reportiori.ge - გოგა ხაინდრავა: ავლაბრის რეზიდენცია არის გარყვნილებისა და ქართველი ხალხის ჩაგვრის სიმბოლო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:10
ინტერვიუ
გოგა ხაინდრავა: ავლაბრის რეზიდენცია არის გარყვნილებისა და ქართველი ხალხის ჩაგვრის სიმბოლო!
ავტორი:
28 აპრილი, 2015. 18:25


 

ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი იქ შევიდოდა!


გასულ კვირას თბილისს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სტუმრობდა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან უმაღლესი დონის შეხვედრები  გამართა. ვინაიდან ბელარუსი რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოა, ხოლო პრეზიდენტ ლუკაშენკოს პრეზიდენტ პუტინთან საკმაოდ ახლო და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, გამოითქვა ვარაუდები, რომ, შესაძლოა, ბელარუსის პრეზიდენტმა საქართველოში კრემლისგან გარკვეული „მესიჯებიც" ჩამოიტანა. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ვესაუბრებით საქართველოს ყოფილ სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას.


თბილისში ლუკაშენკოს ვიზიტის შესახებ

 

- ბატონო გოგა, როგორ აფასებთ ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტს თბილისში და რამდენად მნიშვნელოვანი და წონადი ფიგურაა ლუკაშენკო მსოფლიო პოლიტიკაში?

 

- პირველ რიგში, ქართველებს ლუკაშენკოსადმი მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, იმიტომ, რომ ეს კაცი ძალიან მტკიცედ იცავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. ბელარუსს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა რომ ეცნო, ეს საქართველოსათვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნებოდა, მაგრამ ლუკაშენკომ ეს არ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ საააკაშვილისა და თარგამაძისნაირ ჭინკებს ლანძღვა-გინებით ჰყავდათ აკლებული!


სამწუხაროა, რომ ელემენტარული ზრდილობა და სტუმრის პატივისცემა არ გააჩნია ქართული მედიის ერთ ნაწილს, რომელმაც თბილისში ვიზიტად მყოფი ლუკაშენკო „ევროპის უკანასკნელ დიქტატორად" მოიხსენია.

 

- ლუკაშენკოსათვის „ევროპის უკანასკნელი დიქტატორი" ქართულ მედიას არ შეურქმევია, ბელარუსის პრეზიდენტს ეს თიკუნი ევროპელმა ლიდერებმა კარგა ხნის წინათ უბოძეს.


- გასაგებია, მაგრამ, როცა ეს კაცი თბილისში სტუმრად არის ჩამოსული და საქართველოს მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავს, ქართულ მედიას უნდა ჰქონდეს იმდენი ზრდილობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება, რომ მას „უკანასკნელი დიქტატორი" არ დაუძახოს.


რა თქმა უნდა, ლუკაშენკო წინააღმდეგობრივი ფიგურაა, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ბელარუსი ყველაზე კარგად ცხოვრობს და ბელარუსის ბაზარი ძალიან სერიოზული ასპარეზია ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციისათვის.


გარდა ამისა, ბელარუსი არის სატრანზიტო ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირთან საზღვარი აქვს და ეს არის საქართველოსათვის პირდაპირი გასასვლელი ევროპაში.


და კიდევ, სააკაშვილისაგან განსხვავებით, ლუკაშენკო ბელარუსში არჩევნებს არ აყალბებს და იგი საკუთარი ხალხის არჩეულია!


ბელარუსი არის ის ქვეყანა და ლუკაშენკო არის ის ლიდერი, რომელსაც შეუძლია, პოზიტიური როლი ითამაშოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

 

- სხვათაშორის, არსებობს მოსაზრება, რომ, შესაძლოა, ლუკაშენკომ თბილისში რუსეთის ხელისუფლებისაგან რაღაც გზავნილი და გარკვეული წინადადებები ჩამოიტანა, რაზეც ოფიციალურად არავინ საუბრობს. თქვენ ამას გამორიცხავთ?

 

- რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ! ნამდვილად სავარაუდოა, რომ ლუკაშენკომ რუსეთის ხელისუფლებისაგან კონკრეტული გზავნილები ჩამოიტანა თბილისში, მაგრამ, ბუნებრივია, ამას არავინ გაამხელს და ჩვენ არც უნდა მოვითხოვოთ ამის გამხელა!



