მსოფლიო ბანკი ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 60 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა.
გავრცელებული ცნობით, ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ გუშინ დაამტკიცა 60 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი, რომელიც საქართველოს კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის გადაეცემა.
„ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომლის მიზანსაც საქართველოში კეთილდღეობის გაძლიერება და უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა წარმოადგენს იმ პოლიტიკის გამოყენებით, რომელიც კერძო სექტორის პროდუქტიულობის სტიმულირებას, ინვესტიციების წახალისებას და სამართლიანი ბიზნესგარემოს შექმნას უზრუნველყოფს. ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო მეწარმის და ახალი კომპანიების რიცხვის ზრდას", - წერია მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მსოფლიო ბანკის წამყვანმა ეკონომისტმა ჯონ გაბრიელ გოდარდმა განაცხადა, რომ კერძო სექტორში კონკურენციის გაძლიერებით მოსალოდნელია საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და ქვეყნის ეკონომიკური ზრდა
„კერძო სექტორში კონკურენციის გაძლიერებით მოსალოდნელია საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. ბიზნესისთვის სასურველი გარემოს უზრუნველყოფა, ფინანსური სექტორის განვითარება. სოციალური და ფინანსური უსაფრთხოების ქსელის ზრდა, და ინოვაციების ხელშეწყობა და ვაჭრობა, რაც საქართველოს ინკლუზიური ზრდის დღის წესრიგის ცენტრშია", - განაცხადა ჯონ გაბრიელ გოდარდმა.