reportiori.ge - თამარ სანიკიძეს ამხელენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 19:48
ინტერვიუ
თამარ სანიკიძეს ამხელენ!
30 აპრილი, 2015. 22:51

 


განათლების და მეცნიერების სფეროში არსებულ  პრობლემებზე და პედაგოგების გეგმებზე „რეპორტიორს" „პედაგოგთა საკორდინაციო ცენტრის" ხელმძღვანელი, დავით ფერაძე ესაუბრა:

 

 

- განათლების და მეცნიერების სფეროში არსებულ საკითხებს აქტიურად აპროტესტებთ, რასაც გარკვეული წრეებიდან ერთი რიტორიკული კითხვა მოსდევს ხოლმე, რომელიც ასე ჟღერს - „სად იყო დავით ფერაძე ამ დრომდე?!"

 


- მივიწყებას მიეცა  შევარდნაძის ეპოქა, მაგრამ მაინც ვიტყვი: ჯერ კიდევ 22 წლის ახალბედა მასწავლებელი ვიყავი, როდესაც ე.წ.  გაყინული ხელფასების გამო ავტეხე „ომი". მიშას ეპოქაში პუბლიკაციებით ვიბრძოდი. პროფკავშირშიც ვმუშაობდი, რომელიც ოპონირების ნაცვლად თავად გაურიგდა ხელისუფლებას. დიდ აუდიტორიას მაშინ ვერ ვწვდებოდი. ამის გამოა, რომ გაიძახის ზოგიერთი, აქამდე სად იყოო? და ამას გაჰყვირიან ისინი, ვინც მართლა „ჩირგვებში იჯდა" ხოლო მე, თურმე გულუბრყვილოდ, მაგრამ მაინც იმედიანად მოვუწოდებდი პედაგოგებს „ოცნების'" მხარდაჭერისკენ. რა მივიღეთ? სანიკიძე, ნაცების გახსნილი „ჯიპას" ექსბუღალტერი აქეთ დამიპირისპირდა.

 

 

- განათლების და მეცნიერების მინისტრს, თამარ სანიკიძეს, მოსვლის დღიდან ებრძვით. თქვენმა ბრძოლამ გამოიღო რამე შედეგი?

 


- მე, კონკრეტულ პიროვნებას, თამარ სანიკიძეს არ ვებრძვი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს ბრძოლა,  სანიკიძის დროს არ დამიწყია. წლებია ვიბრძვი, იმიტომ, რომ განათლების სისტემის მეტ-ნაკლებად გამართვას, რა ხანია აღარ დაადგა საშველი!  ყველაზე რთული და გადაუწყვეტი საკითხი, ამ უსაშველობაში, პედაგოგთა  არაადეკვატური ანაზღაურებაა. ან ვერ ხვდებიან, ან ნება არ აქვთ, რომ მთავარ, არცთუ ძნელად მოსაგვარებელ პრობლემას მოერიონ.



„ბრძოლის დაწყების  წინ" იყო სკეპტიციზმი პედაგოგებშიც. მოქმედებდა პრინციპი - „ვაცადოთ ჯერ, ახლები არიან"... ამით სარგებლობდა სანიკიძე და სრულ იგნორირებას გვიკეთებდა. დასაწყისში მაინც მეგონა, რომ ცოტა მაინც მოეკითხებოდა ამ ქალს ჭკუა, მაგრამ რაც დრო გავიდა უფრო დაადასტურა დილეტანტიზმი, დათმენის შეუძლებლობა, დიალოგის უუნარობა. აი, უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რომ ეს ქალი დიალოგზე წასულიყო, აქამდე ხომ არ დაეცემოდა მისი რეიტინგი. დღეს, მხოლოდ სანათესაოში თუ იპოვით მისადმი სიმპათიით განწყობილ ადამიანს, თორემ პედაგოგებში მისი რეიტინგი არის ნულს ქვემოთ. ეს კი უპირველასად იმის ბრალია, რომ დაილოგი არ იკადრა.



- რას სთხოვდით სანიკიძეს და რა შეასრულა ან არ  შეასრულა მან?

 


- ჩემი ძირითადი მოთხოვნა იყო და არის მასწავლებლის ხელფასის გაზრდა. თუ არ ჩავთვლით დაგეგმილ შეუმჩნეველ მატებას, ეს მოთხოვნა არ შესრულდა. მეორე მოთხოვნა იყო ნეპოტიზმის გამო სანიკიძის გადაყენება -ესეც, კი ხედავთ როგორ შესრულდა. ეს იყო მოთხოვნები, ხოლო სხვა მხრივ უფრო მხილების გზაზე ვიყავი. მხილება ეხებოდა სანიკიძისა და მისი ქვეშევრდომების უზარმაზარ საპრემიო მადებს. გაბერილ დანამატებს. მაგრამ, რად გინდა, პასუხს არავინ თხოვდა და არც სანიკიძის სამსახურში არავის არ „შემოუჭერია ქამრები".



