად იცნობდა საქართველოს ისტორიას და გასაგებია, რომ სურდა, ადეკვატური სახელმძღვანელო ჰქონოდათ ქართველ მოსწავლეებს!
- დღეს აღარავინ იხსენებს იმასაც, რომ სტალინის გადაწყვეტილებით, 1943 წელს საქართველოს გადაეცა ყარაჩაის ავტონომიური ოლქის ნაწილი, რომელსაც ქლუხორის რაიონი დაერქვა!
დიახ, ეს დიდი სამამულო ომის დროს მოხდა! სტალინს ჰქონდა მონაცემები, რომ ჩრდილო კავკასიაში შემოჭრილმა ფაშისტებმა კავშირი დაამყარეს ადგილობრივ მოსახლეობასთან და, ასე ვთქვათ, მტერთან თანამშრომლობის გამო, მთიელი ხალხები გადაასახლეს შუა აზიაში!
ახლად შექმნილ ქლუხორის რაიონში ჩამოყალიბდა ხუთი სასოფლო საბჭო და ერთი სადაბო საბჭო - კურორტი თებერდა. ახალშენის სასოფლო საბჭოში შემავალი სოფლები იყო: ახალშენი, შერთულა, ბარი, შუქურა, ყუბანისი და ხიდისკარი; მზისას სასოფლო საბჭოში ერთი სოფელი - მზისა შედიოდა; თებერდის სასოფლო საბჭოში - სოფელი თებერდა; მადნისხევის სასოფლო საბჭოში - მადნისხევი, მთისძირი, მაღარო, შუამთა და ახალსოფელი; ზედვაკის სასოფლო საბჭოში - სოფელი ზედვაკე...
ქლუხორის რაიონში 1948 წლისთვის 9930 სული ცხოვრობდა და ის, ძირითადად, სვანებითა და რაჭველებით იყო დასახლებული. სვანები, ძირითადად, მადნისხევისა და ზედვაკის სასოფლო საბჭოს სოფლებში დასახლდნენ, რაჭველები კი - ახალშენსა და თებერდაში...
სტალინის სიკვდილის შემდეგ კი, ხრუშჩოვმა გადასახლებული ხალხების რეაბილიტაცია მოახდინა და 1955 წლის 14 მარტს საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას ქლუხორის რაიონი ჩამოართვეს! უნდა ითქვას, რომ ქართველებმა, რომლებიც დაბრუნდნენ საქართველოში, რეაბილიტირებულ ჩრდილოკავკასიელებს მოშენებული საქონელიც კი დაუტოვეს!
- დაბოლოს, საქართველოსთვის ისტორიული ტაო-კლარჯეთის დაბრუნების სტალინისეული გეგმა...
- საქართველოში თითქმის ყველამ იცის, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე სტალინმა გადაწყვიტა, გერმანელი ფაშისტების მოკავშირე თურქეთისთვის მიტაცებული ტაო-კლარჯეთის წართმევა! დაიწყო შესაბამისი აგიტაციაც - ქართულ პრესაში ქვეყნდებოდა სახელოვანი მეცნიერების წერილები, რომელშიც გაჟღერებული იყო საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთის მიმართ...
თუმცა, მე პირადად მინახავს იმის დაემადასტურებელი საარქივო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, სტალინი ჯერ კიდევ 1941 წელში აპირებდა თურქეთში შეჭრას და ქართული მიწების დაბრუნებას!
- რა დოკუმენტაციას გულისხმობთ?
- სტალინის დავალებით, 1941 წელს დაიბეჭდა ეგრეთ წოდებული სამახსოვრო ბუკლეტი წითელარმიელთათვის, სადაც დეტალურად იყო აღწერილი, როგორ უნდა მოქცეულიყო საბჭოთა მეომარი თურქეთის ტერიტორიაზე! ანუ როდესაც საბჭოთა ჯარი შეიჭრებოდა თურქეთში, წითელარმიელებს მოეთხოვებოდათ, პატივისცემით მოპყრობოდნენ იქაურ მოსახლეობას, რომლებიც მოხსენებულნი იყვნენ, როგორც „ქართული წარმომავლობის ხალხი"!
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ 1941 წელს, ომის დაწყებისთანავე, სტალინმა მოახდინა ჩრდილოეთ ირანის ოკუპაცია, რადგან სადაზვერვო ინფორმაციით, ფაშისტები თავად აპირებდნენ ირანის დაკავებას და სამხრეთიდან შეტევას, კასპიის ნავთობისკენ!
ჰოდა, სტალინმა, რომელსაც მთელი დივიზიები ჰყავდა მობილიზებული ჩრდილოეთ ირანსა და თურქეთის საზღვართან, ერთხანს დააპირა თურქეთის ოკუპაციაც, მაგრამ შემდეგ ეს დიდ ბრიტანეთთან დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად გადაიფიქრა!
- თუმცა, ომის დასრულების შემდეგ, ეს საკითხი კვლავ დადგა დღის წესრიგში...
- დიახ! სტალინს უკვე ართვინისა და არდაგანის რაიკომის მდივნებიც კი დანიშნული ჰყავდა, მაგრამ საქმეში ისევ დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები ჩაერივნენ!
მოგეხსენებათ, ამ დროისთვის ამერიკას უკვე, ატომური ბომბიც ჰქონდა! ამასობაში საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის „ცივი ომიც" დაიწყო და 1949 წელს თურქეთი ნატოშიც კი შეიყვანეს!
- იმის შიშით, რომ სტალინს არ დაებრუნებინა ტაო-კლარჯეთი...
- დიახ! მოკლედ, სტალინმა ქართული მიწების დასახსნელად, კინაღამ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო.
სტალინის სიკვდილის შემდეგ კი ხრუშჩოვმა, როგორც იტყვიან, ხელი დაიბანა თურქეთის მიერ მიტაცებული ქართული მიწების დაბრუნებაზე და 1953 წლის მაისში ხელი მოაწერა შეთანხმებას სტამბოლთან, როლითაც უარყო ყოველგვარი ტერიტორიული პრეტენზიები ამ ქვეყანასთან...
ესაუბრა გიორგი გიგაური
გაზეთი „ასავალ-დასავალი"