ფილმიდან გეხსომებათ - ყვარყვარეს რომ ჰკითხა მისმა ადიუტანტმა - დროშა თუ დავწვაო, და ყვარყვარემ რომ უპასუხა: - რა უნდა დაწვა, შე ცალტვინა, რა იცი, როდის დაგვჭირდებაო?!.
ფილმიო?!
1989 წლის აპრილის მოვლენებს, თბილისში, კიროვის ბაღში პარტბილეთების გადაყრის აქცია მოჰყვა. ერთმა „ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ", მიწიდან ჩუმად აღებული, სხვისი პარტბილეთი მოისროლა ცეცხლში. საკუთარს, ალბათ, დღემდე ინახავს! რა იცი, როდის დასჭირდება?!
აგერ, კიდევ უკეთესი...
...სწორედ იმ 9 აპრილის ტრაგედიიდან დაახლოებით ერთ თვეში ერთმა ჟურნალისტმა (დღესაც ჟურნალისტია), ტელევიზიის პარტკომიც კი შოკში ჩააგდო, როცა განცხადება შეიტანა, კომპარტიაში მიმიღეთო! რომ ჰკითხეს, ხუმრობ თუ მართლა ამბობო, უპასუხა: - მიმიღეთ, თქვენი რა მიდის, რა ვიცი, როდის დამჭირდებაო?!
„სამი ადამიანი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს! ეს არის ასლან აბაშიძე, ვიქტორ იანუკოვიჩი და ბიძინა ივანიშვილიო", - თქვა მიშა სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში 2012 წლის 26 ოქტომბერს.
თქვა და თქვა; კაცს თავისი აზრი აქვს და მისი სამი „დაუძინებელი მტერი" რომ ერთმანეთს ჰგავდეს მის თვალში, ამაში გასაკვირი არც არაფერია!
...თანაც ცხელ გულზე რას არ იტყვი. ...თან საქმესაც თუ სჭირდება?!
„მე რომანტიკული ადამიანი ვარ და შემიძლია თამამად ვთქვა: - პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვსო", - ესეც მიშამ არ თქვა? ჰოდა, მაშინ საქმეს სჭირდებოდა ასე! სწორედ ისე, როგორც ივანიშვილ-აბაშიძის „სასტავში" მოხვედრილ იანუკოვიჩს დაემართა, თორემ მანამდე ერთი წლით ადრე, საკუთარი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში, მიშამ არ დააჯილდოვა, სხვებთან ერთად გორგასლის ორდენით?
აგერ, ბატონო , ჩამონათვალიც
არავინ მითხრას ახლა, ესაო, ისაო, პროტოკოლი და პოლიტიკური კონიუნქტურა არსებობსო!
არა, ალბათ, არც უმაგისობაა, მაგრამ ამ ჩამონათვალში რატომ არ მოხვდნენ, მაშინ, ზემო ვოლტის, ბუჟუმბურას ან, თუნდაც ჯიბუტის პრეზიდენტები?!
გადამდგარ და უკრაინაში წასასვლელად გახაზირებულ მიშას, და საქმესაც, მაშინ, იანუკოვიჩის „პატიოსან თვალები" ან „კაცად „გასაღება" სჭირდებოდა, ვაიდა, პრეზიდენტად დარჩენილიყო იანუკოვიჩი, თორემ მერე მასაც კი მიაყარა მიწა ასლანთან და ბიძინასთან ერთად.
საქმეს არ დაჭირდეს, თორემ მიშა იმ ორდენს სულ ძმრად ამოადენს ცხვირიდან, ღმერთი რომ გაწყრეს და იანუკოვიჩი უკრაინის ტახტზე დაბრუნდეს!
ეს ყველაფერი, კაცმა რომ თქვას, ჩვენ რატომ უნდა გვადარდებდეს?! უკრაინამ იდარდოს და იმტვრიოს თავი იმაზეც, მიშას რომ ამდენს აბედინებენ დღეს და იმაზეც, ამდენ „საქმეს სჭირდებაზე" მოფიქრალს რომ დახვია ხელი და აქედან იქით წაიყვანა.
საჩვენო სათქმელი სხვაა!
ამ პრეზიდენტყოფილს დღემდე ხურდასავით რომ უყრია ჯიბეში ქართული სახელმწიფოს სიმბოლოებიანი ჩინ-მედლები და როგორც ნამდვილი პრეზიდენტი, მარჯვნივ და მარცხნივ ისევ აჯილდოებს ყველას, ვისაც გაუხარდება (ნუღარ ჩამომათვლევინებთ, ისედაც კარგად იცის ყველამ), ამაზე ქვეყნის ხელისუფლება ჩუმად უნდა იყოს?
თუ ესეც პროტოკოლისა და პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილია? თუ ვინმე ჩვენგან ჯილდოს ღირსია, მოგვწონს თუ არა - პრეზიდენტიც გვყავს და პრემიერიც!
... და კიდევ...
მიშას ამ საქციელს დიდად არც დღევანდელი და გუშინდელი ხელისუფლების „პოლიტიკური ოპონენტები" აპროტესტებენ!
ვინ იცის, ხვალ რა ხდება, ანდა, ვინ იცის, სახვალიოდ საქმეს რა და როგორ დასჭირდება?!
რაო?!
ასეა?!