„დღესაც მაქვს ეჭვი, რომ ეროვნული ბანკი არაადეკვატურად იქცევა. ჩემი ეჭვები არ არის ერთადერთი და ცალმხრივი. ბევრი ექსპერტი გამოთქვამს ეჭვს", - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მთავრობის ყოფილი მეთაურის თქმით, ის არ კარნახობს, რა უნდა გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ არის სერიოზული კითხვები.
ამასთან, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მისამართით გამოთქმული კრიტიკა ბანკის რეიტინგის დაცემასთან კავშირში არაა და არც ქვეყანას აზიანებს.
„რატომ გგონიათ ის, რომ ნებისმიერ საჯარო პირზე, ნებისმიერ ორგანიზაციაზე თუ ნებისმიერმა პიროვნებამ გამოთქვა კრიტიკული შენიშვნა, ოღონდ არგუმენტირებული, კონსტრუქციული, ეს აკნინებს ამ სტრუქტურას? ესაა დემოკრატია? ასე უნდა დავსვათ კითხვები, თუ ვინმემ გააკრიტიკა ან ეჭი გამოთქვა ნებისმიერი სტრუქტურის სწორ ფუნქციონირებაზე და ნებისმიერი ჩინოვნიკის გადაწყვეტილებაზე, ეს მათ აკნინებს? ესაა დემოკრატია? თქვენ არ დაგისვამთ პირველად, პოლიტიკოსებიც ამბობენ ამას, რომ თუ გააკრიტიკე, იმ ინსტიტუტს ანგრევენ. ივანიშვილმა თუ რამე თქვა მედიაზე, სამოქალაქო სექტორზე ან სხვა ინსტიტუტზე, მას ანადგურებს, ეს რა დემოკრატიაა?" - განაცხადა ივანიშვილმა. მისი აზრით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი უნდა დაადგინონ შესაბამისმა სტრუქტურებმა და პროფესიონალებმა.