-  რა ტიპის ურთიერთობას ირჩევს სამინისტრო თქვენთან მიმართებაში?

 


- იმის ნაცვლად, რომ თანამშრომლობის რეჟიმში ჩართულიყო, იმთავითვე კონფრონტაციის გზას დაადგა. ჩვენ უბრალო თანამშრომლობას ვთავაზობდით. როდესაც პედაგოგებზე იმსჯელებთ, ცოტა რამ ჩვენც გვკითხეთ-თქო.. თითქოს, არც ვარსებობდით. ამ პოზიციის მერე ძნელი იყო ლოიალობის შენარჩუნება ჩვენი მხრიდან. მით უმეტეს, სანიკიძის უწყება ჯერ ირიბ, შემდეგ კი პირდაპირ დევნაზე გადავიდა. იმ სკოლაში, სადაც ვმუშაობ, ყოველ კვირაში გვეჯდა სამინისტროს შიდა აუდიტის წარმომადგენელი. იბარებდნენ დირექტორსაც და ჩემს გაშვებას ურჩევდნენ. 2014 წლის სექტემბრიდან ეს წნეხი  უფრო დამძიმდა. ბოლოს, გადავწყვიტეთ სამინისტროს წარმომადგენლები სკოლაში არ შეგვეშვა. სანიკიძეს რომ კითხოთ, ამას უარყოფს. ეჩვენებათ, რომ ვდევნითო. ოფიციალურად კი ამბობს, რომ ხელფასების პრობლემა ჩემგან არის უტრირებული, მე ერთი ვარ ახირებული, თორემ, სინამდვილეში მასწავლებლები ბედნიერების ზენიტში არიანო.



- დაგვისახელეთ, რა პრობლემების წინაშე დგას სამინისტრო?

 


- უპირველესი და მთავარი: მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე დაბალი სახელფასო ანაზღაურება, რაც არის სხვა უამრავი პრობლემის საფუძველი და რაც სამომავლოდაც აისახება ქვეყანაზე. სხვა პრობლემებში ვგულისხმობ იმას, რომ ანაზღაურება განათლების ხარისხის პირდაპირპროპორციულია. დაბალი ხელფასი განაპირობებს პროფესიონალიზმის დეფიციტს, რომელიც თანდათან პროგრესულ სახეს იძენს.



შემუშავდა ე.წ. პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც არის უპრეცედენტო აბსურდი და უტოპიური სისტემის დამკვიდრების მცდელობა. ეს სქემა ვერ იმუშავებს! და თუ „იმუშავებს" სინამდვილეში ეს იქნება საგაკვეთილო პროცესების ჩანაცვლება სასკოლო თეატრალური სპექტაკლებით, თუ რას გამოიწვევს მასწავლებლებს შორის - ეს კიდევ სხვა თემაა.



- განათლების საპარლამეტო კომიტეტს მოწონს სამინისტროს საქმიანობა?

 


- რამდენადაც ვიცი, მისი თავმჯდომარე, ივანე კიღურაძე დიდად არ წყალობს სანიკიძეს, თუმცა, ამ კომიტეტმაც სრულიად გაუმართლებელი, არაპროფესიონალური და სანიკიძისადმი ლოიალური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრს უარი უთხრა წერილობით თხოვნაზე - აშკარა ნეპოტისტური დარღვევების გამო შეექმნა საგამოძიებო საპარლამენტო კომისია და დაეყენებინა სანიკიძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.  


- ყოფილი ხელისუფლების დროს, პედაგოგთა ზეწოლაზე ბევრჯერ გვსმენია. დღეს რა ხდება ამ კუთხით?

