„facebook"-ის ქართველი მომხმარებლები ხშირად ჩივიან, რომ მათი პროფილიდან ხშირად, მათდაუნებურად სპამი იგზავნება, რომელიც კომენტარების სახით იდება და სხვადასხვა შინაარსი და ვიზუალი აქვს.
სპამის გამვრცელებლები, რომლებიც კარგად იცნობენ „facebook"-ისთავისებურებებს, ერკვევიან მისი პარამეტრების ნიუანსებში და ისიც კარგად იციან, რას შეიძლება დააკლიკოს ქართველი მომხმარებლების უდიდესმა ნაწილმა.
აპლიკაციებს, რომლებსაც დაკლიკებით, ვაძლევთ უფლებას, ჩვენი სახელით გამოაქვეყნოს კომენტარები, მონიშნოს მეგობრები, გაავრცელოს ესა თუ ის ბმული, სპამის გამვრცელებლები ფუთავენ ფრაზებით: „ასპროცენტიანია, უკვე ვსინჯე - გაიგე, ვინ ათვალიერებს შენს გვერდს, გადადი ბმულზე..."; „ბავშვებო, ვირუსები წავშალე, თქვენც სცადეთ, მაგარია!" - და ასე შემდეგ.
ვინც მეგობრის სახელით გამოქვეყნებულ ამ და მსგავსი შინაარსის სხვა კომენტარებსა და სტატუსებს ხედავს, ხშირად გადადის ბმულზე და ჩათრეული ხდება ჯაჭვურ რეაქციაში - ახლა მისგან უკითხავად, აპლიკაცია უკვე აქვეყნებს სტატუსებსა და კომენტარებს მისივე სახელით, მეგობრები ბრაზობენ, დაბლოკვით, ამოშლით იმუქრებიან...
ერთი შეხედვით, სპამის შემცველი ბმულისა და ჩვეულებრივი, ამა თუ იმ ინფოს შემცველი ბმულების გარჩევა ერთმანეთისგან არც ისე ძნელია, მაგრამ რა ვქნათ, თუკი შემთხვევით დავაკლიკეთ ვირუსის შემცველ ბმულს და უნებურად გავხდით მონაწილე სპამის გავრცელების პროცესის? როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, „facebook-ის პარამეტრებში ამის პასუხიც მოიძებნება:
ვაკლიკებთ პროფილის ზედა მარჯვენა კუთხეში ბოქლომის სახით გამოსახულ პარამეტრებს, გავშლით ამ მენიუს ჩამონათვალს See more settings ფუნქციით (იხილეთ მეტი პარამეტრები).
ამის შემდეგ მარცხნივ არსებულ ჩამონათვალში ვირჩევთ Apps (აპლიკაციები). აქ არის ყველა იმ პროგრამის სია, რომელსაც თქვენ მიეცით თქვენს პროფილთან წვდომის უფლება. ზოგი პროგრამა ვებ-საიტია, ზოგიც - თმაშები.
აი, სწორედ ამ სიაშია ზოგი რამ ზედმეტი. რომელიღაც პროგრამას აქვს უფლება, თქვენი სახელით გამოაქვეყნოს ინფორმაცია, სტატუსი, კომენტარი - მოკლედ, რაც მოუნდება.
ამ სიაში ჩამოთვლილი ყოველი აპლიკაციის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს არის ფუნქცია edit (რედაქტირება). თუკი შეამოწმებთ ამ ფუნქციის მიხედვით, რომელიმე აპლიკაციას ექნება მითითებული Post on your behalf, ანუ ნებართვა, თქვენი სახელით გამოაქვეყნოს ინფორმაცია. შესაძლოა, ეს იყოს Access Facebook Chat-იც, ანუ წვდომა ჩატზე.
კონკრეტული აპლიკაციისთვის მითითებული ყველა ნებართვის გასწვრივ არის ნიშანი x, რომელიც გაძლევთ საშუალებას, გააუქმოთ ეს ნებართვა და, თუკი არ გახსოვთ, საიდან გაჩნდა ეს აპლიკაცია თქვენს მონაცემებში და, მით უმეტეს, არ გახსოვთ, მიეცით თუ არა შეგნებულად ნებართვა, თქვენი სახელით გამოექვეყნებინა, რასაც მოისურვებდა, შეგიძლიათ, საერთოდ დაბლოკოთ ეს აპლიკაცია.
ამისათვის საჭიროა, აპლიკაციის გასწვრივ არსებულ „რედაქტირებაში" შესვლის შემდეგ დააჭიროთ Remove App (აპლიკაციის წაშლა) და აპლიკაცია გაქრება. შესაბამისად, თქვენი სახელით არ გაიგზავნება და არ გამოქვეყნდება სპამი და არც იმაზე ფიქრი შეგაწუხებთ, დაგბლოკავთ თუ არა ახლო მეგობარი მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენგან გაგზავნილი სპამები შემაწუხებელი და მომაბეზრებელია.
წყარო - gurianews.com