სააკაშვილის უკრაინული ეპოპეის შესახებ

 

- გასულ კვირას, სამხედრო კამუფლაჟში გამოწყობილი სააკაშვილი დონეცკსა და ლუგანსკში ფრონტის ხაზზე ჩავიდა, უკრაინელ მებრძოლებს შეხვდა და ავტოგრაფებიც ჩამოურიგა. კაცი, რომელმაც საკუთარ ქვეყანას ტერიტორიები დააკარგვინა, ომი სამარცხვინოდ წააგო და შეშინებული მიწაზე ფორთხავდა, სხვა ქვეყნის მეომრებს ავტოგრაფებს უნდა ურიგებდეს?

 

- ეს არის მასკარადი, რომლის რეჟისორებიც საერთაშორისო პოლიტიკურ კონიუნქტურაში მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ და გამგები კარგად გაიგებს, ვისაც ვგულისხმობ და რა მაქვს მხედველობაში!


სააკაშვილი თავისი ბუნებიდან გამომდინარე, უკვე უკრაინის პრეზიდენტად ხედავს საკუთარ თავს და პოროშენკოზე პირდაპირ დარტყმების მიყენება დაიწყო! დიახ, სააკაშვილმა გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტზე ორი პირდაპირი შეტევა განახორციელა!


- რას გულისხმობთ?


- სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოროშენკო არის პუტინის მძევალი, რადგან მას რუსეთში ბიზნესი აქვს.


გარდა ამისა, სააკაშვილმა თქვა, რომ უკრაინის პირველი მტრები არიან ოლიგარქები და ისინი უშლიან ხელს ქვეყნის განვითარებას. ესეც პოროშენკოზე დარტყმა იყო, რადგან პოროშენკო არის ოლიგარქის კლასიკური ნიმუში!

 

- ისე, რუსეთში უკრაინის პრეზიდენტის ბიზნესებს რომ არავინ ეხება და მას პრობლემებს არ უქმნიან, ეს უცნაური არ არის?

 

- რა თქმა უნდა, ეს კითხვა  ყველას უჩნდება, უბრალოდ, საერთაშორისო პოლიტიკურ კონიუნქტურას ამაზე აქცენტის გაკეთება ხელს არ აძლევს!


მადლობა ღმერთს, რომ ტრაგიკომედია - სახელად სააკაშვილი - საქართველოში აღარ ხორციელდება და სხვაგან გადაინაცვლა! მართალია, უკრაინაზე ძალიან მწყდება გული, მაგრამ, როგორც ქართველს, მიხარია, რომ ეს ჭირი ჩემს ქვეყანას აღარ სჭირს!


და კიდევ, ჩემთვის გაუგებარია, ქართველი საზოგადოების ერთი ნაწილი რატომ მოთქვამს იმაზე, რომ ნაციონალები უკრაინაში მიდიან?! ისემც უქნიათ, ყველანი იქ წასულან! წაიყვანონ მთელი ეს ნაგავი უკრაინელებმა და მშვიდობაში მოიხმარონ! წაიყვანონ მთელი „ნაცმოძრაობა", თავის ანჟელა მაზმანიან-კაციან-ქალიანად!



„ნაცმოძრაობის" აქტივობების შესახებ


- ნაციონალებმა „ანტიკორუფციული კომისია" შექმნეს და რეგიონებში გავიდნენ, ხელისუფლებაში დაბუდებული კორუფცია და ნეპოტიზმი უნდა გამოვავლინოთო. გურჯაანის რაიონში მათი ჩასვლა დიდი შეხლა-შემოხლითა და კვერცხების სროლით დასრულდა. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?


- ნაციონალები ნაფტალინში არიან ჩარჩენილი. 2003 წელში ჰგონიათ თავი და ბოლნისში ქვების სროლა რომ დაიწყეს, ახლაც იმავეს გამეორება უნდათ. მაგრამ რა შედეგსაც მიიღებენ, ამთავითვე ნათელია!


ნაციონალებს ჰგონიათ, რომ მთავრობასთან აქვთ დაპირისპირება და ვერ ხვდებიან, რომ სინამდვილეში ქართველ ხალხს უპირისპირდებიან!


ნაციონალები ამ ხელისუფლებას სანთლებს უნდა უნთებდნენ იმის გამო, რომ კანონიერების სადავეები მთავრობამ ხელიდან არ გაუშვა, თორემ ამ მეცოცხეებს რა დღეც დაადგებათ, მტრისას და ავისას!


სხვათაშორის, ამის გამო ამ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი ლანძღვა-გინება და საზოგადოების დამსახურებული უკმაყოფილება მიიღო, მაგრამ, ჩემი აზრით, მაინც პრაგმატულად მოიქცა და სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა სწორედ იმით, რომ სახელმწიფო ბერკეტები შურისძიებისათვის არ გამოიყენა!


- გვაქვს კი სახელმწიფო, ბატონო გოგა?