 

 

- მე არ ვიცი, ვინ უნდა განიცდიდეს დღეს ზეწოლას? ძირითადი აბსოლუტური უმრავლესობა დუმს. მხოლოდ კულუარულად თუ გამოხატავენ თავიანთ პრობლემებს. უამრავი მირეკავს ან ჩემს ფეისბუქგვერდზე მიკავშირდება, მაგრამ, ეს მხოლოდ არასაჯაროდ. იყო ცალკეული პროტესტის შემთხვევები, მაგალითად, როდესაც ერთ-ერთმა სკოლამ ახალი სადამსჯელო რეგულაციების შემოღება გააკრიტიკა, დაიბარეს იმ სკოლის დირექტორი და რომ იტყვიან „ტყავი გააძვრეს". ანუ, ასეთ მცირე გამოხდომებსაც კი ძირსივე ახშობს სანიკიძე. ეს უკვე ზეწოლაა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მასწავლებელები უკან იხევენ ასეთი ზეწოლების გამო. ჩემზე მეტი ზეწოლა და დევნა არავისზე არ ხდება, ხსენებული რეგულაციების დაწესებაც კი ჩემმა „ურჩობამ" უკარნახა სანიკიძეს. ეს არც მოჩვენებითი აზრია და არც ხმამაღალი ნათქვამი, ბევრმა იცის, რომ ეს ასეა. მაგრამ, რა ვქნა - დავიმალო? არავინ არ უნდა შეშინდეს. პრობლემის გასაჯაროება და გაპროტესტება არ უნდა გაუძნელდეთ და ისევ ეს მოაგვარებს ამ პრობლემას.



- კახა ლომაიას გაგრძელებააო სანიკიძე. თქვენ რას ფიქრობთ?

 


- არ ვიცი, ეს ქალი არავის არ გავს. მსგავსი არაპროფესიონალი, მსგავსი ცინიკოსი, მსგავსი ავტორიტარი მე არ მახსოვს განათლების სისტემაში.



- შეაფასეთ სანიკიძის მინისტობის პერიოდი. რა დადებითი ან უარყოფითი აქვს მას?

 


- დადებითზე მხოლოდ თუ ვიხუმრებ. ზოგადად ქვეყნისთვის და საგანმანათლებლო სისტემისთვის ვერაფერს მოძებნით. პირადი „დიდქალობის" ამბიციური კმაყოფილებისთვის კი - უამრავს.


 

- თუ ასეთი ცუდი მინისტრია სანიკიძე, მაშინ რატომ ინარჩუნებს დღემდე მინისტრის პოსტს?

 


- ეს ძალიან საინტერესოა... ძალიან მიკვირს მისი „შეუცვლელობა",  ძალიან!..  ფაქტებით მივმართეთ ყოფილ და ახლანდელ პრემიერს, მაგრამ, არც გვიპასუხეს. ან რად უნდათ ჩვენი მიმართვები, სისტემა რომ დაასამარა, ამ ქალმა, აშკარა ნეპოტისტი რომ არის, ვერ ხედავენ? მაინც და მაინც უნდა შევვარდეთ და გამოვაძევოთ განათლების სამინისტროდან? სერიოზულად მაფიქრებს პრემიერის ურეაქციობა.


 

- რა ელის საგანმანათლებლო სისტემას, რა პროგნოზები შეიძლება გაკეთდეს?

 


- მდგომარეობა უკვე მრავალმხრივ საგანგაშოა ამ ეტაპზე ჩვენ უკვე გვყავს არაქათგამოცლილი, გადაღლილი და რაც ყველაზე საგანგაშოა, სანიკიძის კონტროლს დაქვემდებარებული პედაგოგები. პედაგოგი უნდა იყოს თავისუფალი. კონტროლირებადი პედაგოგი უკვე ინტელექტუალური რესურსის ფიასკოს დასაწყისია. ჩემს მიერ ერთი წლის წინ გაკეთებული პროგნოზი გამართლდა: მასწავლებლის დღევანდელი ხელფასი იქცა სრულ ბლეფად, ის გაუტოლდა საარსებო მინიმუმს. უმოკლეს ხანში ჩვენ გვემუქრება არნახული ქაოსი, რასაც შექმნის ე.წ. პროფესიული სქემის სავალდებულო თავსმოხვევა. ქაოსი იქნება მრავალმხრივი: გროშების გამო, შესაძლოა, თავად მასწავლებლებს შორის ჩამოვარდეს გლობალური უნდობლობის ატმოსფერო. სქემით გათვალისწინებული „კასტებად" დაყოფა ამ ატმოსფეროს კონფლიქტურ ხასიათს კიდევ უფრო გააძლიერებს და ერთიანობის ნაცვლად ჩვენ მივიღებთ მასწავლებლებისდაქსაქსულობას.



არსებული ანაზღაურება და სასექტემბროდ დაგეგმილი 17-20 პროცენტიანი მატება ფორმალური თვალსაზრისითაც კი ცინიკურად მიზერულია. ამას თუ დავამატებთ  ინფლაციისა და სურსათზე ფასების ზრდის ტენდენციას, რომელიც ჯერ-ჯერობით შეუქცევადია, უნდა ვივარაუდოთ, რომ პედაგოგი თავისი ანაზღაურებით ღარიბის მდგომარეობიდან სულ რაღაც სამ-ოთხ თვეში გადაინაცვლებს ღატაკის მდგომარეობაში, საბოლოოდ, ცხადია ყველაფერი იმოქმედებს სწავლის ხარისხზე.


