reportiori.ge - უჩა ნანუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს საგარეჯოს პოლიციაში მომხდარი ინციდენტის კვლევის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:08
სამართალი
უჩა ნანუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს საგარეჯოს პოლიციაში მომხდარი ინციდენტის კვლევის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს
21 ოქტომბერი, 2013. 13:59

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და სთხოვს, 17 ოქტომბერს საგარეჯოს პოლიციის სამმართველოში მომხდარი ინციდენტის გამოკვლევა პირად კონტროლზე აიყვანოს და შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.

მისივე განცხადებით, ეს საჭიროა, რათა მომავალში პოლიციის ყველა თანამშრომელმა იცოდეს, რას წარმოადგენს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი და რას ავალდებულებს მათ საქართველოს კანონმდებლობა სახალხო დამცველის რწმუნებით აღჭურვილ პირებთან მიმართებაში.

„2013 წლის 18 ოქტომბერს რეკომენდაციით მივმართე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, გიორგი რევაზიშვილის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის დაბრკოლების შექმნისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების გადამეტების გამო.

19 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს უფროსმა ნინო გიორგობიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით გაავრცელა არასწორი ინფორმაცია და განმარტა, რომ საგარეჯოს პოლიციის სამმართველოში პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებს პოლიციის თანამშრომლებისთვის არ უჩვენებიათ სამსახურებრივი მოწმობები და არც სიტყვიერად განუმარტავთ თავიანთი ვინაობა, რაც გახდა მათი სამორიგეოდან გაძევების მიზეზი.

პრევენციის ეროვნული მექნიზმის ერთ-ერთი ექსპერტის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეომასალაში, რომელიც სოციალური ქსელისა და მედიის საშუალებით უკვე გავრცელდა, ნათლად ჩანს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულები სიტყვიერადაც უმარტავენ თავიანთ ვინაობას, ასევე, აჩვენებენ სახალხო დამცველის რწმუნებებს, რომლებითაც უფლება აქვთ, დაუბრკოლებლად შევიდნენ ნებისმიერი დაწესებულების ტერიტორიაზე და მოითხოვონ შემოწმებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი. ვიდეოზე ჩანს, რომ საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ყურადღებასაც არ აქცევს მათ მტკიცებას და სპეციალური პრევენციის ჯგუფის წევრებს მაინც აძევებს სამორიგეოდან. ასევე, ერთ-ერთ ჩანაწერში საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსი აღიარებს, რომ მორიგეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აჩვენეს რწმუნება, თუმცა მისივე თქმით, თავად მორიგე ვერ მიხვდა, რა საბუთი წარედგინა მას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ალბათ საქმე გვაქვს პოლიციის მუშაკის არაკვალიფიციურობასთან, ხოლო გიორგი რევაზიშვილის საქციელი სცდება დისციპლინური და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებს და შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც.

სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა მინისტრის პარალელურად, მივმართე მთავარ პროკურორსაც, წინასწარი გამოძიება ჩაეტარებინა ზემოაღნიშნულ ფაქტებზე. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები წლების განმავლობაში ატარებენ მონიტორინგს პოლიციის განყოფილებებში და მათ არასოდეს შექმნიათ ამგვარი სახის პრობლემები. ახლაც, პოლიციის სამმართველოების და დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგი, რომელიც ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში დაიწყო, ყოველგვარი განსაკუთრებული გადაცდომის გარეშე მიმდინარეობდა, ყველა სამმართველოს და იზოლატორის თანამშრომელი, მათ შორის, საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებიც, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სრულად თანამშრომლობდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან და ხელს უწყობდნენ მათ მონიტორინგის სრულყოფილ განხორციელებაში. მით უფრო სამწუხაროა საგარეჯოს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან კანონის ასეთი უხეში დარღვევა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს ამგვარი არაკვალიფიციური და უპასუხისმგებლო განცხადება, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ ჩემმა წარმომადგენლებმა არასწორი ინფორმაცია მომაწოდეს და რომ არა ვიდეოკადრები, ინციდენტის არსებობაც კი ეჭვქვეშ შეიძლება დამდგარიყო. წამების და არასათანადო მოპყრობის პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე ადეკვატური რეაგირებაა, რისი არარსებობაც, გასულ წლებში, გახდა არასათანადო მოპყრობის სისტემურობისა და დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრების წინაპირობა.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, პირად კონტროლზე აიყვანოს 2013 წლის 17 ოქტომბერს საგარეჯოს პოლიციის სამმართველოში მომხდარი ინციდენტის მოკვლევა და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მომავალში პოლიციის ყველა თანამშრომელმა იცოდეს, რას წარმოადგენს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი და რას ავალდებულებს მათ საქართველოს კანონმდებლობა სახალხო დამცველის რწმუნებით აღჭურვილ პირებთან მიმართებაში", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016