- ძალიან რთულად, ძალიან მძიმედ, ძალიან ბევრი დანაკარგით, მაგრამ მაინც ქვეყანა წინ მიდის, ფეხზე დგება და ქვეყანას ემსგავსება! სადაც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ვიყავით, ის არც ქვეყანა იყო და არც სახელმწიფო!


ნაციონალებს ვურჩევ, დაამუხრუჭონ, თორემ ქართველი ხალხის მოთმინებასაც საზღვარი აქვს!



პრეზიდენტისა და რეზიდენციების შესახებ

 

- პრეზიდენტი მარგველაშვილი ცოცხალი თავით არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციიდან გამოსვლას და ათონელის ქუჩაზე აშენებულ ახალ რეზიდენციაში გადასვლას. როგორია თქვენი მოსაზრება ამ საკითხზე?

 

- რეზიდენციის საკითხთან დაკავშირებით მარგველაშვილის პოზიცია ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. არაერთხელ გვისაუბრია და უკითხავს კიდეც, როგორც ფიქრობ, იმ შენობაში რა უნდა განთავსდესო?


ვთვლიდი და ვთვლი, რომ ავლაბრის რეზიდენციაში უნდა განთავსდეს ბიბლიოთეკა, მუზეუმი და მსგავსი ტიპის დაწესებულებები. ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც ქართველი და უცხოელი აზალგაზრდები შეიძენენ ცოდნას საქართველოს შესახებ. ამ შენობაში თავი უნდა მოიყაროს ყველაფერმა, რაც საქართველოს შესახებ ინფორმაციას იძლევა და ჩვენს ქვეყანაზე წარმოდგენას ქმნის.


ეს მოსაზრება პირადად მარგველაშვილისთვისაც მაქვს გაზიარებული თავის დროზე. თვითონ თვლიდა, რომ იმ შენობაში ამერიკული უნივერსიტეტი უნდა განთავსებულიყო.


ავლაბრის რეზიდენცია არის გარყვნილებისა და ქართველი ხალხის ჩაგვრის სიმბოლო! ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი იქ შევიდოდა!


ძალიან ცუდი გამოცდილებისა და მძიმე პრეცედენტების შემდეგ საბოლოოდ მივედი იმ აზრამდე, რომ საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ არ უნდა არსებობდეს!



ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული ფილმის შესახებ

 

- ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული ფილმი „9+1", რომელიც სააკაშვილის მმართველობის წლებს შეეხება და თქენ უნდა გადაიღოთ, რა სტადიაზეა?

 

- ფილმის სცენარზე ძალიან ღრმა და საინტერესო მუშაობა მიდის. ქასტინგი ჩავატარეთ და 1000 კაცამდე აღვბეჭდეთ ფირზე, თუმცა, სასინჯი გადაღებები ჯერ არ დამთავრებულა, რადგან თვითონ ფილმში ძალიან ბევრი პერსონაჟი და მოქმედი პირია. მარტო თბილისით არ შემოვიფარგლეთ, რეგიონებშიც გავედით და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ იმ შემოქმედებითი პოტენციალით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სამსახიობო სფეროში აღმოვაჩინე.


საქართველოს კიდევ ბევრ დიდ ქალაქსა და რაიონში ვაპირებ ჩასვლას მსახიობების შესარჩევად, იმიტომ, რომ ფილმი, რომელსაც ვაკეთებ, მთელ საქართველოს ეხება და მის გადაღებაშიც მთელი საქართველო უნდა იყოს ჩართული.


აქვე მინდა დავამშვიდო ზოგიერთები, რომლებიც იმაზე ღელავენ, რა დროს ფილმის გადაღებაში ფულის ხარჯვააო... ჯერ ერთი, ეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ იხარჯება და მეორეც - ჰაერში არ იფანტება! დიახ, ამ ფილმის გადაღების პროცესში უამრავი ადამიანი იქნება დასაქმებული და ეს ფული ხელფასებისა და ჰონორარების სახით მათ ოჯახებში წავა!

 

- ფილმთან დაკავშირებით რაიმე ექსკლუზიურ დეტალს წინდაწინ ხომ არ გაგვიმხელთ?


- ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულის თქმა არ შემიძლია, ზოგადად კი, ამ ფილმის ერთ-ერთ დანიშნულებას გაგიმხელთ - ამ ფილმში ნაციონალები დაინახავენ, რა ელოდებოდათ და რა დაემართებოდათ, 2012 წლის ოქტომბერში ქვეყნის სათავეში შურისმაძიებელი ხელისუფლება რომ მოსულიყო!

 

ესაუბრა ლევან რაზმაძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016