 

- რაში ხედავთ გამოსავალს?

 


- ხელისუფლება გამოსავალს არ გვთავაზობს. ხელისუფლების ერთ-ერთი - სანიკიძის უწყება კი პროფესიული სქემის ამოქმედებასა და მასწავლებლის სოციალური მდგომარეობის ამოქმედებას ერთმანეთთან აიგივებს, რაც სრული სისულელეა, თუ რატომ  არის სისულელე, ამაზე არაერთხელ მისაუბრია.



მასწავლებლის საბაზო ხელფასი სასწრაფოდ უნდა გაიზარდოს, ან სამთავრობო ხარჯების შემცირების, ან, თუნდაც ბიუჯეტში ცვლილების შეტანის გზით. უნდა ამოქმედდეს მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ლიბერალიზაციის სისტემაც, მაგალითად, თუ მოსწავლეებს და განსაკუთრებით მაღალკლასელებს სურთ დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება, ეს უნდა გახდეს ანაზღაურებადი. მოსწავლეს უნდა შეეძლოს დამატებითი ფასიანი მომსახურების ყიდვა. ფაქტობრივად, ეს გულისხმობს ე.წ. რეპეტიტორობის ინსტიტუტის ლეგალიზაციას. არსებობს სხვა მექანიზმებიც... მაგრამ, როგორც ვთქვი, ხელისუფლება გამოსავალზე არც კი ფიქრობს. ამიტომ, პროცესი „დაბლიდან" უნდა დაიწყოს. საკუთრივ განათლება  ისედაც უფსკრულშია გადაჩეხილი და თუ პედაგოგები არ გააქტიურდებიან, თუ საპროტესტო აქტივობებს არ დაიწყებენ, არა თუ გამოსავალი არ იქნება, არამედ გარდაუვალ გლობალურ კრახს ვერ ავიცილებთ, რომელიც უკვე კარსაა მომდგარი.



- რას აპირებთ?

 


- ბრძოლას. მხილებას... არის მომენტები, როდესაც იმ მასშტაბებს აღწევს სანიკიძის ბინძური შემოტევები, რომ უცხოეთში თავშეფარებაც მიფიქრია, მაგრამ ქვეყნის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროს გადარჩენისთვის ბრძოლის მიტოვება, ვფიქრობ, არ შეიძლება.



- ცნობილი გახდა, რომ მინისტრთა კაბინეტში, რომელსაც  მალე წარადგენენ, თამარ სანიკიძეც შევა...



- როგორც კი მეშვიდე მინისტრი გადადგა და მთავრობის საპარლამენტო ნდობის საკითხი დადგა, მაშინვე გავაკეთე განცხადება პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ფეისბუქგვერდით. ახლაც მინდა მოვუწოდო პედაგოგებს და არა მარტო მათ, ასევე მშობლებს, მეცნიერებს, სტუდენტებს... თუ არ გვინდა რომ დანგრეული განათლების სისტემა დე-იურე რეალობად იქცეს, მაშინ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ სანიკიძე აღარ მოხვდეს განახლებულ მთავრობაში. ამ მოთხოვნით ვამზადებთ პარლამენტისადმი და მოქმედი პრემიერისადმი მიმართვის ტექსტს და ვიწყებთ ხელმოწერებს, ამ დროისთვის უკვე გვყავს კიდეც რამდენიმე ასეული ხელმომწერი. ვფიქრობთ, რომ მიმართვის ტექსტის ჩაბარებისთანავე ორმა, სამმა ადამიანმა შიმშილობის აქციაც დავიწყოთ მთავარობის კანცელარიასთან. მოთხოვნა იქნება იგივე. სანიკიძე არ წარადგინოს პრემიერმა ნდობისთვის, მაგრამ თუ მაინც წარადგენს, მაშინ პარლამენტმა არ დაუჭიროს მხარი. ეს არაა მხოლოდ ჩემი ახირება. ეს არის 65 ათასი პედაგოგის ნება, ესაა მეცნიერების, მშობლების სტუდენტების ნება და თუ ამ ნებას გადააბიჯებს პრემიერი, რომელსაც ამ დრომდე რაღაცნაირად მაინც ვენდობით, მაშინ, ეს მისთვისაც კრახი იქნება. ეს მომენტი ისევ მოკლე ხანში დაგვაყენებს სამთავრობო კრიზისის წინაშე.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016