შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონული სამმართველოს და საგურამოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლაშა კ. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში სამჯერ ნასამართლევი გიორგი გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ცივი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს მცხეთის რაიონში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1967 წელს დაბადებულ მიხეილ კოკორიანს ავტომანქანა „მერსედესი", ფული, მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები გასტაცეს. გატაცებული ავტომანქანით მათ თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინეს, ავტომანქანა მიატოვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაზიანებული ავტომანქანა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და მის მფლობელსაც მიაკვლიეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში ტაქსის მძღოლს ყაჩაღურად თავს დაესხნენ, ცივი იარაღის მუქარით წაართვეს ფული, ოქროს ბეჭედი, მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულებს აღიარებენ.
სამართალდამცველებმა ორივე ყაჩაღობის შედეგად გატაცებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჯგუფურად თავდასხმის ფაქტზე და იგივე ქმედების, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით).